რა სურთ ქალებს? - გზაპრესი

რა სურთ ქალებს?

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილ, სხვადასხვა თაობის წარმომადგენელ რამდენიმე ქალბატონს ვკითხეთ - 8 მარტს თავს განსაკუთრებულად თუ გრძნობენ, როგორ აღნიშნავდნენ ამ დღესასწაულს წინათ, ახლა როგორ ხვდებიან და საერთოდ, რა სურთ ქალებს?..

"ჩვენი ოჯახის მამაკაცების დამსახურება იყო, რომ წელიწადში ბევრი "8 მარტი" გვქონდა"

ნატუკა გულისაშვილი:

- ბავშვობაში ჩემთვის 8 მარტი წინასაახალწლო სამზადისივით იყო. მამაჩემი კახეთში, ღვინის ქარხნის დირექტორი გახლდათ. ამიტომ 8 მარტისთვის სახლში თანამშრომელი ქალბატონებისთვის ყოველთვის საჩუქრებს ამზადებდა... ოჯახში ჩემი ძმისა და მამაჩემისგან ისეთი განებივრებულები ვიყავით მეც, დედაც, მამიდაც, ბებიებიც, რომ ვერ ვიტყვი, ქალთა საერთაშორისო დღე სხვა დღეებისგან ძალზე განსხვავებული იყო-მეთქი. მაგალითად, შაბათს ოჯახი სადმე სავახშმოდ წავიდოდით, მერე მამა საჩუქარს გვიყიდდა... მოკლედ, ჩვენი ოჯახის მამაკაცების დამსახურება იყო, რომ წელიწადში ბევრი "8 მარტი" გვქონდა. ისე გაგვანებივრეს, რომ ახლა ცოტათი პროტესტის განცდა მაქვს - ქალებისთვის მხოლოდ 8 მარტი არ უნდა იყოს გამორჩეული დღე. რატომ არ შეიძლება, რომ როგორც მე ვიყავი ოჯახში მიჩვეული ყურადღებას, პატარ-პატარა სიურპრიზებს, ყვავილებს, ქალების მიმართ ასეთ ყურადღებასა და სიყვარულს, 8 მარტის გარდა, სხვა დღეებშიც იჩენდნენ (იღიმის)?.. ყველა ქალის სახელით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ პირადად მე, უბრალოდ, სიყვარული, ადამიანებთან და ცხოველებთან ურთიერთობა მაბედნიერებს. შეიძლება, პატარა საჩუქარმა, მაგალითად - გასაღებზე ჩამოსაკიდებელმა სუვენირმა გამახაროს, თუკი ჩემს ხასიათს გამოხატავს: ე.ი. ადამიანმა, რომელმაც მაჩუქა, ჩემზე იფიქრა, კარგად მიცნობს... ნებისმიერ ქალბატონს ვუსურვებ, რომ უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავი უყვარდეს, არაფრის და არავის გამო თავი არ დახაროს. ქალები ძალიან ძლიერები ვართ. სწორედ ქალია მამოძრავებელი ძალა. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, მათ ჯანმრთელობას, საკუთარი თავის მიმართ სიყვარულსა და დიდ პატივისცემას ვუსურვებ. ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, ქალების შეშინებას, მათზე ხელის აწევას ვერც ერთი ნაძირალა მამაკაცი ვერ გაბედავს...

"ძალიან მინდა, ქალებმა ერთმანეთს მეტად სცენ პატივი"

qristina-2-1710140829.jpg

ქრისტი აბაკუმოვა:

