რაში უშლის ხელს სიმორცხვე ნანუკა ფორჩხიძეს - გზაპრესი

რაში უშლის ხელს სიმორცხვე ნანუკა ფორჩხიძეს

"იმ საქმეებიდან, რომელიც დღემდე გამიკეთებია, წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს უეფას სუპერთასის გახსნაზე, ჩემს მეგობრებთან ერთად რომ ვიმღერე. 2015 წელი იყო, "ბარსელონა-სევილიის" თამაში", - ამბობს მომღერალი ნანუკა ფორჩხიძე და აქვს მოლოდინი, რომ დიდი და მთავარი წარმატებები წინ ელოდება. რა არის მისთვის ყველაზე დიდი სტიმული, რას მიიჩნევს სისუსტედ, რას ებრძვის საკუთარ თავში და რის გამო იღებს საყვედურებს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...2001 წლის 7 მარტი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მომღერალი ან მსახიობი, მაგრამ რომ გავიზარდე, მივხვდი, ჩემგან მსახიობი ვერ გამოვიდოდა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ვარ ზედმეტად მიმნდობი, ალალი და ცოტათი ჯიუტი. სამივე შეფასებას ვეთანხმები.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...არ მაქვს სურვილი, თავიდან დავიწყო. ცვლილების სურვილიც ნაკლებად მაქვს. განვლილი ცხოვრებიდან კარგიც და ცუდიც - ყველაფერი მიყვარს, მათ შორის, ჩემი შეცდომებიც.

- ბევრი შეცდომა გაქვს დაშვებული?

- კი, ზოგიერთი შეცდომა ბევრჯერაც დავუშვი. ვცდილობ, ყველა შეცდომა ვაქციო გამოცდილებად. სხვის შეცდომებზე სწავლის სურვილიც მაქვს, თუმცა ეს ნაკლებად გამომდის.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ ყოველთვის არ ავყვე ჩემს ემოციებს, ვმართო საკუთარი თავი და კონტროლი გავუწიო.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...მგონია, რომ ეს "ამბავი" წინ მელოდება. იმ საქმეებიდან, რომელიც დღემდე გამიკეთებია, წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს უეფას სუპერთასის გახსნაზე, ჩემს მეგობრებთან ერთად რომ ვიმღერე. 2015 წელი იყო, "ბარსელონა-სევილიის" თამაში.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ჩემს ოჯახს, განსაკუთრებით - მამას. მამა ჩემი საუკეთესო მეგობარია. როგორ პიროვნებადაც ჩამოვყალიბდი, ეს მამის დამსახურებაა. მუსიკაში კრიტიკულია ჩემ მიმართ, მაგრამ მისი კრიტიკა ძალიან მეხმარება, მაძლიერებს.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ოჯახის და მეგობრების სახით, გარშემო ძალიან კარგი ადამიანები მყავს.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...ზედმეტი ემოციურობა.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ვაკეთო სიკეთე და ჩემ გარშემო ხალხი გავაბედნიერო. მიყვარს კომპლიმენტების თქმა, დადებითი ემოციების გაცვლა. მაქსიმალურად ვცდილობ, ასე ვიცხოვრო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ერთგულება საყვარელი ადამიანების და საქმის მიმართ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ძალიან თვითკრიტიკული ვარ და ცოტათი დაბალი თვითშეფასება მაქვს, მორცხვი ვარ. სიმორცხვის გამო, ჩემი შესაძლებლობების სათანადოდ წარმოჩენას ვერ ვახერხებ. დღემდე ვერ მოვახერხე, ჩემი შესაძლებლობების 50% მაინც გამომეჩინა. ამ მიმართულებით საკუთარ თავზე სულ ვმუშაობ.

- ამ ყველაფერში მამა რამდენად გეხმარება?

- მამა საერთოდ ყველაფერში მეხმარება, მისი მადლიერი ვარ. დიდი ბედნიერებაა, რომ გვერდით ასეთი ადამიანი მყავს, მაგრამ მგონია, ადამიანი ამ საკითხში თავის თავს მხოლოდ თავად თუ დაეხმარება. არის რაღაცები, რაც მხოლოდ შენი გასაკეთებელია.

