მასწავლებელი, რომელმაც სკოლამდე მისასვლელად უნდა "გადაიაროს 9 მთა", "9 ზღვა", "მოკლას გველეშაპი"... - გზაპრესი

მასწავლებელი, რომელმაც სკოლამდე მისასვლელად უნდა "გადაიაროს 9 მთა", "9 ზღვა", "მოკლას გველეშაპი"...

"ღრმა ბავშვობაში გადაწყვეტილი მქონდა, რომ მასწავლებელი ვიქნებოდი. ყოველთვის ვამბობდი, რომ მომავალი თაობები უნდა აღმეზარდა. სწორედ რომ ჩემი პროფესიისა და ბავშვების უდიდესმა სიყვარულმა ამომიყვანა ლეჩხუმამდე და დამატოვებინა ჩემი ორი პატარა ანგელოზი, თვალცრემლიანი და ატირებული. ვიცი, როცა გაიზრდებიან, მაპატიებენ და გამიგებენ... თუმცა, მე ამ ბავშვებსაც ვჭირდები და ბოლომდე მათ გვერდით ვიქნები... მიყვარს თითოეული აღსაზრდელი და ჩემი საქმე. სწორედ ეს სიყვარული მასულდგმულებს. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს. ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა მოსწავლეების სიყვარულის დამსახურებაა და დღეს ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ მე ის დავიმსახურე", - ამ კომენტარს გადავაწყდი სოციალურ ქსელში ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ ქოლგიანი ქალი მუხლამდე თოვლში გზას მიიკვლევს, თან ამბობს, გაკვეთილზე მაგვიანდებაო და თოვლში წაიქცევა. ქალბატონი, რომელიც ასეთ მძიმე გზას გადის სკოლამდე, ელენე (ელვირა) ხურციძეა, ქუთაისიდან. ოჯახის ხელშეწყობით, მან თავისი ორი გოგონა აღსაზრდელად მამიკოს და ბებიას მიაბარა კვირაში 5 დღით, თვითონ კი მაღალმთიანი სოფლების ორ სკოლაში ინგლისურს ასწავლის.

- ქუთაისელი ვარ. სკოლის დასრულების შემდეგ თბილისში, დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ოჯახთან განშორება ძალიან რთული აღმოჩნდა ჩემთვის და პირველი კურსის დახურვის შემდეგ ქუთაისში გადმოვედი. აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი დავამთავრე, ინგლისური ენისა და ლიტერატურის განხრით. ვარ 32 წლის, მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე და ორი შვილი. ამჟამად ვმუშაობ წყალტუბოს რაიონის მაღალმთიან სოფელ დღნორისსა და საჩხეურში, რომელიც ლეჩხუმის მხარეს ეკუთვნის.

- ეს ორი სოფელი რა მანძილითაა ერთმანეთისგან დაშორებული?

- 4-5 კილომეტრით. ისე მაქვს საათები განაწილებული, რომ ორივე სკოლაში ერთ დღეს არ მიწევს მისვლა, რაც ჩემი დირექტორების დიდი ხელშეწყობის შედეგია. მადლობა მათ ამისთვის. ვინაიდან ყოველდღე ქუთაისიდან აქ სიარული შეუძლებელი და საკმაოდ მძიმეა (რადგან მანძილი საკმაოდ დიდია - დაახლოებით 45-50 კმ), ქუთაისიდან ორშაბათს დილით ტაქსით მოვდივარ და ვბრუნდები პარასკევს. დანარჩენი 5 დღე კი აქვე, სოფელში ვცხოვრობ მდგმურად, არაჩვეულებრივ ოჯახში.

- მაღალმთიანი სოფლის სკოლაში ალბათ, ძალიან ცოტა მოსწავლეა.

- ერთ სკოლაში 19 არაჩვეულებრივი მოსწავლე გვყავს, მეორეში - სამი. ისეთი სიყვარულები არიან... თუმცა, სამი მოსწავლე ძალიან ცოტაა.

