როგორ მოხვდა აზიურ და ევროპულ "ვოგში" ტატანა და რა აძლევს მოტივაციას საყვარელი საქმის კეთებისას
დიზაინერი ტატანა, იგივე გიორგი ტატანაშვილი გულახდილად გვესაუბრა პროფესიულ გზასა და იმ პრობლემებზე, რასაც საქართველოში აწყდება. ასევე, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული გარკვეული დეტალებიც გაგვიმხილა, რაც მისი საქმიანობის რთულ პერიოდს უკავშირდება...
- ბავშვობიდან ფუფუნებაში ვიზრდებოდი. ფულის ქონის მოთხოვნილებაც მცირე ასაკიდანვე გამიჩნდა. ვინც იტყვის, ფული არ მიყვარსო, ჩემი აზრით, გონებაში ცოტათი უჭირს, რადგან ფული ერთ-ერთი საარსებო წყაროა, მით უმეტეს - დღესდღეობით. დაახლოებით 15 წლიდან საკუთარი ჯიბის ფულის ქონაზე ფიქრი დავიწყე: გადავწყვიტე, ჩემი ჰობი - ფოტოგრაფია, ასე თუ ისე, შემოსავლის წყაროდ მექცია. სხვადასხვა სამოდელო სააგენტოსთან, მოდელებთან, დიზაინერებთან ვთანამშრომლობდი. ნელ-ნელა თანხის გამომუშავება დავიწყე. იმ პერიოდში თუ ერთი ნაცნობი მაინც გყავდა, მარტივი იყო, რომ მაგალითად, დიზაინერებთან კონტაქტზე გასულიყავი. თავდაპირველად რამდენიმე დიზაინერს დავეკონტაქტე, შემდეგ სხვებსაც და ნელ-ნელა საკონტაქტო წრე გაფართოვდა. მაშინ დიზაინერები ფოტოგრაფის ნაშრომს უფრო დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ჩემი ნამუშევრები ბევრ დიზაინერს მოსწონდა. როცა საერთაშორისო მოდის კვირეულებზე მიდიოდნენ ან საქართველოში "ფეშენ ვიკები" იმართებოდა, დიზაინერებისთვის "ედიტორიალებს" ვიღებდი და ამაში დიდ თანხებს მიხდიდნენ.
- შენი პირველი ჰონორარი რა თანხას შეადგენდა და 15 წლის მოზარდმა რაში დახარჯე?
- მახსოვს, პირველი ჰონორარი 1.500 ლარი იყო და ჩემი პირველი "აიფონი" ვიყიდე (იცინის).
- ფოტოგრაფიაში შენი საქმიანობა რამდენ ხანს გაგრძელდა?
- ფოტოგრაფიით დაახლოებით 5 წელი ვიყავი გატაცებული. ერთხელაც, ქართველ დიზაინერებთან მუშაობისას, ისე მოხდა, რომ კონკრეტულ წელს არც ერთი დიზაინერის კოლექცია არ მომეწონა. გადავწყვიტე, რაკი ასეთი პრეტენზიული და ცუდი ხასიათი მაქვს, მოდი, ჩემს ბრენდს შევქმნი-მეთქი და დიზაინერობაზე ფიქრი დავიწყე. საერთოდ, ფოტოებს 3 წლიდან ვიღებ, ასევე - თოჯინების ტანსაცმელს ხელთ "ვაკეთებდი"... როცა უნივერსიტეტში ჩაბარების დრო დადგა, რა თქმა უნდა, ოჯახი შემეწინააღმდეგა, რომ დიზაინის ფაკულტეტი ამერჩია, თან მომზადებასაც ვერ ვასწრებდი... რაკი მათემატიკა კარგად მესმოდა, ბიზნესის მართვისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე ჩავაბარე, სამწუხაროდ.
- სამწუხაროდ - რატომ? მიღებული განათლება დღეს შენი ბრენდის მართვაში არ გეხმარება?
