ჯანო იზორიას თავგადასავალი "კარს მიღმა" და ურთიერთობები დიდ მსახიობებთან - გზაპრესი

ჯანო იზორიას თავგადასავალი "კარს მიღმა" და ურთიერთობები დიდ მსახიობებთან

მსახიობ ჯანო იზორიას შემოქმედებით ცხოვრებაში საინტერესო პერიოდია, რეჟისორმა ნოდარ მარშანიშვილმა გადაიღო მოკლემეტრაჟიან ფილმში "კარს მიღმა". ფილმი სამი ძმის ცხოვრების ამბავზეა, რომელიც მალე საფესტივალო "მოგზაურობას" დაიწყებს.

- ჯანო, დიდი ხანია, რაც მე და შენ ამ პროექტზე პირადი საუბრები გვაქვს. მკითხველს ვუამბოთ, რა ფილმზეა ლაპარაკი და რით იყო შენთვის მასზე მუშაობა მნიშვნელოვანი?

- დაგპირდი, რომ ამ სიახლის შესახებ, პირველ ინტერვიუს შენ მოგცემდი და პირობა შევასრულე. საუბარია ნოდარ მარშანიშვილის მოკლემეტრაჟიან ფილმზე "კარს მიღმა". როგორც ვიცი, ქრონომეტრაჟი 25-30 წუთი იქნება. ეს არის ქართული პროექტი, კინოცენტრის ნაწილობრივი დაფინანსებით. ფილმი სამი ძმის ცხოვრებაზეა, რომელშიც ერთ-ერთი ძმის როლს ვასრულებ. მუშაობა როლზე დამტკიცებამდე და მერეც ძალიან საინტერესო იყო.

- ფილმის მთავარი სათქმელი რა არის?

- ფილმი მიმღებლობაზეა, სათქმელად მარტივი რომ არის და შესასრულებლად ძალიან რთული. ამ ცხოვრებაში ყველა ადამიანს ხომ თავისი გზა აქვს არჩეული. შეიძლება შენი ძმის მიერ არჩეული გზა შენთვის მიუღებელიც კი იყოს. გადაღებები იყო თბილისში, გურიასა და ბერლინში.

- მუშაობა როლზე დამტკიცებამდე და მერეც ძალიან საინტერესო იყოო. ამის შესახებ მიამბე.

- ერთ დღეს რეჟისორი ნოდარ მარშანიშვილი დამიკავშირდა, სულ სხვა პროექტზე ვილაპარაკეთ, მითხრა, რომ სერიალის გადაღების იდეა ჰქონდა. მაშინ ნოდარი ამერიკაში იყო, იქიდან მელაპარაკებოდა. მერე მკითხა, ამერიკის ვიზა ხომ არ გაქვსო? - არა, საიდან მექნება-მეთქი? ამას რეჟისორი რომ გეტყვის, მსახიობს უცნაური მოუსვენრობა გეწყება, გაწუხებს შეკითხვა: რატომ მკითხა? ამ ამბიდან გარკვეული დრო რომ გავიდა, ნოდარი ისევ დამიკავშირდა, ამჯერადაც სულ სხვა პროექტზე მელაპარაკა და ბოლოს ისიც მითხრა, რომ მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებას აპირებდა. ჩვენ შორის ისეთი დიალოგი შედგა, ნათელი იყო, რომ მას ჩემი გადაღება უნდოდა, მაგრამ უვიზობა ამ ამბავს ხელს ძალიან უშლიდა. მოგეხსენება, ამერიკის ვიზის აღება ასე მარტივი არ არის, რიგში ჩადგომას აზრი არ ჰქონდა. მერე მასწავლეს, ლატვიაში უნდა ჩავსულიყავი, იქ რაღაც პროცედურები გამევლო, მერე შეიძლებოდა ამეღო ეს ვიზა ან ვერ ამეღო, მოკლედ, ეს ამბავიც არ გამოდიოდა.

- მახსოვს, ამის გამო ძალიან ნერვიულობდი.

- მსახიობი ხარ, ამერიკაში გადასაღებად წასვლის შანსი გაქვს და უვიზობის გამო, როლზე უარის თქმა როგორია?! ამ ყველაფერს ერთი მაგარი ამბავიც რომ დაემატა, ამან სულ გადამრია.

