"ძალიან გამიჭირდა - სამსახურის შესრულებაც და უცხო ქვეყანაში ცხოვრებაც" - გზაპრესი

"ძალიან გამიჭირდა - სამსახურის შესრულებაც და უცხო ქვეყანაში ცხოვრებაც"

ონისე ცხადაძე ტელემაყურებელმა "ახალი შაბათის შოუდან" გაიცნო. როგორც მან გვითხრა, იუმორის სფეროში მუშაობამ ასწავლა, რომ მუდმივი შრომა ძალიან მაგარი რამეა: თუ ყოველდღე, სისტემატურად მუშაობ, შანსი არაა, რომ ერთ დღეს შენს ცხოვრებაში რაღაც კარგი არ მოხდესო... რა მოხდა მის ცხოვრებაში კარგი და საინტერესო, ამის შესახებ იუმორისტი თავად გვიამბობს...

- ონისე, იუმორის სფეროში როგორ მოხვდით?

- 2017 წელს "მანსანკანში" ვთამაშობდი. შემდეგ, 2020 წელს "ახალი შაბათის შოუს" გუნდში მოვხვდი.

- კასტინგით?

- კი, კასტინგი ჩატარდა. დაახლოებით 1 თვე გამოსაცდელი პერიოდი მქონდა - სცენარსაც ვწერდი, მსახიობიც ვიყავი... 1 თვის შემდეგ გუნდში დამტოვეს. უკვე 4 წელია, რაც მათთან ერთად ვმუშაობ. დიდი გამოცდილება მივიღე, ბევრი ვისწავლე... ადამიანური თვალსაზრისითაც, სამსახურში კარგი ურთიერთობა, მეგობრული გარემო გვაქვს.

- სიტუაცია თავიდანვე იოლად წარიმართა, თუ გარკვეული სირთულეები მაინც ახლდა?

- რა თქმა უნდა, თავდაპირველად ცოტათი რთული იყო, რადგან როცა "მანსანკანში" ვთამაშობდი, ხუმრობების წერას სისტემატური სახე არ ჰქონდა, ხოლო როცა ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, ყოველდღიურად ხუმრობებზე ფიქრი, წერა ცოტათი გამიჭირდა, მაგრამ შემდეგ მივეჩვიე და მალევე ავითვისე.

- ვინ იყვნენ თქვენთვის სამაგალითო იუმორისტები, სანამ ამ სფეროში თავს დაიმკვიდრებდით?

- ჩემი ძმაც იუმორის სფეროშია. თავდაპირველად მას ვგულშემატკივრობდი, როცა "მანსანკანში" თამაშობდა. იუმორის სფეროში მუშაობა მეც ამიტომ გადავწყვიტე... ისე, ბავშვობიდან ბევრი იუმორისტი მომწონდა, მაგრამ განსაკუთრებულად - ნიკა გრიგოლია.

- წარმოშობით თქვენც ზესტაფონიდან ხომ არ ხართ?

- არა, მაგრამ ახლოს ვართ: თერჯოლიდან ვარ (იღიმის).

- ნიკას უკვე პირადად იცნობთ, ხომ?

- კი, ერთად ვმუშაობდით.

- თქვენთვის სამაგალითო იუმორისტთან პირველი შეხვედრა როგორი იყო?

- წინათ, იუმორის სფეროში მუშაობა მიზნად არასოდეს მქონია. საერთოდ, ამ ადამიანებს ("ახალი შაბათის შოუს" მსახიობებს) მთელი ბავშვობა ტელევიზორში რომ ვუყურებდი და მომწონდა, მერე კი უცებ თანამშრომლები გავხდით, ვერ ვხვდებოდი, ჩემს თავს რა ხდებოდა... ადამიანს ეკრანზე რომ უყურებ, გიყვარს, მოგწონს, როცა პირადად გაიცნობ, თავიდან ცოტათი უცნაური იყო, მაგრამ მერე ამასაც შევეჩვიე.

- არა მხოლოდ "ახალი შაბათის შოუს" მსახიობი ხართ, ასევე იუთუბგადაცემაში "სთენდაფსაც" კითხულობთ. რამდენ დროს უთმობთ "სთენდაფის" მომზადებას, როგორ აწყობთ?

