"ასე სცოდნია ამ შესანიშნავ გრძნობას"
ცნობილი მომღერალი - მარიამ ელიეშვილი საცხოვრებლად აშშ-ში გადასვლას აპირებს. ეს გადაწყვეტილება მის პირად ცხოვრებაში სიახლეს უკავშირდება... როგორ ესახება მომავალი მომღერალს და მოახდენს თუ არა ზეგავლენას დაოჯახება მის კარიერაზე, ამ და სხვა დეტალების შესახებ მარიამი თავად გვესაუბრება.
- ამჟამად საქართველოში ვიმყოფები და მუსიკალურ კარიერას ვაგრძელებ. პირად ცხოვრებას რაც შეეხება, გარკვეული სიახლეები არის, რომლის შესახებაც ჩემმა მსმენელებმა ცოტა ხნის წინ გაიგეს. ამ თემასთან დაკავშირებით ბევრ შეკითხვას მიგზავნიან ხოლმე (იღიმის).
- ამჟამად თქვენი და თქვენი რჩეულის ურთიერთობა რა ეტაპზეა?
- ოქტომბერში ნიშნობა გვქონდა. ჯერჯერობით ქორწილის თარიღი არ გადაგვიწყვეტია, თუმცა უახლოეს მომავალში ამასაც გადავწყვეტთ და გულშემატკივრებიც გაიგებენ... მინდა ჩემს ყველა მსმენელს, კეთილისმსურველს დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან ჩვენი ამბავი შეიყვარეს, ჩვენს წყვილს გულშემატკივრობენ... მათგან გულთბილ დამოკიდებულებასა და სიყვარულს ვიღებთ. გიორგი სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, იცის, როგორ გვგულშემატკივრობს უამრავი ადამიანი და ძალიან მადლიერია ყველა მათგანის, ვინც ასე შეიყვარა ჩვენი წყვილი. ჩვენს ამბავს ნამდვილად უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ამიტომ, ჩემი მეუღლის სახელითაც, ყველას მადლობას ვუხდი სიყვარულისთვის.
- როგორც ვიცი, მეუღლე ამერიკაში ცხოვრობს. თქვენს ურთიერთობაზე მანძილი როგორ მოქმედებს?
- ამ ეტაპზე საქართველოში ვარ. მინდა დაგეგმილი საქმეები ბოლომდე მივიყვანო, შემდეგ კი საცხოვრებლად ამერიკაში გადავალ. რაკი გიორგი იქ ცხოვრობს, ჩვენი სამომავლო გეგმები, ცხოვრება ამერიკას უკავშირდება, თუმცა ჩემს მსმენელებს ვპირდები, რომ აქაურობას არ მოვწყდები. ამ ეტაპზე ჩვენი ცხოვრების რეჟიმი რთულია, მაგრამ ისე ვიმოქმედებთ, როგორც ჩვენს სამომავლო გეგმებს სჭირდება... ამჟამად, ხან ევროპაში ვართ, ხან - უფრო შორს, ხანაც – საქართველოში... ამ ყველაფერსაც საკმაოდ დიდი ხიბლი აქვს. დასამახსოვრებელი და წლების შემდეგ გასახსენებელი პერიოდი გვიდგას (იღიმის).
- როგორ ფიქრობთ, დაოჯახება თქვენს კარიერაზე გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს?
- ვფიქრობ, ჩემი ცხოვრების ეს ახალი ეტაპი ჩემს კარიერაზე მხოლოდ დადებით გავლენას მოახდენს. კიდევ უფრო მეტად მოტივირებული ვარ, რადგან ჩემი პროფესიის მიმართ გიორგი უდიდეს მხარდაჭერას გამოხატავს, მეტ სტიმულს მაძლევს. საერთოდ, ორიენტირებული ვარ, რომ ძირითადად, მსმენელებს სრულიად ახალი სიმღერები შევთავაზო. ახალი სიმღერების ჩაწერის, დამუშავების პროცესი საკმაოდ დიდხანს გრძელდება. ზოგადად, ვცდილობ, რამდენიმეზე ერთდროულად ვიმუშაო, შემდეგ კი ეტაპობრივად გამოვუშვა. ამჟამადაც მუშაობის პროცესში ვარ. უახლოეს მომავალში მსმენელების წინაშე ახალი სიმღერით წარვდგები. გიორგი ჩემი დიდი გულშემატკივარი და მოტივატორია. ყოველთვის მხარში მიდგას. მგონი, ჩემი კარიერული სიახლეები ჩემზე მეტადაც კი უხარია.