- მარკეტინგი უფრო მეხმარება, ვიდრე ბიზნესის მართვა, რადგან დღესდღეობითაც კი, განათლების სფეროში სწავლების ისეთ ძველ მეთოდებს იყენებენ, რომ მიღებულ ცოდნას ვერაფერში გამოიყენებ. გინდა თუ არა, ყველაფერი ონლაინზეა გადასული. "1917" წლის წიგნებიდან ამოღებული განათლების 90% არაფერში გამოგადგება... მოკლედ, არჩეულ ფაკულტეტზე სწავლა ჩემთვის ისეთი უინტერესო იყო, რომ 2 წელი აკადემიური ავიღე. სამწუხაროდ, ის დრო უაზროდ დავკარგე, რადგან დიპლომი მაინც უნდა ამეღო - დღესდღეობით, ოფიციალური განათლება, ასე ვთქვათ, სავალდებულოა. ასე რომ, უნივერსიტეტში სწავლა გავაგრძელე და დავამთავრე კიდეც.
- სტუდენტობის პარალელურად, რას საქმიანობდი?
- პირველ კურსზე ვიყავი, როცა დიზაინერობაზე სერიოზულად ფიქრი დავიწყე. სახლში ძალიან გამიპროტესტეს. თან, ტანსაცმლის დიზაინი დიდ თანხებს უკავშირდება - მხოლოდ 1 კოლექცია რომ შექმნა, ათასობით ლარზეა საუბარი... იმ პერიოდში ერთადერთი ადამიანი, ვინც გვერდით დამიდგა, ბაბუა გახლდათ. დღემდე ჩემი ერთადერთი სპონსორი და ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეც - ბაბუაა (იღიმის). აბსოლუტურად ყველაფერში მხარში მიდგას...
- საინტერესოა, დიზაინის სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმა როგორ მოახერხე? ინსპირაციას საიდან იღებდი?
- რაკი ამ სფეროში განათლება არ მქონდა, ჩემი ინსპირაციის წყარო ძირითადად, ჩემი უმცროსი ბიძაშვილი იყო, რომელსაც ფერადი ტანსაცმელი ეცვა ხოლმე და ისე მომწონდა, სულ ვამბობდი, - მაინტერესებს, ასეთი სტილის სამოსი უფროსი ადამიანების ტანზე როგორ იქნება-მეთქი... პირველი კოლექციისთვის ძალიან ჭრელი, ფერადი ტანსაცმელი შევქმენი. დაახლოებით წელიწად-ნახევრის შემდეგ, "თბილისის მოდის კვირეულზე" გავედი, სადაც კოლექციისთვის გამოყენებული მქონდა კამუფლაჟს დამატებული ე.წ. საბავშვო ცისფერი და ვარდისფერი... მერე მოდის კვირეულზე ინგლისიდან მოწვეული ერთ-ერთი ქალბატონი გავიცანი, რომელმაც კონკრეტული რჩევები მომცა, გავითვალისწინე და შედეგად, ჩემს მომდევნო კოლექციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამას არ ველოდი... საერთოდ, ვოცნებობდი, რომელიმე აზიურ "ვოგში" მოვხვედრილიყავი, ერთ დღეს კი დავიძინე და როცა გავიღვიძე, აზიურ "ვოგშიც" ვიყავი, ევროპულშიც და ასევე, შავბნელი რუსეთის "ვოგში", "ტოპ 3" დიზაინერს შორს! მაშინ გავაცნობიერე, რომ ჩემი მთავარი საქმე დიზაინერობა უნდა ყოფილიყო.
- შენი პირველი კოლექციის შემფასებლები ვინ იყვნენ?
- მაშინ ეკა მგალობლიშვილი ახალი გაცნობილი მყავდა. ჩვენების მოწყობაში ის და მისი მეგობარი დამეხმარნენ. სტუმრებს შორის იყვნენ კრისტი ყიფშიძე, მარკუს მეტრეველი და სხვა ცნობილი ადამიანები. მიმაჩნია, რომ მაშინ პირფერობა მოდაში იყო, რადგან ისეთმა ადამიანებმა შემაქეს, რომლებიც შემდეგ, ჩემს ზურგს უკან ცუდს ლაპარაკობდნენ. ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებსაც მოდის სფეროში საერთოდ არაფერი ეთქმით...
