ნელი აგირბას გზა ტელეეთერიდან „ფხიზელ ტომამდე“
მომხიბვლელი ტელეწამყვანი ნელი აგირბა წლების განმავლობაში ამშვენებდა ქართულ ტელესივრცეს. ამჟამად ის არც ერთ არხზე აღარ მუშაობს, თუმცა ქართველ მაყურებელს მაინც ახსოვს. ნელი თავის რთულ, მაგრამ საინტერესო ცხოვრებაზე გვესაუბრა:
- ჩემი გვარი ბათუმიდანაა. რაც შეეხება ჩემს შორეულ ფესვებს, გადმოცემით ვიცი, რომ როდესაც მუჰაჯირები თურქეთიდან ბრუნდებოდნენ, მათი ნაწილი ბათუმში დარჩენილა. ერთ-ერთი მათგანი იყო ჩემი დიდი ბაბუა, რომელიც ბავშვი გახლდათ, ვერსად წავიდა, ბათუმში დარჩა და ეს გვარი აირჩია. ბებია ლაზი მყავდა, ასე რომ, მუჰაჯირებისა და კოლხების შთამომავალი ვარ, თუმცა მთელი ბავშვობა ბათუმში გავატარე. აფხაზეთში ორჯერ თუ სამჯერ ვარ ნამყოფი და ერთადერთი, რაც იქიდან მახსოვს, ახალი ათონის გამოქვაბულია.
- ტელეწამყვანობაზე ბავშვობიდანვე ოცნებობდით?
- არა, ამ პროფესიაზე ბავშვობაში საერთოდ არ მიფიქრია, თუმცა ჩემი რადიო მქონდა, რომელსაც "პრესტო" დავარქვი. მუსიკას კასეტიან მაგნიტოფონზე ვიწერდი, ვიღაცებს ტელეფონზე ვურეკავდი და ვეუბნებოდი, რომ ახალი რადიო გავხსენი. თქვენ წარმოიდგინეთ, ამის გამო მილოცვებსაც ვიღებდი. მაშინ მხოლოდ 8-9 წლის ვიყავი, მაგრამ ამ ყველაფერს სიამოვნებით ვაკეთებდი. ბავშვობიდან "სწავლის გოგო" ვიყავი, მით უმეტეს, რომ გათხოვებისკენ და ოჯახის შექმნისკენ არავინ მომიწოდებდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ ჩემს ოჯახში კონფლიქტური სიტუაცია იყო, ჩემი მშობლები რამდენჯერმე გაშორდნენ და შერიგდნენ. მოკლედ, ნეგატიური გამოცდილება მქონდა. ამიტომ ვცდილობდი კარგად მესწავლა. სკოლა დავამთავრე და იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე, პარალელურად, მუსიკალურ სასწავლებელშიც ვსწავლობდი და მუსიკალური განათლებაც მივიღე. მიუხედავად ამისა, მაინც ტელევიზიაში აღმოვჩნდი.
- საქართველოში ბევრი კარგი ჟურნალისტია, რომელსაც სულ სხვა სპეციალობა აქვს. გამოდის, რომ თქვენც მათ სიაში მოხვდით?
- სხვათა შორის, ბოლო წლების ტენდენცია ასეთია: ამერიკაში, მაგალითად, ჟურნალისტიკას, როგორც უნარებს ან მეორად პროფესიას, ისე სწავლობენ - მას შემდეგ, რაც ძირითადი პროფესია უკვე აქვთ. ეს ძალიან კარგი გზაა, რომ თავიანთ სფეროში კვალიფიციური ჟურნალისტები გახდნენ. მაგალითად: თუ ტელეწამყვანს სამედიცინო განათლება აქვს, უფრო მეტი შანსია, რომ სამედიცინო გადაცემა კარგად წაიყვანოს. იგივე უნდა ითქვას პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე და სხვა სფეროებზეც. როცა შენი პროფესიის ხალხთან გიწევს ურთიერთობა და ამ სფეროში ღრმა ცოდნა გაქვს, შენი გადაცემა უფრო საინტერესო და ამომწურავი გამოდის.
- თქვენ როგორ მოხვდით ტელევიზიაში?
- ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი და საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობდი "თავისუფლების ინსტიტუტთან". იმ პერიოდში თამარ კინწურაშვილი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმძღვანელად დაინიშნა, თანაშემწე სჭირდებოდა და მე მომმართა. ეს ის დრო იყო, როცა სახლიდან ფულს ვეღარ მიგზავნიდნენ და თუ თბილისში დარჩენა მინდოდა, უნდა მემუშავა. ბუნებრივია, დავთანხმდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თანაშემწე იგივე მდივანი იყო. ძალიან გამიჭირდა, რადგან ამაყი და პატივმოყვარე ვიყავი, ყავის მოდუღებაც არ მომწონდა, რადგან მანამდე ყავა სულ სამჯერ თუ ოთხჯერ მქონდა მოხარშული. ტელევიზიაში რამდენიმე თვე ვიმუშავე და საკმაო გამოცდილება მივიღე. უკვე წამოსული ვიყავი, როცა თამრიკომ ისევ დამირეკა, სტაჟიორების შერჩევას ვაპირებთ და ხომ არ ისურვებდიო? ისევ დავთანხმდი და "დილის გადაცემაში" სტაჟიორად ამიყვანეს. ასე დაიწყო ჩემი სატელევიზიო ცხოვრება: დავრბოდი, დავცოცავდი, ვჩხუბობდი, ვცეკვავდი და ჩემი ჩართვები ყოველთვის აქტიური, დინამიკური იყო. გავიდა ხანი და უკვე იურიდიულ ტოქშოუში მიმიღეს, როგორც წამყვანი, მას დავით აფრასიძესთან ერთად ვუძღვებოდი. ტელევიზიის გამო, უნივერსიტეტში აკადემიური მქონდა აღებული და რომ ვნახე, წამყვანებს ხელფასიც მეტი ჰქონდათ და თავისუფალი დროც, წამყვანობა ვარჩიე. ასე, ტელევიზიის პარალელურად დავასრულე იურიდიული ფაკულტეტი. მენატრება თუ არა ტელევიზია? - მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტიკიდან კარგა ხნის წამოსული ვარ, ის „დრაივი“, აზარტი და ადამიანებთან მუდმივი კონტაქტი ისევ მენატრება.
- ოდესმე თუ ყოფილხართ არჩევანის წინაშე - სიყვარული თუ კარიერა?
- მსგავსი რამ მე არ მახსენდება, მაგრამ ბოლო ხანებში მე თვითონ მივხვდი, რომ უკეთესი იქნებოდა ბავშვებთან ვყოფილიყავი. თუმცა, მათთან ყოველთვის საკმაო დროს ვატარებდი... პრობლემა არ მქონია, რადგან ჩემი გოგონების მამა, ილო ბეროშვილი თვითონაც ამ სფეროშია და ტელევიზიის რეჟიმს კარგად იცნობდა. თანაც, მე ურთიერთობებს ასე ვუყურებ: თუ ერთი ადამიანი მეორეს რაღაცას უშლის, ამას ნორმალური და კარგი ურთიერთობა აღარ ჰქვია, მე ასეთ ურთიერთობაში არ დავრჩებოდი. რაც შეეხება ჩემს მეორე მეუღლეს, "ჩელეს" (ირაკლი ძიმისტარიშვილს) ძალიან არ მოსწონდა ჟურნალისტიკა და არც ჩემი პოლიტიკური სიახლოვე "ნაციონალურ მოძრაობასთან". მე კი ვცდილობდი ეთერშიც ობიექტური ვყოფილიყავი, მაგრამ მაინც არ მოსწონდა... მიუხედავად ამისა, მხარს მიჭერდა და პატივს მცემდა, ამის გამო მისი უზომოდ მადლიერი ვიყავი.
- სამწუხაროა, რომ ის ნაადრევად დაიღუპა და თქვენ გვერდით აღარ არის... ამ გადმოსახედიდან, რა არის თქვენთვის სიყვარული?
