"ჩვენ ძიძიგურები ერთი გუნდი ვართ და რწმენით ვუყურებთ მომავალს"
კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ზვიად ძიძიგურის წიგნის - "ეპიზოდები საქართველოს ისტორიიდან. 1990-იანები და შემდეგ..." პრეზენტაცია გაიმართა.
ზვიად ძიძიგურს საზოგადოების წინაშე წარდგენა არ სჭირდება. 1987 წლიდან აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში. 1995 წელს, შევარდნაძის რეჟიმმა ზვიადი ძმასა და სიძესთან ერთად დააპატიმრა, სასამართლომ მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2000 წელს ძიძიგური ციხიდან ვადამდე ადრე გათავისუფლდა. გათავისუფლების შემდეგ დააარსა პოლიტიკური მოძრაობა "ეროვნულ ძალთა გაერთიანება" და ისევ აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ პროცესებში. აქედან გამომდინარეც საინტერესოა მისი ხედვა საქართველოს უახლესი ისტორიის ქარტეხილებზე. ზვიად ძიძიგური საქართველოს პარლამენტის ოთხი მოწვევის დეპუტატი იყო. ამჯერად კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებული პროფესორია და ლექციებს კითხულობს. ამბობს, რომ სტუდენტებთან ურთიერთობა ძალიან მოსწონს. აპირებს თუ არა ისევ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას, როგორ აფასებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, ამ და ბევრ საინტერესო საკითხზე თავად გვესაუბრა.
- ბატონო ზვიად, გასულ კვირას თქვენი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. გვიამბეთ ამ ნამუშევარზე.
- წიგნი საქართველოს უახლეს ისტორიას, 90-იანი წლებიდან მოყოლებული 2016 წლამდე პერიოდს ეხება. წიგნში მოყოლილი ამბების, ეპიზოდების უშუალო მონაწილე და თვითმხილველი ვარ. კავკასიის უნივერსიტეტმა ამ წიგნის გამოცემა საინტერესოდ მიიჩნია და შიდასაუნივერსიტეტო გრანტი მომცეს. მე არ მაქვს პრეტენზია მეცნიერულ სტანდარტზე. ეს არის თვითმხილველის გადმოცემული ამბები, რომელსაც არა აქვს მემუარული დატვირთვა. ფაქტობრივად, ფაქტების კონსტატაცია და ჩემეული ანალიზია. ამ წლებში საკმაოდ დიდი პოლიტიკური გამოცდილება შევიძინე და შესაძლოა ამ საკითხებზე პოლიტიკური ანალიზის გაკეთების შესაძლებლობა მქონდეს. 150-გვერდიანი მონოგრაფიაა. შეიძლება კიდევ გავაგრძელო ამ მიმართულებით მუშაობა.
- 31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ალბათ, წიგნში მისი პრეზიდენტობის პერიოდსაც ეხებით. მასთან ურთიერთობიდან რამეს ხომ ვერ გაიხსენებთ?
- ერთს გეტყვით, 31 მარტს რეფერენდუმის ჩატარება და 9 აპრილს დამოუკიდებლობის გამოცხადება, ერთგვარი პოლიტიკური "თავხედობა" იყო, რადგან 31 მარტამდე 17 მარტს საბჭოთა კავშირმა ჩაატარა რეფერენდუმი, რომ ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას შეერთებოდა 15 რესპუბლიკა. ამაზე 6-მა რესპუბლიკამ, მათ შორის საქართველომ მაშინ უარი თქვა. საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც ამის შემდეგ რეფერენდუმი დანიშნა, როგორც 17 მარტის რეფერენდუმის ალტერნატივა. ამის გამო ძალიან გაღიზიანებული იყო მიხეილ გორბაჩოვი. მახსოვს უმაღლესი საბჭოს სხდომა, მაშინ ბატონი ზვიად გამსახურდია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იყო და სხდომაზე საჯაროდ თქვა, - წუხელ დამირეკა მიხეილ გორბაჩოვმა და მითხრა, თუ ჩავატარებთ რეფერენდუმს, პრობლემები შეგვექმნება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთშიო. მაშინ მისგან შეიტყო ყველამ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისკენ ნაბიჯების გადადგმა გარკვეულ პრობლემებს შექმნიდა ისტორიული თვალსაზრისითაც. ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა 31 მარტს დამოუკიდებლობის რეფერენდუმში და სწორედ მაშინ დაიწყო სამხრეთ ოსეთში არეულობა. გორბაჩოვმა თავისი მუქარა შეასრულა და სეპარატისტების წაქეზებით პრობლემების შექმნა დაიწყო, მაგრამ მე მინდა ზვიად გამსახურდიას პიროვნებას შევეხო. სხვა ლიდერი მის ადგილას შეშინდებოდა ან თუ არ შეშინდებოდა, გაჩუმდებოდა მაინც და მუქარას საჯარო სივრცეში არ გამოიტანდა. ამით გორბაჩოვს კიდევ ერთხელ შეუთვალა, - შენ რამდენადაც უნდა გაღიზიანდე ჩვენი გადადგმული ნაბიჯებით, ჩვენ არ გავჩერდებით და დამოუკიდებლობის მიმართულებით ვივლითო. მაშინ ეს დიდ პოლიტიკურ გაბედულებას მოითხოვდა. საქართველოს განათლებული, შორსმჭვრეტელი, პოლიტიკური ალღოს მქონე ხელმძღვანელები ჰყოლია, მაგრამ ასეთი ტიპის თავგანწირვა, ასეთი გაბედულება, რაც ზვიად გამსახურდიამ გამოიჩინა, ვფიქრობ, უიშვიათესია. ამიტომაც დღეს, როცა ზვიად გამსახურდიაზე ვსაუბრობთ, როგორც დამოუკიდებლობის მომტან მთავარ ფიგურაზე, სწორედ მისი ხასიათის ეს თვისებები, მისი მრავალწლიანი, დისიდენტური ბრძოლა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ არ უნდა დავივიწყოთ. მას ეს დაეხმარა, რომ უკომპრომისო ყოფილიყო საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საკითხში. მისი როლი და მნიშვნელობა დიდია. დღეს მისი მოწინააღმდეგეც კი დაგიდასტურებს, რომ მთავარი პერსონა, რომელმაც ყველაზე დიდი როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტში, ეს გახლდათ საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.
- ალბათ სიმბოლურია ისიც, რომ მის დაბადების დღეს ჩატარდა რეფერენდუმი.
- მისი ოპონენტები მაშინ ამბობდნენ, თავის დაბადების დღეს სპეციალურად დაამთხვიაო, მაგრამ ასე არ იყო, უბრალოდ, კვირა დღე გახლდათ 31 მარტი. თანაც, მაშინ დროში შეზღუდულები ვიყავით, ვინაიდან 17 მარტს რეფერენდუმი ჩატარდა და ამის მერე არ გვქონდა იმის ფუფუნება, რომ დრო გაგვეჭიანურებინა. პირველ კვირას საორგანიზაციო ამბების გამო ვერ ვასწრებდით, მე მაშინ საორგანიზაციო საკითხებში ჩაბმული ვიყავი ჩემს ქალაქში, სამტრედიაში. კარგად მახსოვს, რაც შეიძლება ოპერატიულად ჩატარდა ყველაფერი. უბრალოდ კვირა დაემთხვა ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, ეს მას არ მოუთხოვია. სხვათა შორის, 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მერაბ კოსტავას დაბადების დღეს დაემთხვა. ის დღეც კვირა იყო. მაშინ ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ზვიად გამსახურდიამ ყველა მოწინააღმდეგე დიდი უპირატესობით დაამარცხა და პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ქვეყანას გაუჩნდა პოლიტიკური ლიდერი პრეზიდენტის სახით.
- თქვენ ჩართული იყავით ეროვნულ მოძრაობაში. მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ურთიერთობებზე ხომ ვერ გვეტყვით რამეს?
- ბატონ მერაბ კოსტავას ვიცნობდი, მაგრამ ბატონ ზვიადს უფრო ხშირად ვხვდებოდი. ბატონ მერაბთან სამწუხაროდ, 3-4 ჯერ მოვახერხე შეხვედრა, მაშინ სამტრედიაში ორგანიზაციას ვხელმძღვანელობდი და აქტიური შეხება მქონდა მერაბ კოსტავასთან, რომელიც იმ პერიოდში ხელმძღვანელობდა საქართველოში წვევამდელთა გაფიცვის აქციასაც, რომ საბჭოთა ჯარში არ გაგვეშვა ჩვენი ბიჭები. მოხიბლული ვიყავი მისი პერსონით. სამწუხაროდ, ბატონი მერაბი მალე გარდაიცვალა. 1989 წლის 13 ოქტომბერს, ქუთაისიდან თბილისში მომავალი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბორითთან ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მათი ერთობლივი შეხვედრები ეპიზოდურად მახსოვს. მაგალითად, ასეთი შეხვედრა იყო ზუგდიდში. მათი ერთმანეთთან დამოკიდებულების შესახებ ბევრი მსმენია. ისინი უერთმანეთოდ ვერავის წარმოედგინა. ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გამარჯვება იყო მათი მიზანი.
