ეკატერინე ყიფიანი: "49 წლის ასაკში პარიზის მოდის კვირეულის გახსნა უდიდესი ბედნიერებაც არის და პასუხისმგებლობაც" - გზაპრესი

ეკატერინე ყიფიანი: "49 წლის ასაკში პარიზის მოდის კვირეულის გახსნა უდიდესი ბედნიერებაც არის და პასუხისმგებლობაც"

სათქმელი ბევრია, ემოციაც ზღვა... ეს ის შემთხვევაა, როცა ბედნიერების მწვერვალზე გრძნობ თავს! ამ მწვერვალისთვის ყველას უდიდესი გზის გავლა გვიწევს!" - ამბობს უმშვენიერესი ეკატერინე ყიფიანი, რომლის სილამაზეც პარიზში აღიარეს... იგი პროფესიით პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოკონსულტანტია, მეტად გადატვირთული გრაფიკი აქვს, მაგრამ ინტერვიუზე მაინც დაგვთანხმდა...

- მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო; ვინც გადაწყვიტა პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე თინათინ მაღალაშვილის ჩვენება გამეხსნა... ჩვენებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ესწრებოდნენ ე.წ. სელებრითები, ასევე სხვადასხვა ქვეყნის საელჩოს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც ადამიანს შანსი მოგეცემა, მოდის, ესთეტიკის ქვეყანაში პოდიუმზე იდგე და ჩვენებას ხსნიდე... თავისთავად, ეს ძალზე დიდი პასუხისმგებლობაცაა, მით უმეტეს მაშინ, როცა 49 წლის ხარ.

მინდა ქალბატონებს ვუთხრა, რომ მიზნებს, ჩვენს ოცნებებს ასაკი არ აქვს და ნებისმიერ დროს შესაძლებელია, სურვილების ახდენა. შინაგანი ხმა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ საზღვრებს გარეთ იმ მისიით მოვხვდებოდი, რომელი მისიაც ეტყობა ჩემს ქვეცნობიერში ყოველთვის არსებობდა. მოვხვდებოდი ულამაზესი სამოსით... როგორც ფსიქოლოგი იმასაც ვიტყვი, რომ ადამიანები თავად ვქმნით ჩვენს მომავალს. ყველაფერი ჩვენს ხელშია უფალთან და სამყაროსთან ერთად. ამიტომ მიზნები სწორად დავისახოთ, ჯანსაღი ამბიციები ვიქონიოთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ირგვლივ ისეთი ადამიანები გვყავდეს, რომლებიც ხელს შეგვიწყობენ, ჩვენი წარმატებით გაიხარებენ...

- ასაკს არ მალავთ, არადა, ბევრად უმცროსს ჰგავხართ... როგორ უვლით თავს, სახის კანს?

- ძალიან დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის... პარიზში, როცა კულისებში ვიყავი, იმდენად დიდ ყურადღებასა და სიყვარულს გამოხატავდნენ ჩემ მიმართ, რომ 20-25 წლის გოგონები მეკითხებოდნენ, როგორ შეიძლება 49 წლის ასაკში ისე გამოიყურებოდე, როგორც 30 წლისო? ჩემთვის ეს წარმოუდგენლად დიდი ბედნიერება იყო. იცით, როცა ქალს საუკეთესო შინაგანი განწყობა აქვს, ის ყოველთვის ასხივებს, გამორჩეული და განსაკუთრებულია... თუმცა ჩემთვის არსებობს დაუწერელი კანონები და რუტინა, რომელსაც ბავშვობიდან შევეჩვიე... ვიღვიძებდი თუ არა, ვხედავდი, რომ დედა მაქსიმალურად მოწესრიგებული, გაპრანჭული იყო. ჩემთვის ეს იყო და არის ნორმა: როგორც კი ვიღვიძებ, აუცილებლად თავს ვიწესრიგებ, რაც უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს. ძალიან ხშირად უკითხავთ, სულ ფორმაში რომ ხარ, არ გეზარებაო?.. ამ კითხვაზე ყოველთვის მეღიმება.

