ქართველი პროფესორის პროდუქტი - "სახის საძიებო სისტემა", რომლითაც გერმანიამ ყველა დროის საშიში ტერორისტი ქალი დააკავა
ქართველი ანალიტიკოსის - გიორგი გობრონიძის კომპანიის PimEyes CEO-ს მიერ შემუშავებული პროგრამის დახმარებით, გერმანიამ ყველა დროის საშიში ტერორისტი, "წითელი არმიის ფრაქციის" (RAF) წევრი, დანიელა კლეტი იპოვა. ის კანადაში დააკავეს. კლეტის სოციალური, რევოლუციურ-ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 1970-დან 1998 წლამდე არსებობდა, 1960-იანი წლების სტუდენტურ მოძრაობის კვალდაკვალ დაარსდა და რამდენიმე წელიწადში ახალგაზრდების აჯანყებაში გადაიზარდა. მისი იდეოლოგია იყო კომუნიზმი, მარქსიზმ-ლენინიზმი, მაოიზმი, რევოლუციური სოციალიზმი, ანტიფაშიზმი, ანტიიმპერიალიზმი...
მათ სახელს არაერთი ბრძოლა უკავშირდება. ასევე, მასთანაა დაკავშირებული "სტოკჰოლმის მძევლების კრიზისი", "გერმანული შემოდგომა". მათი სამოქმედო ტერიტორიები იყო: დასავლეთი გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები და შვედეთი... პირადად დანიელა კლეტის სახელს გერმანელი პროკურორის საქმე უკავშირდება - ამ და სხვა საქმეების გამო, მასზე ძებნა იყო გამოცხადებული.
- ამ ეტაპზე კომპანია წარმოადგენს სტარტაპს, რომელიც ახლა აქტიური განვითარების ფაზაში იმყოფება, რაც გულისხმობს არსებული ტექნოლოგიის დახვეწას, განვითარებას, სერვისების პროფესიონალიზაციას. ამის შემდეგ ვიფიქრებთ საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურად გასვლაზე. ამ ეტაპზე ვცდილობთ, უზრუნველვყოთ მომხმარებელთა მდგრადი ბაზა, რაც არსებული ტექნოლოგიის დახვეწისა და მის საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოსაყვანად იქნება საკმარისი.
- თუ გეგმავთ რომელიმე ქვეყანასთან თანამშრომლობას?
- არაერთმა კომპანიამ და ინსტიტუციამ გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ევროკავშირს არ განვიხილავთ კომერციული ინტერესის ზონად. შესაბამისად, ჩვენი მომხმარებლები მეტწილად კერძო ინდივიდები არიან. სამწუხაროდ, ხშირად სხვადასხვა ვებგვერდზე განთავსებულია ფოტო და ვიდეომასალა ისე, რომ აღნიშნულ ფოტოზე გამოსახულმა ადამიანმა არაფერი იცის მის შესახებ, რადგან მასალა მისგან ყოველგვარი შეთანხმებისა და ინფორმირების გარეშე განათავსეს. განსაკუთრებული პრობლემაა ე.წ. რევანშისტული პორნოგრაფია, როდესაც ერთი პარტნიორი დაშორების, კონფლიქტის ან სხვა შემთხვევაში მეორის მაკომპრომეტირებელ, სექსუალური ხასიათის ინფორმაციას ათავსებს ღია, საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებში.
გასულ წელს მოვამზადეთ ბლოგიც, სადაც აღვწერეთ ჩვენი გამოცდილება და შთაბეჭდილებები, რასაც ჩვენი გუნდი განიცდის და რევაშისტული პორნოგრაფიის მსხვერპლთა დახმარების პროცესში აწყდება. იყო შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი დანაშაულის შედეგად მიღებული სტრესის გამო, პრაქტიკულად, თვითმკვლელობის ზღვარზე იმყოფებოდა. სწორედ ამიტომ, PROtect-ის გუნდში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა როგორც ტექნიკური ხასიათის და იურიდიულ დახმარებას, ასევე, მომხმარებელთა ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. კომპანიის პოლიტიკის მიხედვით, განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ ხშირ შემთხვევაში, ვებგვერდები, რომლებიც მსგავსი ტიპის ინფორმაციას ათავსებენ, ყოველგვარი საკანონმდებლო ჩარჩოს გარეშე ოპერირებენ. ხშირია შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის ქვეყნების დომეინებს იყენებენ საიტები, რომელთაც ინფორმაცია აქვთ განთავსებული აშშ-ში ან ნებისმიერ მესამე ქვეყანაში არსებულ სერვერზე, საიტის ადმინისტრირება კი ნებისმიერი სხვა სახელმწიფოდან, მაგალითად, რუსეთის ფედერაციიდან ხდება. ამ თვალსაზრისით რუსეთი ერთპიროვნულ ლიდერს წარმოადგენს... მსგავს სიტუაციაში, დახმარებისთვის, ანუ რეაგირებისთვის მოცემული ვებგვერდიდან არასასურველი მასალის აღებაში, ფაქტობრივად, ვერავის მივმართავთ. პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ მარეგულირებელ ორგანოებს ურჩევნიათ პასუხისმგებლობა დანაშაულის ჩამდენ ორგანიზებულ ჯგუფებს კი არა, საძიებო პლატფორმებს და მათ უკან მდგომ კომპანიებს დააკისრონ, რომელთაც ეს პრობლემა დღის სინათლეზე გამოაქვთ.