- მე რომ თქვენი კომენტარი ვნახე, იქ წერდით, რომ შვილები დატოვეთ და თავი ბავშვებს, პროფესიას მიუძღვენით.

- დიახ, ასე გამოვიდა, შვილები დავტოვე... ნუ, დატოვება არ მინდა ცუდად ნათქვამი გამომივიდეს, უბრალოდ კვირაში რამდენიმე დღით... თუმცა, მანქანა რომ მყავდეს, ყოველდღე ქუთაისიდან ვივლიდი ალბათ, რადგან ჩემს პატარებს ღამე დაძინება უჭირთ დედიკოს გარეშე და მეუღლე ამბობს, რომ ჩემს ტანსაცმელს იხუტებენ და ისე იძინებენო. ამის მოსმენა კი დედისთვის რთულია.

- და მაინც... რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

- ეს გადაწყვეტილება მივიღე ჩემი პროფესიის სიყვარულით. ეს არ არის მხოლოდ პროფესია, ჩემთვის ეს მთელი ცხოვრებაა... როგორც ღირსეული პედაგოგისთვის არსებობს ორი უმთავრესი და ამავდროულად უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი პროფესიის არჩევისას - ესაა კონკრეტული საქმისადმი უპირობო სიყვარული... მასწავლებლის პროფესია ჩემთვის მიმზიდველი იყო ბავშვობიდან. ყოველთვის ვამბობდი, რომ მომავალი თაობები უნდა აღმეზარდა. ვფიქრობ, თუ ბავშვი არ გიყვარს, სკოლაში ვერ იმუშავებ. არ ვიცი, შეიძლება ბევრმა არასწორად გამიგოს თუ ვიტყვი, რომ ჩემი პროფესია გაგიჟებით მიყვარს; მიყვარს საქმე, რასაც ვაკეთებ, მიყვარს თითოეული ჩემი აღსაზრდელი. მე ამ საქმეში სულსა და გულს ვდებ და თითქოს ამით მარადიულად განვაგრძობ მათში არსებობას.... სიყვარულის გარეშე არც ერთი საქმე არ გამოვა. მიმაჩნია, რომ ნამდვილი მასწავლებელი უნდა იყოს მეგობრული, ობიექტური, ყურადღებიანი ყველა მოსწავლისადმი. ვფიქრობ, თუ ბავშვი არ გიყვარს, სკოლაში ვერ იმუშავებ. ბავშვების უსაზღვრო სიყვარულით, პატივისცემით, მეგობრობითა და თანადგომით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი და ამაში ჩემი მოსწავლეებიც დამეთანხმებიან. ხმამაღლა ვიტყვი რომ მე არ ვარ მხოლოდ ორი გოგონას დედიკო; ვთვლი, რომ ზუსტად იმდენივე შვილი მყავს, რამდენი მოსწავლეც აღმიზრდია. ვიღაცისთვის შეიძლება მასწავლებლობა უბრალო პროფესიაა, ჩემთვის კი სუნთქვასავით არის. ყველაზე მნიშვნელოვანი ვფიქრობ, ამ პროფესიაში სიყვარულის უნარია, რადგან ჩემი აზრით, თუ ბავშვი უპირობოდ გიყვარს, ის აუცილებლად მიგიღებს და შეგიყვარებს, წარმატების საიდუმლო კი სწორედ სიყვარულშია...

თუმცა იმასაც გეტყვით, რომ ბევრი ადამიანის უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია ჩემმა ასეთმა გადაწყვეტილებამ - "როგორ დავტოვე ბავშვები?!" დიახ, მე დავტოვე საკუთარი მცირეწლოვანი შვილები თვალცრემლიანმა იმისთვის, რომ ვასწავლო მათ, ვისაც ვფიქრობ, ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ვჭირდები. საყვარელი საქმის კეთებით, დაუღალავი შრომითა და მიზანსწრაფულობით ყველა ოცნებას რეალობად ვაქცევ, ამის მჯერა...

