თამარ კობახიძის დაუვიწყარი შთაბეჭდილებები, ადგილები და ადამიანები - გზაპრესი

თამარ კობახიძის დაუვიწყარი შთაბეჭდილებები, ადგილები და ადამიანები

სხვადასხვა ხალხის და კულტურის გაცნობისას, ბევრი ემოცია და საინტერესო ამბავი დაუგროვდა.

- მოგზაურობა ყოველთვის მიყვარდა. წლების განმავლობაში ყველაზე დიდ დროს სხვადასხვა კულტურის გაცნობას ვუთმობდი. რაც უფრო მეტს ვმოგზაურობდი, მინდოდა კიდევ მეტი ქვეყანა მენახა და რის საშუალებასაც შვებულების პერიოდი იძლეოდა, ყველა დღე მოგზაურობისთვის მქონდა დათმობილი. კოვიდპანდემიამ ერთგვარი ბიძგის, ტრამპლინის როლი შეასრულა. ამ დროს გავიცანი ბევრი უცხოელი, რომლებიც საქართველოში იყვნენ ჩარჩენილები. სულ ვამბობ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ინფორმაციას. ახლა ჩემი ერთ-ერთი მიზანია, რომ ის გამოცდილება, რომელიც დამიგროვდა, სხვებს გავუზიარო. შეიძლება ზოგიერთმა ისიც კი აღმოაჩინოს, რა ადვილია ეს ყველაფერი. ჩვენ, როგორც ქვეყანამ, ისე საზოგადოებამ, იმდენი გაჭირვება გამოვიარეთ, მოგზაურობის კულტურა ნაკლებად გვაქვს. ამასაც თავისებური ცოდნა და გამოცდილება სჭირდება.

- სამოგზაუროდ მიკროავტობუსით გადაადგილების ფორმა რატომ აირჩიეთ?

- სანამ მოგზაურობას დავიწყებდი, ჩემი ჩანაფიქრი იყო, ყველგან ჩემს გერმანულ ნაგაზთან ერთად მემოგზაურა და ორივეს თავი თავისუფლად რომ გვეგრძნო, მიკროავტობუსის შეძენა გადავწყვიტე. მაგრამ ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, სანამ მოგზაურობას დავიწყებდი, ძაღლი მომიკვდა, რაც ჩემთვის მძიმე გადასატანი იყო. ცუგები ძალიან მიყვარს, ჩემი ნაგაზი ჩემი დიდი მეგობარი და ცხოვრების დიდი ნაწილი იყო. 3 თვე მიკროავტობუსში მარტო რომ ვრჩებოდი, სულ ვტიროდი. "კოვიდის" პერიოდში გამიმართლა, რომ ფასები "დავარდა". მიკროავტობუსის თანხის შეგროვება მოვახერხე, მინიმალისტურად მოვაწყვე. უცხოელმა მეგობრებმა მირჩიეს, თავიდან ძალიან ცოტა თანხა დახარჯე, მოგზაურობას რომ დაიწყებ, საჭიროებები თანდათან გამოიკვეთებაო. ეს რჩევა ძალიან გამომადგა.

- თქვენი მიკროავტობუსით პირველი რომელი ქვეყანა მოინახულეთ?

- თურქეთში გადავედი, ბალკანეთის ქვეყნების მიმართულებით მინდოდა წასვლა, მაშინ მსოფლიო ბანკში ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 10 ქვეყანაზე ვმუშაობდი, ერთ-ერთი ქვეყანა თურქეთი იყო. სამსახურმა ნება დამრთო თურქეთიდან მემუშავა, რადგან მაშინ ოფისში არც არავინ დადიოდა. სასაცილოა, თურქეთში, როგორც სატვირთოს მძღოლი, ისე გადავედი. პირველ დღეს საბაჟოდან უკან გამომაბრუნეს: ან საავადმყოფოდან უნდა გქონდეს ცნობა, ან საგარეო საქმეთა სამინისტროდანო, მაშინ გადასვლაზე აკრძალვები იყო დაწესებული. ის ღამე ბათუმის ბულვარში, ჩემს მანქანაში მეძინა. მეორე დღეს საბაჟოზე მივბრუნდი, ესეც ჩემი ხასიათია, მარტივად არ ვნებდები. სხვა ცვლა დამხვდა. მათ მირჩიეს, სატვირთოების მხრიდან გავსულიყავი, რადგან ჩემი მანქანის გაბარიტები მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, სატვირთო გადაზიდვა ნებადართული იყო. ქართულმა მხარემ გამიშვა, თურქ მებაჟეებს რომ მივადექი და მკითხეს, რა გინდაო? პირდაპირ ვუთხარი, - ახლა რამდენიმე დღით რომ ვერ გადმოვიდე, გავგიჟდები-მეთქი. - მიდი, მიდიო, - არ შემაყოვნეს. ძალიან გამიმართლა. მარტო გოგო რომ ვიყავი, თან ასეთი დიდი მიკროავტობუსის მძღოლი, მათ თვალში შეიძლება ცოტათი სასაცილოც ვიყავი.