- პატიება შემიძლია...

- ...უსასრულოდ. საყვარელ ადამიანებს ყველაფერს ვპატიობ, მაგრამ ადამიანთან ურთიერთობა თუ დავასრულე, მერე მისი აღდგენა აღარ შემიძლია.

- ამ მიზეზით, ბევრი ურთიერთობა დაგისრულებია?

- საკმაოდ, მაგრამ სანამ ურთიერთობას ვასრულებ, მანამდე იმ ადამიანებს შანსს ბევრჯერ ვაძლევ. ბერი გულისტკენის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ჭკუა ცოტათი ვისწავლე.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ის შებოჭილობა და სიმორცხვე, რომელსაც ახლა ვგრძნობ, მჯერა, მომავალში აღარ მექნება და ჩემს მიზნებსაც უფრო ადვილად მივაღწევ. მომავალი იმაზე ბედნიერი წარმომიდგენია, ვიდრე რეალობაა.

- საფრანგეთში სასწავლებლად წასვლას გეგმავდი, ხომ არ გადაიფიქრე?

- ეს ჩემს გეგმაში ისევ შედის, საფრანგეთში მაგისტრატურაში მინდა სწავლის გაგრძელება, ახლა "ჯიპაში" აუდიო-ვიდეომედია ხელოვნების ფაკულტეტზე ვსწავლობ, ძალიან საინტერესო ფაკულტეტია.

- ვიბნევი...

- ...უცხო და ახალ გარემოში მოხვედრისას, ადაპტაცია ცოტათი მიჭირს.

- ვნანობ...

- ...ჩემი თავის არ მჯეროდა მაშინ, როცა მართალი ვიყავი.

- ეს სიმღერასთან არის კავშირში, პირად ცხოვრებასთან თუ...

- ყველაფერი იგულისხმება: კარიერაც, პირადიც, მეგობრებთან ურთიერთობაც.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ბედნიერი.

- ყველაზე მეტად მაბედნიერებს...

- ...ოჯახი, მეგობრები, ადამიანებთან ურთიერთობები.

- ქუჩაში მსმენელი ალბათ, ხშირად გცნობს, არა?

- დიახ, სრულიად უცხო ხალხი მესაუბრება. რაც მეტ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, უფრო ბედნიერი ვარ. ეკრანზე საკუთარი თავი არასდროს მომწონს, მაგრამ მაყურებლისგან დადებით შეფასებებს რომ ვისმენ, ეს მოტივაციას მმატებს.

1-copy-1710771559.jpg

- "ნიკოს ბენდი" - ეს რა ეტაპია შენს ცხოვრებაში?

- გამოცდილების და სწავლის. ბევრი რამ ვისწავლე, არა მხოლოდ როგორც შემსრულებელმა, როგორც პიროვნებამაც. ბენდის წევრები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულები ვართ, მაგრამ ერთმანეთს ვეწყობით, ყველა ძალიან მიყვარს.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...თითქმის ყველაფერს. არ მიყვარს, როდესაც რაღაცას ვერ ვაკეთებ, ბევრს ვმუშაობ და მაინც არ გამომდის.

- მეზარება...

- ...დილით ადრე ადგომა, მაგრამ სულ ადრე ვიღვიძებ.

- სიყვარული ეს...

- ...არის ბედნიერება. როცა გაქვს უნარი, ადამიანი გიყვარდეს, ბედნიერი მაშინ ხარ.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ძალიან დაბნეული ვიყავი.

- ახლა შეყვარებული....

- ...არ ვარ.

- როგორი უნდა იყოს ადამიანი, რომ დაგაინტერესოს?

- მომწონს და მიზიდავენ ადამიანები, რომლებიც თავისი საქმის პროფესიონალები არიან. პიროვნება, რაც უფრო დადებითი და კარგია, მით მეტად მიჩნდება მასთან ურთიერთობის სურვილი. მომწონს ადამიანები, რომლებიც ჩემზე განვითარებულები და ჭკვიანები არიან, მათგან ბევრს ვსწავლობ.

- მაკვირვებს...

