რა განცდა ეუფლება პაატა თედიაშვილს, როცა გზაზე მდგომ ქალს ავტომობილს უჩერებენ
"თითოეული ადამიანის ცხოვრება ნამდვილად წიგნს ჰგავს. როცა ვინმე შენს "წიგნს წაიკითხავს", იმედგაცრუებული არ უნდა დარჩეს - ნეტავ, საერთოდ არ "წამეკითხაო", - გვითხრა მომღერალმა პაატა თედიაშვილმა, რომელიც რეალითი შოუში მონაწილეობას კვლავ აპირებს და ამჯერადაც, მატერიალური ინტერესის გამო - არა: სურს საინტერესო ადამიანი და კარგი მეგობარი იყოს. აქვს მოლოდინი, რომ პროექტში მონაწილეობისას ახალი ურთიერთობები და ახალი განცდები საინტერესო მონოლოგების შექმნის ფანტაზიას კვლავ მისცემს...
- კითხვა ადრეულ ასაკში დავიწყე. პირველი წიგნი, რამაც ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, ლატვიური ზღაპრების წიგნი იყო. მისი ყდა, საინტერესო ილუსტრაციები დღემდე მახსოვს. "ზღაპრები" კი ერქვა, მაგრამ კონკრეტულად, საბავშვო ასაკის მკითხველისთვის განსაზღვრული არ ყოფილა - ფილოსოფიური დატვირთვა ჰქონდა. კითხვისას ბევრი ნიუანსის გაგება მიჭირდა, ერთსა და იმავე გვერდს რამდენჯერმე ვკითხულობდი, რომ ჩავწვდომოდი, კონკრეტული ზღაპარი რას მასწავლიდა, მასში რა შეგონება იყო... ბევრი მათგანი ახლაც მახსოვს. ამ ზღაპრების სიუჟეტები ცხოვრებაში გამომდგომია... საერთოდ, ქართულ ზღაპრებში უფრო მეტად რაინდობის, პატრიოტიზმის თემებია იდეალიზებული, ლატვიური ზღაპრები კი ძირითადად, ადამიანის ფსიქიკასთან დაკავშირებულ დადებით მხარეებსა და ნაკლოვანებებს აშუქებდა. ავტორი ყურადღებას აქცევდა სიხარბეს, გაუმაძღრობას, შიშის დაუძლევლობას. მაგალითად, თუ რაღაცის გეშინია და ამ ზღვარს არ გადალახავ, აუცილებლად პრობლემა შეგექმნება. აღწერილი იყო, როგორ შეიძლებოდა პერსონაჟს ესა თუ ის დაბრკოლება დაეძლია, თუმცა დაბრკოლებების გადალახვის ქარიშხლებს და ქარტეხილებს ბევრი ქვეყნის ზღაპარში შეხვდებით, მათ შორის - ქართულშიც, რა თქმა უნდა, მაგრამ ლატვიურ ზღაპრებში ეს თხრობის თავისებური მანერით, ესთეტიკით იყო გადმოცემული.
- წასაკითხად თავად შეარჩიეთ?
- კი. დედას შინ ძალიან კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდა, რაც საბავშვო და გარდატეხის ასაკის მკითხველისთვის საკმარისი გახლდათ... ჩემს ბავშვობაში სასურველი წიგნის მოძიება და მიღება ურთულესი იყო, რადგან ბიბლიოთეკაში უნდა მისულიყავი, განცხადება დაგეწერა, რომელსაც თან ახლდა მთელი პიროვნული დოსიე, თუ რამდენად გიყვარდა წიგნი, როგორ უვლიდი მას... მოკლედ, უამრავი პასუხისმგებლობა გეკისრებოდა, როცა ბიბლიოთეკიდან წიგნი მიგქონდა. გარკვეულ ვადაში თუ არ დააბრუნებდი, შეიძლება საქმე სკოლის დირექტორამდე მისულიყო და შენი, როგორც დაუდევარი მკითხველის საკითხი განეხილათ, რაც დიდ სირცხვილად მიიჩნეოდა...