ფაქტობრივად, ვერც ერთი პასუხისმგებელი ორგანო ვერ ახერხებს პრობლემასთან გამკლავებას, ამგვარი ვებგვერდები კი დაუსჯელად არსებობას განაგრძნობენ, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი PROtect ჯგუფის მუშაობის შედეგებზე.
2023 წლის იანვრიდან დღემდე, მომხმარებლებმა, ჩვენი გუნდის დახმარებით, 10 000-მდე ვებსაიტს 332 389 ფოტოს აღების მოთხოვნით მიმართეს, რაც იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ PROtect-ის საერთო მომხმარებელთა რაოდენობა 2601-ს არ აღემატება, ძალიან დიდი მაჩვენებელია. თუმცა, შემთხვევათა მხოლოდ 44%-ში გახდა შესაძლებელი წარმატების მიღწევა.
- კერძო დეტექტივები ან ცალკეული, მსხვილი საქმის გამომძიებლები თუ გიკავშირდებიან?..
- ევროკავშირის ტერიტორიაზე არა, მაგრამ მის გარეთ, იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს მთავრობების მიერ სანქცირებულნი არ არიან, აქტიურად გვიკავშირდებიან. ვთანამშრომლობთ როგორც საჯარო ინსტიტუტებთან, ისე - არასამთავრობო, მათ შორის, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან. სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ფარგლებში ვცდილობთ, ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ ისეთი ტიპის საქმიანობაში, როგორიც არის ტერორიზმთან ბრძოლა, ტრანსნაციონალური დანაშაულები, მათ შორის, ადამიანებით ვაჭრობა, ტრეფიკინგი, ომის დანაშაულის გამოძიება. უკრაინის შემთხვევაში დავუშვით გამონაკლისი და იმ ევროპულ ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან ვთანამშრომლობთ, რომლებიც უკრაინაში ომის დანაშაულის გამოძიებაზე, მათ შორის, უკრაინიდან ბავშვების გატაცებაზე მუშაობენ. სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ფარგლებში, პარტნიორებთან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვთანამშრომლობთ.
მხოლოდ 2023 წელს, აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა და უკრაინაში ჩვენმა პარტნიორებმა დახმარება აღმოუჩინეს პოლიციას ტრეფიკინგის 12 შემთხვევაში, ასევე, შეისწავლეს იმ დაჯგუფებების საქმიანობა, ვინც ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებით იყვნენ დაკავებული; ამასთან ერთად, უკრაინის ტერიტორიიდან იძულებით გაყვანილი ასეულობით ადამიანის ბედის გარკვევა გახდა შესაძლებელი.
- ვიცი, რომ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების რამდენიმე კლასტერის იდენტიფიცირებაც შეძელით. როგორ მოხდა ეს?
- RAF-ის ტერორისტის - დანიელა კლეტის საქმე გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, რითაც ევროპული მედიის ყურადღება მივიქციეთ... ამ ქალის საქმე ჩემთვის ფილმის სცენარივითაა, რადგან ის ადამიანია, რომლის სახელსაც არაერთი დანაშაული უკავშირდება. ის 30 წელი წარმატებით იმალებოდა და სრულიად შემთხვევით, სააშკარაოზე გამოიყვანეს, ოღონდ, ეს მხოლოდ ჩვენი პროგრამის დამსახურება არ ყოფილა. ჩვენი პროგრამა, მარტივად რომ ვთქვათ, საძიებო პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიებაში ეხმარება. ამასთან, ჩვენ არ ვმუშაობთ იმ სოციალური ქსელების ან სხვა ვებგვერდის ინდექსირებაზე, რომელზეც საჯარო წვდომაც შეზღუდულია მფლობელის მიერ. შესაბამისად, ის, რასაც ჩვენი მომხმარებელი იღებს, საჯაროა და ყველა ინტერნეტმომხმარებლისთვის თავისუფლად ხელმისაწვდომი. ამდენად, ეს წარმატება უბრალოდ, ჩვენი პროგრამის გამართული მუშაობის შედეგი კი არა, გამომძიებელი ჟურნალისტის პროფესიონალიზმის დამსახურებაცაა...
