მოულოდნელად შერჩეული პროფესია და ხანგრძლივი აპლოდისმენტები კანში - გზაპრესი

მოულოდნელად შერჩეული პროფესია და ხანგრძლივი აპლოდისმენტები კანში

თავისუფალი თეატრისა და ტელევიზიის პარალელურად, როგორც რეჟისორი, მიწვევით თბილისის კლასიკური გიმნაზიაში მუშაობს, სადაც სხვადასხვა სპექტაკლსა და საღამოს დგამს. სცენარების წერა თავად ურჩევნია და თანაც - ფურცელზე კალმით, მანამ, სანამ მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ასტკივდება, მაგრამ შედეგით კმაყოფილი რჩება და წერის პროცესი სიამოვნებს.

ბავშვობის ემოციები

- ბავშვობაში საქართველოში არ ვცხოვრობდი, ციმბირში ვიზრდებოდი. მამაჩემი მშენებელი იყო და ოჯახი იქ ვცხოვრობდით. ყოველთვის მქონდა ნოსტალგიის შეგრძნება. ვოცნებობდი იმ დღეზე, როცა საქართველოში ჩამოვიდოდი, აქედან წასვლა კი არ მინდოდა ხოლმე და მუდმივად ფეხს ვითრევდი. თან, იქაურ ჰავას ვერ ვიტანდი, მუდმივად აკლიმატიზაციის პროცესი მქონდა და როცა თბილისში გამომიშვებდნენ, უზომოდ მიხაროდა. ბავშვობაში საქართველოში ყოველი ჩამოსვლა ჩემთვის დიდი შთაბეჭდილება იყო.

პროფესიული არჩევანი

- 13 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა. მთაწმინდაზე სახლი გვქონდა, მე და დედა საცხოვრებლად თბილისში დავბრუნდით. სწორედ იმ დროს ქვეყანაში ვითარება აირია, „პერესტროიკა“ დაიწყო, რასაც 9 აპრილი და სხვა ცნობილი მოვლენები მოჰყვა. ეს ის დროა, როცა მსახიობობაზე კი არა, იურისტობაზე ვოცნებობ, რაც „ილუზიონში“ ნანახი დეტექტივის შთაბეჭდილების ქვეშ მოქცეულმა გადავწყვიტე. შავ-თეთრ ფილმში მარლენ დიტრიხი თამაშობდა და ისე მოვიხიბლე, ადვოკატობა მომინდა. 1993 წელს სკოლა დავამთავრე და ჩემით ვმეცადინეობდი იურიდიულზე ჩასაბარებლად. ბესიკის ქუჩის N6-ში ვცხოვრობდი, სადაც იმ დროს ჩემი სახლის პირდაპირ თემურ ბაბლუანი „უძინართა მზეს“ იღებდა. დიდი ინტერესით ვუყურებდი სამზადისს და მთელ იმ პროცესს. საერთოდ, კინო ბავშვობიდან მიყვარდა და დღემდე ასე ვარ, კინოთეატრშიც ხშირად დავდიოდი. ბებია მეცოსოპრანო მყავდა, კოლორიტული ქალბატონი, ცდილობდა მეც მემღერა და მისი წყალობით მუსიკალური სასწავლებელიც დავამთავრე, მაგრამ მაშინ მუსიკის მეცადინეობა მეზარებოდა და სულ წამებით მივიყვანე სწავლა ბოლომდე. ბავშვობაში ცეკვაც მიყვარდა და „მაიმუნობაც“, ახტაჯანობა, ჩემთვის რაღაცებსაც ვდგამდი, მაგრამ მსახიობობაზე არასდროს მიფიქრია, რადგან ძალიან მორცხვი ვიყავი. დედამ რომ დაინახა გადაღების პროცესს ინტერესით ვაკვირდებოდი და თან, თეატრალური ინსტიტუტი იქვე, სახლთან ახლოს მექნებოდა, გადაწყვიტა ბედი მეცადა. მაშინ ასე ხდებოდა, ვის ჯგუფშიც გინდოდა ჩაბარება, ფურცელზე უნდა მიგეთითებინა. იმ წელს ჯგუფს იყვანდნენ: მიშა თუმანიშვილი, ლილი იოსელიანი და კოტე სურმავა. არც ერთი ვიცოდი ვინ იყო (იღიმის). იქვე ბიჭები იდგნენ, ერთ-ერთს მოვეწონე და ვისთანაც თავად სურდა ჩაბარება, მეც მისი ჯგუფი მირჩია, - კოტე სურმავა დაწერეო. ასეც მოვიქეცი. გამოცდებზე ისე გავედი, არც ეტიუდი ვიცოდი რა იყო და არც სხვა, ჩასაბარებლად საჭირო პროგრამა მქონდა მომზადებული. ჟიურიში რუსუდან ფარამუზაშვილი იჯდა და რომ დამინახა, ალისა ფრეინდლიხი მოვიდაო. ამ მსახიობს ბავშვობიდან მამსგავსებდნენ და მანაც ეს აღნიშნა. მერე თავისი ქუსლიანი ფეხსაცმელი გაიხადა და მითხრა, ჩაიცვიო. მანამდე ცხოვრებაში ქუსლიანი არ მცმია, „შევდექი“ და შევეცადე მოცემული ეტიუდი მთელი გულით გამეკეთებინა. მოკლედ, სკოლაში ნასწავლი ლექსით და იმ ეტიუდით, ეტყობა ჟიურიმ ჩემში რაღაც დაინახა და ტურიდან ტურში გადავედი. თან, სასწაული კონკურსი იყო, მაგრამ ფაქტია, სტუდენტი გავხდი (იღიმის).