422068668-940482364100169-8152092004156891015-n-copy-1709543104.jpg

- ცოტათი - უცხოც, არა?

- რა თქმა უნდა. "კოვიდის" დროს ხალხი სახლიდან არ გამოდიოდა, შენ სხვა ქვეყანაში რომ მიდიხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი მიზნები გაქვს.

- სულ რამდენ ქვეყანაში ხართ ნამყოფი?

- არ დამითვლია, ბალკანეთის მიმართულებით რომ წავედი, 8 ქვეყანა მოვიარე. შეერთებული შტატები, დასავლეთ ევროპის თბილი ნაწილი მოვლილი მაქვს, აღმოსავლეთის ქვეყნებიც... წელიწადნახევარში 13 ქვეყანაში ვიყავი, ე.წ. აბრეშუმის გზის ქვეყნები მოვიარე და სამხრეთ აღმოსავლეთი აზია.

- სახიფათო სიტუაციაში აღმოჩენილხართ?

- ძალიან მიყვარს ლაშქრობები. ჩრდილოეთ მაკედონიაში ბაკურიანის სტილის კურორტია და გადავწყვიტე, 2 ღამით ავსულიყავი. ოქტომბერი იყო, ავედი ამ კურორტზე, დავიძინე და დილით რომ გავიღვიძე, ყველაფერი თოვლით დაფარული დამხვდა, ჩემს მანქანაზეც დიდი თოვლი იდო. ძალიან შემეშინდა, რადგან ამ მანქანით თოვლში სიარულის გამოცდილება არ მქონდა. იმ პერიოდში ვმუშაობდი და იქ ვერ დავრჩებოდი, აუცილებლად მჭირდებოდა ინტერნეტი. ლაშქრობაზე ფეხით მაინც წავედი. იმედი მქონდა, რომ თოვლი დადნებოდა. კურორტიდან რომ წამოვედი, მანქანა რამდენიმე ადგილზე მომისრიალდა და მაშინ ვინანე, თოვლში მანქანის მართვის გამოცდილების გარეშე რატომ წავედი.

პაკისტანის სამხრეთში არის ქალაქი კარაჩი, რომელიც 2016 წელს მსოფლიოში მე-6 ადგილზე იყო კრიმინალისა და ძალადობის მაჩვენებლით. თუ გაქვს ძვირფასი ტელეფონი, აქსესუარი, მათ ყურადღებას იქცევ. იქ მოგზაურობის დროს შეცდომა დავუშვი, დრონი ერთ-ერთი კერძო სახლის სახურავზე დავსვი. ძალიან წვიმდა. იმ მხარეში ტროპიკული წვიმები იცის, ქუჩები წყლით ივსება. ქალაქში დენის გაყვანილობა არის ძალიან ქაოსური, აბურდული ღია სადენები წყალში ყრია, რასაც ბევრი ადამიანი ეწირება. არ მინდოდა ის დრონი დამეკარგა, ამიტომ გავრისკე და იმ სახლამდე მივედი. მერე ერთმა ადგილობრივმა მითხრა, - რას აკეთებ, როგორ ბედავ, შეიძლება დენმა დაგარტყასო, მანქანაში ჩამსვა და სასურველ ადგილამდე მიმიყვანა, მაგრამ მის მანქანაში რომ დავჯექი, ესეც გარკვეულ საფრთხეს შეიცავდა. საბედნიეროდ, 1-2 უსიამოვნო შემთხვევის გარდა, სხვა საფრთხის შემცვლელი მომენტი არც მახსენდება.

