რა დროს უჭირს ემოციების კონტროლი ნინი ზერეკიძეს - გზაპრესი

რა დროს უჭირს ემოციების კონტროლი ნინი ზერეკიძეს

"ამოუცნობ, მარტოსულ, ძნელად გასაგებ ადამიანად ითვლება. ტემპერამენტიანი, თავნება და ფეთქებადია. მოსწონს ფლირტი და მარტივად იქცევს სხვის ყურადღებას. კარგად ახერხებს გრძნობებით მანიპულირებას. სასიყვარულო ურთიერთობაში ერთგულია და ყველა დეტალს პასუხისმგებლობით ეკიდება", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მაიმუნის წელში დაბადებულ მერწყულს, ეს კი იუმორისტ ნინი ზერეკიძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგიაში სიღრმისეულად ვერ ვერკვევი. ერთხელ მეგობრებმა სცადეს, ჩემთვის პირადი რუკა გაეკეთებინათ და აღმოვაჩინე, რაც ჩემზე ეწერა, იმ ყველაფრიდან ნახევარზე მეტი ჩემს ხასიათს ემთხვეოდა.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ მაიმუნის წელში დაბადებული ადამიანები ცვალებადი, ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათით გამოირჩევით. ეთანხმები?

- მართალია, ხასიათი ხშირად მეცვლება, ბევრჯერ მიმიღია გადაწყვეტილება, მაგრამ ცოტა ხანში ხასიათი შემცვლია და შემიცვლია გადაწყვეტილებაც. სხვათა შორის, ეს ჩემთვის დისკომფორტის შემქმნელი არასდროს ყოფილა, არც სინანული და შემდგომი გულისწყვეტა მქონია.

- დისკომფორტის შემქმნელი ალბათ გარშემო მყოფებისთვის უფრო იყო, არა?

- როცა საკითხი არა მხოლოდ მე, არამედ სხვა ადამიანებსაც ეხება, ამ შემთხვევაში ძალიან ბევრს ვფიქრობ, არ მინდა, ვინმეს ზიანი მივაყენო.

- დეპრესიული შემოტევები და განმარტოების სურვილი რამდენად ხშირად გაქვს?

- დეპრესიული შემოტევები მაქვს, მაგრამ ამ დროს განმარტოება არ შემიძლია, მერე უფრო ბევრს ვიფიქრებ და შეიძლება მეტად ცუდად გავხდე. მირჩევნია ახლობლებთან ერთად ვიყო, მაგრამ ჩემი დეპრესიულობა მათ არ ვაგრძნობინო, მხოლოდ კარგზე ვიფიქრო და საკუთარი თავი ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანო.

- "ის გარშემო მყოფებს შორის ამოუცნობ, მარტოსულ, ძნელად გასაგებ ადამიანად ითვლება".

- ამოუცნობი რამდენად ვარ? შინაგანად იმდენად ცვალებადი ხასიათი მაქვს, რთულია ვინმემ ხასიათი შემიწყოს და შეიძლება ვიღაცას ამოუცნობად ამის გამო მოვეჩვენო. თუმცა, არაფრის გართულება არ მიყვარს. ვცდილობ, ყველაფერს მარტივად შევხედო.

- "ჭკვიანი, მოხერხებული და გამომგონებელია, ადვილად უმკლავდება ყველაზე რთულ პრობლემებსაც კი".

- ასეა, ბოლომდე ვეთანხმები. არ არსებობს სიტუაცია, რომელსაც გადაჭრის გზას ვერ მოვუძებნი. არასდროს ვფიქრობ, რომ ეს რთული მდგომარეობაა, ვერ გავუმკლავდები. ყველა სიტუაციიდან მინიმუმ 2 გამოსავალი მაინც არსებობს და ვცდილობ, ეს გზები ვიპოვო. ეს უნარი ბავშვობიდან მაქვს. რაც გავიზარდე, უფრო ბევრი ვისწავლე, გამოცდილებაც დამიგროვდა და რიგ საკითხებს უფრო მარტივად ვუყურებ.

- "მას ყველაფრის გაკეთება და მიღწევა იმ წუთშივე, მომენტალურად სურს და ყველაზე უმნიშვნელო წინააღმდეგობაც კი ხასიათს უფუჭებს, გეგმას უცვლის".

- ახლა ზუსტად ასეთ მდგომარეობაში ვარ, მაგრამ დეტალებს ვერ გავამხელ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე, ამ ყველაფრის განსახორციელებლად მხოლოდ ერთი ნაბიჯი მაკლია და ახლა უფრო ვფიქრობ, რას გამოიწვევს ეს ნაბიჯი, როგორ იქნება, ტვინში სულ ეს მიტრიალებს და უკვე იმ დადებითსაც ვეღარ ვხედავ.

- "ტემპერამენტიანი, თავნება და ფეთქებადია".