kani1-copy-1712597331.jpg

პირველი სამუშაო გამოცდილება

- თეატრალურში ჩაბარების შემდეგ, რა თქმა უნდა, თეატრში აქტიური სიარული დავიწყე. მაშინ პირველი სპექტაკლი რაც ვნახე, მარჯანიშვილის თეატრში „ურიელ აკოსტა“ იყო. აქვე გეტყვი, რომ დავით დოიაშვილის ჯგუფი დავამთავრე, რადგან მეორე კურსიდან ბატონმა კოტემ დაგვტოვა. დოის ქუთაისში გულანთებულებმა ჩავაკითხეთ - გვინდოდა ის ყოფილიყო ჩვენი რეჟისორი. დაგვთანხმდა. პედაგოგი რასაც ჰქვია, ამ სიტყვის სრული გაგებით, ჩემთვის ასეთი დოი აღმოჩნდა. თუ მანამდე მორცხვი და ჩაკეტილი ვიყავი, ჩემთვის დოი იყო ადამიანი, ვინც „გამხსნა“ და შემცვალა. დოიკომ დადგა „მარატ-სადი“, რომელსაც ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. იმ დროს, როცა ინსტიტუტს ამთავრებ, თავი ყველას მაგარი ჰგონია და ფიქრობ, რომ ახლა თეატრები მიგიწვევენ, მაგრამ თეატრალურს ამთავრებ და არაფერი! მე არ ვარ ის ტიპი, ვინც ფარ-ხმალს ადვილად ყრის, უფრო სწორად, შემიძლია თავი ყველაფერში მოვსინჯო. საერთოდ, დანებება ჩემი სტილი არ არის. სხვადასხვა დროს ბანკშიც მიმუშავია, სადაზღვევოშიც, ნამცხვრებსაც ვაცხობდი და ვაბარებდი. მოკლედ, ბევრი რამ მიცდია, რადგან ვთვლი, რომ ხელები არასდროს უნდა ჩამოყარო. ერთხელ ცხოვრობ და უნდა იყო ძლიერი. ამიტომ 1997 წელს თეატრალური რომ დავამთავრე, საქართველოში ჯერ კიდევ სიბნელე იყო და არაფერი ხდებოდა. სამუშაოდ ბარში, მიმტანად მივედი, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი დღით მოხდა. მგონი ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მწარე გამოცდილება იყო და ერთადერთი პროფესია, რომელსაც ალბათ ვერასდროს შევძლებ. დახურულ სივრცეში ბოლო ხმაზე ისმოდა უგემოვნო მუსიკა, იქაურობა სიგარეტის კვამლით იყო გაბუღული და მთელი დღე ფეხზე ვიდექი. ასე არაკომფორტულად თავი ცხოვრებაში არ მიგრძნია. შინ გვიან რომ დავბრუნდი, მაშინაც კი თავში გუგუნის ხმა მესმოდა. აღარაფერი მინდოდა. დავწექი და ზუსტად ვიცოდი, მომდევნო დღეს ბარში აღარ წავიდოდი...

ოფელია

- მეორე დღეს მეძინა, როცა სახლის ტელეფონმა დარეკა. ზარმა გამაღვიძა: გამარჯობა, მე ავთო ვარსიმაშვილი გახლავართ. „ჰამლეტს“ ვდგამ, ოფელიას ვეძებ, კასტინგი მაქვს და გთხოვთ მობრძანდეთო. რა თქმა უნდა, გავიქეცი. ბატონ ავთოს მოვეწონე და დავრჩი. ვერ აგიხსნით, როგორი განცდა მქონდა. ისეთი ბედნიერი ვიყავი, სხვა არაფერი მაინტერესებდა. თან, გასაუბრებაზე რომ შევედი, მაშინ შევიტყვე სპექტაკლში ვის უნდა ეთამაშა. ჰამლეტის როლს გოჩა კაპანაძე ასრულებდა. იქვე იყვნენ: გურამ საღარაძე, თათული დოლიძე, რამაზ ჩხიკვაძე, გოგი ქავთარაძე... ეს იყო ჩემთვის დაუვიწყარი შთაბეჭდილება და სასწაული, რომლის გადმოცემაც სიტყვებით შეუძლებელია. ამ ხალხის გვერდით იმხელა პასუხისმგებლობა ვიგრძენი, არანაირი უფლება არ მქონდა, რამე გამეფუჭებინა, პირიქით, გაათმაგებული ძალებით ვიმუშავე, რაც კი შემეძლო ვიხარჯებოდი და როგორც იტყვიან, საქმეში თავით გადავეშვი. მათ კი შვილივით მიმიღეს და მეფერებოდნენ. ვფიქრობ, ის ადამიანები სხვაგვარად უყურებდნენ საქმეს, თეატრს და საერთოდ ყველაფერს. მართლა ვარსკვლავები იყვნენ, გამორჩეული და განსხვავებულები. ჩემთვის სულ უმნიშვნელოვანეს პიროვნებებად დარჩებიან და სამწუხაროდ, ახლა ჩემთვის მათი მსგავსი ადამიანების ნაკლებობაა.