ხშირად გვეკითხებიან, ვაპირებთ თუ არა ვითანამშრომლოთ დიდ ქვეყნებთან - იმ პირობებში, როდესაც 80-მილიონიან ქვეყანაში, მაგალითად, გერმანიაში მხოლოდ 289 მომხმარებელი გვყავს, ჩემს კომპანიას ბაზრის მოთამაშედ ვერ ვხედავ.
- რა არის ამის მიზეზი?..
- ევროკავშირში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მიმდინარე სამართლებრივი პროცესები სერიოზულ რისკებს ქმნის. იმ ტიპის რეგულაციები, რომელსაც გერმანია და ევროკავშირი უწევენ ადვოკატირებას, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში უპირობოდ გამოიწვევს მოცემული სივრციდან ინტელექტის გადინებას, ევროკავშირის ტექნოლოგიურ ჩამორჩენას, რაც სერიოზული რისკების წინაშე დააყენებს გერმანულ და საერთოდ ევროპულ უსაფრთხოებას.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მსგავსი რეგულაციები იმით არის განპირობებული, რომ ასეთ პროექტებში ძალიან ცოტა ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავე ადამიანი მონაწილეობს. აღნიშნულ რეგულაციებს იღებენ იურისტები, პოლიტიკოსები - ერთი სიტყვით, ადამიანები, რომელთა დიდი ნაწილი უმეტესად ვერ ხედავს განსხვავებას ხელოვნურ ინტელექტსა და ხელოვნურ ცნობიერებას, ბიომეტრიულ და ფოტოგრაფიულ ანალიზს შორის.
შესაბამისად, ებრძვიან ახალი ტექნოლოგიებს და მათ მიმართ შიშს თესავენ. მესმის მათი, თუმცა როგორც ადამიანი, რომელიც აქტიურად მუშაობს სადოქტორო თეზისზე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით და კარგად იცნობს ტექნოლოგიას, იმასაც ვხედავ, რომ ისინი ცდებიან. ხშირად ახსენებენ სახის ამომცნობ სისტემას, არადა, ეს სახის საძიებო სისტემაა, რაც სრულიად განსხვავებული ტექნოლოგიური პროცესია. სახის ამოცნობა გულისხმობს სახის ბიომეტრიის ანალიზის საფუძველზე პიროვნების იდენტიფიცირებას, ჩვენი ტექნოლოგია კი - ფოტოგრაფიული მასალის ანალიზის საფუძველზე მისი ლოკაციის დადგენას ინტერნეტში და იმ ვებგვერდის იდენტიფიცირებას, რომელიც აქვეყნებს აღნიშნულ მასალას. შესაბამისად, წარმოდგენა, რომ ჩვენი კომპანია მილიარდობით ბიომეტრიულ მონაცემს ინახავს, ამუშავებს და მათივე თქმით, ღმერთმა იცის, რას უშვრება - მცდარია...
- ევროპაში მის აკრძალვას ითხოვენ, არა?..
- როგორც ტექნოლოგიური დეტერმინიზმის დოქტრინა გვასწავლის, საზოგადოების განვითარების უმთავრეს და უპირობო მსაზღვრელს წარმოადგენს არა რეგულაცია, პოლიტიკა, არამედ ტექნოლოგიური პროგრესი, რომელიც საზოგადოების ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას იწვევს და მთლიანად ცვლის მსოფლიოს. შეუძლებელია უკვე არსებული ტექნოლოგიის, შექმნილი და დაგროვილი ცოდნის გაქრობა მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიმე პარლამენტის დარბაზში, ტექნოლოგიით შეშინებულმა დეპუტატებმა ასე გადაწყვიტეს. აკრძალავენ ერთგან? განვითარდება სხვაგან. დაიწყებენ დევნას და შევიწროებას? გადავა იატაკქვეშეთში, მაგრამ არ გაქრება. რა მოაქვს ასეთ უაზრო აკრძალვებს, ცნობილი ამერიკული მშრალი კანონის დროს გამოჩნდა, როდესაც ვისაც უნდოდა, მაინც ყიდულობდა ალკოჰოლს, თუმცა, პატიოსანი ბიზნესის ნაცვლად, ორგანიზებული დანაშაული გამდიდრდა. სხვანაირი აკრძალვებიც გვახსოვს. მაგალითად, ჯორდანო ბრუნო მხოლოდ იმიტომ დაწვეს, რომ მისი ცოდნა სამყაროს მოწყობის შესახებ აშინებდათ და რა მოიტანა აკრძალვამ?.. უკვე დაწყებითი კლასის მოსწავლემაც იცის, რომ დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო და არა პირიქით. თუმცა, 1600 წელს ამას ვერავინ იტყოდა.
- ევროპულ მედიაში დაიწერა, რომ მილიონერი ხართ და ამ სისტემით საკმაოდ კარგ შემოსავალს იღებთ.