- ...როგორ შეიძლება, ამდენი სიკეთე და ბოროტება ერთად არსებობდეს ამ სამყაროში.

- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...კარგმა მუსიკამ.

- ...ვრისკავ...

- ...არც ისე ხშირად, მაგრამ საჭიროა. არ მიყვარს, როცა რაღაცის გაკეთება ექსპრომტად მიწევს.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...მშიშარა ვარ.

- ბოლოს ვიტირე...

- ...დღეს. ვიდეო ვნახე ძაღლზე, მის პატრონზე და გული ამიჩუყდა. ვინც კი მიცნობს, ჩემი ტირილი ყველას ნანახი აქვს.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...თან მსიამოვნებს და თან უხერხულობის განცდა მაქვს.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...უფრო გამბედავი ვიყო და დავიჯერო საკუთარი თავის.

- ვუფრთხილდები...

- ...ურთიერთობებს საყვარელ ადამიანებთან.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ემოციების კონტროლი.

- ვიტყუები, როცა...

- ...მეშინია.

- ეს თავდაცვაა?

- ბავშვობაში, როცა მეშინოდა, შეიძლებოდა ისეთი ტყუილი მეთქვა, იმ მომენტში საჭირო საერთოდ რომ არ იყო.

- თავისუფლებაა...

- ...როდესაც შენს თავს იღებ ისეთს, როგორიც ხარ. თავისუფლებაა, როდესაც შენი თავის მეგობარი ხარ, როცა რწმენა გაქვს და არაფერში არავის დასტური არ გჭირდება.

- ინტუიცია...

- ...ყოველთვის კარგად მქონდა და მაქვს განვითარებული. როდესაც ძალიან კარგი ან ცუდი ეპიზოდები მაქვს, წინასწარ ყოველთვის ვიცი, რა და როგორ იქნება. მსგავსი შეგრძნებები მაქვს საყვარელ ადამიანებზეც.

- როცა მარტო ვარ...

- ...სულ ვმღერი ან მუსიკას ვუსმენ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...პირველ რიგში, ახლობლებს სურვილებს ავუსრულებდი. დავეხმარებოდი ბავშვებს და მოხუცებს, ამის დიდი სურვილი მაქვს.

347010222-2898960053570533-8787796451552131098-n-copy-1710771548.jpg

- მენატრება...

- ...მამიდა და მამიდაშვილები, რომლებიც საფრანგეთში ცხოვრობენ. სანამ ევროპაში წავიდოდნენ, ჩვენ ფაქტობრივად ერთად ვცხოვრობდით: ხან მე ვრჩებოდი მათთან, ხან ისინი - ჩემთან. მათთან რომ ჩავდივარ ან ისინი ჩამოდიან, მონატრების გრძნობა უფრო და უფრო მიმძაფრდება.

- ყველაზე მეტად მახარებს...

- ოჯახის წევრების ბედნიერება.

- ყველაზე დიდი სტიმულია...

- ...ჩემი ბავშვობის ვიდეოებს რომ ვუყურებ, ვხედავ პატარა ნანუკას ანთებულ თვალებს და ვიხსენებ მის სურვილებს. მინდა იმ პატარა ნანუკას მომავალში ყველა მიზანი ავუსრულო.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ვცდილობ, საკუთარი თავი ხელში ავიყვანო.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...მამა მიყვებოდა მარია შარაპოვას და მამამისის ისტორიას. როცა მარია თამაშობდა, მთელი დარბაზი ოვაციებში იყო, მამა კი ეჩხუბებოდა, აკრიტიკებდა. როგორც აღმოჩნდა, შემდეგში მამის ეს დამოკიდებულება მარიას ძალიან დაეხმარა. მამა მეუბნებოდა, ამ მეთოდით უნდა გაგზარდოო. მშობლები ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. მათთან ზედმეტად გულახდილი და გახსნილი ვარ. მინდა ყველაფერი გავუზიარო; ვიცი, ჩემთვის კარგი უნდათ.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ერთმანეთს ხშირად გავუზიაროთ დადებითი ემოციები, მგონი, ეს გვაკლია. ყველას წარმატებას და ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ!

თამუნა კვინიკაძე