- პანდემიამდე შენს შემოქმედებაში საინტერესო კიდევ რა ხდებოდა?
- "თბილისის მოდის კვირეულის" მერე დეპრესია მქონდა და 2 წელი "ჩავაგდე".
- რატომ?
- რა ვიცი, ფინანსებს ვერ მოვუყარე თავი. შეყვარებული ვიყავი, ფულს მას ვახარჯავდი. 6 თვის განმავლობაში ყოფილ შეყვარებულს 10 ათას ლარზე მეტი დავახარჯე. იმ პერიოდში კოლექციის ჩვენებისთვის მეტი ყურადღება რომ მიმექცია, კარგი იქნებოდა, რადგან სტუდენტისთვის 10 ათასი ლარიც დიდი თანხაა და ათასიც... სწავლის ფულიც გადავუხადე. მერე დედის ნახვა უნდოდა და გერმანიაში გავუშვი...
- თქვენ შორის რა მოხდა, რატომ დაშორდით?
- ერთმანეთს ვერ გავუგეთ და გადავწყვიტე, - მოდი, შენ შენთვის იყავი, მე ჩემთვის-მეთქი. რთულია, როცა ადამიანი მხარში დგომას ვერ აფასებს. მხოლოდ ფინანსური კი არა, მორალური მხარდაჭერა იყო მნიშვნელოვანი: როცა წლების განმავლობაში დედა არ გინახავს და მის ნახვაში გეხმარები, ეს მორალური მხარდაჭერაა და არა - ფინანსური, რადგან შეიძლება, თვითმფრინავის ბილეთის ფული ნებისმიერ დროს ისესხო ან როგორმე იშოვო, მაგრამ როცა ემოციები ძალიან მოგაწვება და გეხმარები, რაღაცები უნდა დაინახო...
- დეპრესიისგან თავის დაღწევა როგორ მოახერხე?
- დეპრესია დაახლოებით 2 წელს გამიგრძელდა, მაგრამ ხელი ჩაქნეული არ მქონია. ჩემი მეგობარი - ლუკა თიგიშვილი ყოველთვის გვერდით მედგა, მამხნევებდა, - ამდენ რამეს მიაღწიე და ახლა რომ გაჩერდე, საერთოდ დაიკარგებიო!.. "მის და მისტერ პლანეტის" კონკურსის დროს პატარა ჩვენებას მაინც ვაკეთებდი, რომ ასე ვთქვათ, სეზონი არ "ჩამეგდო", ასევე - ჭორლდ ღისინგ შტარ-ის პერიოდშიც... 2 წელი ასე გავატარე, შემდეგ კი 2021 წლის კოლექცია შევქმენი და დიზაინის სფეროში გრანდიოზულად დავბრუნდი.
- შეიძლება ითქვას, რომ თვითნასწავლი დიზაინერი ხარ?
- დღესღეობით აკადემიაშიც იმავეს გასწავლიან, რასაც ინტერნეტშიც ისწავლი. ამიტომ, ბიზნესის მართვის სწავლის პარალელურად, ერთ-ერთ დიზაინერთან მარკეტინგის მიმართულებით ვმუშაობდი. ვუყურებდი, როგორ ქმნიდა სამოსს, ვსწავლობდი... შემდეგ ვთხოვე, - რაღაცებში დაგეხმარები. თან, მეც ვისწავლი-მეთქი. ასე, დახმარების პროცესში ეს სფერო შევისწავლე. ნელ-ნელა უფრო მეტის ცოდნა დამჭირდა - ხარისხი, ფერები... ბევრი მსგავსი წვრილმანი დეტალის მოგვარებაში ლაშა დევდარიანი და ალექსანდრე ახალკაციშვილი დამეხმარნენ. მათგანაც ბევრი ვისწავლე... "ვოგს", სხვადასხვა დიზაინერის კოლექციებს ვათვალიერებდი და თვალი ეჩვეოდა, რა იყო სწორი, რა - არასწორი...