- რადგან ღმერთი სიყვარულია და ადამიანი მისი ქმნილებაა, ე.ი. ადამიანიც სიყვარულია. თუ შეგიძლია ყველა და ყველაფერი გიყვარდეს, მაშინ ძალიან ახლოს ხარ ღმერთთან და შენს პირველყოფილ მდგომარეობასთან. რაც შეეხება ოჯახს და პარტნიორულ ურთიერთობას, თუკი ორი ადამიანი თავის თავზე და ამ ურთიერთობაზე მუშაობს, შეძლებენ გადალახონ წინაღობები, რომელიც მათ სიყვარულს ხელს უშლის, მაგრამ თუ გახსნილი, წრფელი ურთიერთობა არა აქვთ, იწყება საყვედურები, ურთიერთბრალდებები და გულიც ვეღარ ხარობს. ვერ გრძნობ რომ სიყვარული შენთანაა და ეს გრძნობა ეგოიზმში ან მესაკუთრეობაში გერევა.
- ბევრი ახერხებს ყოფილ მეუღლესთან იმეგობროს. თქვენ თუ გაქვთ კარგი ურთიერთობა ილო ბეროშვილთან?
- იყო დრო, როცა ერთმანეთთან მეგობრულად ვიყავით, მაგრამ ახლა არანაირი ურთიერთობა აღარ გვაქვს.
- სტატისტიკის მიხედვით, ოჯახის დანგრევის ინიციატორი უმეტესად, ქალია. თქვენ თუ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- მე ასეთ დაყოფას არ ვეთანხმები, რადგან განშორების შემთხვევაში, პასუხისმგებლობას ორივე მხარე თანაბრად ინაწილებს. საკუთარ თავზე მუშაობის და ურთიერთობის გაანალიზების გარეშე ნორმალური, სრულყოფილი ურთიერთობა ვერ ყალიბდება. როდესაც ურთიერთობაზე ორივე მხარე არ ზრუნავს, მას ბზარი უჩნდება და ინგრევა. არ მესმის, როცა ამბობენ, ოჯახის სიმტკიცე ქალზე ან კაცზეა დამოკიდებულიო. მე მგონია, რომ ყველა თავის ფუნქციას უნდა ასრულებდეს და თუ ამას აბსოლუტური გულწრფელობაც ახლავს, მაშინ ურთიერთობა ჯანსაღია. მე და "ჩელეს" ისეთი უჩვეულო გულწრფელობა გვაკავშირებდა, რომ ახლაც მიკვირს. ისეთი რამ გვითქვამს ერთმანეთისთვის, რომელიც თავში გაგიელვებს და საკუთარ თავსაც ვერ უმხელ. ამ ურთიერთობაში, ორივე თანაბრად გულწრფელები ვიყავით, ორივე ვცდილობდით და ვყოჩაღობდით. გადაწყვეტილებების მიღება მასზე იყო - მიიჩნევდა, რომ ის გახლდათ ამ საკითხში მთავარი. მეც თანახმა ვიყავი და ყველაზე მთავარი გადაწყვეტილებების მიღება მას მივანდvე, რადგან მჯეროდა მისი ინტელექტისა და სიბრძნის. ისიც ვიცოდი, რომ ყველაფერს ჩემთვის და ბავშვებისთვის სასიკეთოდ გადაწყვეტდა. იმდენი ჰქონდა ნაფიქრი და ჩემს შვილებზეც ისე ზრუნავდა, რომ მაოცებდა! ამის გამო ძალიან, ძალიან ბედნიერი ვიყავი.
- ბავშვებზეც გვიამბეთ - როგორები არიან, რა მოსწონთ და რა - არა?
- უფროსი, სესილია უკვე 14 წლისაა, საოცრად ნათელი გონება აქვს და ყველაფერს მძაფრად განიცდის, ამას ისიც ხელს უწყობს, რომ რთული ასაკი აქვს, ამიტომ, სკოლის ფსიქოლოგის რჩევით, ცხენოსნობაზე დაიწყო სიარული. ამავე დროს, კარატეზეც დადის. სპორტის ორივე სახეობა მოსწონს და ვატყობ, რომ ძლიერ, დამოუკიდებელ ადამიანად ყალიბდება. მომდევნო - ევა უფრო შემოქმედი ტიპია, სულ რაღაცას ქმნის, იგონებს და ნატრობს - ბუნებაში ყოფნის მეტი არაფერი მინდაო. რატომღაც, ისიც კარატესკენ მიისწრაფვის. მინდა ორივე სხვადასხვა ჯგუფში მივიყვანო, რომ ევასაც დამოუკიდებელი ხასიათი ჩამოუყალიბდეს. უმცროსი ჯერ ბაღში დადის და თანატოლებთან ურთიერთობას სწავლობს. ჩემი ნაბოლარა ძალიან მოძრავი, ცელქი და მხიარული ბავშვია.