- საერთოდ, "სთენდაფი" იუმორში ცოტათი რთული მიმდინარეობაა. წაკითხვა ახლახან დავიწყე. მანამდე ძირითადად, სცენაზე გუნდთან ერთად გამოვდიოდი, რაც შედარებით მარტივი იყო. "სთენდაფს" ის სირთულე აქვს, რომ მარტო ხარ და მინიმუმ, 10 წუთის განმავლობაში, დამსწრე აუდიტორია უნდა გააცინო, მერე კი - როცა გადაცემა ინტერნეტში გამოქვეყნდება, მაყურებელს უნდა მოეწონოს... 1 "სთენდაფზე" დაახლოებით 1 თვე, ყოველდღიურად ვფიქრობ, რომ კარგი გამომივიდეს. კონკრეტულ თემებს ვირჩევ, რის შესახებაც ვიხუმრებ და საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე (მაგალითად, როგორ პირობებში ვიზრდებოდი) ვხუმრობ. გარკვეულ ფრაგმენტებს ჩემი ბავშვობიდან ვიღებ, ზოგს - ახლანდელი ცხოვრებიდან, აქტუალურ სოციალურ თემებს ვეხები...

- გვითხარით, როგორ გარემოში იზრდებოდით, როგორ მომავალზე ოცნებობდით?

- ახლა რომ ვფიქრობ, ბავშვობაში იყო რაღაცები, რაც კარგი არ ყოფილა, მაგრამ საბოლოო ჯამში, კარგ გარემოში, თერჯოლაში ვიზრდებოდი. წეღანაც აღვნიშნე, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ იუმორის სფეროში ვიმუშავებდი და ოდესმე ინტერვიუს ჩავწერდი. ცხოვრებაში სხვა მიზნები მქონდა - უნივერსიტეტში სწავლას უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევდი. შემდეგ ჩემი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართა. ცოტა ხნით საზღვარგარეთაც ვიყავი... როცა საქართველოში დავბრუნდი და შანსი გამიჩნდა, რომ ამ სფეროში მემუშავა, ეს საქმე მომეწონა.

- უნივერსიტეტში რომელ პროფესიას ეუფლებოდით?

- აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერიას ვსწავლობდი. ეს ჩემს ინტერესს არ შეესაბამებოდა, ამიტომ თავი დავანებე.

- აბა, თავის დროზე რატომ გადაწყვიტეთ, რომ ამ ფაკულტეტზე გესწავლათ?

- სწავლა უფასო იყო (იცინის).

- საზღვარგარეთ რომელ ქვეყანაში და რა მიზნით გაემგზავრეთ?

- გერმანიაში ვიყავი. 1-წლიანი ვიზა არსებობს - ოჯახში ცხოვრობ, მათ სახლის საქმეებში ეხმარები... ამ ვიზის ვადის ამოწურვის შემდეგ, სხვა ვიზების აღების შესაძლებლობა გაქვს, საბოლოოდ კი იქამდე მიდიხარ, რომ იქ ცხოვრების უფლებას, მოქალაქეობას იღებ. ჩემი მიზანიც ეს იყო, მაგრამ სამსახურის მოვალეობების შესრულება და უცხო ქვეყანაში ცხოვრება ძალიან გამიჭირდა, ამიტომ საქართველოში დავბრუნდი... რა თქმა უნდა, გერმანიაში გამგზავრების მთავარი მიზანი ფინანსური კეთილდღეობა იყო - კარგი შემოსავალი მექნებოდა, იქ ვიცხოვრებდი...

საქართველოში დაბრუნებული დაახლოებით 4 თვე სხვა სამსახურში ვმუშაობდი. შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი ვნახე, რომ "ახალი შაბათის შოუში" კასტინგი ტარდებოდა და დავინტერესდი.

- ერთ-ერთ "სთენდაფში" ამბობთ, რომ 3 გეი გწერდათ...

- ამაზე მოკლედ შემიძლია გიპასუხოთ: ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი ვარ... თუ ასე არაა, აბა, რატომ მწერდნენ (იცინის)?!

- რეალურად, თქვენივე სქესის წარმომადგენლები თქვენთან ურთიერთობით მართლა ინტერესდებიან ხოლმე?

