სოკო და კოკორა - ლევან წვერავასა და ნინი კენჭიაშვილის გამოცდა - გზაპრესი

სოკო და კოკორა - ლევან წვერავასა და ნინი კენჭიაშვილის გამოცდა

გადავწყვიტეთ, დუეტი "ლეონის" წევრები, ცოლ-ქმარი - ლევან წვერავა და ნინი კენჭიაშვილი გამოგვეცადა, ერთმანეთს რამდენად კარგად იცნობენ. ამისთვის მათ ცალ-ცალკე ვესაუბრეთ და ერთი და იგივე შეკითხვები დავუსვით...

- როგორ ფიქრობთ, თქვენი პასუხები ერთმანეთს რამდენი პროცენტით დაემთხვევა?

ლევანი წვერავა:

- სავარაუდოდ - 80-90%-ით.

ნინი კენჭიაშვილი:

- 95-დან 98%-მდე. ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ...

- როდის, როგორ გაიგეთ მისი არსებობის შესახებ? მან - თქვენ შესახებ?

ლევანი:

- ნინის არსებობის შესახებ ჩემი ძმაკაცის დის ქორწილში გავიგე - ერთმანეთი იქ გავიცანით. დიდი შანსია, ნინის მანამდეც სცოდნოდა, ვინ ვიყავი, რადგან მაშინ საკმაოდ პოპულარული ჯგუფის - "სეიშენი" წევრი გახლდით.

ნინი:

- ლევანის არსებობის შესახებ ტელევიზიიდან გავიგე. ის ჯგუფ "სეიშენის" ერთ-ერთი წევრი იყო. ამ ჯგუფის სიმღერებზე გავიზარდე (იცინის)... მერე, ერთმანეთი საერთო მეგობრის ქორწილში გავიცანით.

- პირველი პაემანი სად გქონდათ და როგორ გამოიყურებოდა ის? შენ?

ლევანი:

- ერთ-ერთ ბარში შევხვდით. ნინი წინამოს ატარებს და მაშინაც ასეთი ვარცხნილობა ჰქონდა. ჩაცმულობას რაც შეეხება, ჯინსის ე.წ. ბუტილკა შარვალი და ნაცრისფერი ჟაკეტი ეცვა... მე რა მეცვა, მართლა არ მახსოვს (იცინის).

ნინი:

- ერთ-ერთ ბარში შევხვდით. მისი ჩაცმულობა შავ-თეთრ ფერებში იყო გადაწყვეტილი. ყოველ შემთხვევაში, კლასიკურად ჩაცმული არ გახლდათ... მაშინ "ბუტილკა" ("ტრუბა") შარვლები იყო მოდაში. პაემანზე ასეთი შარვალი მეცვა - სიშავეში გადასული მუქი ლურჯი. ეს დეტალი განსაკუთრებულად კარგად მახსოვს, რადგან ჩემი ერთ-ერთი საყვარელი შარვალი იყო. ასევე, თეთრი პერანგი და ნაცრისფერი მოსაცმელი მეცვა. თმა გასწორებული მქონდა. წინამოს მაშინაც ვატარებდი... ზუსტად მახსოვს, ლევანს როგორი ვარცხნილობა ჰქონდა: მაშინ თმის ჟელეს იყენებდა. "ზღარბის" ვარცხნილობას ატარებდა - თმა ზემოთ აწეული ჰქონდა.

- სიყვარულში პირველად რომელი გამოუტყდით?

ლევანი:

- რა თქმა უნდა, მე (იღიმის). საერთოდ, სიყვარულის ახსნა ჩემში "არ ზის" - ჩვენი სიყვარულის გამოჩენა-აღმოჩენა ურთიერთობის საფუძველზე მოხდა. როცა ორივეს ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა, უკვე ძალიან გაგვიმარტივდა, რომ სიყვარულისთვის "თავი მოგვეყარა". კონკრეტული ეპიზოდი არ ყოფილა, რომ ერთმანეთს სიყვარულში გამოვტყდომოდით.

ნინი:

- რა თქმა უნდა, სიყვარულში პირველი ლევანი გამომიტყდა. ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, ყველაფერი გასაგები იყო - კონკრეტულად, "მიყვარხარ" სად მითხრა, არ მახსოვს, თუმცა სიყვარულის ახსნის ეპიზოდიც იყო. როცა პირველად მითხრა, - მიყვარხარო, ყველაფერი ერთიანად დამავიწყდა. რა თქმა უნდა, მეც სიყვარულით ვუპასუხე.