- თამარ, როგორც ვიცი, ოცნება აიხდინეთ და ირანში მომთაბარე ტომების სეზონურ მიგრაციას შეუერთდით.

- ეს ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. მომთაბარე ცხოვრება ირანში, როგორც სხვა ქვეყნებში, გაქრობის პირას არის. სმარტფონები და ქალაქის ცხოვრება, რომელსაც ახალგაზრდები ხედავენ, გაცილებით საინტერესო და მარტივი ჰგონიათ, ვიდრე ცხვრის ფარის გადარეკვა მთის ერთი ფერდიდან მეორეზე. მომთაბარე ცხოვრებას ვინც ეწევა, ასეთი ძალიან ცოტა ოჯახია დარჩენილი. ირანში მომთაბარე ტომებთან 1 კვირა ვიცხოვრე და მართლაც დაუვიწყარი იყო ის დღეები, შთაბეჭდილება. იქ ხვდები, ძალიან ბევრი მატერიალური ნივთი რამდენად უმნიშვნელოა. იმდენად რთული გზა გაქვს გასავლელი, სიმძიმის ტარებას ფიზიკურად ვერ შეძლებ. ხვდები, თურმე ბევრი ნივთი სულ არ არის საჭირო. ამ ადამიანებთან ცხოვრების დროს გავეცანი მათ სამზარეულოს, რომელიც ძირითადად მცენარეების ნაირსახეობებისგან შედგება. სულ ვცდილობ, ხორცი არ ვჭამო და ეს ჩემთვის დიდი კომფორტი იყო. ძალიან საინტერესო ახალი კერძები გავსინჯე. მთაში ხომ ბევრად უფრო სუფთა და გულწრფელები არიან. მათთვის ერთ-ერთი პირველი უცხოელი სტუმარი ვიყავი, ურთიერთობის დათბობას ცოტა ხანი დასჭირდა. როგორც მე ვაკვირდებოდი იმ ადამიანებს, ისევე მაკვირდებოდნენ ისინი. მახსოვს, საძილე ტომარა რომ გავშალე და ჩავწექი, დიდხანს თვალი არ მომარიდეს; არ იცოდნენ, საძილე ტომარა რა იყო. როცა ასეთ ადგილზე მიდიხარ, დიდი დრო გაქვს ფიქრისთვის. მუდმივად გიწევს დაბრკოლებების გადალახვა, გადაწყვეტილებების მიღება, ანალიტიკური აზროვნება, რაც ფსიქოლოგიური და მენტალური გაკაჟებისთვის კარგი საშუალებაა.

- გამორჩეულად გახსოვთ ჰმონგის ხალხი, რომელიც ვიეტნამისა და ჩინეთის საზღვარზე ცხოვრობს. როდესაც თქვენ მიერ იქ გადაღებული ფოტოები ვნახე, ფერადოვნებით მოვიხიბლე. მათზე რას გვეტყვით?

- საკვირაო ბაზრობაზე ვიყავი მისული; ვიცოდი, იქ იქნებოდნენ ქალბატონები თავიანთი უჭრელესი და საოცარი ჩაცმულობებით. ამ ბაზრობაზე რომ მივდიოდი, ისიც ვიცოდი, რომ იქ გასაყიდად ბევრი ისეთი ცხოველი ეყოლებოდათ, რომლებსაც ჩვენს ბაზარში ვერ ნახავ და ამისთვის ფსიქოლოგიურად ვემზადებოდი.

1-copy-1709543131.jpg

- უფრო კონკრეტულად?