- დიახ, ამაზე ძალიან ვიხალისე... ტექნოლოგია შემქმნელებისგან კი არა, მისი შემდგომი მფლობელისგან ვიყიდე, რომელმაც ამით იმდენი სისულელე გააკეთა, მადლობელიც დამრჩა, თავიდან რომ მოვაშორე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მილიონები კი არა, ის თანხა იყო, რისი გადახდაც საშუალო-სტატისტიკურ ქართველ პროფესორს გაჭირვებით და ოჯახის დახმარებით შეეძლო. ჩემი და ჩემი ძმის უძრავი ქონება დავტვირთე იპოთეკით. მახსოვს, "ნიუ-იორკ თაიმსის" ჟურნალისტმა ჰკითხა ჩემს ძმას, - მაშინ, როდესაც ძმა ასეთ ავანტიურებზე გიბიძგებთ, ღამე მშვიდად როგორ გძინავთო?..
მათთვის, დასავლურ მედიას ვგულისხმობ, წარმოუდგენელია, რომ ჩვეულებრივად ვცხოვრობ, თბილისის გარეუბანში, საბჭოთა დროს აშენებულ კორპუსში, დავდივარ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, არ მიყვარს სპორტი და არაფერი, რაც ზედმეტ სპორტულ აქტივობას უკავშირდება. ვარჯიშს მირჩევნია, ვიკითხო. არ მყავს დაცვა და არც მაშინ მყოლია, როდესაც ტერორიზმის საქმეზე სასამართლო პროცესში მომიწია ექსპერტად ჩართვამ. არ ვთვლი, რომ რაიმე ისეთს ვაკეთებ, რომ ვინმესგან დაცვა მჭირდებოდეს. რაც შეეხება მუქარებს, რამდენიმე შემთხვევა იყო. აღნიშნული მუქარის შეტყობინებები მივიღეთ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა უკრაინაში მომუშავე ორგანიზაციებთან ჩვენი პარტნიორობის შესახებ.
გვაქვს მომხმარებლების არაერთი მადლობის წერილი, ყველა მათგანი შენახულია და შესაბამისად, რუსულ მუქარებს აბალანსებს. ბოლო ადამიანი, ვისაც ჩემი პროგრამის შედეგად პრობლემები შეექმნა და საკმაოდ სერიოზულიც, გერმანელი ქალი, კლეტია და იმედი მაქვს, მისი ძველი თანამებრძოლები არ გადაწყვეტენ ჩემზე შურისძიებას. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ მხოლოდ პლატფორმა შევქმენით, ხოლო მოძებნით, კანადაში იპოვეს - ეს ნახევრად ხუმრობით, თუმცა საუბრები იმაზე, რომ ჩვენი პროგრამა საშიშია, ცალსახად გადაჭარბებულია.
აქვე გეტყვით, რომ ვასწავლი უნივერსიტეტში. როგორც უსაფრთხოების კვლევების სპეციალისტი, ჩართული ვიყავი სახელმწიფოს ანტიტერორისტული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესში. ასევე, ვმუშაობ სადოქტორო დისერტაციაზე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, კონკრეტულად კი ვქმნი Artificial Super Intelligence (ASU) მოდელს. კვლევები და პედაგოგიური საქმიანობა მიმაჩნია ჩემს ძირითად სამუშაოდ, სხვა ყველაფერი უბრალოდ დამხმარე საქმიანობაა, რაც მეხმარება სწავლაში, რადგან ყველაზე კარგად პრაქტიკაში სწავლობ ადამიანი.
მყავს ოჯახი, ასევე ქამელეონი, რომელიც ჩემი ხელიდან ჭამს და ამდენად, მისი მარტო დატოვება ყოველთვის პრობლემაა. კიდევ, მყავს ობობა, რომელიც მეგობარმა ჩამოიყვანა, მერე კი აღმოაჩინა, რომ მისი ეშინია და ახლა ჩემთან ცხოვრობს.
- თავად თუ სარგებლობთ სოციალური ქსელებით?
- არა, არ ვსარგებლობ. ერთადერთი, ინსტაგრამის პროფილი მაქვს, ისიც იმიტომ, რომ პერიოდულად ჩემი ძმა სასაცილო რაღაცებს მიგზავნის. "ფეისბუკი" გავაუქმე, თუმცა ეს არ უკავშირდება ჩემს საქმიანობას, უბრალოდ, ძალიან ტოქსიკური გარემოა ქართულ სოციალურ ქსელში და ბევრი ნეგატიური ემოცია ვრცელდება, ამიტომ გადავწყვიტე, დროებით მაინც თავი შევიკავო. რაც შეეხება ჩემს ოჯახს, რა ვიცი, რატომ უნდა შევუზღუდო ინფორმაციის გავრცელება ინტერნეტში? ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.
ლალი პაპასკირი