ნინო ძოწენიძის სავიზიტო ბარათი, სინანული და ბედნიერება - გზაპრესი

ნინო ძოწენიძის სავიზიტო ბარათი, სინანული და ბედნიერება

"ხშირად მსაყვედურობენ ჩემი ემოციური ხასიათის გამო. მეუბნებიან, რომ რაღაცებს მსუბუქად შევხედო და ყველაფერი გულთან ახლოს არ მივიტანო", - ამბობს მომღერალი ნინო ძოწენიძე. რა ენატრება ყველაზე მეტად, რა ვერ ისწავლა დღემდე, რას ნანობს და რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...24 აპრილი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მომღერალი და მიხარია, რომ დღეს საყვარელ საქმეს ვაკეთებ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ნინო სანდო გოგოაო.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...იმავე გზას გავივლიდი, მაგრამ ჩემს ნებაზე და ჭკუაზე რომ იყოს, რაღაც ტკივილებს, რომელიც ცხოვრებაში მქონდა, აუცილებლად შევცვლიდი.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო 10-11 წლის ასაკში, როდესაც საბავშვო თეატრში ძალიან კარგ სპექტაკლში "წითელქუდა" ვითამაშე. მაშინდელ ემოციას რომ ვიხსენებ, ვფიქრობ, ის წარმატება ცოტათი გაუცნობიერებელიც იყო, მაგრამ ამ ყველაფრით ბედნიერი ვიყავი. ყურადღების ცენტრში ყოფნა ბავშვობიდან მომწონდა. როცა ჩემზე ლაპარაკობდნენ და მაქებდნენ, მიხაროდა. სულ მინდოდა, ჩემზე კარგი ეთქვათ.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...მშობლებს. მადლობა მათ იმ თავისუფლებისთვის, რომელიც მომცეს. ქუთაისიდან თბილისში მარტო წამოვედი, ჩემს გადაწყვეტილებებს ყოველთვის ადეკვატურად უდგებოდნენ, წინააღმდეგობას არ მიწევდნენ და ყველაფერს მიკეთებდნენ, რომ სცენაზე ვმდგარიყავი.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...დავიბადე, ვცოცხლობ და ირგვლივ ძალიან კარგი ადამიანები მყავს.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ..."შინამანაკენა".

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...სამყარო უფრო კეთილი იყოს, ვიდრე რეალურად არის, რომ ჩვენ ყველანი პირად ინტერესებსა და პატივმოყვარეობაზე მაღლა ვიდგეთ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...არასდროს არაფრის გამო არ ვიბოღმები. მიყვარს ნიჭიერი ადამიანები და მომწონს, რომ მათი დანახვის და აღიარების უნარი მაქვს. ჩემს ცხოვრებაშიც ისე მოხდა, რომ ბავშვობიდან დღემდე, ჩემი ნიჭის დამნახავები და ამღიარებლები არ მაკლდნენ, ძალიან პატარა ასაკიდან ვმღერი, 5 და 6 წლის რომ ვიყავი, დიდ სკამზე დამაყენებდნენ და მამღერებდნენ. კარგი სიტყვები და მოფერება ბავშვობიდან არ მაკლდა.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ეს სიზარმაცეა. ვიცი, საამისოდ უკვე დიდი ვარ, მაგრამ გვიანი ახლაც არ არის. ხასიათის ადამიანი გახლავართ. ჩემთვის განწყობა მნიშვნელოვანია, ემოციური ბალანსის დაჭერა ხშირად მიჭირს. ჩემთვის არ არსებობს "ეს გასაკეთებელია და უნდა გავაკეთო", განწყობა უნდა მქონდეს, რომ გავაკეთო, უნდა მომწონდეს გარემო, უნდა მომწონდეს სიტუაცია, ძალით არაფრის გაკეთება არ შემიძლია.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...აბსოლუტურად ყველაფერი. ეს გზა თუ არ გაიარე, წარმოუდგენელია განვითარდე. შეიძლება იგივე შეცდომა მეორედაც დაუშვა, მაგრამ ესეც საჭიროა, სხვაგვარად ცხოვრება არ გამოდის. ჩემი შეცდომები გარკვეულწილად სიზარმაცესთანაა დაკავშირებული. შემეძლო მეტი რესურსი და ენერგია ჩამედო ჩემს საქმეში. თუკი საქმეს ხელს მოვკიდებ და დავიწყებ, მერე ზარმაცი არ ვარ, მაგრამ საქმის დაწყებამდე სიზარმაცე ნამდვილად მჩვევია.