- ბავშვებს ალბათ ძალიან უყვარხართ...

- დიახ, მათ სიყვარულს ნამდვილად ვგრძნობ. ყველაზე მეტად მათი დაწერილი წერილები, ნაჩუქარი ყვავილები მაბედნიერებს, მათი პაწაწინა ხელებით შექმნილი. განცდა, რომ შენ ეს საჩუქარი დაიმსახურე, მათი ჩახუტება, როცა გამორბიან, - ელენე მასწავლებელი მოდისო ან გაკვეთილზე ჩურჩული: "მიყვარს ელენე მასწავლებელი, ლუკა, შენ?" "აუ, მეც", - ეს სიტყვები ყველაფრის მთქმელია.

- როგორც მივხვდი, სკოლამდე მისასვლელად უნდა "გადაიაროთ 9 მთა", "9 ზღვა", "მოკლათ გველეშაპი"... არ გიჭირთ?

- რა თქმა უნდა, მიჭირს, ადვილი არაა, თუმცა ისევ გავიმეორებ, როდესაც ამას სიყვარულით აკეთებ, ყველაფერი უფრო მარტივია. როცა ჯგუფში შევდივარ და ჩემი აღსაზრდელების გაბრწყინებულ თვალებს ვხედავ, იქ ყველაფერი მავიწყდება. ერთხელ ასეთი კურიოზიც შემემთხვა: თანამშრომელს მოვყავდი ქუთაისიდან. როდესაც დღნორისაში ამოვედით, აქ საკმაოდ დიდი თოვლი იყო. შიშისგან, ატირებული მანქანიდანაც კი გადმოვხტი, ფეხით წამოვალ-მეთქი...

- სკოლის შესახებ მომიყევით, რამდენად გამართულია ინფრასტრუქტურა, ზამთარში როგორ თბებით?

- გათბობა გვაქვს შეშაზე, დილით ვანთებთ "ფეჩს" და მთელი დღე ერთმანეთის სიყვარულით ვთბებით. თან მე ძალიან მცივანა ვარ და ღუმელს ჩახუტებული...

- ბავშვების სიმცირის გამო ყველა კლასს ერთად უტარებთ გაკვეთილებს?

- არა, რა თქმა უნდა, კლასების მიხედვით არის დაყოფილი. მყავს მე-3 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით.

- ალბათ გეცოდინებათ ადგილობრივებისგან, ადრე რამდენი ბავშვი იყო მაგ სკოლებში დაახლოებით?

- სხვათა შორის, დავინტერესდი ამ თემით და მითხრეს, რომ ადრე სკოლაში პარალელური კლასებიც კი ყოფილა და დაახლოებით 400-500 ბავშვი სწავლობდა ამ სკოლაში. დადიოდნენ მეზობელი სოფლებიდანაც - ჭაშლეთიდან, ლეხიდრისთავიდან და საჩხეურიდან.

- ოჯახი როგორ ეგუება, კვირაში 5 დღე რომ არ ხართ მათთან?

- ადვილი არ არის, მაგრამ ოჯახი მხარში მიდგას და ეს კიდევ უფრო მაძლიერებს. უფლის წყალობაა, გყავდეს გვერდით ისეთი ადამიანი, როგორიც მე მყავს. ალბათ არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ გამიმართლა. რომ არა ჩემი მეუღლე, მე დღეს ჩემს პროფესიაში შემდგარი ვერ ვიქნებოდი. არ მომბეზრდება მისთვის მადლობის გადახდა. მადლობა ლაშა შავლაყაძეს გაგებისთვის, თანადგომისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეგობრობისთვის. მადლობას გიხდი, რომ ყოველთვის გჯეროდა ჩემი და გვერდში მედექი მაშინაც, როცა ჩემს პროფესიაზე ხელი ჩავიქნიე (რადგან ქუთაისის სკოლაში ადგილი ვერ ვიპოვე). მადლობა ამ უპირობო სიყვარულისთვის...

მაშო როინიშვილი