- ახლა არ ხართ აქტიურ პოლიტიკაში. გვიამბეთ თქვენს ამჟამინდელ საქმიანობაზე.
- კავკასიის უნივერსიტეტში ვკითხულობ საქართველოს უახლეს ისტორიას. 2018 წელს დავიწყე ეს საქმე, მაშინ ჯერ კიდევ პარლამენტში ვიცე-სპიკერი ვიყავი. უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ მთხოვა საჯარო ლექცია წამეკითხა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით. ამ ლექციის შემდეგ გადაწყდა, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ კავკასიის უნივერსიტეტში იქნებოდა უახლესი საქართველოს ისტორიის კურსი. მეც დავთანხმდი. მნიშვნელოვანი და კომფორტულია ჩემთვის სტუდენტებთან ურთიერთობა. ჩემი შვილების ტოლები არიან. იცით, რამდენიც ჩემმა სტუდენტებმა იციან საქართველოს უახლოეს ისტორიაზე, ამდენი საქართველოს დღევანდელ მმართველობაში მყოფმა პოლიტიკოსებმა რომ იცოდნენ, მერწმუნეთ, ისეთ სისულელეებს არ ჩაიდენდნენ, რასაც ლამის ყოველდღიურად ვხედავთ.
- რამდენად ინტერესდება საქართველოს უახლესი ისტორიით ახალგაზრდობა?
- სამწუხაროდ, ახალმა თაობამ არ იცის რა მოხდა საქართველოს უახლოეს პერიოდში, 90-იან წლებში და მას შემდეგ, მაგრამ ეს არ არის მათი ბრალი; არც ერთ საჯარო სივრცეში, არც ტელევიზიებში, არსად არ არის ინფორმაცია ხელმისაწვდომი ან თუ არის - ძალზე მწირი. რაც შეეხება ჩვენს სტუდენტებს, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის თაობა, რომელზეც ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგი თაობა მოდის. მართალია, ჩვენი გაუკუღმართებული ნარკოპოლიტიკის გამო ბევრი ახალგაზრდა ნარკოდამოკიდებული გახდა, მაგრამ ახალგაზრდების ის ნაწილი, რომლებიც სწავლასა და შრომაში არიან ჩართული, საქართველოსთვის იმედები არიან.
ბოლო 30 წელში იმდენი რამე მოხდა, შესაძლოა სტაბილურ ქვეყნებში ორი საუკუნის განმავლობაში რომ არ მომხდარა. როდესაც შენ თვითონ ხარ ამ პროცესების მონაწილე, შეგიძლია ძალიან საინტერესოდ მიაწოდო ინფორმაცია ახალგაზრდობას, ეს მათ აუცილებლად უნდა იცოდნენ. ვისურვებდი, ბევრი ახალგაზრდა ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში. ვფიქრობ, მათი ენერგია, კრეატიულობა ძალიან პოზიტიური შედეგის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.
- თქვენ დიდი როლი ითამაშეთ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლაში, ამჟამად კი მაყურებლის როლში ხართ, როგორ აფასებთ "ქართულ ოცნებას" და საერთოდ, დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას?
- მე არ ვარ მთლად მაყურებელი, რადგან პოლიტიკურ პროცესებში, მოლაპარაკებში ვარ ჩართული. ვთვლი, რომ თუკი ისევ დარჩება ბიძინა ივანიშვილის პარტია ერთპიროვნულ მმართველობაში, ეს ძალიან ცუდი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, თვითონ მისთვისაც და პოლიტიკური საქმიანობისთვისაც. არ შეიძლება 16 წელი ერთი პარტია იყოს ხელისუფლებაში. ფრთიანი ანგელოზიც რომ იყო, მუდმივად ხელისუფლებაში როცა ხარ, აუცილებლად რქები, კუდი და ჩლიქებიც გამოგივა. არ არსებობს შეუზღუდავი ძალაუფლების პირობებში შენ ისე გააგრძელო ქვეყნის მართვა, რომ ხალხის მაგივრად საკუთარი მუცლის გამოტენაზე არ იფიქრო. ამის ძალიან ცუდი მაგალითები, ძალიან ცუდი კორუფციული სქემები არსებობდა და ივანიშვილის მმართველობის 12 წლისთავზე საქართველო დაემსგავსა ბრეჟნევისეული მმართველობის პერიოდს, სადაც პოლიტიკურ სივრცეში არანაირი პერსპექტივა არ ჩანს და მთელი ქვეყანა კორუფციამ წალეკა.