- დაასახელეთ თქვენი ქორწინების თარიღი.

ლევანი:

- 2009 წლის 14 ოქტომბერი.

ნინი:

- 2008 თუ 2007 წელი... მახსოვს, 17 ოქტომბერი იყო. წელს რაც შეეხება, მოდი, 2009-ს დავასახელებ - ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ რომ გამოვთვალოთ, ასე გამოდის.

- ვინ იყვნენ ჯგუფი "სეიშენის" წევრები?

ლევანი:

- ოთხნი ვიყავით: მე, ლაშა აბზიანიძე, ზაზა ბანძელაძე და ჯიმი ფხაკაძე.

ნინი:

- "სეიშენი" 4 წევრისგან შედგებოდა: ლაშა აბზიანიძე, ლევან წვერავა, ზაზა ბანძელაძე და ჯიმი ფხაკაძე. ეს რომ არ ვიცოდე, სირცხვილი იქნება, რადგან ერთმანეთის შვილებთან უკვე ნათელმირონობა გვაკავშირებს - ჩვენი ოჯახის წევრები არიან.

- ბავშვობაში რომელი პროფესიის დაუფლებაზე ოცნებობდა? თავად რომელზე ოცნებობდი?

ლევანი:

- სავარაუდოდ, მოდელობა უნდოდა. ასე მახსოვს - ყური მაქვს მოკრული... შეიძლება არ ოცნებობდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მისი დიდი სურვილი იყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოსთანაც თანამშრომლობდა. შემდეგ გათხოვდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამე დავუშალე, პირიქით... უბრალოდ, ეს საქმე თავად აღარ გააგრძელა... პროფესიასთან დაკავშირებული ჩემი ოცნება ის იყო, რასაც დღეს ვაკეთებ: ყოველთვის მიყვარდა სცენა, მუსიკა, წარმატება... მადლობა ღმერთს, იქ ვარ, სადაც მინდოდა ყოფნა.

ნინი:

- ალბათ ლევანი მომღერლობაზე ოცნებობდა. უთქვამს, - მომღერალი რომ არ ვყოფილიყავი, კულინარი გამოვიდოდიო. კერძების მომზადება ძალიან უყვარს. მისგან კარგი შეფ-მზარეული დადგებოდა, რადგან უგემრიელეს კერძებს ამზადებს... პირადად მე, სიმართლე გითხრათ, არც ერთ პროფესიაზე არ ვოცნებობდი. უბრალოდ, ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ მოდელი ვყოფილიყავი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვიყავი კიდეც, მაგრამ შემდეგ თავი დავანებე.

- რა განათლება აქვს მიღებული მას? შენ?

ლევანი:

- ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, შემდეგ სწავლა ტურიზმის მიმართულებით გააგრძელა. თავად ტელე-კინორეჟისურის ფაკულტეტი დავამთავრე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შემდეგ სწავლა ტექნიკურ უნივერსიტეტშიც გავაგრძელე - მარკეტინგის მიმართულებით...

ნინი:

- მახსოვს, ლევანი "ჯავახიშვილში", ტელე-კინორეჟისურის ფაკულტეტზე სწავლობდა. მანამდე მგონი, მარკეტინგთან "ახლოს იყო"... მე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, შემდეგ - ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის (ტურიზმის განხრით) ფაკულტეტზე გადავედი და დავამთავრე.

- ყველაზე ხშირად რა თემაზე კამათობთ?

ლევანი:

- როცა სახლს ვარემონტებთ (იცინის). არის გარკვეული დეტალები, რის შესახებაც სერიოზული კამათი მოგვდის. ბოლოს მაინც ვნებდები, რადგან მიმაჩნია, რომ ქალები უფრო მეტ დეტალს აქცევენ ყურადღებას, კაცები კი - რემონტთან დაკავშირებულ საკითხებზე მარტივად ვფიქრობთ. ამიტომ ნერვები არ უნდა მოვიშალოთ.

ნინი:

- რემონტი ახლახან დავასრულეთ. ხომ იცით, ნათქვამია - ადამიანმა რომ დაგწყევლოს, რემონტი უნდა გისურვოსო. ზოგჯერ ჩვენი აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა: მას სხვა ფერი მოსწონს, მე - სხვა და ა.შ. ასეთ თემებზე ვკამათობთ. ისე, ლევანი ძალიან ჯიუტი და შეუპოვარია. ნაკლები არც მე ვარ (იცინის). რემონტის შემთხვევაში, დათმობა მაინც მას მოუწია, რადგან ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ქალი უფრო მეტ საკითხზე ფიქრობს, მეტ დეტალს ითვალისწინებს.

