"მეზობელს თივა დავუწვი, ხეხილის ბაღი დავუზიანე" - გზაპრესი

"მეზობელს თივა დავუწვი, ხეხილის ბაღი დავუზიანე"

რეპერ ლექს-სენს, რომელსაც აქტიური შემოქმედებითი პერიოდი აქვს - საზღვარგარეთ სოლო კონცერტებისთვის ემზადება, შემდეგ კი კონცერტებს საქართველოშიც გეგმავს, ასევე - ახალ კლიპებსა და სიმღერებზე მუშაობს, ბლიც-შეკითხვებით მივმართეთ:

- როგორ ფიქრობთ, როგორი წარმოდგენა აქვს საზოგადოებას თქვენ შესახებ?

- დიდი ალბათობით, როგორიც ვარ, ჩემ შესახებ ისეთივე წარმოდგენა აქვთ - როგორც ყველა ცოცხალ, ჩვეულებრივ ადამიანში, ჩემშიც არის დადებითიც, უარყოფითიც... იდეალური ნამდვილად არ ვარ.

- ცხოვრებაში მოტივაციას რა გაძლევთ?

- მიზანი და საკუთარი თავის რწმენა.

- დღის რომელ მონაკვეთში ხართ უფრო მეტად შრომისუნარიანი?

- უფრო - დღის საათებში. დაღამებისას გართობის განწყობა მოდის, თუმცა ეს ღამით მუშაობას არ გამორიცხავს.

- ახლობლები მოფერებით რა მეტსახელით მოგმართავენ?

- "ლექსუს", "ჰეი, ლექს!.." - ძირითადად, ასე მომმართავენ.

- რა ნიშნით აფასებთ ადამიანებს?

- ადამიანურობით.

- თქვენთვის კომფორტის ზონა რა არის?

- პირველ რიგში - თავისუფლება, საკუთარი თავის რეალიზება.

- დამოუკიდებლობის განცდა პირველად როდის დაგეუფლათ?

- როდესაც მართვის მოწმობა ავიღე, უკვე ავტომობილს ვმართავდი.

- მართვის მოწმობის აღება რთული იყო?

- წინათ ის სირთულე იყო, რომ მართვის მოწმობა 100 დოლარი ღირდა. უმეტესობა ფულით იღებდა. ეს სტერეოტიპი დავანგრიე. ვერ წარმომედგინა, ვინმესთვის ფული მიმეცა - აქეთ "ვჩალიჩობდი", რომ ფული მეშოვა (იცინის). მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით რომ ვიკითხე, პირველი რაც მითხრეს, ის იყო, რომ 100 დოლარი ღირსო. - უფულოდ არ ხდება-მეთქი? - მაშინ გამოცდა უნდა ჩააბაროო. - რა პრობლემაა-მეთქი?!.

- ვინ გასწავლათ ავტომობილის მართვა?

- უფროსმა ძმამ - მინდოზამ.

- სკოლაში როგორი მოსწავლე იყავით?

- როგორც თითქმის ყველა: ცოტას ვაფუჭებდი, ვსწავლობდი კიდეც... ვაბალანსებდი, რა: არც მწვადს ვწვავდი, არც - შამფურს.

- თქვენი პირველი შემოსავალი რა იყო?

- პირველი ჰონორარი სცენას უკავშირდება, თუმცა მანამდე უნივერსიტეტში სტიპენდიას ვიღებდი. საერთოდ, ასეთი მიდგომა მქონდა: თუ სადმე ფული იშოვებოდა, უნდა "გამეკეთებინა". გვიან, მეორე კურსზე სწავლისას გავიგე, რომ თურმე, ხალხი სტიპენდიას იღებდა. სწავლას მაშინვე მოვუმატე, მაღალი ქულები მივიღე და პირველი სტიპენდია - 60 ლარიც ავიღე... უფრო დიდი ჰონორარი, რა თქმა უნდა, სცენას უკავშირდება.

- დაგვისახელეთ 3 საერთო და 3 მკვეთრად განმასხვავებელი თვისება, რაც თქვენ და თქვენს შვილს გახასიათებთ...

- საერთოა სიჯიუტე, ცხოველების მიმართ სიყვარული და სპორტის მიმართ ინტერესი (ჩემი შვილი კალათბურთითაა დაკავებული); განმასხვავებელ თვისებებს რაც შეეხება, პასუხისმგებლობა მაღალ დონეზე მაქვს განვითარებული, მას - არა, ასევე - ჩემგან განსხვავებით, საკმაოდ ზარმაცია და ძლიერი ნებისყოფა არა აქვს.

- რამდენი წლისაა?

- 13-ის.

- ისეთი საქციელი თუ ჩაგიდენათ, რომლის გახსენებისას დღესაც გრცხვენიათ?

- ასეთი ბევრია... მაგალითად, ბავშვობაში გაუცნობიერებლად, მეზობელს თივა დავუწვი, ხეხილის ბაღი დავუზიანე... როცა მახსენდება, მრცხვენია.

