რატომ წავიდა "იმედიდან" ვასკა გრიგალაშვილი - გზაპრესი

რატომ წავიდა "იმედიდან" ვასკა გრიგალაშვილი

პაატა გულიაშვილმა გადაწყვიტა, ეკრანზე აქტიურად უნდა გამოვსულიყავი და მეც დავეთანხმე", - ამბობს ვასკა გრიგალაშვილი. დიდი დრო არ არის, რაც ის "იმედიდან" "რუსთავი 2"-ში გადავიდა და იუმორისტების გუნდს შეუერთდა. რა იყო ამის მიზეზი, რა აკვირვებს ყველაზე მეტად, რის გამო იღებს საყვედურებს და რა როლზე თქვა უარი მიუღებლობის გამო? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1982 წლის 21 იანვარი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. კომედიური ჟანრის ფილმები მიყვარდა, განსაკუთრებით - იპოლიტე ხვიჩიას პერსონაჟი მიზიდავდა და დიდი სურვილი მქონდა, მეც მსგავსი კომიკური პერსონაჟი შემექმნა.

- სამსახიობოზე ჩაბარება რატომ არ მოინდომე?

- მშობლების რჩევა გავითვალისწინე, მათ უნდოდათ იურიდიულზე ჩამებარებინა, როგორც ჩანს, მე პრინციპულობა მაკლდა და დღეს პროფესიით იურისტი ვარ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...კარგი იუმორი აქვს და მხიარულიაო.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...აუცილებლად ბავშვობის ოცნებას ავისრულებდი, მსახიობი ან ფეხბურთელი გამოვიდოდი.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...ჩემი დამსახურებაა. ეს ალბათ მაშინ იყო, როცა სოციალურ ქსელში პირველი ვიდეო "გავარდა", რომელიც გადამფრენ ფრინველებზე ჩავწერე.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...მეუღლეს და ჩემს შრომისმოყვარეობას.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს ოჯახი და ბედნიერებაა, რომ ხალხს ვუყვარვარ, ამას ხშირად ვგრძნობ.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...კარგი ხასიათი, იუმორი.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...დავეხმარო ადამიანებს, რაშიც დავჭირდები.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...არასდროს ვამბობ "არ გამომივა". ნებისმიერი საქმის წამოწყებისას, იმედიანად ვარ განწყობილი, უკან დახევა არ ვიცი და ეს ძალიან მშველის.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...სიზარმაცე. ახლა ურთიერთგამომრიცხავი რაღაც ვთქვი, მაგრამ ზოგჯერ ვამბობ ხოლმე ფრაზას "ხვალ გავაკეთებ". ფიზიკური საქმის გაკეთება ყველაზე მეტად არ მიყვარს, ძალიან მეზარება.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ ყველას არ უნდა ვენდო. ადამიანებმა იმედები ბევრჯერ გამიცრუეს, გული მატკინეს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ჩემი შვილის მომავალზე ვფიქრობ.

- საკუთარი სიბერე როგორ წარმოგიდგენია?

- საკუთარი სიბერე წარმომიდგენია სურამში, ჩემს სახლში, შვილიშვილებთან და ბევრ შინაურ ცხოველთან ერთად.

- ვნანობ...

- ...პროფესიული არჩევანის დროს პრინციპული რომ არ ვიყავი.

- ამის გამო მშობლებისთვის საყვედური გითქვამს?

- დღემდე ვეუბნები, მაგრამ მშობლებმა ჩემთვის მაქსიმუმი გააკეთეს, ყოველთვის, ყველა ეტაპზე მხარში მედგანან. მათი თანადგომა ჩემთვის დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია, მადლიერი ვარ.

- პროფესიით არასდროს გიმუშავია?

- არასდროს, ჩემი მხრიდან ალბათ ესეც ერთგვარი პროტესტი იყო.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...სადმე თბილ ქვეყანაში და ვისვენებდე. მზე და ზღვა ძალიან მიყვარს.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უსამართლობას. რთულია საკუთარ თავზე კონტროლი დამაკარგვინო, მაგრამ უსამართლობას რომ ვეჩეხები, ამ დროს სიმშვიდეს ვეღარ ვინარჩუნებ. არ აქვს მნიშვნელობა, ამბავი მე მეხება თუ არა, რეაქცია ყველა შემთხვევაში მძაფრი მაქვს.

- ამ მდგომარეობაში ისეთი საქციელი თუ ჩაგიდენია, რომელიც შემდეგ გინანია.

- კი, ჩხუბი მომსვლია ადამიანთან, რომელთანაც შეიძლებოდა ვითარება სიტყვით მომეგვარებინა.

- მეზარება...

- ...ფიზიკურად მუშაობა. ბევრჯერ მიცდია და არც გამომდის.

- სიყვარული ეს...

- ...არის განცდა, როცა შენს თავს კარგავ და სხვას პოულობ.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...მთელ ტანში ჭიანჭველები დარბოდნენ. სკოლის წლების ამბავია.

- ჩემი მეუღლე...

- ...გახლავთ სალომე ბუაძე, ის სურამში ჩემი მეგობრის ოჯახში დასასვენებლად იყო ჩამოსული, მათთან მივედი თუ არა, პირველივე დანახვისთანავე ვუთხარი: შენ ჩემი მეუღლე უნდა გახდე-მეთქი. ასე არასტანდარტულად დაიწყო ჩვენი ამბავი. მან იფიქრა, ეს მგონი ცოტათი ვერ არისო, მაგრამ მე თავი არ დავანებე და გადაწყვეტილება სისრულეში მოვიყვანე.

