"მე მაქვს ჩემი შეხედულება, ჩემი ცხოვრება, ჩემი თმა და რასაც მინდა, იმას ვიზამ" - გზაპრესი

"მე მაქვს ჩემი შეხედულება, ჩემი ცხოვრება, ჩემი თმა და რასაც მინდა, იმას ვიზამ"

ახლახან ოთო ნემსაძემ ვარცხნილობა შეიცვალა. მის აფრიკულ ნაწნავებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - დადებითიც და უარყოფითიც... როგორც მომღერალმა გვითხრა, ნეგატიური კომენტარები მასზე გავლენას არ ახდენს...

- დაახლოებით ერთი კვირაა, რაც ვარცხნილობა შევიცვალე: გადაცემაში - "გვაჩვენე შენი ხმა" ერთ-ერთი საოცარი მონაწილე იყო, რომელიც აფრიკულ ვარცხნილობებს (და არა მხოლოდ) ძალიან კარგად აკეთებს. შევთავაზე, შემომთავაზეს, მირჩიეს რა როგორ მომიხდებოდა და ეს ვარცხნილობა ავირჩიე. ძალიან მომწონს. საერთოდ, სულ მინდოდა, ჩემს ვარცხნილობაში რაღაც შემეცვალა.

- ელოდით ისეთ გამოხმაურებას, როგორიც სოციალურ ქსელში თქვენს ახალ ვარცხნილობას მოჰყვა?

- არა, რა თქმა უნდა. ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევ. ერთხელ მივაქციე - ჩემი აზრი დავაფიქსირე და ყველას ბედნიერი დღე ვუსურვე, სულ ეს იყო. ამ შემთხვევაში, არაკომპეტენტური, ბოროტული აზრები ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. მინდა ყველა ადამიანი, ჩემი ვარცხნილობა მოსწონს თუ არა, კარგად იყოს. ძირითადად, ვარცხნილობასთან დაკავშირებით დადებითი კომენტარი უფრო მეტი იყო...

- საერთოდ, პირველად რომელ სოციალურ ქსელში და რა მიზნით დარეგისტრირდით?

- აღარ მახსოვს... ალბათ, ჩემს მეგობრებთან საკონტაქტოდ დავრეგისტრირდი, სავარაუდოდ - "იაჰუზე".

- დღესდღეობით ყველაზე აქტიური რომელ პლატფორმაზე ხართ?

- "ფეისბუკზე", "ინსტაგრამსა" და ახლა "ტიკტოკზე" აქტიურობასაც ვიწყებ... ბოლოს ალბათ, ძალიან ბევრ ფულს რომ ვიშოვი, მხოლოდ "ტვიტერზე" დავრჩები (იცინის). ცხადია, ვხუმრობ. ყველგან ყოველთვის აქტიური ვიქნები.

- სოციალური ქსელების მართვაში ვინმე გეხმარებათ?

- კი, სოციალური ქსელების მენეჯერი მყავს - ისიც მეხმარება და თავადაც ვაკონტროლებ. თავდაპირველად, "ფეისბუკის" გვერდის მართვაში ძალიან კარგი ადამიანების ჯგუფი მეხმარებოდა. ახლა ნელ-ნელა ყველა პლატფორმას ამ ადამიანებს გადავაბარებ.

- დამოუკიდებლად რამდენად ხშირად წყვეტთ, რა "დაპოსტოთ", რომელი ფოტო თუ ვიდეო გამოაქვეყნოთ?

- რა თქმა უნდა, ჩემს გვერდზე იმას ვაქვეყნებ, რაც მინდა, თუმცა გარკვეული მოთხოვნებიც არის, რომელიც სოციალური ქსელის მენეჯერს აქვს. ხშირად მასაც ვეთანხმები.

- სოციალური ქსელის მენეჯერთან შეთანხმების გარეშე, "ცხელ გულზე" თუ გამოგიქვეყნებიათ რამე, რაც მოგვიანებით გინანიათ?

- არა, არაფერი მინანია, რაც კი ცხოვრებაში მითქვამს ან გამიკეთებია. "ცხელ გულზე" ცოტათი გადაჭარბებული ნათქვამია - ასეთი რაღაცების წერა ხშირად არ მიწევს, მაგრამ მსგავსი შემთხვევა თუ ყოფილა და პოსტს არასახარბიელო გამოხმაურება თუ ჰქონია, არც ეგ მინანია, რადგან თავად ამ აზრზე ვარ და საერთოდ არ მაინტერესებს, ამის შესახებ სხვა რას ფიქრობს.

- ასეთი დამოკიდებულება თანდათან გაგიჩნდათ თუ?..

- მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში ყველა ადამიანი ასე უნდა იყოს განწყობილი: საკუთარ თავს, საკუთარ აზრებს პატივი უნდა სცეს - ეს მნიშვნელოვანია. მე ჩემი შეხედულება მაქვს, ჩემი ცხოვრება, ჩემი თმა (იცინის) და რასაც მინდა, იმას ვიზამ. ჩემზე ნეგატიურად არაფერი მოქმედებს. უბრალოდ, რაღაცები მიკვირს ხოლმე. როცა საკუთარი შეხედულებები გაქვს, რატომ უნდა გადარდებდეს სხვების არაპროფესიონალური, შეურაცხმყოფელი კომენტარები, მით უმეტეს - როცა ცნობილი ადამიანი ხარ და იცი, შეიძლება, ბევრს უყვარდე ან არ უყვარდე?! თუმცა, ისეთი კაცი ვარ, რომ მადლობა ღმერთს, ძალიან ცოტა ადამიანია, ვისაც არ ვუყვარვარ. ამიტომ ცუდ კომენტარებზე საერთოდ არ ვდარდობ.