ლატვიური ზღაპრების წიგნი შინ გვქონდა... შემდეგ უკვე რაღაცების მოძიება დავიწყე, თუმცა ბიბლიოთეკაში მისულს, საბჭოური იდეოლოგიის საფუძველზე, თავად ბიბლიოთეკარი გირჩევდა ისეთ ნაწარმოებს, რომელშიც საბჭოეთის დროინდელი ჰეროიკული გმირი, ვინმე ახალგაზრდა იყო წარმოდგენილი, ვინც ბევრი რაღაც გაიღო, რომ ეროვნული გმირი ყოფილიყო. ამ ტიპის წიგნებს ვკითხულობდი, მაგრამ სიღრმისეულად ვერ ვაანალიზებდი, ეს იდეოლოგია რას ემსახურებოდა. მაშინ თამამად ვერ წაიკითხავდი ისეთ წიგნს, რომელსაც თანამედროვე აზროვნების დიაპაზონი ჰქონდა - უნდა დაგემალა. ამიტომ მსგავსი ტიპის ნაწარმოებს ბიბლიოთეკაში ვერც მოიკითხავდი... იმ ცენზურის ქვეშ ოჯახში მამა მირჩევდა, წამეკითხა თუ არა ესა თუ ის ნაწარმოები, რომელმაც საბჭოური ეპოქის გმირები შექმნა. ყველაზე დიდი ტრაგედია ის იყო, რომ იმ წყობისთვის იმ ახალგაზრდებმა დაასმინეს საკუთარი ოჯახის წევრები. ამით გარკვეული სტატუსი მოიპოვეს, რომ საბჭოეთის პიონერები, კომკავშირელები გამხდარიყვნენ. სკოლაში დავალებად მქონდა ხოლმე, რომ ამ ტიპის ნაწარმოებები წამეკითხა და სათანადოდ მომემზადებინა. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა პროგრამაში არსებული ნაწარმოები არ მოვამზადე და პედაგოგის წყრომა დავიმსახურე. ჩემი საკითხი პედსაბჭომ განიხილა. მთელი ამბები იყო (იცინის)...
- პროტესტის განცდა გაგიჩნდათ და დავალება ამიტომ არ მოამზადეთ?
- ჰო, რადგან უკვე კრიტიკულად გაანალიზება დავიწყე, რას ემსახურებოდა ეს წიგნები. იმ კონკრეტულ ნაწარმოებში მოთხრობილი იყო, როგორ დაასმინა შვილმა საკუთარი მშობლები, რომლებიც რევოლუციურ მოძრაობაში იყვნენ ჩართულები. შემდეგ იმ ახალგაზრდის იდეალიზება მოხდა... შეიძლება ამ ტიპის ნაწარმოებების გმირებს გამოგონილი გვარ-სახელები ჰქონდათ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ისინი რეალური პერსონები იყვნენ და ეს ცუდი მაგალითი იყო. როგორ შეიძლება ოჯახის წევრი დაასმინო?!. 10-11 წლისამ გავაცნობიერე, რომ ფილტრაცია უნდა მომეხდინა, რისი წაკითხვა შეიძლებოდა და რისი - არა, რა იყო ნაწარმოების მთავარი აზრი, რას ემსახურებოდა...
- აღნიშნეთ, წასაკითხ ლიტერატურას მამა მირჩევდაო...
- მამა პატიმარი იყო. 1989 წელს გათავისუფლდა. მოგეხსნებათ, პატიმრებს ბევრი დრო აქვთ, რომ ციხეში ყოფნისას წიგნი წაიკითხონ. თან, ისინი უფრო თავისუფალი მკითხველები იყვნენ, ვიდრე - ჩვენ, ვინც გარეთ ვცხოვრობდით. მამა თავად მირჩევდა რომელი ავტორის რა ნაწარმოებები წამეკითხა...
- რომელმა ნაწარმოებმა შეგიცვალათ მსოფლმხედველობა?
