"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანი მყავს გვერდით" - გზაპრესი

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანი მყავს გვერდით"

რამდენიმე დღის წინ თბილისში ძიუდოს გრანდ სლემი ჩატარდა. პირველივე დღე წარმატებული აღმოჩნდა ქართველი ძიუდოისტი გოგონასთვის. 24 წლის ეთერ (ეთო) ლიპარტელიანი ფინალში კანადელ მეტოქეს, ჯესიკა კლიმკეიტს შეხვდა და ის ვაზარით დაამარცხა. ქართველმა სპორტსმენმა ოქროს მედალი მოიპოვა და გულშემატკივრები გაახარა. ეთო ლიპარტელიანი გამარჯვების ემოციებით დატვირთული, მოღიმარი სახით გავიდა ტატამიდან. მან არ იცოდა, რომ წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და სასიხარულო რამ ელოდა: შეყვარებულს იქვე ქართველი ძიუდოისტი თემურ ნოზაძე შეეგება, რომელმაც ეთოს სიურპრიზი მოუწყო და უამრავი მაყურებლის წინაშე ხელი სთხოვა.

შეგახსენებთ, ეთო ლიპარტელიანმა ქართველი გულშემატკივარი ბევრჯერ გაახარა. 8 წლის იყო, როცა გადაწყვიტა ძიუდოისტი გამხდარიყო და ეს ოცნება აიხდინა. ძალიან ახალგაზრდამ პროფესიული მწვერვალების დაპყრობა შეძლო. სწორედ ის აღმოჩნდა ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველი ქალი, რომელიც 20 წლისა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. პირველი დიდი გამარჯვება 2019 წელს მაროკოში, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მოიპოვა, სადაც 5 ბრძოლაში წარმატებით იასპარეზა. მაშინ ახალგაზრდებს შორის ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ფინეთში გოგონებს შორის ევროპის ჩემპიონია, ასევე გოგონებს შორის ევროპის თასის მფლობელი, უფრო ადრე კადეტებში ბავშვთა ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა. 2016 წლიდან მოყოლებული, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში არაერთი ტიტულის მფლობელია და რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა. 2021 წელს საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ეთო ლიპარტელიანს 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალის ტიტული მიანიჭა.

- პირველ რიგში გილოცავთ გამარჯვებას! როგორ ემზადებოდით ამ შეხვედრისთვის და ელოდით თუ არა ამ შედეგს?

- დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, მონდომებით, მაგრად ვემზადებოდი ამ დღისთვის. როცა შეჯიბრებაზე გავდივარ, ყოველთვის საუკეთესოს მოლოდინში ვარ და მადლობა ღმერთს, ჩემი მოლოდინები გამართლდა. მომზადების ეტაპს რაც შეეხება, შეჯიბრებამდე 3 კვირით ადრე ნეკნზე დაზიანება მივიღე. რა თქმა უნდა, ამის გამო ძალიან მიჭირდა ვარჯიში. იყო იმაზე ფიქრიც, რომ არ მეასპარეზა თბილისის გრანდ სლემზე და ევროპის ჩემპიონატზე მეასპარეზა, რადგან ძალიან რთული ტრავმა მქონდა, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი სპორტი ტრავმების გარეშე არ გამოვა. მაინც გავედი და ეს დიდი გამარჯვება მოვიპოვე, დღეს კი ძალიან ბედნიერი ვარ.

433204566-779077737105930-6293051204340109416-n-1711909319.jpg

- ამაღელვებელი იყო თქვენთვის ის სიურპრიზი, რომელიც თქვენმა რჩეულმა, თემურ ნოზაძემ მოგიწყოთ - საჯაროდ გთხოვათ ხელი...

- მართლაც ძალზე ამაღელვებელი და მოულოდნელი იყო, ახლაც შოკში ვარ. ვერ გავაცნობიერე, რა ხდებოდა. მიხაროდა პირველი ოქროს მედალი ისტორიაში, ამ ემოციით ვიყავი დატვირთული და ამ ყველაფერს უცებ ხელის თხოვნა მოჰყვა. დაუჯერებელი იყო ჩემთვის, თემოს მართლაც ძალზე ორიგინალურად გამოუვიდა ეს სიურპრიზი. დაუვიწყარი მომენტები დაგვრჩა გასახსენებლად და მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ადამიანის გვერდში ყოფნა მხვდა წილად.

- დიდი ხანია შეყვარებული ხართ?

- ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. თემო ნოზაძე ძიუდოისტია და რა თქმა უნდა, ერთმანეთს სპორტმა დაგვაკავშირა. 2015 წელს ტარდებოდა ბავშვთა ოლიმპიადა და მოსამზადებელ შეკრებაზე ვიყავით ერთად, იქ გავიცანი. თავიდან რამდენიმე წელი ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. როგორც ამბობს, მნახა თუ არა, მოვეწონე. ძალიან ბიჭური გოგონა გახლდით მაშინ და იმ ასაკში შეყვარებული რომ მყოლოდა, არც მიფიქრია. ჩვენი მეგობრობა შემდეგ დიდ სიყვარულში გადაიზარდა. 10 წელი შეყვარებულები ვიყავით და ბოლოს ასე ორიგინალურად დააგვირგვინა, მართლაც დაუვიწყარი ხელის თხოვნა იყო. წინ კიდევ დიდი მიზნები მაქვს და მიხარია, რომ თემო დამეხმარება, ჩვენი მიზნები რეალობად ვაქციოთ.