- ამბობთ, რომ ქვეყანაში კორუფციაა?
- დიახ, ახლა კორუფციის ძალზე მაღალი ხარისხია. ვფიქრობ, თუ კიდევ დარჩება ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის პარტია და მისი სატელიტები, ძალიან ცუდი პროცესები დაიწყება ქვეყანაში. რატომ ვებრძოდით ჩვენ სააკაშვილის ხელისუფლებას? იმიტომ, რომ ბიზნესი, სასამართლო ჯიბეში ჰყავდა ჩასმული, არჩევნებს ატარებდნენ უშიშროებისა და შს სამინისტროს ძალები, მედია იყო შეზღუდული. პატიმრები და ზოგადად, ადამიანის უფლებების ნაწილში საშინელი ვითარება იყო. ვინც მაშინ "ქართული ოცნების" კოალიციაში ვიყავით, ამ პროტესტმა გაგვაერთიანა. დღეს რა ხდება?.. ძალიან მოეწონა ივანიშვილს ისევ ჯიბეში ჩასმული სასამართლო, მედია, ბიზნესი და ყველა სტრუქტურა, რაც კი არსებობს და რაიმე გადაწყვეტილების მიმღებია. სააკაშვილის მმართველობას დაემსგავსა და ბევრ ნაწილში გაასწრო კიდეც. არჩევნების ნაწილში სააკაშვილი, რომელიც კარგად ფლობდა გაყალბების ხელოვნებას, სიამოვნებით გადაიღებს ამ ახალ მეთოდებსაც, თუკი ოდესმე მიეცემა ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობა, მაგრამ ეს არ მოხდება. იმედი მაქვს, ვერც სააკაშვილი დაბრუნდება და ბიძინა ივანიშვილის მმართველობაც უნდა დამთავრდეს.
- ბოლო დროს ხშირად ისმის, აბა ვის მივცე ხმა, სად არის ოპოზიციაო?
- ეს არის ძირითადი პრობლემა. ოპოზიციას ხალხთან კომუნიკაცია დაკარგული აქვს. ოპოზიციაში უნიჭო ხალხი არ არის. პოლიტიკა ისეთი დარგია, რომ უნიჭო და არააქტიურ ადამიანებს ვერ ეგუება. რა მოხდება, უახლოეს თვეებში გამოჩნდება. პარტიებმა უნდა დაიწყონ ურთიერთობა საზოგადოებასთან და არა მარტო ტელევიზიით გამოჩენა და ივანიშვილის გინება. სხვისი გინება არ ნიშნავს, რომ შენ კარგი ხარ. როდესაც ქვეყანაში ასეთი მიგრაციაა, ასეთი ნარკოპოლიტიკა, ამდენი პრობლემა, პარტიებმა საზოგადოებას უნდა შესთავაზონ გამოსავალი და უთხრან, რას როგორ გაუმკლავდებიან. პარტიების დაპირებები კი ხალხს არ ავიწყდება.
- ზვიად, აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდებით?
- ჩემი მთავარი ინტერესია, ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა არ იყოს. ვფიქრობ, რაღაც ტიპის რესურსი მაქვს გამოცდილების ნაწილში. ამიტომ, თუკი რამით შევუწყობ ხელს კიდევ ერთ კონფიგურაციას, მზად ვარ ამისთვის. ჩემი მთავარი ამბიცია ეს არის და არა ის, რომ კიდევ ერთხელ დავინახო ჩემი თავი პარლამენტის რიგით წევრად. თუმცა არაფერს გამოვრიცხავ.
- მაინც რომელი პოლიტიკური პარტიაა თქვენთვის მისაღები?
- მოდი, ახლა არ დავკონკრეტდები...