- ძალიან. რაც უნდა ხდებოდეს ჩემს ცხოვრებაში, ყოველთვის ვცდილობ, ყველას რჩევას მოვუსმინო, საბოლოოდ კი ისე ვიქცევი, როგორც თავად მიმაჩნია მართებულად. მინდა ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრო, ჩემი შეცდომებით, ჩემი მიღწევებით და ვისწავლო საკუთარ შეცდომებზე. ფეთქებადობა იმაზეა დამოკიდებული, თავად მე რა მდგომარეობაში ვარ. რაღაც პრობლემაზე პატარა პრობლემა რომ მემატება, შეიძლება ამ უმნიშვნელო დეტალმა გამოიწვიოს ჩემი აფეთქება, ყველას ვეჩხუბო, ისეთებსაც კი, საერთოდ არაფერ შუაში რომ არიან, მაგრამ ნახევარი საათის შემდეგ მივიდე, ბოდიში მოვუხადო. როცა ვფეთქდები, ემოციების კონტროლი მიჭირს.

- "არ იცის წყენის გულში ჩადება".

- მაქსიმალურად ვცდილობ, წყენები დავივიწყო, ნეგატიური ემოციებით რომ არ დავმძიმდე.

- "ძალიან ცნობისმოყვარეა. ზოგი თვლის, რომ ყველაფერში ცხვირის ჩაყოფა უყვარს".

- მართალია ძალიან ცნობისმოყვარე ვარ, არ აქვს მნიშვნელობა, პირადად მეხება, არ მეხება, მინდა ყველაფერი ვიცოდე. არის ხოლმე შემთხვევა, გულით მინდა რაღაც ვიცოდე და არ ვიცი, ამ დროს თავს ცუდად ვგრძნობ.

- სხვის საქმეში "ცხვირის ჩაყოფაზე" ვინმეს ოდესმე საყვედური უთქვამს?

- არა. ჩემი თავისთვის ზღვარი მაქვს დაწესებული. ოჯახის ამბავი სენსიტიურია, არ დავინტერესდები. ადამიანს რომ არ შეეფერება, ისე არასდროს ვიქცევი. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი ცნობისმოყვარეობით ვინმეს გაღიზიანება არ გამოვიწვიო.

- "მხიარული, მაგრამ ცოტათი მშიშარაა".

- მხიარული ვარ, მშიშარა - ნაკლებად. ძალიან მარტივი რაღაცები უფრო მაშინებს, დიდი სირთულეები - არასდროს; მათ ისე ვუყურებ, როგორც გამოწვევას.

- "ის წარმატებულია თავისი ამბიციური ბუნების გამო".

- ვფიქრობ, ჩემი ცნობისმოყვარეობის გამო ვარ წარმატებული. ბავშვობიდან ყველა სფერო მაინტერესებდა. მერე მომეცა შესაძლებლობები, რომლებიც განვავითარე. ამბიციური ვარ, მაგრამ ზედმეტად ამბიციური ადამიანები არ მიყვარს.

- "სასიყვარულო ურთიერთობაში ერთგულია და ყველა დეტალს პასუხისმგებლობით ეკიდება".

- ერთგული ნამდვილად ვარ. არა მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში დეტალებს სულ ვაკვირდები. როცა ადამიანი შენ გელაპარაკება, სულ სხვაგვარი ჩანს და როცა მის ლაპარაკს გვერდიდან უყურებ, სრულიად განსხვავებულია. როცა ორი ადამიანი ლაპარაკობს, მირჩევნია, დიალოგში არ ჩავერიო, იმ 2 ადამიანს დავაკვირდე. მოძრაობით, მიმიკებით, ჟესტიკულაციით, საუბრის მანერით ადამიანზე ბევრი რამის დადგენა შეიძლება.

- "იმავე წარმატებით ხარჯავს ფულს, როგორითაც გამოიმუშავებს".

- ვხარჯავ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, გარკვეული თანხის გადანახვა საჭიროა. ეს ფიქრი მომწონს, მაგრამ თან იმასაც ვფიქრობ, არავინ იცის, ხვალ და ზეგ ჩემს ცხოვრებაში რა მოხდება. ამიტომ როცა რაღაც ნივთი მომეწონება და ვიცი, მისი შეძენა ძალიან გამაბედნიერებს, საკუთარ თავს უარს არასდროს ვეუბნები.

- "არც ერთ სხვა ნიშანს არ შეუძლია ხალხთან ისე მარტივად კომუნიკაცია, როგორც მაიმუნს. მას შეუძლია გაგაცინოს, როცა ტირილის განწყობაზე ხარ".

- ასეა, ეს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს არაერთხელ უთქვამთ. თავად როგორ ხასიათზეც უნდა ვიყო, როდესაც ვხედავ, ჩემი საყვარელი ადამიანი მოწყენილია, შემიძლია ჯამბაზად ვიქცე. ხალხთან კომუნიკაცია ძალიან მიყვარს. ისიც კი უთქვამთ, უბრალოდ რომ გიყურებთ, ამითაც კარგი განწყობა მოგაქვსო.

- "მოსწონს ფლირტი და მარტივად იქცევს სხვის ყურადღებას".