00opelia-copy-1712597341.jpg

სამი უმნიშვნელოვანესი ადამიანი

- პირველი - ეს არის მამა, რომელიც ჩემთვის იყო ყველაფერი. სამაგალითო ადამიანი, რომელმაც მასწავლა ცხოვრებაში რა მიზნისკენ უნდა წავსულიყავი. სულ ერთად ვიყავით და არასდროს მტოვებდა. ახალი წლის შესახვედრად, მეგობრებთან ერთად სადმე რომ წავიდოდი, 12 საათს 15 რომ აკლდებოდა, ფორიაქს ვიწყებდი. მეგობრებთან ყოფნა კი მინდოდა, მაგრამ მაინც გული შინ, მამასთან და ოჯახისკენ მიწევდა. რამდენიმე წუთით ადრე მამა გამოჩნდებოდა, რადგან ისიც უჩემოდ ვერ ძლებდა და ეს მახარებდა.

მამა რომ გარდამეცვალა, ძალიან ცუდად გადავიტანე. ეს იმდენად მძიმე იყო, სუიციდის მცდელობაც კი მქონდა, მაგრამ მერე „აქეთ მოვიხედე“ და ფიქრი სხვანაირად დავიწყე. არ ვიცი, ეს ჩემი ფანტაზიაა და უბრალოდ ასე მინდა იყოს, მაგრამ სულ ვგრძნობ, მთელი ცხოვრება მომყვება და გვერდში მიდგას...

მეორე, რა თქმა უნდა იყო დოიკო, რომელმაც, როგორც უკვე გითხართ, ჩემში ჩაბუდებული ტკივილი, ჩაკეტილობა და სიმორცხვე მომიხსნა, გასაღები მომიძებნა და ჩემი თავის სცენაზე „გამოტანა“ მასწავლა. დღემდე ის ჩემი პედაგოგია და სპექტაკლებზე რომ მოდის, მუხლები მეკვეთება - მეშინია, რას მეტყვის და როგორ შემაფასებს (იღიმის).

ძალიან ბევრი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი... რასაკვირველია, ვგიჟდები შვილებზე, მაგრამ რადგან სამი უნდა დავასახელო, რა თქმა უნდა - ჩემი მეუღლე დავით ბეშიტაიშვილი უნდა ვახსენო. ოჯახი შევქმენით, სამი შვილი გვყავს და ერთად 22 წელი გავიარეთ. სოფიო 24 წლისაა, ნატალია 21-ის, ხოლო ნიკოლოზი 12-ის. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წელია მეუღლეს დავშორდი, ვმეგობრობთ და ერთმანეთს ყველანაირად ვუგებთ. უბრალოდ, ორივე ჩვენ-ჩვენ გზაზე წავედით. ცხოვრებაში ასეც ხდება...

დაუვიწყარი კანის კინოფესტივალი

- მიყვარს პარიზი, ვენა, მაგრამ 2023 წლის გაზაფხულზე, რეჟისორ ელენე ნავერიანის ფილმის კანში „შაშვი, შაშვი მაყვალის“ გუნდთან ერთად რომ ვიყავი, ეგ კიდევ ცალკე დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა. წითელ ხალიჩაზე გავლა, კინოფესტივალზე ფილმის პრემიერა და მისი დასრულების შემდეგ მაყურებლის 15-წუთიანი ტაში, სასწაული შეგრძნება იყო! როცა ნამუშევარი ასე ფასდება და ხალხი აღფრთოვანებას გამოხატავს, მსახიობისთვის უმნიშვნელოვანესია. ალბათ ყველა მსახიობის ცხოვრებაში ასეთი მოვლენა ერთხელ მაინც უნდა ხდებოდეს. ვთვლი, რომ იღბლიანი ვარ, არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, არამედ საერთოდ, ცხოვრებაში ხშირად მიმართლებს (იღიმის).

ანა კალანდაძე