- ადამიანებს იოლად უმეგობრდებით?

- არა, თუმცა კომუნიკაციაში იოლად შევდივარ.

- რა უნდა მოხდეს, რომ დამეგობრდეთ?

- მსგავსი მსგავსს რომ შეიმეცნებს, ეს პრინციპია, რა: საერთო ხედვა, ღირებულებები უნდა გვქონდეს...

- მეგობარი დაგიკარგავთ?

- რა თქმა უნდა.

- მიზეზი რა ყოფილა?

- უპრინციპობა, უპასუხისმგებლობა, ღალატი, დაუფასებლობა და ა.შ. როცა 1 მხარე მეორის გამოყენებაზეა ორიენტირებული, მირჩევნია, ასეთი ურთიერთობა "ჩავხსნა", ვიდრე მერე გულისწყვეტა იყოს...

- გარშემო მყოფები ყველაზე ხშირად რის გამო გსაყვედურობენ?

- უყურადღებობის გამო, განსაკუთრებით - სახლში: მავიწყდება დღესასწაულები, ყვავილები, საჩუქრები...

- თქვენს უარყოფით თვისებად რას მიიჩნევთ?

- ემოციურობას. საერთოდ, ემოციურობა კონფლიქტისა და ყველაფერი უარყოფითის მიზეზია. ამიტომ ამ თვისებას სულ ვებრძვი.

- თქვენი ხასიათის რომელი თვისება გეამაყებათ?

- პრინციპულობა: მიზანს რომ დავისახავ, წლებიც რომ დამჭირდეს, აუცილებლად მივაღწევ.

- როგორ სიზმრებს ხედავთ?

- "მე ვხედავ სიზმრებს არა თქვენებურს", როგორც გალაკტიონი იტყოდა (იღიმის)... უცნაურ, სხვადასხვანაირ სიზმარს ვხედავ - ახსნასაც ვერ ვუძებნი. ალბათ, ესეც ემოციურობის ბრალია.

- საზოგადოებრივი ტრანსპორტით ბოლოს როდის იმგზავრეთ?

- ალბათ, 20 წლის წინ.

- საცობში მოხვედრილს დრო როგორ გაგყავთ?

- თუ თავს ვაკონტროლებ, მუსიკას ვუსმენ, ხოლო თუ "გადაკეტილი" მაქვს, მაშინ - ვილანძღები (იცინის).

- დროში მოგზაურობა შესაძლებელი რომ იყოს, რომელ ეპოქას აირჩევდით?

- გარკვეული თვალსაზრისით, ანტიკური ეპოქაც მაინტერესებს, მაგრამ ცოტა უახლოეს წარსულს, 80-90-იან წლებს ავირჩევდი, როცა ჩემი კერპები - 2 PAჩ-ი, Nოტორიოუს B.I.G, მარადონა - ცოცხლები იყვნენ.

- ბოლოს რის გამო იტირეთ?

- საყვარელი ლეკვი გვყავდა, რომელიც შარშან მომიკვდა - ვერ გადავარჩინეთ... ცრემლები ვერ შევიკავე...

img-2853-1711909506.jpg

- რა დაემართა?

- ენტეროვირუსი. კლინიკაში ვიღაც რუსი იყო, რომელმაც ლეკვს ყურადღება არ მიაქცია. უყურადღებობით მომიკლა...

- როცა ადამიანს პირადად ხვდებით, რა დეტალი იქცევს თქვენს ყურადღებას მის გარეგნობაში?

- ქცევა და მეტყველება, შემდეგ უკვე დაკვირვებას ვიწყებ და თვალში მხვდება ჩაცმულობა, ჟესტიკულაცია...

- როცა გეფლირტავებიან, როგორი რეაქცია გაქვთ?

- თუ ვატყობ, რომ ადამიანი გულწრფელია, ქედმაღლურად, ცხვირაბზუებული არ ვმოქმედებ - პოზიტიურად, იუმორით ვპასუხობ, ზურგს არ ვაქცევ, სასიამოვნოდ ვიღებ.

- მოვლენა, რომელმაც თქვენი ცხოვრების კალაპოტი რადიკალურად შეცვალა...

- როცა პოპულარული გავხდი, მეტი პასუხისმგებლობა დამეკისრა და - შვილის დაბადება, რამაც კიდევ უფრო მეტად პასუხისმგებლიანი და შრომისუნარიანი გამხადა.

- თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვინ არის?

- ახლო წრე, ოჯახობა, ნათესაობა, სამეგობრო, შემდეგ - ფანები.

- წლების მერე, როგორი გინდათ, რომ ხალხს დაამახსოვრდეთ?

- ისეთივე, როგორიც ვარ. ადამიანები ხედავენ, შინაგანად როგორი ვარ და მინდა სულ ასეთი ვიყო, ასეთად დავამახსოვრდე...

ეთო ყორღანაშვილი