თეკლა მელაძის "სამშობლო" ამერიკის ცნობილ აუქციონზე სოლიდურ ფასად გაიყიდა - გზაპრესი

თეკლა მელაძის "სამშობლო" ამერიკის ცნობილ აუქციონზე სოლიდურ ფასად გაიყიდა

აუქციონზე საკმაოდ სოლიდურ ფასად, მხატვრის ერთ ფერში (ოქროსფერში) შესრულებული ტილო "სამშობლო" გაიტანეს. მერე ხელოვანს შეატყობინეს, რომ მისი ნამუშევარი 15.000 დოლარად გაიყიდა!

- აშშ-ში, ნიუ-იორკში მდებარე აუქციონი "შაპირო" ყოველწლიურად ახორციელებს მრავალრიცხოვან გაყიდვებს ევროპულ, ამერიკულ, რუსულ, ლათინური ამერიკის და აზიის ხელოვნების ნიმუშებზე. აუქციონი თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო გამოცემებთან, როგორიცაა The Financial Times, Kommersant და The Observer და ა.შ. ჯინ შაპირო არის აუქციონის პრეზიდენტი და ამერიკის შემფასებელთა ასოციაციის სერტიფიცირებული წევრი. Shapiro Auctions-ის დაარსებამდე, ჯინი სწავლობდა ხელოვნების ისტორიას კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში და Christie’s Education-ში, დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტი. მან თავისი კარიერა სოთბის თანამედროვე ხელოვნების განყოფილებაში, ნიუ-იორკში დაიწყო. საბოლოოდ დააარსა თავისი სახელობის აუქციონი.

418728799-886890102926311-2105750722006373840-n-1710140076.jpg

- რას გვეტყვით ამ აუქციონში თქვენს მონაწილეობაზე?

- ყველა ადამიანს აქვს ოცნება, ზოგს პროფესიული, ზოგს - პირადთან დაკავშირებული. ამ შემთხვევაში, ჩემი, როგორც მხატვრის ოცნება ახდა... ოცნება, რომელზეც ფუნჯის ყოველი აღებისას მეფიქრებოდა. ოცნება, რომლის ასრულებაც თითქმის წარმოუდგენლადაც მიმაჩნდა, მაგრამ პატარა იმედი მაინც ყოველთვის კიაფობდა... თითქოს ერთი ჩვეულებრივი დღე, არაჩვეულებრივ დღედ იქცა, როდესაც სატელეფონო საუბარი გაიმართა ჩემსა და აუქციონის "შაპირო" პრეზიდენტს შორის. ერთ-ერთი საოცნებო აუქციონის პრეზიდენტისგან მოსმენილი შეფასება და მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ფაქტი იყო ჩემთვის... ასევე მნიშვნელოვანი იყო ნამუშევრის შერჩევის პროცესი: აუქციონზე წარდგენილი იყო ტილო, სახელად "სამშობლო", მასზე გამოსახული მზე და პური, რომელიც ჩემს სამშობლოსთან, საქართველოსთან ასოცირდება. ეს აუქციონი ჩემთვის პირველი იყო და ბოლომდე ვადევნე თვალი, ყველა ნამუშევარს თითქმის ისე ვგულშემატკივრობდი, როგორც საკუთარ ტილოს. ნელ-ნელა მოდიოდა ჩემი ნამუშევრის გამოცხადების დროც... ლოტი 284, 285, 286... და, აი ისიც, ჯინ შაპირო აცხადებს ლოტ 287-ს, თეკლა მელაძე, პეიზაჟი - "სამშობლო", სასტარტო ბიჯი 5500 დოლარი. დარბაზიდან შეატყობინეს, რომ ბიჯი უკვე გაზრდილი იყო - 7.500 გახდა, უცებ 10.000, მერე 12.000 და... ემოციებისგან იმდენად დავიბენი, რომ ვეღარ მოვისმინე მისი გაგრძელებული სიტყვები "ბოლო შანსი" და ამ დროს ვიღაცამ 15.000 დოლარიო... ნახატს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, უამრავი თბილი შეფასება და კეთილი სურვილი მივიღე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენთვის ნაცნობი თუ უცნობი ადამიანი პოულობს დროს და შეფასებას გიწერს. განსაკუთრებული მადლობა ქართველ ემიგრანტებს, რომლებმაც სხვადასხვა ჯგუფში გააზიარეს ინფორმაცია აუქციონის შესახებ. დიდი მადლობა თქვენ და ყველა საინფორმაციო საშუალებას დაინტერესებისთვის.

- ალბათ, იცით, ვინ იყიდა ნამუშევარი...

- აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. მე მაინც ვთხოვე აუქციონის პრეზიდენტს, რომ მყიდველისთვის გადაეცათ ჩემი დიდი სურვილი, რომ გამეგო ვინაობა ან დამკავშირებოდა. ვნახოთ, იქნებ გაირკვეს, მეც ძალიან მაინტერესებს, ვისთან ინახება ჩემი ნამუშევარი...

420549522-904873981089316-2997131585115025434-n-copy-1710140089.jpg

- კონკურენტებზე რას იტყვით?

- ვთვლი, რომ დედამიწა ძალიან დიდია და ყველას წარმატებას დაიტევს. კონკურენცია მხატვრობაში არ მიმაჩნია სწორ ცნებად. ყველა მხატვარს თავისი ხელწერა აქვს, შემფასებელი კი მხატვარზე მეტია და დარწმუნებული ვარ, ხელოვანები ერთმანეთს ხელს არ უშლიან, პირიქით, ეს მოტივაციაა, რომ უკეთესი გახდე, დაიხვეწო და მეტად დაოსტატდე. ყველას უამრავ წარმატებას ვუსურვებ. თუ ვინმემ ჩემს ადგილას ყოფნა ინატრა, ვუსურვებ, მალე აიხდინოს ოცნება.

მანანა გაბრიჭიძე