- საერთოდ, ევროპული კლასიკური ნაწარმოებები მიყვარს. 12-13 წლისამ ჯეკ ლონდონის "მარტინ იდენი" წავიკითხე. მაშინ ოჯახში მატერიალური პრობლემები გვქონდა. ნაწარმოების გმირიც ცხოვრებას ნულიდან იწყებს - თავისი სიყვარულის გამო, რომელსაც უნდა დაუმტკიცოს, რომ სიდუხჭირის მიუხედავად, ადამიანს თუ ცხოვრებაში მიზანი გაქვს, შრომით და გარკვეული ნიჭით მისი მიღწევა შესაძლებელია... როცა ამ წიგნს ვკითხულობდი, ერთგვარად, ნაწარმოების პერსონაჟი თავად ვიყავი, რადგან მაშინ ოჯახში რთული სიტუაცია გვქონდა. რაღაცნაირად, "მარტინ იდენი" იმედს მაძლევდა, რომ მომავალში ყველაფერი კარგად იქნებოდა. ამ ნაწარმოებმა ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა... შემდეგ უკვე თამაზ წივწივაძის კრიტიკული ნაწარმოებები - "ლოზუნგების ქვეყანა" და "ერთ საშუალებას კიდევ ვცდი" წავიკითხე. ბატონი თამაზი საბჭოურ ლიტერატურას და პოეზიას აკრიტიკებდა, საბჭოთა კავშირის მასშტაბით, თუ როგორი უზუსტობები, არასწორი ეთიკური ნიუანსები იყო მწერლებისა და პოეტების მიერ საზოგადოების მიმართ... მაგალითად, იყო ასეთი ქართველი ავტორი - ხუტა ბერულავა, რომელიც მწერალთა კავშირის თავმჯდომარე გახლდათ. მის ნაწარმოებებში უამრავი ნიუანსი იყო დარღვეული, მაგალითად - როცა რუსთავის რვალს თამარ მეფეს ადარებს: "და რუსთავის რვალი, რომ არ აქვს ბზარი" ანუ თამარ მეფესავით მყარიაო (იცინის). თამაზ წივწივაძე საუბრობდა, - როგორ შეიძლება, თამარ მეფის შედარება რუსთავის მეტალურგიული ქარხნის რაიმე ნამუშევართან, თუნდაც - რვალთანო?! მაგრამ ის ავტორი საბჭოური სულისკვეთებით და განდიდების მანიით უკვე "გადაბინდული" იყო - თავის დროზე კარგ პოეტად აღიარეს. თან, წერდა - ძალიან ბევრი მივლია, უკვე მწვერვალზე ვარ და რაც მთავარია, არ ვარ დაღლილიო. მერე თამაზ წივწივაძე დასცინოდა, - რა დაგღლიდა შენი შემოქმედების პატრონსო (იცინის)?! კიდევ ბევრი ნიუანსი იყო... მახსოვს, თამაზ წივწივაძის კრიტიკული შეფასებების გამო, ბევრ იმდროინდელ პოეტს, პუბლიცისტს გულის შეტევა ჰქონდა, ზოგი სუიციდამდეც კი მივიდა... რეალურად, ბატონმა თამაზმა მასწავლა, წიგნის წაკითხვის დროს როგორი უნდა იყოს კრიტიკული თვალსაწიერი... შემდეგ წავიკითხე აკაკი ბაქრაძის "კინო და თეატრი", სადაც ბატონი აკაკი კინოსა და თეატრში (რომელიც საბჭოთა იდეოლოგიის მიხედვით იყო მოწყობილი) დაშვებულ შეცდომებს აკრიტიკებდა... მოკლედ, ამ კრიტიკული ნაწარმოებების კითხვამ წიგნის მიმართ კრიტიკული თვალით შემახედა: ნაწარმოების პირველი რამდენიმე ფურცლის წაკითხვისთანავე ვხვდებოდი, ამ წიგნის კითხვის გაგრძელება შემეძლო თუ არა... გარდა ამისა, ქართულ ნაწარმოებებში ქრონოლოგიური უზუსტობები იყო. მაგალითად, როცა კონსტანტინე გამსახურდია ბრძანებდა - ერთ-ერთი ნაწარმოების დაწერისას სიტყვას შევეჭიდე და მოსამზადებლად მთელი 4-5 წელი დამჭირდა, იმ კონდიციამდე მივსულიყავი, რომ დამეწერაო, მაშინდელი ქართველი გაპოპულარულებული მწერლები, რომელთა გვარ-სახელები დღეს არავის ახსოვს, ისეთ ნაწარმოებებს წერდნენ, რომლებშიც საუკუნეობრივი ცდომილებები იყო - მაგალითად, კონკრეტული მეფე წიგნში აღწერილ ეპოქაში საერთოდ არ მეფობდა... მოკლედ, კრიტიკული ნაწარმოებების კითხვამ მასწავლა, რა შეიძლებოდა წამეკითხა, როგორი "ხაზით" წავსულიყავი, რომ თვალსაწიერი გამეღრმავებინა და კიდევ უფრო შემეყვარებინა წიგნის კითხვა.