- ჩვენთან შესაბოლ აპარატში ქათმის ნახვა ხომ ბევრგან არის შესაძლებელი, იქ შეიძლებოდა მენახა ძაღლი. მეუბნებოდნენ, კატებიც შეიძლება შეგხვდესო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიცოდი, რეალობაში მაინც რთული აღსაქმელი აღმოჩნდა. იქ პატარა გალიაში ჩაჭყლეტილი 10-მდე ძაღლი ვნახე, მათი წკავწკავის გაგონებისას ტირილი დავიწყე. მერე მათი ხმა ყურში დიდხანს მესმოდა, ღამე ვერ ვიძინებდი. სადაც უნდა წავიდე, ყოველთვის ვცდილობ, ყველა ქვეყნის ტრადიციას პატივი ვცე; მიუღებელიც რომ იყოს, გაგებით მოვეკიდო. იმ ბაზრობაზე ტირილი რომ დავიწყე, ვეღარ გავჩერდი. არ მინდოდა, ვინმესთვის ჩემი ემოციით შეურაცხყოფა მიმეყენებინა, მაგრამ ისინი ვერც მიხვდნენ, რაზე მქონდა ეს ემოცია, ვერც გაიაზრეს. ესეც კარგი გაკვეთილი იყო. ჩვენ როგორ გვზრდიან, წლების განმავლობაში რა იბეჭდება ჩვენს გონებაში, ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანია?! ჩვენთან გოჭს, კურდღელს, იხვს თუ შევჭამთ, "მოსული ამბავია", მაგრამ კატის და ძაღლის საკვებად გამოყენებას, გონება სხვაგვარად აღიქვამს. რომ დავფიქრდეთ, ყველა ცხოველი ხომ ერთნაირად ცოდოა. ჰმონგის ხალხთან შეხვედრა, როგორი შთამბეჭდავი, ლამაზი და ამაღელვებელიც იყო, ასევე იყო ძალიან მტკივნეული.

- მოგზაურობის დროს, გარე სამყაროსთან კავშირი დაგიკარგავთ?

- მონღოლეთში არის ცაატანების ტომი, ირმებთან ერთად მომთაბარე ოჯახები. მათი გაცნობა და ოდესმე სანტა-კლაუსის ირმების ახლოს ნახვა ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო, მაგრამ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა ძვირი ღირს, თან იქ ცივა და დაბალი ტემპერატურა ჩემთვის დამაბრკოლებელია, სიცივე დისკომფორტს მიქმნის. სექტემბერში გადავწყვიტე მონღოლეთში წავსულიყავი. მომთაბარე ოჯახები ირმებს მიჰყვებიან. როდესაც ირმები კონკრეტულ ადგილზე დაასრულებენ საკვების მოპოვებას, სხვა მიმართულებით მიდიან და ოჯახებიც მიჰყვებიან.

- ცხადია, ეს მიმართულება ადამიანებისთვის უცნობია.

- რა თქმა უნდა. ერთი რეგიონი, სადაც ისინი ცხოვრობენ, მონღოლეთის უკიდურესი ჩრდილოეთია, ციმბირის საზღვართან, უზარმაზარი ტყე არაფორმალურად ერთმანეთში გადანაწილებული აქვთ. იქ ხის ტოტებით აშენებულ სამკუთხა "სახლებში" ცხოვრობენ. ამ ოჯახთან მისასვლელად, 2 ღამე ტყეში მეძინა. გზად ეს სამკუთხა "სახლები" ბევრგან მხვდებოდა. მონღოლეთში მივხვდი, რას ნიშნავს სიტყვები "შორს" და "თავგადასავალი". როცა იგებდი, რომ რაღაც ახლოს იყო, ეს იმას ნიშნავდა, რომ შენგან 400-500 კილომეტრით გახლდათ დაშორებული. მონღოლეთის დედაქალაქიდან რომ გადიხარ, სოფლები ჯერ ახლო-ახლოს გხვდება, რაც უფრო შორს მიდიხარ, დასახლებული პუნქტებიც იშვიათობა ხდება. პირველი დღე პრიუსით ვიმგზავრე, მეორე დღეს - უაზის ტიპის საბჭოთა მანქანით და შემდეგ – ცხენებით. ჩემს გამყოლს ვთხოვე, რაც შეიძლებოდა შორს წავეყვანე, ყოველთვის ხელშეუხებ გარემოს ვირჩევ. რამდენჯერ ამოვიღე ტელეფონი, რომ დამეგუგლა რაღაც სიტყვა, მომეძებნა ინფორმაცია და სად იყო ინტერნეტი? იქ მივხვდი, დღის განმავლობაში თურმე საძიებო სისტემას რამდენჯერ ვიყენებთ.

- თამარ, მარტო მოგზაურობთ?

- ყოველთვის.

- მარტო მოგზაურობის ხიბლი რა არის? არის შემთხვევა, უნდა გაითვალისწინო თანამგზავრის სურვილი, ინტერესი, შესაძლებლობა და შენ ეს ყოველთვის არ გინდოდეს?