რაც შეეხება სახის კანს, ყოველთვის ვცდილობ, მზეს მოვარიდო, მიუხედავად იმისა, რომ ლამაზი ნამზეური მეც ძალიან მიყვარს. მირჩევნია რუჯი სხეულზე მქონდეს და სახე ბრონზერით შევიფერო... ასევე, რაც უნდა დაღლილი ვიყო, მაკიაჟს სახიდან აუცილებლად მოვიშორებ... ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა პილინგები, ექსფოლაცია... კანის მუდმივი დატენიანება.

ყველაზე მთავარი კი ვარჯიში და სწორი კვებაა. მთელი ცხოვრება ვვარჯიშობ, რადგან ამ დროს სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, განწყობა გეცვლება... ცხოვრების წესს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ასევე იმ საკვებს, რასაც ვიღებთ. რაციონში ხილი და ბოსტნეული აუცილებელია. ასევე ჰაერზე ფეხით სიარული, კარგ ადამიანებთან ურთიერთობა, ბევრი დადებითი ემოცია.

- ქალბატონო ეკატერინე, როგორ გახსენდებათ თქვენი ბავშვობა?

- ეს კითხვა ძალიან მომწონს, რადგან ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ. მინდა ჩემს მშობლებს მადლობა ვუთხრა უპირობო სიყვარულისთვის. ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი მშობლები, ბებია-ბაბუები, გარშემო მყოფი ადამიანები ყოველთვის ზრუნავდნენ, რომ ლაღი ბავშვი ვყოფილიყავი. ამან ალბათ დიდწილად განაპირობა, რომ საკუთარი თავის რწმენა მაქვს! ყოველთვის უპირობოდ მჯერა: რაშიც შრომას ჩავდებ, აუცილებლად გამომივა... ძალიან საინტერესო იყო სკოლის პერიოდი. ქუთაისის კლასიკური გიმნაზია დავამთავრე. არაჩვეულებრივი დირექტორი გვყავდა - ილია გენძეხაძე, რომელსაც თავისი წესები ჰქონდა: ესთეტიკასთან, ეთიკასთან მიმართებაში... ამ კლასიკურ გიმნაზიაში თავის დროზე სწავლობდნენ: აკაკი წერეთელი, ექვთიმე თაყაიშვილი, ტიციან ტაბიძე, შალვა ნუცუბიძე, ნიკო ნიკოლაძე, ვასო აბაშიძე... ილია გენძეხაძე სულ ცდილობდა, ყველა ბავშვს გვეგრძნო, თუ რამდენად დიდი პატივი იყო ჩვენთვის, ამ სკოლის კედლებში ყოფნა რომ გვიწევდა.

მოგეხსენებათ, მაშინ შალის ქსოვილისგან შეკერილი ფორმები იყო, რომელსაც თეთრი საყელო და მანჟეტები ჰქონდა. ილია გენძეხაძე ჩვენს ჩაცმულობას, დრესკოდს ყოველდღიურად აკონტროლებდა. აუცილებლად ყველა ძალიან მოწესრიგებული უნდა ყოფილიყო... გიმნაზიიდან დავყავდით თეატრში, მუზეუმებში, ექსკურსიებზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში... ჩვენ ყოველთვის სიამაყით შევდიოდით სკოლის კარში და ვიცოდით, რომ იქ მუდამ საინტერესო, ჯადოსნური გარემო იყო. როცა პედაგოგი გვესაუბრებოდა, მისგან მხოლოდ საგანს კი არ ვსწავლობდით, ადამიანურ ღირებულებებსაც. მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ სკოლაში მუშაობდა და დღესაც აქტიური პედაგოგია...

- სტუდენტობას როგორ გაიხსენებთ?

