"ზაზუკას პუანტები ახლაც მის საგრიმიოროში კიდია" - გზაპრესი

"ზაზუკას პუანტები ახლაც მის საგრიმიოროში კიდია"

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი გრიმიორი, ღირსების მედლის მფლობელი ივანე (ზაზა) რევაზიშვილი 1976 წლიდან ოპერისა და ბალეტის თეატრს ემსახურებოდა. იგი 2017 წელს გარდაიცვალა... თავიდან რუსთაველის თეატრში მუშაობდა, მაგრამ გადაწყდა, რომ ოპერის თეატრში უნდა გადასულიყო... „კულტურის მინისტრმა ოთარ თაქთაქიშვილმა დამიბარა და მითხრა, - პატარა ბიჭო, შენზე ამბობენ, დიდი მომავალი აქვს და დიდ მომავალს კი დიდი თეატრი სჭირდებაო...“ - იხსენებდა ხელოვანი.

დღეს ანნა რევაზიშვილი ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალერინაა. ოცნებობს მთელი ცხოვრება ზაზა რევაზიშვილის მსგავსად ამ თეატრს მიუძღვნას, დანარჩენს კი თავად გვიამბობს...

- ანნა, ხელოვანების ოჯახში დაიბადეთ და აღიზარდეთ...

- დიახ... ოპერისა და ბალეტის თეატრში სულ მეუბნებიან, რომ ამ თეატრში გავჩნდი, თუმცა მუცლიდანვე იქ ვიყავი (იცინის). ეს ბაბუს, ოპერის მთავარი გრიმიორის - ზაზა (მოფერებით ყველა ზუზუს ვეძახდით) რევაზიშვილის წყალობით, რომელსაც მამას ვეძახდი... დედა და მამა გაშორებულები არიან, მამასთან კავშირი არ მაქვს. ზაზამ გამომიყვანა სამშობიაროდან და საბუთებშიც, მამის გრაფაში მისი სახელი წერია...

ზაზა მსოფლიოს წამყვან პრიმაბალერინებს, პრიმაბალერონებს მაცნობდა. პატარაობიდან, სამი წლიდან „დონ კიხოტზე“, „გედების ტბაზე“ დავყავდი... დედა მიყვებოდა, ოთხი წლის ბავშვი პარტერში რომ დაგსვი და ჩვენ საგრიმიოროში, საქმეზე შევბრუნდით, შენ საათნახევრიან სპექტაკლს ისე უყურე, ხმაც არ ამოგიღიაო... ზაზუკა თურმე მაშინვე მიხვდა, რომ ბალეტისთვის ვიყავი დაბადებული. თავად გოგი ალექსიძის ერთ-ერთ დადგმაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მაია პლისეცკაია ცეკვავდა. ანგელოზის როლს ასრულებდა. მას ძალიან საინტერესო მოგონება ჰქონდა:

ამონარიდი ზაზა რევაზიშვილის ინტერვიუდან:

„გურამ მელივას სურდა, სპექტაკლში "კოლუმბიიდან ბროდვეიმდე" გრიმიორის როლში გამოვეყვანე. მაშინ ძალა მოვიკრიბე და ვუთხარი, - ხომ იცით, რა შემიძლია-მეთქი, ავხტი ფეხის წვერებზე პუანტებით და დავტრიალდი... რეპეტიციას მთელი ოპერის მსახიობები ესწრებოდნენ და ხარხარი ატყდა. მართალია, ფეხები ძალიან მეტკინა, მაგრამ როლი მომცეს და თავი მოვიკალი, კარგად რომ შემესრულებინა. ანგელოზის როლი მქონდა და პაჩკა მეცვა. გაოცებული მიცქერდნენ, ამხელა წონის ადამიანი როგორ ხტუნავსო. სპექტაკლის შემდეგ ქუჩაში რომ გავდიოდი, ხალხი ყვიროდა, "ბრავო, პონჩიკ"... სპექტაკლს იტალიელი იმპრესარიო ჰყავდა, რომელიც მონტე-კარლოში ცხოვრობდა. იტალიაში სამი სპექტაკლი ვიცეკვეთ და ეს კაცი საგანგებოდ ჩამოვიდა მონტე-კარლოდან, ჩვენს სპექტაკლს რომ დასწრებოდა. შემომთავაზა, მონტე-კარლოში წავსულიყავი სამუშაოდ: სახლით, აგარაკითა და მანქანით უზრუნველყოფილი იქნებიო... მე უკვე საქართველოში საყვარელი ცოლ-შვილი მყავდა, არ გვიჭირდა და წასვლაზე უარი განვაცხადე. ჩემს მეუღლესაც სთხოვა, მხოლოდ ექვსი თვით გამოუშვიო, ედუარდ შევარდნაძესაც კი უთხრა... შევარდნაძემ ხუმრობით უპასუხა, ყველაფერი მისი გადასაწყვეტია, ამ ანგელოზს ჩვენ როგორ ვეტყვით, სხვა ქვეყანაში წადიო?..“