- შეცდომების დაშვების შიში თუ გაქვთ?

- არ ვარ რისკიანი, შეცდომების დაშვების მეშინია, მერე განვიცდი, ძალიან ემოციური ვარ. ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფერი ისე არ ლაგდება, როგორც ჩვენ გვინდა.

- პატიება შემიძლია...

- ...მაგრამ ურთიერთობა სრულფასოვნად ვერ აღდგება, გულში ხინჯი მაინც მრჩება.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ზუსტად ვიცი, ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, ჩემს მონდომებაზე. ადრე ბევრი ოცნება მქონდა, წლებთან ერთად თითქოს ეს ოცნებებიც გაქრა. ჩემთვის წარმატება ლანგრით არ მოურთმევიათ, ეს დიდი შრომის შედეგია. როცა მომავალზე ვფიქრობ, საკუთარ თავს ვეუბნები, რომ უნდა ვიმოქმედო, ყველაფერს აქვს თავისი ასაკი, მერე სანანებლად რომ მექცეს, სჯობს თავის დროზე გავისარჯო, არაფერი დავაკლო საქმეს, ურთიერთობებს.

- ვიბნევი...

- ...როცა ზედმეტად მაქებენ, ეს უხერხულობას მიქმნის. ძალზე კომუნიკაბელური და სოციალური ადამიანი ვარ, მაგრამ ყურადღების ცენტრში ყოფნისას, ზოგჯერ ვიბნევი, თან ეს ყურადღებაც მომწონს.

- ვნანობ...

- ...სიზარმაცის გამო დაკარგულ დროს, მაგრამ ყველაზე მეტად რასაც ვნანობ, ის არის, რომ მამის გვერდით არ ვიყავი, როდესაც ცუდად გახდა. მაშინ მე თბილისში ვიყავი, მამა - ქუთაისში.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...სადმე ძალიან ცხელ ქვეყანაში და ვირუჯებოდე, მზე ძალას მაძლევს, ენერგიით მავსებს. გაზაფხულს ყოველთვის დიდი მოლოდინით ვეგებები.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უსამართლობას, როდესაც ფაქტს ვეჯახები, იქ ჩემს სათქმელს ყოველთვის ვამბობ. იმ ადამიანების კატეგორიას არ განვეკუთვნები, რომლებიც ჩუმდებიან. ზოგჯერ ჩემი თავისთვის მითქვამს, - "რა შენი საქმეა, ნინო, გაჩუმდი", მაგრამ დიდი უსამართლობით იმდენად ვღიზიანდები და მდგომარეობიდან გამოვდივარ, რომ გაჩერება არ შემიძლია. ამ დროს შეიძლება არაადეკვატური ვიყო. კი არაფერს დავლეწავ, მაგრამ იმ ადამიანს აუცილებლად "დავულაგებ" ჩემს აზრებს და დავანახვებ, რომ არასწორად ლაპარაკობს.

- სიყვარული ეს...

- ...არის ძალა, რომელიც გამოძრავებს და კარგ ადამიანად გაყალიბებს. სიყვარულის გრძნობის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. რაც უფრო დიდი, ღრმა და გააზრებულია შენთვის ძვირფასი ადამიანის სიყვარული, ეს მეტად გაცოცხლებს და კარგ ადამიანად გაქცევს.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ძალიან დაბნეული ვიყავი, მუცელში უამრავი პეპლით.

- მაკვირვებენ...

- ...ადამიანები, რომლებიც სხვის ცხოვრებაში ცხვირს ზედმეტად ჰყოფენ. თავიანთი უინტერესო ცხოვრების გამო, სხვის ცხოვრებას განიხილავენ დაუსრულებლად და ამით იკვებებიან.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...მუსიკამ. მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ მეც ვმღერი და შემიძლია, რაღაც კარგი გავაკეთო.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტეა...

- ...როცა ირგვლივ ისეთი რამ ხდება, რომ არ შეგიძლია, გამოასწორო, შეცვალო. მე ყველასთვის იმედი ვარ და ასეთ დროს განცდილი უძლურება ძალიან მანადგურებს, მანგრევს, მასუსტებს. 2 წლის წინ მსგავს მდგომარეობაში ვიყავი. ამ დროს ვფიქრობ, საერთოდ რას აქვს აზრი? ასეთ დროს შეიძლება საკუთარ თავშიც კი ჩავიკეტო, მაგრამ მდგომარეობიდან მალე გამოვიდივარ.