- სხვათა შორის, ქალთა საერთაშორისო დღე სკოლაში სწავლის პირველი კლასიდან მახსოვს, რადგან დედა რაღაცებს მჩუქნიდა, უფრო ხშირად - სუნამოს. თავიდანვე მასწავლა, რომ ქალს თავისი სურნელი უნდა ჰქონდეს... მოსწავლეობის პერიოდში, კარგა ხანს, სანამ სხვა სკოლაში გადავიდოდი, ჩემს კლასელს ძალიან მაგრად ვუყვარდი, ოღონდ - მე არ მიყვარდა. 14 თებერვალი იყო, 8 მარტი თუ სხვა დღესასწაული, კლასში აუცილებლად პერსონალურ საჩუქარს მახვედრებდა... თავად სარვამარტო საჩუქარი გოგონებისთვის არასოდეს მიმიძღვნია. ადრეც ვისაუბრე, რომ მეგობარი გოგონა, ვინც მთელი ცხოვრება მომყვებოდა, არ მყოლია, მაგრამ ჩემსა და დედას შორის საჩუქრების "გაცვლები" ხდებოდა: 3 მარტს აუცილებლად საჩუქარს ვუძღვნიდი - არც წელს გამომიტოვებია. სამაგიეროდ, დედა 8 მარტს ყოველთვის მანებივრებს, არასოდეს ვავიწყდები. ახლა ჩემი დაც დაგვემატა, რომელიც უკვე წამოიზარდა... საერთოდ, დღესასწაულები არ მიყვარს, არც ახალი წელი, არც - თუნდაც, ჩემი დაბადების დღე. შესაბამისად, არც 8 მარტს ვგრძნობ თავს განსაკუთრებულად. ჩემი განწყობა დღესასწაულებზე დამოკიდებული არ არის... საერთოდ, მიმაჩნია, რომ უპირველეს ყოვლისა, ქალს სჭირდება, დამოუკიდებელი იყოს. წლების წინ, როცა ქალების უმეტესობა კაცზე დამოკიდებული გახლდათ, ბევრ რამეს ითმენდნენ. 21-ე საუკუნე ის დროა, როცა ქალიც და კაციც ერთ საფეხურზე დგანან იმ თვალსაზრისით, რომ ორივე სქესის წარმომადგენელს შეუძლია იმუშაოს, კარგი ხელფასი ჰქონდეს, მაგრამ ქალს მხოლოდ ფული არ გაბედნიერებს - არსებობს რაღაც, რასაც ვერ იყიდი და რაც სულიერებას უკავშირდება. ამიტომ, ყველა ქალს ვუსურვებ, გვერდით ძლიერი კაცი ჰყავდეს, რომელიც მასში რაღაც განსაკუთრებულს დაინახავს, შეიყვარებს და მთელი ცხოვრება ყვავილივით მოუფრთხილდება, მოეფერება... კი, მეც ისეთივე უფლებები მაქვს, როგორიც კაცს, მაგრამ ქალებს და კაცებს ცხოვრებაში მაინც სხვადასხვა ფუნქცია გვაქვს. ქალს მზრუნველი, ძლიერი, ერთგული მამაკაცი სჭირდება... ძალიან მინდა ქალებმა ერთმანეთს მეტად სცენ პატივი, მეტად დააფასონ, რადგან მათ შორის კონკურენცია ძალიან ღრმა თემაა - ერთმანეთს გვერდში არ უდგანან, სოლიდარობას არ უცხადებენ... ერთმანეთის კარგად ყოფნა, დაოჯახება, შვილის შეძენა თუ სამსახურებრივი წარმატება რაც უფრო მეტად გაგვიხარდება, მით უკეთ ვიქნებით - დადებითი ენერგია გადმოგვედება... მსოფლიოში ყველა ქალს ვუსურვებ, მართლა ბედნიერები იყვნენ. ცხოვრებაში თითქმის ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ: ბავშვის გაჩენა, გაზრდა, მუშაობა, სახლის დალაგება, საჭმლის მომზადება... სამყაროში იმდენი რაღაც გვეხება, რომ აუცილებელია, ძლიერები, ჯანმრთელები და ლამაზები ვიყოთ...

"ჩემთვის რიგითი დღეა, როგორც ყველა სხვა ბედნიერი დღე"

chanukvadze-3-1710140847.jpg

თაკო ჭანუყვაძე:

- საერთოდ, ჩემთვის მარტი ბევრ სიხარულთან, კარგ ფერთან ასოცირდება. ამას თან ერთვის დღესასწაულები - 3 და 8 მარტი, რომლებიც განსაკუთრებულად მიყვარს. ვფიქრობ, "ხაზგასმა" არ სჭირდება, რომ კონკრეტულად 8 მარტია ქალების დღე - ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, ძალიან ბედნიერები და გახარებულები ვიყოთ, როგორც თუნდაც, ამ დღეს ვართ ხოლმე. ვერ ვიტყვი, რომ 8 მარტისთვის განსაკუთრებულად ვემზადები ან რამე ტრადიცია მაქვს - ჩემთვის რიგითი დღეა, როგორც ყველა სხვა ბედნიერი დღე... სხვათა შორის, მახსოვს, სკოლაში სწავლის პერიოდში, 8 მარტს კლასელები გოგონებს იების პატარა კონებით გვასაჩუქრებდნენ, ეს ძალიან სასიამოვნო იყო. ასევე, ყოველთვის მანებივრებდნენ ჩემი ძმა, მამა, ახლა უკვე - ჩემი მეუღლეც... მოკლედ, 8 მარტს ყოველთვის ბევრი ყვავილით ვხვდები. რა თქმა უნდა, ჩემს გოგონასაც ვულოცავ. საერთოდ, ანასიკო ძალიან ყურადღებიანია და ამისთვის დღესასწაულები არ სჭირდება: სკოლიდან დაბრუნებული, თავისი ხელით გაკეთებულ სუვენირს ყოველთვის მჩუქნის. დედის დღესაც მივიღე ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, მისი ხელებით შექმნილი... ყვავილები მასაც ძალიან უყვარს, ამიტომ ერთმანეთს ხშირად ვჩუქნით, 8 მარტს კი დიდი თაიგულითა და სიყვარულით ვანებივრებთ ერთმანეთს... მგონია, ყველა ქალს სჭირდება სიმშვიდე, ყურადღება, სითბო, უსაზღვრო სიყვარული... გაზაფხულის მოსვლასთან დაკავშირებით, გადავწყვიტე, მაღაზიაში ჩემი ბრენდის სამოსი შევიტანო - გამორჩეულად ფერადი და განსხვავებული. იმედი მაქვს, ქალბატონების გარდერობის გაფერადებაში ჩემს მცირე წვლილსაც შევიტან...

"ჩემი მოსწავლეობის პერიოდს უკავშირდება ის ფაქტი, რომ ყოჩივარდები ძალიან მიყვარს"

madona-1-1710140860.jpg

მადონა კოიძე:

- სიმართლე გითხრათ, ჩემთვის გაზაფხული ზუსტად 3 და 8 მარტს იწყება: დილიდან მზიან განწყობაზე ვარ. ვგრძნობ გაზაფხულის სურნელს, როგორ თბება ყველაფერი და ლამაზდება... 8 მარტის დღესასწაული უფრო ბავშვობიდან მოდის - დედების დღე უკვე შემდეგაა დაფუძნებული. მინდა აბსოლუტურად ყველა მანდილოსანს ქალთა საერთაშორისო დღე მივულოცო, ბედნიერება, წარმატება ვუსურვო და არასდროს დაივიწყონ, რომ ისინი ლამაზი, წარმატებული, სათნო ქმნილებები არიან. მიმაჩნია, რომ სამყაროში ყველაზე ლამაზები ქალბატონები არიან, მით უმეტეს - საქართველოში, სადაც დედის კულტია: ბევრ მნიშვნელოვან სიტყვაშია "დედა"... მიხარია, რომ არც ერთი სადღესასწაულო სუფრა, ღონისძიება ისე არ ჩაივლის, რომ დედა და ქალი გულთბილად არ მოიხსენიონ. ჩემი სურვილია, რომ ეს უბრალოდ შაბლონური სიტყვები არ იყოს და რეალურად, ქალბატონები ყველა მამაკაცისთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყვნენ... ზუსტად ჩემი სკოლის მოსწავლეობის პერიოდს უკავშირდება ის ფაქტი, რომ ყოჩივარდები ძალიან მიყვარს: 8 მარტს, როცა სკოლაში მივდიოდით, გოგონებს ბიჭებისგან მერხზე პატარა სუვენირები და იების, ყოჩივარდების პატარა კონები გვხვდებოდა. ის სიტუაცია დღესაც მენატრება... არ ვიცი, რამდენად წარმატებული ვარ, მაგრამ ბედნიერი ადამიანი ნამდვილად გახლავართ. ყოველ დღესასწაულზე კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ გადაცემა "სახალხო კონტროლს" ჯერ აქტუალობა არ დაუკარგავს და მის მიმართ საზოგადოების ნდობა ძალიან მაღალია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჟურნალის "გზა" მეშვეობით ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც დღესასწაულებს გვილოცავს, გვახარებს და გვაბედნიერებს - თქვენი აღიარება, გულთბილი დამოკიდებულება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.

ეთო ყორღანაშვილი