- მკითხველს ეს "მაგარი ამბავიც" გავუმხილოთ.

- ფილმში სამი ძმა ვართ და ერთ-ერთი ძმის როლი მერაბ ნინიძეს უნდა შეესრულებინა. ეს რომ გავიგე, გადავირიე, რა აღარ ვიფიქრე, გონებაში ამ აზრმაც კი გამიელვა, - ფოთში ვცხოვრობ, შევიპარები პორტის ტერიტორიაზე, რამე კონტეინერში შევძვრები და ამერიკაში ასე გადავალ-მეთქი. ის დღეები ისეთი სიგიჟე მჭირდა, არაადეკვატური ვიყავი. არ მეგულება მსახიობი, მერაბ ნინიძისნაირ პროფესიონალთან თამაში და პარტნიორობა არ უნდოდეს. გადიოდა დღეები და არაფერი საიმედო არ ხდებოდა, სრული შოკი მქონდა, ფილმისთვის წონაში უნდა დამეკლო და ამ მოთხოვნას პირნათლად ვასრულებდი. ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი პურს არ გავკარებივარ; მთელი ზაფხული ისე გავიდა, ლუდი ერთხელაც კი არ დამილევია, ისეთი მონდომებული ვიყავი, დიეტის დაცვისას ისეთ ნებისყოფას ვიჩენდი, შანსი ნელ-ნელა რომ მეცლებოდა, გული მაინც არ მიცრუვდებოდა, დიეტას ისევ განვაგრძობდი. რეჟისორსაც ძალიან უნდოდა გადავეღე, მაგრამ ვიზის ამბავს ვერაფერს ვუხერხებდით. ნოდარს მანამდეც ვიცნობდი, ლევან დაბრუნდაშვილთან ერთად, "ტიფლისის" რეჟისორი იყო. მასთან არა მხოლოდ პროფესიული ურთიერთობა, უკვე მეგობრობაც მაკავშირებდა. მასთან ვიმუშავე სერიალში "ბოლო სეზონი", სადაც ერთ-ერთი რეჟისორია... ბოლოს ვითხარი, ჩემზე ფიქრს თავი დაანებე, ეს ფილმი ხომ უნდა გადაიღო და ალტერნატივა განიხილე-მეთქი. კარგიო, - მითხრა და ერთმანეთს დავემშვიდობეთ.

429414972-712019830809108-4657131480294505827-n-copy-1710771107.jpg

დღეები გავიდა, ნოდარმა გარკვეული ეპიზოდების გადაღება დაიწყო.

ზაფხული იყო, მერაბ ნინიძის სცენის გადაღება გურიაში ჰქონდა დაგეგმილი. ეს ამბავი რომ გავიგე, ჩოხატაურში წავედი, მინდოდა მერაბ ნინიძე მენახა და გამეცნო, მერე რა, რომ ამ პროექტში ვეღარ ვთამაშობდი, მე მათი გულშემატკივარი ვიყავი. ბატონ მერაბს ფოთი თავის ბიოგრაფიულ წიგნში ძალიან ბევრჯერ აქვს ნახსენები. მისი ბაბუა ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრში მოღვაწეობდა, აქ სპექტაკლიც აქვს დადგმული და მერაბი წიგნში აღნიშნავს, თეატრი აქედან შემიყვარდაო. ამით მეც და ამ თეატრის სხვა მსახიობებიც ვამაყობთ. ფილმი "კურიერი" რომ ვნახე, რომელშიც ბატონი მერაბი თამაშობს, მისით ძალიან ამაყი ვიყავი. მას გურიაში, ჩემთან ახლოს უნდა ეთამაშა და გაცნობის შანს ხელიდან როგორ გავუშვებდი? იმ დღეს გადასაღებ ლოკაციაზე წავედი, ბატონი მერაბიც მოვიდა, ყველას თბილად მოგვესალმა, ძალიან უშუალო, უბრალო ადამიანია. გადაღების შუალედებში ვისხედით ჩრდილში და გვიყვებოდა ამბებს მისი შემოქმედებითი ცხოვრებიდან.