- რა თქმა უნდა, როცა "სთენდაფში" რაღაცებს ვხუმრობ, ძირითადად ვაზვიადებ: რეალურ ამბებს ვიღებ და შემდეგ ხუმრობებს მოვუფიქრებ ხოლმე. ჩემს ცხოვრებაში ისეთი ეპიზოდიც იყო, როცა ჩემივე სქესის ადამიანი მწერდა, თუმცა - ჩემით დაინტერესებული არ ყოფილა, სხვა ვიღაცებზე მეკითხებოდა, ოღონდ - ახლა ამაზე ნუ ვისაუბრებთ...

- გოგონებს შორის პოპულარობით სარგებლობთ?

- ასე ვერ ვიტყოდი, თუმცა რაც პოპულარული გავხდი, შეიძლება, გოგონები ჩემით უფრო მეტად ინტერესდებიან...

- როგორი გოგონები მოგწონთ?

- ჩემნაირი უბრალო ადამიანები მომწონს. არ მომწონს, როცა მაგალითად, გოგონები თმას შეიჭრიან ან რამეს იყიდიან და გეკითხებიან, - აბა, რას ამჩნევო?.. ისეთ გოგონებთან, ვინც თუნდაც, მიმოწერისას სისტემატურ ყურადღებას ითხოვს, კონტაქტი ვერ მექნება, რადგან ფიზიკურად ამდენი დრო არ მაქვს, თორემ ისე, ყველა გოგო მომწონს.

- შეყვარებული ყოფილხართ?

- ვყოფილვარ, მაგრამ ამ თემაზე საუბარი არ მინდა, რადგან პირადია... სიმართლე გითხრათ, ახლა პირადი ურთიერთობისთვის არ ვიბრძვი, რადგან ჩემი აზრით, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, მე კი ისეთ სფეროში ვარ ჩართული, რომელსაც ბევრი შრომა, დრო სჭირდება...

- ტელეეკრანზე უფრო ხარისხიან იუმორს აწყდებით თუ ინტერნეტში?

- "იუთუბზე" გადაცემებს თვალყურს იშვიათად ვადევნებ, რადგან იქ "სუფთად" იუმორისტული პროექტები იშვიათია - უფრო მეტად გასართობი კონტენტი აქვთ, მსგავსი ვიდეოები კი ჩემს ინტერესს არ იწვევს... საერთოდ, ორივეს - ინტერნეტის და ტელევიზიის იუმორისტულ გადაცემას თავისებური ხიბლი აქვს. წარმოიდგინეთ, 20 წელზე მეტია, რაც თუნდაც, "შაბათის შოუ" "კეთდება". კარგი რომ არ იყოს, ამდენ ხანს არ იქნებოდა... საქართველოში "იუთუბი" უფრო ახალი პლატფორმაა და ნელ-ნელა იხვეწება, თანდათან მეტი სიახლე იქნება... ბევრჯერ მითქვამს, რომ ძალიან ნარცისი ვარ - ჩემს "სთენდაფებსაც" ხშირად ვუყურებ.

- მერე, როგორი შეგრძნება გეუფლებათ ხოლმე?

- წარმოიდგინეთ, ეგ გადაცემა "ცოცხლად" ჩაწერილია: აუდიტორიის წინაშე ვხუმრობ, მაყურებლისგან რეაქციას ვიღებ... როცა ხუმრობაზე ეცინებათ, ეს ძალზე მსიამოვნებს... ადამიანების კომენტარებს, რეაქციებს ვაკვირდები. როცა ჩემი გამოსვლა მოსწონთ, ეს მეტ სტიმულს და მოტივაციას მაძლევს. ხშირად ჩემს "სთენდაფებს" ამიტომ ვუყურებ ხოლმე. თან ვცდილობ, გადაცემაში თუ რამე ისეთი დავინახე, რაც არ მომეწონა ან ცუდად გავაკეთე, მომავალში დავხვეწო.

- ცხოვრებაში ისეთი ეპიზოდები თუ გქონიათ, როცა "სთენდაფის" წაკითხვისას აუდიტორია ვერ აგიყოლიებიათ, არ გასცინებიათ?