- ცოტა რამ გვითხარით თქვენი რჩეულის შესახებ: ვინ არის, რომელი სფეროს წარმომადგენელია?
- გიორგი დიდი ხანია, ამერიკაში ცხოვრობს. პროფესიით პროგრამისტი გახლავთ, თუმცა წლებია, ბიზნესსაქმიანობას ეწევა.
- თქვენი ყურადღება როგორ მიიქცია, შემდეგ კი თქვენი გული როგორ მოიგო?
- გიორგის დახასიათება უამრავი დადებითი სიტყვით შემიძლია, რადგან იგი ბევრი ღირსებით დაჯილდოებული ადამიანია. გამორჩეულია ყურადღებით, პიროვნული თვისებებით, მხარდაჭერით და სიყვარულით არა მხოლოდ ჩემს, არამედ ჩემი საქმიანობის მიმართაც. უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთისთვის მეგობრები ვართ. სწორედ მისმა თვისებებმა განაპირობა, რომ სიყვარულის ბადეში მოულოდნელად გავეხვიე და ჩვენი ამბავი ასე დაგვირგვინდა (იღიმის)...
- ზოგჯერ მოგზაურობა მეგობრობაზე უარყოფითად აისახება: ამ დროს ადამიანები თითქოს ხელახლა იცნობენ ერთმანეთს და მათთვის მიუღებელ თვისებებს აღმოაჩენენ ხოლმე. რჩეულთან ერთად, თქვენს მოგზაურობებზე რას გვეტყვით?
- მოგზაურობას რაც შეეხება, უკვე საკმაოდ ბევრი თავგადასავალი დაგვიგროვდა. ამ პერიოდში კიდევ უფრო მეტად გავიცანით ერთმანეთი, მეტად დავახლოვდით. მაგალითად, თებერვალში დომინიკის რესპუბლიკიდან დავბრუნდით უამრავი დადებითი ემოციითა და შთაბეჭდილებებით აღსავსენი. ჩვენი სასიყვარულო ისტორიიდან მოგზაურობის დღეები ნამდვილად ყოველთვის დაუვიწყარი იქნება.
- ოდესმე სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლაზე თუ გიფიქრიათ?
- არასდროს, მით უმეტეს - პროფესიის გამო, სხვადასხვა ქვეყანაში სტუმრობა ხშირად მიწევდა. საზღვარგარეთ ყოფნისას, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ალბათ, როგორც ყველა ქართველს, ჩემი ქვეყანა მეც მენატრება და დაბრუნების სურვილი მიჩნდება, თუმცა ხომ გაგიგონიათ - არასოდეს თქვა "არასოდესო"? ეს ზუსტად ჩემი ცხოვრების შესახებაა. საქართველოს გარდა, სხვა ქვეყანაში ცხოვრება ნამდვილად წარმოუდგენელი მეგონა, მაგრამ შემიყვარდა ადამიანი, რომელიც შორს იყო, თუმცა ამ მანძილმა ჩვენზე უარყოფითი გავლენა არ მოახდინა. რა თქმა უნდა, სადაც ჩემი მეუღლე იქნება, მეც იქ ვიქნები. ცხოვრების ამ ეტაპსაც აუცილებლად დადებითი ემოციებით შევხვდები. ჩემთვის ეს სიახლე დიდი გამოცდილება იქნება.
- წინათ, ამერიკასთან რამე გაკავშირებდათ?
- არასოდეს არაფერი მაკავშირებდა, რადგან იქ არ მყავს ნათესავები, მეგობრები... შესაბამისად, ჩემი ცხოვრების იქ გაგრძელება არასოდეს წარმომედგინა. ახლა კი ამერიკაში ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანი მყავს და ეს ქვეყანა ჩემი მეორე სამშობლო გახდება.
- იქ ცხოვრება როგორ წარმოგიდგენიათ?