- პაატა, ასაკისთვის შეუსაბამო წიგნი თუ წაგიკითხავთ?
- 13-14 წლის ვიყავი, როცა გი დე მოპასანის "ლამაზი მეგობარი" წავიკითხე. მასში ქალისა და მამაკაცის სასიყვარულო ურთიერთობების ისეთი პასაჟებია, რომ ბევრი რამ ჩემთვის გაუგებარი იყო. კითხვა რომ დავიწყე, დედას გაუკვირდა კიდეც - ამის გაგებას როგორ შეძლებო? როცა თაროსთან მივდიოდი, რაღაცნაირად, ეს წიგნი სულ თვალში მხვდებოდა. ახლაც მახსოვს: შინდისფერ-ყავისფერი ყდა ჰქონდა და ზედ შლაპიანი ქალბატონი იყო აღბეჭდილი. ჩემთვის საინტერესო წიგნი გახლდათ, რადგან თავად მასში აღწერილი ეპოქა, ლირიკული ეპიზოდები საინტერესო იყო, მაგრამ ღრმა დიალოგები, სასიყვარულო ურთიერთობების, საყვარლების ცვლილებების თემები მაშინ ჩემთვის გაურკვეველი, გაუგებარი გახლდათ... იმ პერიოდიდან კიდევ ერთი წიგნი - "ჭაობი" მახსოვს, რომელიც მგონი, პირველი ქართული პორნოგრაფიული წიგნია. ბაბუაჩემი (მამაჩემის მამა) კითხულობდა. მითხრა, - საშენო წიგნი არ არის, ხელი არ მოჰკიდოო. როცა ბაბუა ჩაიძინებდა, წიგნს ვპარავდი, სხვენში სინათლეს ავანთებდი და ვკითხულობდი. როგორც კი ფაჩუნის ხმას გავიგონებდი, ფეხაკრეფით, გულისფანცქალით, შეშინებული წიგნს ადგილზე ვაბრუნებდი... ასე წავიკითხე თავიდან ბოლომდე (იცინის). რა თქმა უნდა, ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან პირველივე გვერდიდან აღწერილია, როგორ უჯდება ქალი ავტომობილში მამაკაცს და... კითხვისას რაღაც დაუშვებელს ვგრძნობდი, რადგან ამ წიგნის წაკითხვა თავიდანვე ამიკრძალეს. ხომ იცი, რასაც გიკრძალავენ, მეტად გაინტერესებს, არა? მაშინ სექსუალური ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ რაღაც ახალს ვკითხულობდი, რაღაც ახალი სივრცე იხსნებოდა, რომელსაც ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის მოსამზადებელ პერიოდში შევყავდი (იცინის).
- ამ წიგნმა თქვენზე რამე ფსიქოსექსუალური ზეგავლენა მოახდინა?
- არა. უბრალოდ, ყოველთვის, როცა გზაზე მდგომ ქალბატონს ავტომობილს უჩერებენ, ეს მუდმივად იმ ნაწარმოებთან ასოცირდება და სულ მგონია, ქალის და ავტომობილის მძღოლის ურთიერთობას ისეთივე გაგრძელება ექნება, როგორიც იმ ნაწარმოებში წავიკითხე. ფიქრებში ფანტაზიები იშლება (იცინის)...
- საკუთარ თავს რომელ ლიტერატურულ პერსონაჟს ამსგავსებთ ყველაზე მეტად?
