ქართველი სპორტსმენი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლის მოლოდინში - გზაპრესი

ქართველი სპორტსმენი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლის მოლოდინში

გიორგი კვირჭიშვილი 7 წელია ამერიკაში ცხოვრობს და ცდილობს დასახულ მიზანს მიაღწიოს. ის ორი ორგანიზაციის (Flex Fight და cage wars) ქამრის მფლობელია მძიმე წონაში, ასევე 2016 წლის ევროპის ჩემპიონია სუმოში. ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის ემზადება, რაც აქამდე ჩაუტარებია.

- გიორგი, რა ასაკში დაინტერესდით სპორტით და როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები?

- 13-14 წლის ვიყავი, თავისუფალი ჭიდაობით რომ დავინტერესდი. ვარჯიში თბილისში, თენგიზ ღამბაშიძესთან და ამირან მაისურაძესთან დავიწყე. პერიოდულად გამოვდიოდი სხვადასხვა შეჯიბრებაზე: ჯერ ახალგაზრდულ ნაკრებში ვირიცხებოდი, 17 წლისა კი დიდების ნაკრების წევრი გავხდი.

- როგორც ვიცი, ახლა ამერიკაში ცხოვრობთ და იწყობთ კარიერას, ამჟამად სპორტის რომელ სახეობაში ასპარეზობთ?

- დიახ, 7 წელია ამერიკაში ვარ, ამჯერად MMA-სა და გრეპლინგში.

- როგორი იყო ემიგრაციის პირველი პერიოდი უცხო ქვეყანაში, რა სირთულეების გადალახვამ მოგიწიათ და დღესაც თუ გიწევთ?

- როგორც ყველა ემიგრანტმა, პატარ-პატარა დაბრკოლებები რა თქმა უნდა, მეც გამოვიარე. იყო ოჯახის და ქვეყნის მონატრება, შემდეგ ეგუები ამ ყველაფერს და ცდილობ დასახულ მიზნებს მიაღწიო - ეს ქვეყანა ამის შანსს ნამდვილად იძლევა, მთავარია შეძლო, შანსი სწორად გამოიყენო.

431165019-1348111223250205-3280636368091898607-n-copy-1711908888.jpg

- იმ გამარჯვებებზე მიამბეთ, რომელსაც უცხო ქვეყანაში მიაღწიეთ.

- ამჯერად ორი ორგანიზაციის: Flex Fight და cage wars ქამრის მფლობელი ვარ მძიმე წონაში. ასევე ვარ ჩრდილოეთ ამერიკის გრეპლინგის ასოციაციის (NAGA) მრავალგზის ჩემპიონი. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის ვემზადები, რაც აქამდე ჩამიტარებია. ერთ-ერთ პრესტიჟულ ორგანიზაციაში - CFFC-ში. ეს არის UFC ბრძოლის საშვი, რომელიც 12 აპრილს ატლანტიკ სითიში გაიმართება. შემდეგი ნაბიჯია 17-18 აპრილს მსოფლიოს ჩემპიონატზე გრეპლინგში მონაწილეობა.

- მიამბეთ თქვენს მეუღლეზე, შვილებზე. როგორია თქვენი ყოველდღიურობა?

- ამერიკაში მეუღლესა და 4 წლის გოგონასთან ერთად ვცხოვრობ. მყავს უფროსი ბიჭი, რომელიც საქართველოშია და ჭიდაობითაა დაკავებული. ჩემი ყოველდღიურობაა ფიზიკური მუშაობა და ვარჯიში. მე და ჩემი მეუღლე მაქსიმალურად ვცდილობთ, თავისუფალი დრო დინას დავუთმოთ.

- ფიზიკური შრომა ახსენეთ, როგორც ვიცი, ფინანსურად უზრუნველყოფილი რომ იყოთ, მეუღლესთან ერთად, ტრაილერის მძღოლადაც მუშაობდით, არა?