- სტუდენტობა ძალიან საინტერესო იყო სწავლის კუთხით... თუმცა ამ პერიოდში, 16 წლის ასაკში უკვე დაოჯახებული ვიყავი. პირველივე კურსზე ყოფნისას არაჩვეულებრივი ბიჭის - დავით ნუცუბიძის დედა გავხდი. ოჯახი ძალიან მეხმარებოდა, არც ერთი ლექცია არ გამიცდენია. ჩემი პირველი პროფესია იყო - დაწყებითი განათლების პედაგოგიკა და მეთოდიკა... ჯერ კიდევ სტუდენტი ფსიქოლოგიით დავინტერესდი და ახლა უკვე 40 წლის ასაკში მეორე პროფესიას დავეუფლე - პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოკონსულტანტი, ქოუჩი გახლავართ...

img-9514-1711212207.jpg

- რამ იქონია გავლენა თქვენი გემოვნების ჩამოყალიბებაში?

- ამაში უდიდესი როლი დედამ ითამაშა. დალი ყიფიანი ქიმიკოსი, მეცნიერი გახლდათ, რომელიც კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში მუშაობდა. სამწუხაროდ, თავისივე პროფესიის მსხვერპლი გახდა, ინტოქსიკაცია მიიღო და ნაადრევად, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა...

მიუხედავად იმისა, რომ მისი პროფესია დიზაინერობა, ჭრა-კერვა არ იყო, დედას ჰქონდა თანდაყოლილი ნიჭი, რათა სამოსის ინდივიდუალური მოდელი შეექმნა, შემდეგ შეეკერა... როცა კერვასთან დაკავშირებულ დეტალებს მიხსნიდა, მეუბნებოდა: თუ გინდა შეამოწმო, რამდენად ხარისხიანადაა შეკერილი, აუცილებლად სარჩული უნდა ნახოო... თარგებს ჟურნალში - "ბურდა" პოულობდა, მაგრამ მათში აუცილებლად ცვლილებები შეჰქონდა... ამ ყველაფერს ხაზი იმიტომ გავუსვი, რომ დედა ყოველთვის გამორჩეულ კაბებს, სამოსს მიკერავდა. მოკლედ, ბავშვობიდან მქონდა განსაკუთრებული დამოკიდებულება ულამაზესი სამოსის მიმართ. ნიჭი თავადაც აღმომაჩნდა, პირველად ხუთი წლის ასაკში თოჯინას კაბა შევუკერე... როდესაც დედამ ჩემში ეს ნიჭი შენიშნა, შიში გაუჩნდა, რომ მეც აუცილებლად მის გზას დავადგებოდი და ამ მიმართულებით დავიწყებდი მუშაობას. მას მუდმივად უამრავი საქმე ჰქონდა და რადგან მაღალი გემოვნების სამოსის შექმნა ეხერხებოდა, ყველა ნათესავი, ახლობელი სთხოვდა, სადედოფლო კაბიდან დაწყებული, მათთვის ყველანაირი სამოსი შეეკერა... დედას ადამიანები ძალიან უყვარდა, უარს არავის ეუბნებოდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველას უანგაროდ უკერავდა, ეს საქმე მისთვის კომერციულად მომგებიანი არ იყო. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი დრო მიჰქონდა ამ ყველაფერს და ამიტომაც გაუჩნდა შიში, მეც ანალოგიურ მდგომარეობაში არ აღმოვჩენილიყავი...

დღევანდელი გადასახედიდან კი ვფიქრობ, მეც შეიძლებოდა ამ საქმეში ჩემი თავი მეპოვა, რომ არა დედის აკრძალვა. თუმცა ძალიან ბევრი საინტერესო პროფესია შევიძინე, განვვითარდი და საბოლოოდ, ჩემი შინაგანი მე რასაც მკარნახობდა, იმას მივაღწიე.

მანანა გაბრიჭიძე