ფილმის სცენარის მიხედვით, მერაბისთვის ძმას უნდა დაერეკა, ანუ იმ პერსონაჟს, რომელიც მე უნდა განმესახიერებინა. ნოდარმა უთხრა, "პადაჩებს", რეპლიკებს ჯანო ტელეფონით მოგცემთო. რაც მერე დამონტაჟდებოდა. ეს საოცარი წუთები იყო. ტელეფონის ნომრები გავცვალეთ და გადაღება დაიწყო, ბატონი მერაბი სახურავზე იყო ასული, მე ქვემოთ ვიყავი. გადაღება ისე ხდებოდა, ვითომ ჩვენ ორი სხვადასხვა ქვეყანაში ვიმყოფებოდით. ტელეფონში მისი ხმა რომ გავიგე, მაქსიმალურად ვეცადე, ღირსეული პარტნიორობა გამეწია, ეს გიჟური წუთები იყო, ჩემს გონებაში ძალიან ბევრი რამ მოხდა, ხან წინ გავვარდი, ხან უკან გადავახვიე, სენტიმენტებიც მომეძალა... ბოლოს ერთმანეთი გადავკოცნეთ, დავემშვიდობეთ. უკვე ღამდებოდა. მე მარტო წამოვედი, მთელი გზა ისეთ ფიქრებში ვიყავი, პოლიტიკაშიც გადავედი, ჩემი ცხოვრების "ფირი" ხან წინ ვახვიე, ხან - უკან. ვფიქრობდი, ასე რატომ ხდება, ამ ქვეყნებთან რატომ არ უნდა გვქონდეს თავისუფალი მიმოსვლა?

ამ დღიდან გარკვეული დრო გავიდა. წონის კლება არ შემიჩერებია. სადღაც მაინც ვფიქრობდი, იქნებ გამოვიდეს? ამ დროს პროფესიული ინტუიციაც რაღაცას გეუბნება. ახალი წლის დღეები იყო, ისეთი მთვრალი ვიყავი, ენას ვერ ვატრიალებდი. სახლში ვარ, ვწევარ და ტელეფონი რეკავს. ეკრანზე ეწერება "ნოდო, ჯიმა მარშანიშვილი ტიფლისი" ასე მაქვს დამახსოვრებული მისი ნომერი. წარმოიდგინე, როგორი მთვრალი ვიყავი, ვერ ვუპასუხე. ვიფიქრე, გამოვფხიზლდები და მერე გადავურეკავ-მეთქი. რომ გავიღვიძე, დავურეკე. რას აკეთებო? - რავი, ვარ-მეთქი. იმ წუთში კიდევ ვფიქრობდი, დალევა სად გამეგრძელებინა. ბიჭო, შე ოხერო, იმ ფილმში მაინც უნდა გადაგიღოო და წარმოიდგინე, რა დამემართებოდა ამის გაგონებისას. "უნდა გადაგიღოოს" მოჰყვა; მეღადავები? აბა დაიფიცე, სიმართლეს მეუბნები? რომ მივხვდი, მართლა მეუბნებოდა, მერე ვუთხარი, - ახლა შენ დაიჯერებ, რომ მე საჭმლის ჭამა კიდევ არ დამიწყია? სადღაც მაინც ველოდებოდი, რომ დამირეკავდი-მეთქი. - ჰო, ეგ უნდა მეკითხა, ხომ არ მოგიმატიაო?

ისე მოხდა, რომ ამერიკაში გადაღება ბერლინით ჩანაცვლდა. ძალიან საინტერესო იყო ეს პროცესი. ამ სამ ძმას ერთმანეთთან გადაკვეთა არ გვაქვს, სულ არის დიალოგები სამკუთხედში. ახლა ხომ ყველაფერი ჩავლილია, მაგრამ დღესაც მაქვს ხოლმე ფიქრები, ეს ამბავი მართლა მოხდა ჩემს ცხოვრებაში? ამ ფილმში ადამიანების გარკვეული კატეგორია საკუთარ თავს აუცილებლად ამოიცნობს.