- ზაზუკას პუანტები ახლაც მის საგრიმიოროში კიდია. პატარა რომ ვიყავი, ვიკითხე, - ეს რა არის-მეთქი? და მან ხელში, როგორც სათამაშო, მომცა. ეს პუანტები სახლში წავიღეთ და რატომღაც, ოთხი წლის ბავშვმა ჩავიცვი. შემდეგ უცებ დავტრიალდი, ეტყობა თეატრში რომ სპექტაკლს ვუყურე, იქიდან დამამახსოვრდა, როგორ ბზრიალებდნენ... სამწუხაროდ, მათი მიბაძვა არ გამომივიდა, მაგიდის კუთხეს თავი ჩამოვარტყი და კბილები ჩავიმტვრიე...

მერე მაკა მახარაძის სტუდიაში შემიყვანეს... როლებს რომ მაძლევდნენ, ოთხი წლიდან ყველაფერს დიდი მონდომებით ვასრულებდი. ცხრა წლამდე ამ სტუდიაში ვსწავლობდი, შემდეგ კი ოფიციალურად მოვითხოვე, რომ ოჯახს ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გადავეყვანე... ზაზუკამ ცოტა კი იყოყმანა, - დარწმუნებული თუ ხარ, რაც გინდაო? რადგან ბალეტი მართლაც ურთულესი პროფესიაა. გონებრივად, ფიზიკურად დიდ დატვირთვას მოითხოვს, სულ უნდა იბრძოლო, იშრომო, რაღაცას რომ მიაღწიო. მე უკვე გადაწყვეტილება მიღებული მქონდა! ათი წლის ასაკიდან ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში შევედი...

ზაზუკა 16 წლის იყო, თბილისში რომ ჩამოვიდა, ყველაფერი ნულიდან დაიწყო და იმდენს მიაღწია, მთელი ცხოვრება უდიდეს არტისტებთან გაატარა... თავიდან გვერდით არავინ ჰყავდა, ოჯახი ვერ შეძლებდა მხარში ამოსდგომოდა და ამიტომაც მეუბნებოდა, - შენ გვერდით ვარ, მაგრამ ყველაფერს თავად უნდა მიაღწიო, მერე კი ამაყმა და თავაწეულმა უნდა იარო, რომ მიღწევები შენი შრომის შედეგი იქნებაო... პატარა ასაკში რასაკვირველია, მიჭირდა ყველაფერთან შეჭიდება, მაგრამ ზაზუკას სიტყვები სულ მახსოვდა... დედა, დეიდა, ბებია, ზაზუკა - ყველანი თეატრში იყვნენ. დეიდა მამაკაცი სოლისტების გრიმიორია ოპერის თეატრში, დედა კი ზაზუკას ადგილზეა, ანუ ოპერის მთავარი მხატვარ-გრიმიორი გახლავთ...

ყოველთვის, როდესაც გამიჭირდებოდა და ფარ-ხმალიც შეიძლებოდა დამეყარა, მაშინვე მახსენდებოდა, 16 წლის ზაზუკამ საიდან დაიწყო და რამდენს მიაღწია... მე კი თბილისში ვცხოვრობ, ოჯახი მყავს, სახლი მაქვს, ასეთი ადამიანები გვერდით მიდგანან და როგორ შეიძლება რაღაცას ვერ მივაღწიო-მეთქი?!.. ჩემთვის ეტალონი ყოველთვის ზაზუკა იყო... ჯერ კიდევ პატარას ტირილი თუ მომინდებოდა ან მოზრდილს მეგობრის დაბადების დღეზე, ან სადმე წასვლა, დედიკოსაც საქმის კურსში ვაყენებდი, მაგრამ უპირველესად ზაზუკას ვუთანხმებდი. ჩემთვის იგი დაც, ძმაც, დედაც, მამაც, მეგობარიც, დამრიგებელიც და ყველაფერი იყო... სანამ პირში სული მიდგას, ყოველთვის ასე იქნება.

- როგორ გახსენდებათ მსოფლიოს ვარსკვლავებთან პირველი შეხვედრა?