- ქალბატონ სალომე ზურაბიშვილზე რას იტყვით?
- ქალბატონ პრეზიდენტს შეუძლია ითამაშოს სერიოზული როლი მისი სტატუსიდან, მისი რეიტინგიდან გამომდინარე, რომელიც განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ დააგროვა სწორი პოლიტიკური განცხადებებით. ვფიქრობ, საარჩევნო პროცესში არ ჩაერთვება როგორც პრეზიდენტობის ან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. თავისი სტატუსის მაქსიმალურად გამოყენებით აქვს შესაძლებლობა, არჩევნები დაიცვას გაყალბებისგან. თუ პარტიები მოახერხებენ და მასაც ჩართავენ საქმეში არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ, სერიოზული როლის თამაში შეუძლია საერთაშორისო კავშირებიდან გამომდინარე.
- თქვენი აზრით, კორუფცია რომელ სფეროშია?
- ხელისუფლების წარმომადგენლები ბოროტად იყენებენ ძალაუფლებას თავიანთი კეთილდღეობისთვის. ყველგან არის, არ შეიძლება ერთ სფეროში იყოს და მეორეში ყველაფერი წმინდა გახლდეთ, ასე არ ხდება. კორუფციის მაგალითი იყო, როცა პრემიერ-მინისტრმა კერძო ვიზიტი განახორციელა სახელმწიფო თვითმფრინავით ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასეთი ნაბიჯი რატომ გადადგა, ამის ახსნა ახლაც არ მაქვს, მაგრამ ცალსახად ადასტურებს, რომ ქვეყანაში არის სრული დაუსჯელობის განცდა, საზოგადოების სრული იგნორირება და საკუთარი ფინანსური ინტერესების დაუფარავად გამოცხადება. სასამართლო ხელისუფლება ჯიბეში უზის ბიძინა ივანიშვილს. აშშ-მა სანქციები რომ დაუწესა მოსამართლეებს, პრემიერ-მინისტრი იქით მივიდა მოსამართლეებთან, - ნუ გეშინიათ, ჩვენ არ დაგტოვებთ ამ გაჭირვებაში, თქვენ გვერდით მიგულეთო... მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო გახდეს სამართლიანი. უსამართლო სასამართლოთი ქვეყანას ვერ ავაშენებთ. დღევანდელ სასამართლოს არ აქვს არავითარი ნდობა. ძალიან ცოტა დროა დარჩენილი არჩევნებამდე და არავითარი კრეატივი, ენერგია არ მოდის ოპოზიციური სპექტრიდან, ამიტომ აქვს კითხვა საზოგადოებას, თუ ვის მისცეს ხმა. ოპოზიციამ სასწრაფოდ სერიოზული ნაბიჯები უნდა გადადგას.
- ცოტა რამ თქვენს ოჯახზე, შვილებზე გვიამბეთ.
- 5 შვილი მყავს, სამი უკვე სტუდენტია, პარალელურად მუშაობენ; ორი ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობს. ბავშვები გაიზარდნენ და ჩემმა მეუღლემაც დაიწყო სკოლაში პედაგოგად მუშაობა. ეკა ფილოლოგია. მადლობა ღმერთს, ოჯახში სიმშვიდე და ჰარმონია მაქვს. ჩვენ ძიძიგურები ერთი გუნდი ვართ და რწმენით ვუყურებთ მომავალს. ერთი შვილი ბიზნესს სწავლობს, მეორე პროგრამირებას, მესამე - არქიტექტორია. ზრდასრული ადამიანები არიან და ვფიქრობ, გამოადგებიან ჩვენს ქვეყანას.
- ალბათ ახლა მათთან ურთიერთობისთვის მეტი დრო გრჩებათ.
- ახლა უფრო მეტი დრო მაქვს, მაგრამ ახლა თავად არ სცალიათ, რადგან სწავლის პარალელურად მუშაობენ. უფრო სკოლის მოსწავლე შვილებთან მაქვს ხშირი ურთიერთობა. ძალიან დიდი კომფორტია ჩემთვის შვილებთან ურთიერთობა, ამაზე საუკეთესო რა უნდა იყოს?! ამისთვის დროს ყოველთვის ვნახულობდი. ოჯახი ძალზე მნიშვნელოვანია ყველა ადამიანის ცხოვრებაში. ჩემი სახლიც ჩემი ციხესიმაგრეა.
თეა ხურცილავა