- მომწონს, როდესაც ყურადღების ცენტრში ვარ, ამას მიჩვეული გახლავართ, მაგრამ საამისოდ სპეციალურად არაფერს ვაკეთებ, ეს ბუნებრივად ხდება. როცა მეგობრების თავშეყრის ადგილზე ვარ, ვაქტიურობ და ამ ჩემი აქტიურობით ყურადღების ცენტრში ვექცევი. ზოგჯერ ფლირტში ადამიანის აყოლა ძალიან მეზარება, ხშირად საამისო დროც კი არ მაქვს.

- "ის კარგად ახერხებს გრძნობებით მანიპულირებას".

- სხვისი გრძნობებით მანიპულირება არასდროს მიცდია, ეს ჩემთვის მიუღებელია.

- "სასურველი ადამიანის მოხიბვლა წამში შეუძლია".

- არასდროს მიცდია, ვინმე მომეხიბლა, ჯერ ამის სურვილი არ გამჩენია. სხვებს მოვწონვარ ხოლმე და ინიციატივას იჩენენ. სამ სამსახურში ვმუშაობ, ამასთან - ვსწავლობ და თავისუფალი დრო ფაქტობრივად არ მაქვს.

- "მაიმუნისთვის უდიდესი სიყვარული მოდის გონებით და არა - გულით".

- მე ის ადამიანი ვარ, გულს რომ უფრო ხშირად უჯერებს, ვიდრე - გონებას, მაგრამ იდეალურია, როდესაც გულის და გონების არჩევანი თანხვედრაშია.

- მერწყული ხარ. ასტროლოგებს თუ დავუჯერებთ, სიახლეები უნდა გიყვარდეს.

- სიახლეები მიყვარს. რაღაც ახალს რომ ვიწყებ, უდიდესი ემოციებით ვარ დატვირთული და მერე სხვებსაც ვახარებ. ეს მდგომარეობა ძალიან მომწონს.

- საკუთარ თავს ერთი სიტყვით როგორ დაახასიათებ?

- "გიჟი".

- ასტროლოგები ამბობენ, რომ შენ ხარ ცნობისმოყვარე.

- კი, ძალიან ცნობისმოყვარე ვარ.

- "მიუხედავად იმისა, რომ მას გარს უამრავი ნაცნობი ახვევია, მეგობარი ძალიან ცოტა ჰყავს".

- მართალია, ცოტა მეგობარი მყავს - ადამიანები, რომლებსაც ბავშვობიდან ვიცნობ და რომლებსაც ნებისმიერ სიტუაციაში ვენდობი. ვიცი, რომ ნამდვილები არიან.

352772299-1973776092998759-791014754677817574-n-copy-1711354506.jpg

- "ის პირველივე შემხვედრს არასდროს ენდობა, ჯერ ადამიანი კარგად უნდა შეისწავლოს".

- უკვე აღვნიშნე, ადამიანებზე დაკვირვება მიყვარს. შეიძლება კომუნიკაცია ნებისმიერთან მარტივად დავამყარო, მაგრამ ნდობის ფაქტორი არასდროს მაქვს გამყარებული. რატომღაც ახალ გაცნობილ ადამიანში ყოველთვის ეჭვი მეპარება. გამოცდილებამ მასწავლა, სანამ ენდობი, ადამიანი ჯერ კარგად უნდა გაიცნო. წარსულში ძალიან მიმნდობი ვიყავი, მაგრამ ადამიანების რეალური სახე დავინახე და იმედი გამიცრუვდა.

- ეჭვიანი ხარ?

- ყველანაირ ურთიერთობაში სასწაულად ეჭვიანი ვარ. ბავშვურად ვეჭვიანობ ხოლმე, შემიძლია დედაზე და ჩემს დაზეც ვიეჭვიანო. მაგალითად, ბიძაჩემს სულ ვსაყვედურობ, შენი პატარა შვილებისთვის შოკოლადი რომ მოგაქვს, ჩემთვის რატომ არ მოგაქვს, რადგან პატარა აღარ ვარ-მეთქი? ჩემში ეს თვისება ძალიან მომწონს, არ მაწუხებს, ალბათ შემაწუხებლად ეჭვიანი არ ვარ.

- "მასთან ურთიერთობისას ყოველგვარი მოულოდნელობისთვის მზად უნდა იყოთ. საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გალაშქრება უყვარს".

- ეს ჩემი თვისებაა. მაგალითად, 50 ადამიანის გარემოცვაში რომ ვარ, რაღაც საკითხზე ყველა ერთ აზრზეა შეჯერებული და მეც იმ აზრს ვემხრობი, მხოლოდ იმისთვის, რომ პოლემიკა გამოვიწვიო, ვამბობ, თითქოს ამას არ ვეთანხმები. მერე ამას რაც მოჰყვება ხოლმე, ძალიან მომწონს, რა თქმა უნდა, ჩხუბში თუ არ გადაიზრდება და ჯერ მსგავსი რამ არ მომხდარა.

თამუნა კვინიკაძე