- დიახ, ახლაც ფიზიკურად მიწევს მუშაობა. 2 წლის განმავლობაში, სატვირთო ავტომობილზე მეუღლესთან ერთად ვმუშაობდი, ერთმანეთს ვენაცვლებოდით, გადაადგილება თითქმის მთელი ამერიკის ტერიტორიაზე გვიწევდა.

- ეს რთული არ იყო?

- ნამდვილად ძალიან რთული იყო, მაგრამ ჩემი ყველა დიდი ბრძოლა, ამ უძილობისა და დატვირთული რეჟიმის პერიოდში ჩავატარე. შეჯიბრებამდე რამდენიმე დღით ადრე მივდიოდი სახლში. მქონდა შემთხვევა, როდესაც სატვირთო მანქანით პირდაპირ შეჯიბრებაზეც მივსულვარ. ამ რეჟიმის პირობებში რთულია გააგრძელო ასპარეზობა.

- სპორტში ვინ გაძლევთ ყველაზე დიდ მოტივაციას?

- ჩემი მოტივაცია, პირველ რიგში, არის ოჯახი. მინდა ჩემი ძმისთვის, შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის იყოს მაგალითი, რომ ყველა მდგომარეობაში, უცხო ქვეყანაში და ნებისმიერ პირობებში შესაძლებელია მიზნის მიღწევა. ყველა შანსი უნდა გამოიყენო.

- ცნობილი და წარმატებული ქართველების გამოცდილებას თუ იზიარებთ? მაგალითად, ცნობილია, რომ მერაბ დვალიშვილსაც ფიზიკური შრომა უწევდა.

- დიახ, მერაბს ნამდვილად რთული გზის გავლამ მოუწია მიზნის მისაღწევად, რაც ძალიან კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ უნდა იბრძოლო საკუთარი მიზნებისთვის. მას პირადად არ შევხვედრივარ, მაგრამ დიდი საერთო სანაცნობო გვყავს. მის ბრძოლებს შეძლებისდაგვარად ვესწრები.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმა?

- მინდა ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთო, რისთვისაც თავს არ ვზოგავ, დანარჩენი ღმერთის ნებაა.

430961803-1395101164711196-560345130986811660-n-1711908874.jpg

- საქართველოში ჩამოსვლას თუ ახერხებთ?

- მერვე წელია, საქართველოში არ ვყოფილვარ. ძალიან განვიცდი, სწორედ ეს არის ყველაზე რთული, მაგრამ იმედი მაქვს, მოკლე ხანში ესეც შესაძლებელი გახდება.

- საქართველოში ვინ და რა გენატრებათ ყველაზე მეტად?

- მენატრება ოჯახი. ძალიან რთულია გამოაკლდე ყველაფერს, ასე შორს იყო ახლობლებისგან, ამდენი წლის განმავლობაში. წარმოშობით ყაზბეგიდან ვარ და ყველაზე მეტად იქაურობა მაკლია.

- ამერიკაში მცხოვრებ ქართველებთან თუ გაქვთ ურთიერთობა?

- რა თქმა უნდა, მე და ჩემს მეუღლეს ქართველებთან აქტიური ურთიერთობა გვაქვს, ჩვენს ქალაქში ბევრი ქართველია. აქ ერთმანეთს ყველა მხარში ვუდგავართ. ჩემს ბრძოლებზე მათი გულშემატკივრობა ყოველთვის თვალში საცემია.

- გიორგი, თქვენი მომავალი სად და როგორ წარმოგიდგენიათ?

- დღევანდელი მდგომარეობით, ჩემი მიზნები სრულად სპორტთანაა დაკავშირებული, დანარჩენს ღმერთი გვიჩვენებს.

- მადლობა ინტერვიუსთვის. გისურვებთ, ყველა მიზნისთვის მიგეღწიოთ!

- დიდი მადლობა!

თამუნა კვინიკაძე