- ტელევიზიაში აღარ ხართ, რას საქმიანობთ?
- სულ მინდოდა ისეთი საქმე მეკეთებინა, სადაც ჩემს თავს საჭიროდ და სასარგებლოდ ვიგრძნობდი, ამიტომ, ბოლო ორი წელია თერაპიამ გამიტაცა. ბავშვობაში რომ მკითხავდნენ, მომავალში რა უნდა აკეთოო? ვპასუხობდი, ადამიანთა სულები მუსიკით უნდა განვკურნო-მეთქი. მუსიკა ჩელესთან ყოფნის დროს გამახსენდა, მის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე იოგას ვარჯიში, მედიტაციაც დავიწყე და ეს გახდა ჩემთვის ძირითადი საარსებო წყარო. როცა ის გარდაიცვალა, რამდენიმე ნაცნობმა მკითხა, როგორ მოვახერხე სიმშვიდის პოვნა და სწორედ მაშინ გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილება სხვებისთვისაც გამეზიარებინა. ამ მიზნით, რამდენიმე მეგობართან ერთად ჩამოვაყალიბე გუნდი, რომელსაც "ფხიზელი ტომი" დავარქვით. ჩვენ ერთობლივ თერაპიულ შეკრებებს და მედიტაციას მივმართავთ. მე უფრო ბგერით და მუსიკოთერაპიას ვატარებ - ამ დროს ერთად ვუკრავთ, ვმღერით და ვცდილობთ, ადამიანმა სულიერი და ფიზიკური მთლიანობა შეინარჩუნოს. მედიტაციაც ძალიან გვეხმარება. ჩემი მეგობარი ხატვით და ძერწვით თერაპიასაც იყენებს. ასე ვცდილობთ გამთლიანების და განახლების გზაზე დავდგეთ. მეც აღარ ვარ საკუთარ თავთან კონფლიქტში, რაც ძალიან მომწონს.
- დაბოლოს, თქვენი აზრით, რაში მდგომარეობს ადამიანის წარმატების საიდუმლო?
- ალბათ, ქარიზმაში. ქარიზმა არის აბსოლუტური და ღრმა რწმენა იმისა, რასაც აკეთებ. გამორჩეული მუხტი უნდა გქონდეს, რომ ადამიანებმა დაგიჯერონ და შენ გამოგყვნენ. მეორე ასპექტია ის, რომ ადამიანს თავისი შესაძლებლობების მიმართ რწმენა ჰქონდეს. ადამიანი რეალიზებული უნდა იყოს და თავისი პოტენციალის მაქსიმუმი გამოავლინოს. თუ რწმენით აკეთებ, მაშინ საოცრებებს შექმნი და შენს ენერგიას სხვებსაც გაუზიარებ. და თუ შენი საქმე გიყვარს, მას შრომად ვერც აღიქვამ, პირიქით, გიხარია, რომ ამ საქმეს აკეთებ. ყველაზე უნივერსალური იაპონური მეთოდია - "იკიგაი", რომელიც სამ რამეს გულისხმობს: 1. - ის, რაც გამოგდის; 2. - ის, რაც საჭირო და სასარგებლოა; 3. - ის, რაც პურს გაჭმევს და რაშიც ფულს გიხდიან - თუ ეს სამი კომპონენტი ემთხვევა, ეს იდეალურია. რაც მთავარია, იმას უნდა აკეთებდე, რაც გახარებს. მეც ძალიან მიხარია, რომ ის საქმე, რომელსაც ახლა ვაკეთებ, მთელი გულით მომწონს და მიყვარს.
ხათუნა ჩიგოგიძე