შვილისთვის შეკერილი მელაკუდა და თოჯინები, რომელიც "საზღვარგარეთ მიემგზავრებიან" - გზაპრესი

შვილისთვის შეკერილი მელაკუდა და თოჯინები, რომელიც "საზღვარგარეთ მიემგზავრებიან"

მეორე შვილი რომ ეყოლა, მორიგი შეკვეთა მისი დაბადებიდან მეხუთე დღეს აიღო. "ვფიქრობ, ჩემი საქმიანობა ჩემი იდენტობის ნაწილია და მის გარეშე უბრალოდ, არ შემიძლია არსებობა", - ამბობს თამარ ქისიშვილი, რომელიც ყოველდღიურად კერავს დღეს ფიგურებს, მონაწილეობს ჯგუფურ და საქველმოქმედო გამოფენებში. თამარის დიდი სურვილია სამომავლოდ ისეთი სივრცე ჰქონდეს, სადაც სახელოსნო და სარეალიზაციოდ მოწყობილი კუთხე ერთად იქნება. სწორედ ასეთ სახელოსნო-მაღაზიაში სურს როგორც ხელნაკეთი ნივთების, ისე თავის ნახატების გამოფენაც.

0-1711211964.jpg

- ბავშვობიდან ვიცოდი, ვინ მინდოდა მომავალში გავმხდარიყავი. ჩემი ძირითადი საქმიანობა ფანქრები, ფურცლები, ქსოვილები, მაკრატელი იყო, სულ ვხატავდი და ვკერავდი. აქედან გამომდინარე, მსურდა სამხატვრო აკადემიაში ტანსაცმლის დიზაინის ფაკულტეტზე ჩამებარებინა და სკოლის დამთავრების შემდეგ ასეც მოვიქეცი. მოდის დიზაინის მიმართულებით, მაკა ბახტაძის ჯგუფში ვსწავლობდი, მაგისტრატურა კი ტექსტილის დიზაინის ფაკულტეტზე გავაგრძელე. სწავლის დასრულების შემდეგ, რამდენიმე ქართულ ბრენდთან ვთანამშრომლობდი... როცა დავოჯახდი და პატარა შემეძინა, ის დრო კოვიდპანდემიას დაემთხვა. იმ პერიოდში მომივიდა იდეა, პირველი სათამაშო თოჯინა შემეკერა, რა თქმა უნდა, ჩემი შვილისთვის. მოგეხსენებათ, დღევანდელ ეპოქაში სოციალური ქსელი რამდენად აქტუალურია, სათამაშოს ფოტო სწორედ იქ გამოვაქვეყნე, რასაც დაინტერესება მოჰყვა. მალევე გამოჩნდნენ მსურველები და მთხოვდნენ, მათთვისაც დამემზადებინა ანალოგიური სათამაშო. უარი არ მითქვამს, რადგან იმ დროს ისედაც შინ ვიჯექი. აღმოჩნდა, რომ ეს საქმე ჩემთვის ძალზე სასიამოვნო იყო და უფრო სერიოზულად მივუდექი.

4-1711211954.jpg

- პირველად რა შეკერეთ შვილისთვის?

- საბას, რომელიც ახლა 5 წლის ხდება, ძალიან უყვარდა მელიები და მისთვის პირველად სწორედ მელია შევკერე. ახლა უკვე ორი შვილი მყავს, მოსე 1 თვისაა და მისთვის ბაჭია მყავს შეკერილი. პირველი ნივთის შემდეგ, ალბათ ჩემმა პროფესიამ "თავი იჩინა" და გოგონების ფორმის თოჯინების კერვაზე გადავერთე. შეიძლება ითქვას, ახლა ეს არის ჩემი ძირითადი მახასიათებელი ხაზი. ცოტა ხანში წამოვიდა შემოთავაზება, კონკრეტულ ადამიანებზე მიმსგავსებული, პროტოტიპული თოჯინები დამემზადებინა და ამ მიმართულებითაც ვმუშაობ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი თოჯინების ძირითადი მომხმარებლები ბავშვები არიან, პირველი, რასაც ვითვალისწინებ, ისაა, რომ ნივთები ბუნებრივი და არაალერგიული მასალებისგან იყოს დამზადებული, როგორიც არის ბამბა, ტილო და ა.შ. დღეს ტექსტილის დიზაინერად უფრო მოვიაზრებ თავს, ვიდრე ტანსაცმლის. სამომავლოდ თუკი საქმიანობას გავაგრძელებ, ბატიკა და გობელენი ჩემი მთავარი განხრა იქნება.

1-1711211944.jpg

- თქვენი ნამუშევრები საზღვარგარეთ თუ გაგიგზავნიათ?

- არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ ჩემი თოჯინების ძირითადი დამკვეთები ის ქართველები არიან, ვინც საქართველოში არ ცხოვრობენ. სამწუხაროდ, აქ ალბათ ჯერ კიდევ არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ხელნაკეთი ნივთები შეიძინონ. ამიტომ ძირითადად, სასაჩუქრედ ყიდულობენ როგორც ქართველებისთვის, ისე უცხოელებისათვის, რადგან ხშირად მთხოვენ თოჯინებზე უცხო სახელების ამოქარგვას. ასე რომ, ჩემი გოგონები ძირითადად საზღვარგარეთ "მიდიან". ყველაზე ამაღელვებელი მომენტია, როცა ჩემს შეკერილ თოჯინებს ბავშვებთან ერთად ვხედავ. მეგობრობენ, ეხუტებიან და სითბოს გამოხატავენ. ეს ჩემთვის ძალიან ემოციურია (იღიმის).

ანა კალანდაძე