- დუეტი "ლეონის" შემოქმედებიდან რომელია მისი საყვარელი სიმღერა? შენი?

ლევანი:

- ზუსტად ვიცი, რომ თავად კონკრეტული სიმღერა არ გამოურჩევია, მაგრამ ჩემი აზრით, განსაკუთრებულად დიდ სიამოვნებას იღებს სიმღერისგან - "ღრუბლებში დავფრინავ". გამორჩეულად საყვარელი სიმღერა მეც არ მაქვს, რადგან "ლეონის" რეპერტუარიდან ჩემთვის ყველა საყვარელია - მათში განსაკუთრებულ ენერგიას "ვდებ".

ნინი:

- ლევანს ყველა სიმღერა უყვარს, მაგრამ ვფიქრობ, განსაკუთრებულად - ის, რომელიც ნოეს (ჩვენს შვილს) მიუძღვნა - "ნოე, ამ გულს რომ ათბობ". ჩემი საყვარელი სიმღერაა "ღრუბლებში დავფრინავ".

- ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშაა დაბადებული ის? შენ?

img-2804-1710771335.jpg

ლევანი:

- ნინი არის მერწყული, მე - ვერძი.

ნინი:

- ლევანი - ვერძია, მე - მერწყული.

- მისი ხასიათის რომელი თვისება გაღიზიანებს? მას შენი ხასიათის რომელი თვისება აღიზიანებს?

ლევანი:

- მისი სიჯიუტე. საშინლად ჯინიანი და ჯიუტია. თავად იმერელი ვარ. შეიძლება, გარკვეული დოზით, სიჯიუტე ყველას გვახასიათებდეს, მაგრამ მოგეხსენებათ, აღმოსავლეთ საქართველოს წარმომადგენლებს ეს თვისება მეტად აქვთ. ნინის იმერული სისხლიც აქვს, მაგრამ უფრო მეტად - ქართლურ-კახური (იცინის). საბოლოო ჯამში, თავადაც ხვდება ხოლმე, რომ კონკრეტულ სიტუაციაში არ უნდა ეჯიუტა... ალბათ, მას ჩემი შეუპოვრობა აღიზიანებს. ისე, ჰოროსკოპის დიდი მიმდევარი არ ვარ, მაგრამ "ვერძის" შესახებ რაც წერია, ყველა თვისებას ვამართლებ: შეუპოვრობა, მიზანდასახულობა, წარმატებისკენ სწრაფვა... მიუხედავად იმისა, რომ "მარტივი", ლოიალური ადამიანი ვარ - ჩემთან ურთიერთობა არავის უჭირს და დიდი სამეგობრო მყავს, ოჯახში კიდევ სხვაგვარი ურთიერთობებია... ალბათ, გარკვეულ სიტუაციებში, ჩემი შეუპოვრობა ნინისთვის ცოტათი ზედმეტია.

ნინი:

- ლევანის სიჯიუტე, შეუპოვრობა. როგორი დამნაშავეც უნდა იყოს, არ აღიარებს. შეიძლება გულში იცოდეს, რომ დამნაშავეა, მაგრამ ჩემთან არასდროს იტყვის - საკუთარი თავი ყოველთვის მართალი გამოჰყავს. მასზე ნაკლებად ჯიუტი მეც არ ვარ. ვფიქრობ, ჩემში ეს თვისება აღიზიანებს. დამთმობი არ ვარ, მით უმეტეს - წარმოშობით ქართლიდან გახლავართ. იმერელი ბებო მყავდა, მაგრამ ჩემს ძარღვებში ქართლური სისხლი ჭარბობს. მოკლედ, სიხისტე, სიჯიუტე ორივეს გვახასიათებს, მაგრამ ერთმანეთს მაინც ვაბალანსებთ.

- რამდენ კილოგრამს იწონის? შენ?

ლევანი:

- სავარაუდოდ, 56-57კილო უნდა იყოს. თავად ამბობს, - ცოტათი მოვიმატეო, მაგრამ ვეუბნები, რომ ასე არაა. მე - 77-79 კილოს ვიწონი.

ნინი:

- ჩემი წონა 56-57 კილოს შორის მერყეობს, ლევანის - 80-მდე (77-78).