- ძიუდოისტი შეყვარებული ალბათ ხშირად გაძლევთ რჩევას.

- დიახ, რა თქმა უნდა, თემო ჩემი დიდი გულშემატკივარია. ყოველთვის მარიგებს და მეც ზედმიწევნით ვითვალისწინებ მის რჩევებს. ამ შეჯიბრებაზეც მესმოდა, რას იძახდა და ვცდილობდი, ყველაფერი გამეთვალისწინებინა. ასპარეზობაში ის სულ სტიმულს მაძლევს.

- ერთმანეთს ტატამზე ხშირად შერკინებიხართ?

- ბევრჯერ გვიჭიდავია. ერთად ხშირად ვვარჯიშობთ და მასწავლის ახალ ილეთებს. მეც ძალიან მალე ვითვისებ ყველაფერს. ერთმანეთსაც ხშირად ვეჭიდავებით და ძალიან მაბრაზებს, არ მითმობს (იცინის).

- სიურპრიზებით ხშირად განებივრებთ?

- სიურპრიზების გაკეთება ძალიან უყვარს, მაგრამ ახლა რაც გააკეთა, ეს დაუვიწყარი იყო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანი მყავს გვერდით. ალბათ ბავშვობაში ყველას გვიოცნებია და გვიფიქრია იმაზე, რომ გავიზრდებოდით, როგორი მეორე ნახევარი გვინდოდა გვყოლოდა გვერდში. თემო ზუსტად ისეთი ადამიანია, რომელსაც ბავშვობაში წარმოვიდგენდი ჩემს ფიქრებში. რაც მთავარია, ის ძალიან მაგარი ქართველი კაცია, მერე მაგარი სპორტსმენი და ვიცი, უმაგრესი მეუღლეც იქნება.

- რამდენად მოულოდნელი იყო თქვენი ოჯახის წევრებისთვის თემოს ეს სიურპრიზი და რა რეაქცია ჰქონდათ მათ?

- ახლა გავარკვიე, რომ თემომ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახთან შეთანხმებით გააკეთა. ამას რომ გეგმავდა, იცოდა: დედამ, მამამ, ბიძამ, ჩემი დაც ჩართული ჰყოლია ამ საქმეში. ძალიან კარგად გამოუვიდათ, მე საერთოდ ვერაფერი ვიეჭვე. ამ ამბის შემდეგ ყველა მილოცავს, ყველას უხარია ეს ამბავი.

433536473-439074735206643-1293494539033330111-n-1711909330.jpg

- როგორც ვიცი, თქვენს წარმატებაში ბიძამ დიდი როლი შეასრულა...

- რვა წლის ვიყავი, ლენტეხში, ძიუდოს წრეზე რომ შევედი და ოცდაათ ბიჭთან ერთად დავიწყე ჭიდაობა. ლენტეხში ამ მხრივ განვითარების საშუალება არ იყო, ქალთა გუნდი არ ჰქონდათ. მამა და ბიძაჩემი ყველანაირად გვერდში დამიდგნენ. ბიძაჩემის წვლილი უდიდესია ჩემს წარმატებაში. 10 წლის ვიყავი, სვანეთიდან რომ წამომიყვანა. რუსთავში ვცხოვრობდი და იქიდან დავდიოდი თბილისში სავარჯიშოდ, ბიძაჩემი კი სულ თან დამყვებოდა, მამხნევებდა და ხელს მიწყობდა. მისი დამსახურებაა, რომ დღეს წარმატებული ძიუდოისტი ვარ. რომ არა ის, არ ვიცი, როგორ წარიმართებოდა ჩემი მომავალი, შესაძლოა სხვა პროფესიას გავყოლოდი. სულ მჯეროდა, რომ შრომით ყველა მიზანს მივაღწევდი. მთავარია დისციპლინა. ასევე, მუდამ წარმატებაზე უნდა იყო ორიენტირებული. თუ გინდა მიაღწიო კარგ შედეგებს, ბოლომდე პრინციპულიც უნდა იყო. მოგება ხომ მიხარია და მედლებიც, მაგრამ ძალიან მახარებს, როცა გამარჯვების შემდეგ ჩვენი ქვეყნის აფრიალებულ დროშას ვხედავ და როცა ქართული ჰიმნი ისმის... ტაძარში ყოველთვის მადლობის სათქმელად მივდივარ. ვცდილობ, უფლის მოშიში ვიყო და ეკლესიურად ვიცხოვრო. შეკრებაზე ან შეჯიბრებაზე ყოველთვის თან დამაქვს ხატები და ასპარეზობის წინ სანთელს აუცილებლად ვანთებ. ტატამზე გასვლამდე ყოველთვის პირჯვარს ვიწერ და "მამაო ჩვენოს" ვამბობ. ჩანთით დამაქვს ბიძაჩემის ნაჩუქარი ღვთისმშობლის და ახლობლების ნაჩუქარი პატარა ხატები. რომ არა უფლის დახმარება, ამდენს ვერ მივაღწევდი.

- ქორწილს როდისთვის გეგმავთ?

- სავარაუდოდ, ოლიმპიადის შემდეგ გვექნება ქორწილი. წელს ძალიან დატვირთული წელი მაქვს. არის ევროპის, მსოფლიოს ოლიმპიადა და ვცდილობთ ორიენტირებულები ვიყოთ ამ დიდ შეჯიბრებაზე.

თეა ხურცილავა