- ჯერჯერობით მსგავსი რამ არ ყოფილა. თან, ამ გადაცემაზე მუშაობა ახალი დაწყებული მაქვს... არის ხუმრობები, რომლებიც მგონია, რომ სასაცილოა, მაგრამ სცენაზე ისეთი სასაცილო არ გამოდის, როგორსაც ველოდი, მაგრამ თუკი ხუმრობები მწყობრად დალაგებული გაქვს, საბოლოოდ, მაინც ყველაფერი კარგად გამოდის - ეკრანზე გამოქვეყნების შემდეგ, ის ხუმრობაც კარგად ჩანს, რომელმაც ასე ვთქვათ, მოლოდინი არ გაგიმართლა. "სთენდაფში" ისეთი "გადასვლებია", რომ ყველა ხუმრობა ერთმანეთს უკავშირდება. ამიტომ არ მახსოვს, რომელიმე "სთენდაფი" მთლიანად "ჩამვარდნოდეს".

- ვიდრე "იუთუბზე" აქტიურობას დაიწყებდით და მხოლოდ "ახალ შაბათის შოუში" მუშაობდით, ტელევიზიაში არსებული გარკვეული პრობლემების გამო, ხომ არ გიფიქრიათ, - ნეტავ, გერმანიაში დავრჩენილიყავიო?

- შეიძლება მიფიქრია კიდეც, მაგრამ არ მახსოვს. ჩემთვის ჩემი ქვეყანა რაღაცებში დამთრგუნველია ცხოვრების მხრივ, მაგრამ ახლა აქ რასაც ვაკეთებ, მართლა მომწონს. იუმორის სფეროში მუშაობის დაწყებიდან 1-2 წელში აღმოვაჩინე, რომ ეს ნამდვილად ჩემი საქმეა და დიდ სიამოვნებას ვიღებ...

- ონისე, როგორ ცხოვრობთ, როგორია თქვენი ყოველდღიურობა?

- თბილისში ძმასთან ერთად ვცხოვრობ. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ვმუშაობ. შაბათ-კვირას ვისვენებ.

- თქვენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება რა არის?

- ძილი. სახლში რომ მოვდივარ, ვისვენებ, რადგან ის საქმე, რასაც ჩვენი გუნდი აკეთებს, გონებრივად რთული შესასრულებელია: ყოველდღიურად რაღაც ახლის მოფიქრება, მაყურებლისთვის მიწოდება... შეიძლება შაბათ საღამოს ან კვირას მეგობრებთან ერთად სადმე გავიდე, ცოტა დავლიო... ბევრი დალევა არ მიყვარს (იღიმის).

maxresdefault-1710141035.jpg

- ძმები თანამშრომლობთ?

- დიახ. "ახალი შაბათის შოუს" ჯგუფთან ერთად, გადაცემა - "ცხადაძეების ახალი ამბები" გავაკეთეთ: არაპოლიტიკურ, სასაცილო, რეალურ "ნიუსებს" ვაცხადებთ, შემდეგ კი - ამ "ნიუსებთან" დაკავშირებულ ხუმრობებს ვკითხულობთ. ჯერჯერობით ინტერნეტში მხოლოდ 2 გადაცემა გამოვაქვეყნეთ.

- "ახალი შაბათის შოუს" გუნდში ყველაზე კარგად შეხუმრებული ვისთან ხართ?

- ნიკა კაკაბაძესთან. "მთავარი არხიდან" მოყოლებული, სცენარზე ერთად ვმუშაობთ, მოფიქრებულ ხუმრობებსაც ერთმანეთს ვუზიარებთ...

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

- ამ გუნდთან ერთად მუშაობას გავაგრძელებ. კიდევ, მე და ჩემს ძმას გარკვეული პროექტების განხორციელება გვინდა... ასევე, რაკი სულ იუმორისტულ როლებს ვასრულებ, მიზნად მაქვს დასახული, თეატრში, რომელიმე სპექტაკლში ვითამაშო და სერიოზულ ფილმშიც გადამიღონ. მაინტერესებს, ამის შესაძლებლობა და უნარები თუ მექნება...

- წარმატებას გისურვებთ!..

ეთო ყორღანაშვილი