- რაც ამ სფეროში მუშაობ, გიფიქრია, რომ არჩევანში შეცდი, რომ ეს საქმე შენი არ არის?
- ალბათ, ეგ პერიოდი ყველას გვქონია, რადგან საქართველოში ყველაფერი ნაცნობობით ხდება. ამ ქვეყანაში დაჩაგრული ვარ. სხვა ქვეყნებში, სადაც ვყოფილვარ, ჩემს კოლექციებს მაღალი შეფასებები ჰქონდა... ასე რომ, ხელის ჩაქნევას არ ვაპირებ...
- რომელ მოდის კვირეულებზე ხარ "დაბლოკილი" და ამის ოფიციალურ მიზეზად რას ასახელებენ?
- ოფიციალური მიზეზი უცნობია, მაგრამ ასეთი "ხმაა გამოსული", რომ კონკრეტულ დიზაინერს, ვის დონემდეც, ჩემი აზრით, დიდხანს ვერ მივალ, ჩემ შესახებ უთქვამს, - კონკურენტია და არ მინდა, ამ ჩვენებებზე მონაწილეობა ჩემთან ერთად მიიღოსო... უარის მიზეზად მწერდნენ: საქართველოში კაცის სამოსის კოლექციას ვერ გამოვიტანთ, აქ Uნისეხ კოლექცია არავის აინტერესებსო და ა.შ. ეს უაზრო მიზეზებია, რადგან მაგალითად, სხვადასხვა ბრენდს მამაკაცის სამოსის კოლექციები ცალკე გამოჰქონდა...
- ფინანსური თვალსაზრისით, საქართველოში მამაკაცის სამოსის შექმნა მომგებიანია?
- საქართველოში ტანსაცმელს იშვიათად ვყიდი. ჩემი შემოსავლის ძირითადი წყარო სხვა სამსახურია - ერთ-ერთ ქართულ ბრენდში მენეჯერი ვარ და ჩემი ხელფასით სამოსის ახალ კოლექციას ვქმნი. არ ვფიქრობ, რამდენად მომგებიანი იქნება - ორიენტირებული ვარ, რომ რაღაც ახალი გავაკეთო, განვვითარდე. ჩემი სამოსი, ასე თუ ისე ონლაინ, საზღვარგარეთ იყიდება. მირჩევნია, უცხოეთში 1 გავყიდო ძვირად, ვიდრე 5 - საქართველოში და დაფასება არ მქონდეს...
- საყვარელი საქმის კეთების მოტივაციას რა გაძლევს?
- ყველა ახალგაზრდას ვეუბნები, - ის საქმე გააკეთეთ, რაც გსიამოვნებთ-მეთქი. ჩემთვის სიამოვნებაა, რომ თუნდაც თვეების განმავლობაში ვიწვალო, კოლექცია ვაკეთო, შემდეგ კი ჩემი სამოსის ჩვენებას მაყურებელმა 5 წუთის განმავლობაში უყუროს და ტაში დამიკრას, ეს წამები მაბედნიერებს და ის დღეები, როცა ჩვენების შემდეგ კომპლიმენტებს ან თუნდაც, კრიტიკას ვიღებ - კომპეტენტური ადამიანებისგან ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მისაღებია.
- ამჟამად რაზე მუშაობ?
- კლასიკური სამოსის კოლექცია (ორივე სქესისთვის) მაქვს შექმნილი, რომლის ფოტოსესიასაც ვგეგმავ. ჩვენება უკვე მქონდა... საქართველოში გუშინწინ დავბრუნდი - ქსოვილები და სხვადასხვა აქსესუარი ჩამოვიტანე. სექტემბრისთვის მზადებას უკვე ვიწყებ, რომ ახალი კოლექცია შევქმნა და მაღალი ხარისხი "დავდო", რადგან დღესდღეობით ჩემთვის ეს არის პრიორიტეტული.
ეთო ყორღანაშვილი