- რა თქმა უნდა, რაც ჩამოთვალეთ, მნიშვნელოვანია. ფოტოების გადაღება მიყვარს. შეიძლება ერთ ადგილზე შევყოვნდე, დაველოდო, როდის შეიცვლება განათება, ფერი. მეგობრებთან ერთადაც მიმოგზაურია, მაგრამ სულ გამირბიან, რაც ნორმალურია. ადამიანს ცოტა დრო რომ აქვს, ურჩევნია, რაც შეიძლება მეტი ადგილი მოინახულოს. ფოტოგრაფია ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. გარდა ამისა, ადგილობრივებთან რომ ჩავდივარ, როცა მარტო ვარ, ბევრად თამამად აძლევენ თავს უფლებას, ახლოს მოვიდნენ, დამისვან შეკითხვები. მარტო მოგზაურობის ხიბლი ისიც არის, რომ როცა ერთ უცხოელს მხედავენ, უფრო მეტად უჩნდებათ ადამიანური თანაგრძნობის განცდა. გარდა ამისა, შენ თვითონ, როგორც მოგზაური, მეტად კონცენტრირებული ხარ ბევრ რამეზე, ვიდრე მაშინ, როცა ვინმესთან ერთად ხარ.

- ბევრი ქვეყნის სამზარეულო გაგისინჯავთ. გამორჩეულად რომელი მოგწონთ?

- ტაილანდის სამზარეულო უგემრიელესია, თან - უაიაფესი. მიუხედავად იმისა, რომ სულ ვამბობ, ტურისტული ადგილები არ მიყვარს-მეთქი, ტაილანდი ძალიან მომწონს: ლამაზია, ხალხი საოცრად კეთილგანწყობილი. რაც შეეხება ხილს, მსოფლიოში საუკეთესო მანგო პაკისტანში გავსინჯე. მრავალფეროვნებით ინდოეთს დავასახელებ, ერთი რეგიონიდან მეორეში რომ გადადიხარ, განსხვავებულობა მათ ტრადიციულ პურზე - პარატჰაზეც კი საგრძნობია, სულ სხვადასხვაგვარი გემო აქვს.

hmongis-tomi-copy-1709543120.jpg

- საქართველოს რამდენად კარგად იცნობთ?

- მეამაყება, რომ კარგად ვიცნობ, მაგრამ "კოვიდამდე" ჩემი ადგილობრივი "მიღწევებით" უკმაყოფილო ვიყავი. ყველაფერი რომ ჩაიკეტა, ბევრი რეგიონი სწორედ მაშინ მოვიარე. საქართველოს 40% მხოლოდ ერთ წელს მოვიარე, მანამდეც ბევრი რამ მქონდა ნანახი.

- თამარ, როგორც ვიცი, გიორგი კეკელიძესთან ერთად ახალი პროექტი წამოიწყეთ, რას გვეტყვი თქვენს ტანდემსა და ახალ საქმიანობაზე?

- წლებია მოგზაურობების დროს თან დამაქვს ჩემი პრეზენტაცია. მინდა ჩემი ცოდნის, უნარების, ცხოვრებისეული ამბების და მოგზაურობების შედეგად მიღებული გამოცდილების გაზიარება, განსაკუთრებით - ახალგაზრდებისთვის. მე რომ ეს ინფორმაცია ადრე მქონოდა, ვიქნებოდი უბედნიერესი. ჩემი ტურნეს მთავარი სამიზნე მხოლოდ ახალგაზრდები არ არიან, გაეროს ქალთა ფონდი მის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მეხმარება, რომ სოფლად მცხოვრები ქალთა ჯგუფებიც მოვიცვა. გიორგი კეკელიძე ერთ-ერთ ღონისძიებაზე გავიცანი. ჩვენ ბევრი საერთო გამოვნახეთ, ერთმანეთს მარტივად გავუგეთ. გიორგიმ შემომთავაზა "წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების" წევრობა, რაც ჩემთვის დიდი პატივია. გიორგი თუ წიგნებს გაავრცელებს, მე ჩემს ცოდნას და გამოცდილებას გავუზიარებ ადამიანებს...

თამუნა კვინიკაძე