- ცოტათი ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ ალბათ - გიორგი მეფეს "ლაშარელადან", რომელსაც გლეხის ქალი უყვარდება. როგორც მეფე, რევოლუციონერია, რადგან სიყვარულისთვის იბრძვის და წყობილების წინააღმდეგ მიდის. შეიძლება პოლიტიკური მიზნით რაღაც იდეოლოგიის წინააღმდეგ წახვიდე, მაგრამ პირადი გრძნობები, ურთიერთობები, ადამიანის ნება რომ მნიშვნელოვანია, ესაა საინტერესო. თან, მეფე გიორგი თავისებური იყო: გლეხის ფორმას გადაიცმევდა, დუქნებში დადიოდა, ქეიფობდა... მეფისთვის და დიდგვაროვნისთვის დამახასიათებელი პედანტური ცხოვრებით არ ჰქონდა - ისე იქცეოდა, როგორც სწორად მიაჩნდა. ძალიან "ღია", "გახსნილი ადამიანი გახლდათ... საინტერესო პერსონაჟია.
- როგორ ფიქრობთ, თქვენი ცხოვრება წიგნის სიუჟეტისთვის საინტერესო იქნება?
- კი, რადგან ერთია, რაც კადრიდან, ტელეეთერით ჩანს და მეორე - თუ როგორია ჩვენი რეალური ცხოვრება, ,ყოველდღიურობა, სტრესული ფონი, პრიორიტეტები რა არის, რა გზა გაიარე, ვიდრე იქამდე მიხვედი, სადაც უკვე საზოგადოება გიცნობს... კადრს მიღმა შენი ცხოვრება არ არის უზრუნველი - მატერიალურად, სულიერად...
- სამაგიდო წიგნი გაქვთ?
- ასეთი ჩემთვის პაოლო იაშვილის პოეზიაა. თუკი "შიმშილს" განვიცდი - რაღაცის წაკითხვა მინდა, პაოლო იაშვილის შემოქმედებას ვკითხულობ ხოლმე. საერთოდ, ქართულ პოეზიაში სიმბოლიზმის ეპოქა ჩემთვის ერთ-ერთი პირველია, რომელიც მსოფლიოს ეპასუხება, პაოლო იაშვილი კი - ყველაზე დიდია.
- პაატა, "გზის" მკითხველებს რომელი წიგნის წაკითხვას ურჩევთ?
- პაოლო იაშვილის "ფერად ბუშტებს", რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მასში მწერალს ფრანგი მათხოვრების ცხოვრება აქვს აღწერილი და პარალელებს ავლებს, რა განსხვავებაა ქართველ და ფრანგ მათხოვარს შორის, რა მენტალური სირთულეებია, როგორია თხოვნის მიდგომა, საუბრობს კულტურის და ეთიკის ნორმებზე... საკმაოდ ტრაგიკული ნაწარმოებია... ასევე, ვურჩევ კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებების წაკითხვას. ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება გერმანიაში ცხოვრებისას დაწერილმა ნოველებმა მოახდინა... თურმე, ადამიანს მენტალური განვითარება და გონების გავარჯიშება 80 წლამდე შეუძლია (ცხადია, თუკი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პათოლოგიური პროცესები არ მიმდინარეობს). თუ წიგნთან "ურთიერთობა" მუდმივად გვექნება, ეს დადებით შედეგს იწვევს: გარდა იმისა, რომ კითხვისას ენდორფინები გამოიყოფა, ასევე, აღრმავებს ლოგიკას და თვალსაწიერს. გგონია, რომ ამა თუ იმ ნაწარმოების წაკითხვისას, თუ შენს ცხოვრებას კონკრეტულ პერსონაჟს მიუსადაგებ, მარტო არასოდეს იქნები - შენც მასთან ერთად ცხოვრობ, მეგობრობ, წიგნის კითხვის დასრულებამდე, დასრულების შემდეგ კი - საინტერესო დანალექები, შემეცნება მუდმივად თან გახლავს... ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი უნდა წამეკითხა და გამეგო - ამ დანაკლისს მუდმივად განვიცდი. მინდა ყველას ვურჩიო, რომ ბევრი წაიკითხონ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი - არა...
ეთო ყორღანაშვილი