- ნინო ანანიაშვილთან პირველი შეხვედრა ბუნდოვნად მახსოვს, რადგან ძალიან პატარა ვიყავი... პირველად სასწავლებელში რომ შევედი, იმ პერიოდში ნინო ანანიაშვილმა „დონ კიხოტი“ იცეკვა. მახსოვს მისი ულამაზესი მკლავები, საოცარი შესრულება... ჩემთვის იმდენად დიდი მუხტი იყო, კულისებში თავბრუდახვეული გამოვედი. ზაზუკამ მითხრა, - მოდი, ახლოდან უნდა გაგაცნოო და ის შოკი მახსოვს: ნუთუ ასეთი იღბლიანი ვარ? ამ ბალერინასთან ერთად ფოტოს გადაღებაზე რამდენი ადამიანი ოცნებობს და მე ახლოდან გავიცანი-მეთქი... ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო! ყველაზე დიდი ბედნიერება კი ის არის, რომ დღეს ნინო ანანიაშვილი ჩემი სამხატვრო ხელმძღვანელია, პედაგოგი...

- მსოფლიოს ლეგენდა - მაია პლისეცკაიაც პირადად გაგაცნოთ?

- დიახ, მაია პლისეცკაია გამაცნო, მაგრამ ძალიან პატარა ვიყავი და სამწუხაროდ, კარგად არ მახსოვს. მაია პლისეცკაიას ფოტოები ბაბუს ოთახში ეკიდა და მის შესახებ ხშირად მიყვებოდა, თუ როგორი ადამიანი, რა მასშტაბის პროფესიონალი იყო. უფრო ის მახსოვს, ფიქრში რომ გაიელვებს და ვიზუალურ ეფექტს ახდენს, თუ როგორ დაინახე ახლოდან ამხელა ვარსკვლავი... ბოლოს რომ ჩამოვიდა, უკვე გაზრდილი ვიყავი, მაგრამ მაშინ სამწუხაროდ, ასე ახლოდან არ მინახავს.

უფრო მიხეილ ლავროვსკის გაცნობა მახსოვს, რადგან მაშინ ცოტა წამოზრდილი ვიყავი. მან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში „რომეო და ჯულიეტა“ დადგა, მე კი ამ სპექტაკლში პატარა როლებს ვასრულებდი... მახსოვს, ზაზუკას უთხრა, აქ ერთი პატარა ბალერინა დავინახე და იმდენად მომეწონა, ხომ არ იცნობო?.. ლიფტთან იდგნენ, ამას ერთმანეთში საუბრობდნენ და ამ დროს მე ზაზუკასთან მივედი, რაღაც უნდა მეთქვა. ჩემს გამოჩენაზე ლავროვსკიმ უთხრა, - აი ამ ბალერინაზე გკითხე, თუ იცნობო? ზაზუკა ალბათ ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო იმ დროს. გახარებულმა უპასუხა, - ეს ხომ ჩემი შვილიაო... ზაზუკას გაბრწყინებული სახე ჰქონდა...

430634309-867645938468857-2786880651584133147-n-copy-1710771893.jpg

ახლა ტელევიზიებშიც მიწევს გამოსვლა. ერთ-ერთ არხზე ტელეწამყვანადაც ვიმუშავე. სერიალებშიც, კლიპებშიც მიღებენ...

პროდიუსერები პატარა როლებს მაძლევენ. ნათქვამი მაქვს, რომ მთავარ როლს ვერ შევასრულებ, რადგან მთელი დღე თეატრში ვარ, ამ საქმეს ვემსახურები... მაქვს ფოტოსესიებიც, ერთ-ერთ სააგენტოში მოდელადაც მიმიწვიეს.

- თქვენ მიერ განსახიერებულ როლებზე გვიამბეთ...

- ოთხი წლის ასაკში, მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიის მოწაფემ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ანგელოზის როლი შევასრულე. მაშინ ზაზუკამ პირველად გამიკეთა გრიმი და ეს ჩემთვის დიდი აღმაფრენა იყო... შემდეგ მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიაში - მახინჯი იხვის ჭუკი, თაგვის როლი და ესპანელი ქალიც ვითამაშე... უკვე სასწავლებელში რომ გადავედი, ჩემი პირველი პატარა როლი უკვე სოლო იყო, როცა „ექიმ აიბოლიტში“ კაპიტანი ვითამაშე, მერე თხის როლიც მქონდა... ამის შემდეგ უკვე სხვა ეტაპები დაიწყო... „ჩიპოლინოში“ ლიმონი გახლდით. ბიჭის როლს ვასრულებდი და ეს ჩემთვის გამოწვევა იყო. მსურდა გრიმით, ვიზუალით, ყველანაირად ბიჭი ვყოფილიყავი... ვფიქრობ, მიზანს მივაღწიე და გამომივიდა.

ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში „მძინარე მზეთუნახავი“ დაიდგა, სადაც ქალბატონმა ნინომ მალიფისენტას როლი მომცა. ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაც იყო და ძალიან საპასუხისმგებლო ამბავიც... მალიფისენტას შესახებ ბევრი წიგნი წავიკითხე, უკვე ფილმიც გამოსული იყო ანჯელინა ჯოლის მონაწილეობით, რომელსაც გულდასმით ვუყურე... როლის შესრულების დროს ერთ ფეხზე პუანტი, მეორეზე "ბალეტკა" მეცვა, რაც ქალბატონი ნინოს იდეა იყო. ყველა გაოცებული გახლდათ, როგორ შეიძლება ბალერინას ფეხზე სხვადასხვა რაღაც ეცვასო?..

ქორეოგრაფიული სასწავლებლის გამოსაშვები საღამოს შემდეგ ქალბატონმა ნინომ რამდენიმე მოწაფე გაცვლითი პროგრამით, იაპონიაში გაგვიშვა, სადაც ერთი თვე ვიყავით, ტოკიოსა და ნაგოიაში ვიცეკვეთ...

თბილისში რომ დავბრუნდი, მისაღები გამოცდები ჩავაბარე და სამი წლის მანძილზე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სხვადასხვა როლს ვასრულებდი... შემდეგ პრაქტიკის მისაღებად საზღვარგარეთ წავედი, მაინტერესებდა სხვა ქვეყნების თეატრებში რა ხდებოდა. გასტროლების ტურებზეც დავდიოდი: ლონდონის, კემბრიჯის, პეტერბურგის, ნოტინგემის თეატრებში ვიცეკვე...

ვინაიდან ზუზუკამ მთელი ცხოვრება, თავისი კარიერა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს მიუძღვნა, მეც ოცნებად მქონდა ანალოგიურად მოვქცეულიყავი... ამიტომაც საზღვარგარეთ კვალიფიკაცია რომ ავიმაღლე, როლების შესრულების გამოცდილება დავაგროვე, გასული წლის ივნისში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დავბრუნდი. დიდი მადლობა ნინო ანანიაშვილს, ჩემი ოცნების თეატრის კარი რომ გამიღო... ახლა ნელ-ნელა თავს ამ თეატრს ვუძღვნი.

babuastan-1710771884.jpg

- როგორია თქვენი ჩვეულებრივი ცხოვრება, როგორ უვლით თავს?

- ყველა ბალერინასთვის წონაზე ზრუნვა ინდივიდუალურია. ზოგს ძალიან ბევრი ძალისხმევა სჭირდება, ზოგს ნაკლები. ბევრი პურს მთლიანად იღებს კვების რაციონიდან, ზოგიც ექვი საათის მერე არაფერს მიირთმევს და ასე შემდეგ... მე, როცა დიდი დატვირთვა მაქვს, მაშინ არაფერს ვიზღუდავ, თუნდაც შუაღამით შემიძლია შაურმა ან ხინკალი მივირთვა. როცა უფრო მსუბუქი გრაფიკია, მაშინ პურს ოდნავ ვზღუდავ, მაგრამ დიეტაზე არასოდეს ვყოფილვარ.

რაც შეეხება ყოველდღიურობას, ჩემთვის ბალეტი იმდენად მნიშვნელოვანია, მხოლოდ ასე ვცხოვრობ: თეატრი და სახლი... მეგობრების ნახვასაც ვერ ვასწრებ. სულ მახსოვს ზაზუკას დარიგება: უპირველესად, ძალიან ბევრი იშრომე და მარტო იმაზე იფიქრე, გარკვეულ სიმაღლეს იქ მიაღწიო, რაც შენთვის ძალიან ძვირფასიაო...

როცა მთელი დღე თეატრში ვარ და საღამოს სპექტაკლი მაქვს, ჩემს თავზე სამუშაოდ აღარ მცალია. მეორე დღესაც ანალოგიური დატვირთვა მიწევს და მსურს ენერგია შევინარჩუნო... როცა ჩვეულებრივ მიმდინარე რეპეტიციებია, საღამოს ექვს საათზე ცოტას შევისვენებ, შემდეგ ისევ დარბაზში შევდივარ და დამატებით ვმუშაობ. ნინო ანანიაშვილის რჩევებს და შენიშვნებს სულ ვითვალისწინებ. მსურს, ჩემს პროფესიაში რაც შეიძლება მეტს მივაღწიო...

მანანა გაბრიჭიძე