- ჯანო, მესამე ძმის როლს ვინ ასრულებს, გაგვიმხელ?

- ამას ვერ გეტყვი, ინტრიგად დავტოვოთ.

- ქართველია?

- კი, ქართველია. გაგიმხელ იმას, რომ ფილმში ჩემი მასწავლებლის როლს ცუცა კაპანაძე თამაშობს. ამ საოცარი ადამიანის პარტნიორობა იყო ძალიან სასიამოვნო.

- შენი პერსონაჟი როგორი ადამიანია?

- ჩვეულებრივი ბიჭია, რომელიც ემიგრაციაშია და მუშაობს. არაფერი ეშლება, კავკასიელი კაცია თავისი ხასიათით. დარდიანიცაა, გარკვეულ ტვირთს ატარებს, რაღაც მომენტში აზიატიც არის.

- გურიაში, მერაბ ნინიძესთან სატელეფონო დიალოგის სცენა რომ ჩაწერეთ, მაშინ რეჟისორს ამ როლზე არავინ ჰყავდა დამტკიცებული?

- არა. არ მინდა მკითხველი დაიბნეს, ნოდო კი არის ჩემი მეგობარი, მაგრამ ფილმში მეგობრობის გამო არასდროს გადავუღივარ. ამ როლზე კასტინგი ჩატარდა, რაღაც ვარიანტები განიხილა, მაგრამ იმ წუთში დამტკიცებული არავინ ჰყავდა.

guriashi-gadarebuli-copy-1710771097.jpg

- მერაბ ნინიძის ხსენებისთანავე, უბრალოება ახსენე. ამ ადამიანმა შთაბეჭდილება კიდევ რით მოახდინა?

- ძალიან ჩართული იყო ყველა დეტალში, რეჟისორი რასაც ეუბნებოდა, იმას აკეთებდა. როდესაც ასეთი დიდი გზა გაქვს გავლილი, ხომ შეიძლება, ადამიანი პრეტენზიული იყო, იქ განსხვავებას ვერ იგრძნობდი, "ბეგრაუნდი დამაქვს" ამბავი არ იყო. უშუალო დიალოგი ჰქონდა ყველასთან და ბოლოს, მადლობაც გადაგვიხადა პარტნიორობისთვის. ადამიანი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს, შენ ახალგაზრდა ხარ და ის კომფორტის ზონას შეგიქმნის, ეს უდიდესი ბედნიერებაა. სხვათა შორის, ასეთივე ბედნიერება მქონდა სერიალის "ბოლო სეზონი" გადაღებისას, მადლობა დავით დვალიშვილს, რეზო ჩხიკვიშვილს, ზაზა კოლელიშვილს... ამ ადამიანების გვერდით მუშაობა იყო უდიდესი სიამოვნება. როცა ახალგაზრდა მსახიობს გადასაღებ მოედანზე უკვე გამოცდილი მსახიობი პოზას გიჭერს, როგორი შონ პენიც არ უნდა იყო, მაინც მთხლე გახდები.

რეჟისორი ნოდარ მარშანიშვილი ფანტასტიკური პიროვნებაა, რაც მომწონს მასთან მუშაობისას, ეს "გაუმაძღრობაა" კარგი გაგებით. ბევრ ვარიანტს გთავაზობს და მერე საუკეთესოს არჩევს, მაქსიმალისტია. თავად ქმნის თბილ გარემოს და სიამოვნებით მიყვები, ბავშვურად გულწრფელია. მისი ნამუშევრები ამიტომაც არის შთამბეჭდავი.

- ფილმი საფესტივალო მოგზაურობას როდის დაიწყებს?

- მართალია, გადაღებები დასრულდა, მაგრამ ფილმზე მუშაობა ჯერ ბოლომდე არ დამთავრებულა. როგორც კი გამზადდება, საფესტივალო ცხოვრებას დაიწყებს და ვნახოთ, რა მოხდება. შემდეგ კი ჩვენება ქართველი მაყურებლისთვისაც გაიმართება.

- მადლობა ინტერვიუსთვის, შენ და ფილმსაც დიდ წარმატებას ვუსურვებთ!

- მადლობა!

თამუნა კვინიკაძე