- ვირტუალურ სივრცეში, კამათში თუ ჩაბმულხართ?

- კი, როგორ არა?! მიკამათია, ოღონდ - გააჩნია, ვისთან: არსებობენ ადამიანები, რომლებთან პოლემიკაში შესვლა საერთოდ არ ღირს. სადაც მიმაჩნია, რომ კამათი ღირს, ვკამათობ, რა თქმა უნდა.

- ვინმე "დაგიბლოკავთ"?

- მე - არა, მაგრამ როგორც ვიცი, იმ ადამიანებს "დაუბლოკავთ", ვინც ჩემს სოციალურ ქსელებს მართავენ.

- "ტიკტოკზე" რა მიმართულებით აქტიურობთ?

- პანდემიის დროს უფრო აქტიური ვიყავი - ძირითადად, სახალისო ვიდეოებს ვაქვეყნებდი. შემდეგ მივხვდი, ეს ჩემი საქმე არ იყო და "გავეშვი" (იცინის).

- დღესდღეობით სოციალური ქსელები თქვენთვის შემოსავლის გარკვეული წყაროა?

- რა თქმა უნდა. დღეს სოციალური ქსელები ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ხშირად - შემოსავლის წყაროც.

- გაქვთ სარეკლამო შემოთავაზებები, რომლებსაც ვერ თანხმდებით?

- ისეთი რაღაცების გარეკლამებას არასოდეს ვთანხმდები, რაც მაგალითად, ადამიანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს უქმნის. ასევე, ვითომ საქველმოქმედო პოსტებს არ ვაქვეყნებ, რომლებიც ბოლომდე ვერ ვიგებ, რა არის. მსგავს რაღაცებს არასოდეს გავეკარები - ვცდილობ, თაღლითური ამბები თავიდან ავიცილო.

- სოციალური ქსელებიდან ვიცი, რომ მიუსაფარ ცხოველებზეც ზრუნავთ...

- ჩვენს ქვეყანაში მიუსაფარი ცხოველები ძალიან ცუდ სიტუაციაში არიან. ყველა ადამიანის ვალია, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს (თუმცა ყველა მათგანი ოთხფეხა აღარაა - სამწუხაროდ, ზოგი 3 ან 2 ფეხზე დადის) ყურადღება მიაქციოს. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ჩვენი უყურადღებობით მათ ზიანი არ მივაყენოთ.

- ოთო, ინტერნეტის გარეშე გაძლება რამდენ ხანს შეგიძლიათ?

- შეიძლება, საერთოდ გავთიშო და მეგობრებთან ერთად, 10 დღით სადმე წავიდე.

- სოციალური მედიის მენეჯერების იმედად?

- შემიძლია, მათაც გავათიშვინო. თუ გინდათ, ასეთი ექსპერიმენტი ჩავატაროთ (იცინის)...

- რეალურად, მაქსიმუმ რამდენ ხანს არ გისარგებლიათ ინტერნეტით?

- ალბათ - 2-3 დღე.

image-123650291-2-1710770962.jpg

- რატომ, იმ დღეებში რა ხდებოდა?

- ვისვენებდი ან სტუდიაში მუსიკას "ვაკეთებდი".

- არსებობს ადამიანი, ვის ყოველდღიურობასაც სოციალურ ქსელში თვალყურს სისტემატურად ადევნებთ?

- კი, ჩემი მეუღლე.

- გარკვეულწილად, მის გადაწყვეტილებებში თუ ერევით, რა გამოაქვეყნოს და რა - არა?

- არა. ეს მისი პირადი სივრცეა, მას თავისი მაყურებელი ჰყავს.

- სოციალურ ქსელში რა ტიპის ინფორმაცია იქცევს თქვენს ყურადღებას?

- ძირითადად, ჩემი "ფიდი" მუსიკალურია - ქართველ და მსოფლიოს სხვადასხვა მუსიკოსის შესახებ სიახლეებს მოიცავს.

- რომელიმე მათგანი თქვენი ინსპირაციის წყარო ხომ არ არის?

- კონკრეტულად ვერავის დავასახელებ, მაგრამ სულ ვცდილობ, ახალი არტისტები ვიპოვო, საინტერესო პროექტებს თვალს ვადევნებ... ბოლო დროს აზიური მუსიკა ძალიან მომწონს.

- თქვენი ახალი ვარცხნილობა გარკვეულწილად, თქვენს შემოქმედებაში რამე სიახლეს ხომ არ უკავშირდება?

- საერთოდ, სულ რაღაცებს ვგეგმავ და ვაკეთებ, მაგრამ - არა: უბრალოდ, ასეთი ვარცხნილობა მომინდა, თუმცა ძალიან მალე ჩემი ახალი მუსიკალური ალბომი გამოვა, ჩემს ჯგუფთან - "ლიმბო" ერთად საპრეზენტაციო კონცერტი გაიმართება, ახალი ვიდეო გამოქვეყნდება... მომისმინეთ და ვისაც მოგეწონებათ, ხომ კარგი, ვისაც - არა, "ასქროლეთ"... გადასარევ ფორმაში ვარ, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, გარშემო ძალიან მაგარი მუსიკოსები მყავს და მალე ბევრი კონცერტის გამართვას ვაპირებ, თანაც - არა მხოლოდ საქართველოში.

- წარმატებას გისურვებთ!..

P.S. გამოყენებულია ფოტოგრაფ გიორგი ცაავას ფოტოები.

ეთო ყორღანაშვილი