- დაასახელე მისი ფეხის ზომა. შენი?

ლევანი:

- მისი - 39, დარწმუნებით ვიცი. ჩემი - 43.

ნინი:

- ლევანის - 42-43 (ფეხსაცმლის მოდელს და მკერავს გააჩნია), ჩემი - 39.

- რომელია მისი საყვარელი კერძი? შენი?

ლევანი:

- ნინის რომელი კერძი უყვარს, ამ საკითხში შეიძლება, "ჩავიჭრა". ალბათ - ხინკალი, მაგრამ გამორჩეულად არც ერთი კერძი არ უყვარს... თავად შემწვარი წიწილა ძალიან მიყვარს, ასევე - ლობიო, როგორც იმერელ კაცს.

ნინი:

- ზუსტად ვიცი, ლევანს ბჟიტი (წიწილა ტყემალში) ძალიან უყვარს... საერთოდ, გურმანი არ ვარ. გამორჩეულად საყვარელი კერძი არ მაქვს - ყველაფერი მიყვარს...

- რომელია მისი საყვარელი ფერი? შენი?

ლევანი:

- ვიცი, რომ შავი და წითელი ძალიან უყვარს - ასეთი ფერების სამოსს ხშირად იყენებს. მე კლასიკური ფერები მიყვარს: შავი, თეთრი, კრემისფერი... მაგალითად, წითელიც ძალიან მომწონს, მაგრამ ამ ფერის სამოსს ვერ ვიხდენ.

ნინი:

- მისი საყვარელი ფერებია: ნაცრისფერი, შავი, თეთრი და კრემისფერი. შეიძლება, მოსწონდეს წითელი, ვარდისფერი, სტაფილოსფერი, მაგრამ დიდად ვერ იხდენს. ჩემი საყვარელი ფერებია: კრემისფერი, წითელი, შავი, თეთრი.

- ერთმანეთს რა მეტსახელებით მიმართავთ?

ლევანი:

- სოკო და კოკორა. საყვარელი მეტსახელებია და ერთმანეთს მოფერებით ასე მივმართავთ.

img-4397-1710771323.jpg

ნინი:

- სოკო და კოკორა. ამ მეტსახელებით ლევანს ნოე მიმართავდა და ასე შემოგვრჩა...

- თქვენმა შვილმა პირველად "დედა" თქვა თუ "მამა"?

ლევანი:

- მგონი - "მამა". ასე მახსოვს... სხვათა შორის, დედას გაუკვირდა.

ნინი:

- მამამისი ამბობს, რომ თითქოს პირველად "მამა" თქვა, მაგრამ მე ვამბობ, რომ "დედა" თქვა (იცინის).

- განტვირთვის საუკეთესო საშუალება რა არის შენთვის? მისთვის?

ლევანი:

- ალბათ, ნინისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება ფილმის ყურებაა, როცა მოიცლის, ჩემთვის - სტუდიაში მუშაობა, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს. ჩემი მუსიკალური ხელმძღვანელი - ერეკლე ამბობს ხოლმე, - ლევანი მაშინ ისვენებს, როცა სტუდიაში მუშაობსო. ჩემი საქმე ძალიან მიყვარს. ჩემთვის ეს მართლა განტვირთვა და სიამოვნებაა...

ნინი:

- ლევანი სულ ამბობს, - ჩემთვის განტვირთვის საშუალება სტუდიაში მუშაობააო. ჩემთვის - ფილმის ყურებაა, თუ მცალია.

- 20 წლის შემდეგ, თქვენი ცხოვრება როგორ წარმოგიდგენიათ?

ლევანი:

- ძალიან კარგად წარმომიდგენია, რადგან ამ 14 წლის განმავლობაში, რაც ერთად ვართ, ყველაფერს ერთად ვაშენებთ: ჩვენს ცხოვრებას, სიყვარულს, შემოქმედებას... სავარაუდოდ, იმ დროისთვის უკვე ძალიან საყვარელი ბებო და ბაბუ ვიქნებით. სხვათა შორის, მინდა, ნოე ადრე დაოჯახდეს, რომ შვილიშვილი გვყავდეს. 20 წლის შემდეგ, მგონი, შვილიშვილიც გვეყოლება.

ნინი:

- ალბათ, ზუსტად ისე ვიქნებით, როგორც ახლა, ოღონდ - ბევრ შვილთან და შვილიშვილთან ერთად. კარგი სიბერე გვექნება (იცინის)...

ეთო ყორღანაშვილი