- რა თქმა უნდა, ძალიან ლამაზად წარმომიდგენია, რადგან საყვარელ ადამიანთან ერთად ვიცხოვრებ. ცხადია, ახალ გარემოს თავისი გამოწვევები ახლავს, სანამ სიტუაციას შევეჩვევი. ამისთვის მზად ვარ... ჩემი საქმიანობა ისევე გაგრძელდება, როგორც საქართველოში - გაჩერებას არ ვაპირებ. ერთადერთი, ის განსხვავება იქნება, რომ ჩემს კარიერას ულამაზესი პირადი ცხოვრება შეემატება, რაც ალბათ, ყველა იმ სირთულის გადალახვაში დამეხმარება, რაც შეიძლება, სხვა ქვეყანაში ცხოვრების საწყის ეტაპზე შემხვდეს.
- გულშემატკივრები იქაც გყავთ?
- კი, ამერიკაშიც ბევრი მსმენელი მყავს, რადგან ჟანრი, რომელშიც ვარ, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ ადამიანებში დიდ ნოსტალგიას იწვევს. საზღვარგარეთ ჩემი კონცერტების უმრავლესობა, უმეტესად ქართველი ემიგრანტებისთვისაა. ნამდვილად ვიცი, სამშობლო ბევრ მათგანს ენატრება... წლების განმავლობაში ამერიკაში მცხოვრები ქართველებისგანაც დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი, რასაც სოციალურ ქსელებში გამოხატავდნენ. ამიტომ, როგორც გითხარით, ჩემს საქმიანობას ამერიკაშიც აუცილებლად გავაგრძელებ: იქ დიდი დიასპორა გვყავს. ბევრი ქართულ კულტურას ღირსეულად ემსახურება - ჩვენი კულტურული ტრადიციები გრძელდება. მეც ქართული კულტურის ერთ-ერთი წარმომადგენელი ვიქნები და ვეცდები, მომავალ თაობას გავაცნო, საიდან ვართ და კიდევ უფრო შევაყვაროთ საქართველო...
- ამერიკა დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა. სხვა მუსიკალურ მიმართულებაშიც ხომ არ აპირებთ ძალების მოსინჯვას?
- მიმართულებას არ შევცვლი - გავაგრძელებ და პირველ რიგში, ჩვენი კულტურის წარმომადგენელი ვიქნები, თუმცა მართლაც, ეს ქვეყანა განვითარებისთვის უამრავ შესაძლებლობას გვაძლევს. ასე რომ, სამომავლოდ, ჩემი დიდი სურვილია, სხვა ჟანრშიც განვვითარდე. მომავალში რა იქნება, წინასწარ არავინ იცის, მაგრამ თავად ცდას არ დავაკლებ.
- სამუდამოდ ამერიკაში ცხოვრებას აპირებთ? თქვენს მომავალს როგორ მოიაზრებთ?
- რადგან ჩემი მეუღლე ამერიკის მოქალაქეა და მცირე ასაკიდან იქ ცხოვრობს, ჩვენი ძირითადი საცხოვრებელი ამერიკა იქნება, თუმცა საქართველოს არასოდეს დავივიწყებთ. აქ ჩამოსვლას ხშირად ვაპირებთ...
- რაკი მეუღლე ბავშვობიდან ამერიკაში ცხოვრობს, ალბათ, განსხვავებული მენტალიტეტი აქვს, არა?
- არა. სხვათა შორის, გიორგი საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი ადამიანის მაგალითია, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია საქართველოში არ ცხოვრობს, ღირსეულად ინარჩუნებს ყველაფერ ქართულს და ძალიან ამაყობს თავისი სამშობლოთი.
- ძლიერი სიყვარულის მიუხედავად, თავდაპირველად, სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება არ გაგიჭირდათ?
- არ გამჭირვებია, რადგან სწორედ ისეთი ადამიანი ვიპოვე, როგორიც ჩემი ცხოვრების მეგზურად წარმომედგინა. თავდაპირველად ეს სიახლე რთულად გასააზრებელი იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს. ისიც მიხარია, რომ ჩვენი ოჯახის წევრებიც მხარში გვიდგანან, ჩვენს გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდნენ... ასე სცოდნია ამ შესანიშნავ გრძნობას - უნებურად გადაგაწყვეტინებს და "გადაგალაგებინებს" გეგმებს. ჩემი გადაწყვეტილებით ნამდვილად ბედნიერი ვარ...
- წარმატებას გისურვებთ!..
ეთო ყორღანაშვილი