- ბოლოს ვიტირე...

- ...ფილმის ნახვისას. ფილმებზე ადრეც მეტირებოდა, მაგრამ ბოლო დროს მელოდრამებზე სულ ვტირი.

- მეშინია...

- ...საყვარელი ადამიანების გარდაცვალების, ამაზე ხშირად ვფიქრობ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ არ უნდა ვიფიქრო. მეშინია ისე ცუდად არავინ მოიქცეს, უპატიებელი შეცდომა არ დაუშვას, რომ მისი თავი დამაკარგვინოს. ადამიანებს ხშირად ვერ ვკარგავ.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ჩემი ემოციური ხასიათის გამო. მეუბნებიან, ჯობს რაღაცებს მსუბუქად შევხედო და ყველაფერი გულთან ახლოს არ მივიტანო.

- ვამაყობ...

- ... შვილით. ის ჩემგან და გიგასგან განსხვავებული ადამიანია. მასში იმდენი რესურსი ჩავდე, მგონი ზედმეტიც მომივიდა. მიხარია, რომ მობილიზებული, წესიერი, ალალი ადამიანია.

- დღემდე ვერაფრით გავბედე...

- ...მოტოზე დაჯდომა, მსგავსი ექსტრემალური მცდელობები გულს მიჩქარებს.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...ბევრ რამეს. ბავშვობაში მინდოდა მაღალი ვყოფილიყავი, სულ სიმაღლის კომპლექსი მქონდა, მაგრამ ერთხელ მამამ მითხრა: ნინიკო, წონას თუ შეინარჩუნებ, ასაკი არასდროს დაგეტყობაო, თურმე მართლა ასე ყოფილა, სიმართლე მითხრა.

- ვუფრთხილდები...

- ...ურთიერთობებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ყველა ახლობელს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ინგლისური ენა. მილიონჯერ დავიწყე და...

- ვიტყუები...

- ...კეთილად, როცა საჭიროა და მინდა ადამიანებმა ერთმანეთი არ დახოცონ.

- თავისუფლება არის...

- ...ყველაფერი. თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია განვითარდე. თავისუფალი ადამიანები მიყვარს.

- როცა მარტო ვარ...

- ...ფილმებს ვუყურებ, ზოგჯერ წიგნს ვკითხულობ.

10929951-782161011853462-7207139146457834294-n-1711354033.jpg

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ძალიან კარგ მოხუცთა და ბავშვთა სახლებს გავაკეთებდი, მაღალი დონის პროფესიონალებით დავაკომპლექტებდი, კარგ ხელფასს გადავუხდიდი, რომ ყველა მოხუცისა და ბავშვისთვის ღირსეული მომსახურება გაეწიათ. ეს თემა ძალიან მაღელვებს.

- მენატრება...

- ...ბავშვობა და ჩემი უბანი ქუთაისში. ის კადრები, რომელიც ხშირად მახსენდება. მამა დამიძახებდა ხოლმე, - ნინიკო, სახლში შემოდი, შენი ძმა შინ არის და ხალხმა არ იფიქროს, რომ შენ ბიჭი ხარო. ქუთაისი ძალიან მიყვარს, იქ ჩასვლას პერიოდულად ვახერხებ და ყოველ ჯერზე სასწაული შეგრძნება მაქვს. იქაური სუნიც კი განსხვავებულია. სულ ვფიქრობ, იქ უნდა დავბრუნდე. ჩემს სახლს ვეღარ ვიყიდი, მაგრამ მინდა, იმ უბანში პატარა სახლი მქონდეს.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ვცდილობ ნეგატიური ადამიანები მოვიშორო, დადებითი ემოციების მატარებელი ხალხის გარემოცვაში ვიყო, ვილაპარაკო მათთან საიმედო თემებზე და იმაზე, რაც მამხიარულებს. მეგობრები ყოველთვის კარგ განწყობაზე მაყენებენ.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...მამა მეუბნებოდა, - რასაც ეშველება, გამოასწორე და რასაც არ ეშველება, იმაზე ნუღარ ინერვიულობ, ყველაფერი გაივლის და დალაგდება, მთავარია პრობლემები ადეკვატურად მიიღოო.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ყველა კეთილი ადამიანი მიყვარს. ვიყოთ კარგები, ვაკეთოთ სიკეთე!

თამუნა კვინიკაძე