- ერთი დანახვით როგორ მიხვდი, იმ დროს გულწრფელი იყავი?

- არ ვიცი, რამდენად გულწრფელი ვიყავი, მაგრამ რაღაც ვიგრძენი, ისე, ჰაერზე არ მითქვამს. დღეს ჩემი მეუღლე ძალიან დიდ დახმარებას მიწევს, ბედნიერი ვარ. ის რომ ჩემ გვერდით არ ყოფილიყო, ახლა როგორც ვარ, ასე ვერასდროს ვიქნებოდი.

- მაკვირვებენ...

- ...უემოციო ადამიანები. არაფერი რომ არ აღელვებთ. რაღაც მნიშვნელოვანს რომ მოიგებენ და აუღელვებლად იტყვიან "დიდი მადლობა". მე ამ დროს შეიძლება ჩავიკეცო. ახლა ჩვენი ნაკრების თამაში რომ იყო, ბოლოს სულ ფეხზე ვიდექი და ისე ვუყურებდი. უკვე ვფიქრობდი, რომ დავეცემოდი, ვეღარ ვუძლებდი. გამარჯვების გოლის შემდეგ, 15 წუთი მაინც არაამქვეყნიური ვიყავი.

- მგონი, მთელი ქვეყანა ამ დღეში იყო და ემოცია დღემდე გრძელდება.

- ფეხბურთს ვთამაშობდი და ვიცი, რა არის გამარჯვების ფასი. ასეთი გამარჯვების სიხარული ვერ გამოვცადე და ვერც გამოვცდიდი, მაგრამ ჩემთვის ფეხბურთი და მით უმეტეს, საქართველოს ნაკრების თამაში ცხოვრების ნაწილია, ფეხბურთის გარეშე არ შემიძლია. ამ სიბერეში ავიღე მწვრთნელის ლიცენზია და ეს ჩემი სიბერის საქმე იქნება. გულდაწყვეტილი ვარ, მოედანზე მისვლა რომ ვერ მოვახერხე, გადამყიდველებმა ხალხი გარეთ დატოვეს. მათ არ იციან, რა არის ფეხბურთის სიყვარული.

- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ჩემმა შვილმა, რომელიც 12 წლის არის და ივნისში გოგონას ველოდები. სამშობლოს ვალიც მოვიხადე და - სიდედრისაც (იცინის).

- ვრისკავ...

- ...ძალიან იშვიათად, ექსტრემალი არ ვარ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ტკბილეულია. ვითომ დიეტას ვიწყებ და ბოლომდე ვერასდროს მიმყავს.

- ბოლოს ვიტირე...

- ...ფეხბურთის მატჩის დროს.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...მსიამოვნებს. ზოგი ამბობს, პოპულარობა დამღლელიაო.

- თავად რას ფიქრობ? ბოლო დროს, "პაატა გულიაშვილის და ნიკა არაბიძის შოუში" კოლას ბიჭის როლში, ეკრანზე აქტიურად ჩანხარ.

- ამისთვის ძალიან დიდი მადლობა პაატა გულიაშვილს, შანსი რომ მომცა. ეკრანზე აქამდეც უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ იყო რაღაცები, რის გამოც გული მწყდებოდა. პაატამ გადაწყვიტა, რომ ეკრანზე აქტიურად უნდა გამოვსულიყავი და მეც დავეთანხმე.

- ეს ხომ არ იყო იმის მიზეზი, რომ შენ "იმედიდან", სადაც გიორგი გაბუნიას შოუს სცენარისტად მუშაობდი, სხვაგან გადახვედი?

- დაახლოებით. იმ პოტენციალს, რომელიც მაქვს, იქ სათანადოდ ვერ ვხარჯავდი.

- სურამელები შენს პოპულარობას როგორ აფასებენ?

- შაბათს და კვირას სურამში ვატარებ, ხშირად ჩავდივარ. გუშინ სუფრასთან ვისხედით და მითხრეს, მაგარი იყავი, ძმაოო. შაირები მოსწონდათ, ნიკას და პაატას ნაწილიც ჩემი დაწერილი იყო და სურამელებმა მითხრეს, იმათი არ ვარგოდა, შენ რასაც ამბობდი, ეგ სჯობდაო (იცინის).

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ყველგან ადრე რომ მივდივარ. 1 საათით ადრეც მივსულვარ, რის გამოც საყვედურს უფრო ხშირად ვისმენ, ვიდრე შექებას.

- მეშინია...

- ...ადამიანების დაკარგვის. მინდა ყველა ჯანმრთელად მყავდეს. სიმაღლის შიშიც მაქვს, ფრენის შიშის გამო, საზღვარი არასდროს გადამიკვეთია. შეიძლება საზღვრის ანუ ქვეყნის დატოვების შიშიც მაქვს.

- ვინმემ რომ გითხრას, გერმანიაში ჩვენი ნაკრების თამაშის ბილეთს გაჩუქებო, ვერ გაფრინდები?

- ეს ერთადერთი რამ არის, რის გამოც შემიძლია, საკუთარ შიშს გადავაბიჯო. მგონია, შევძლებ.

- ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულია...

- ...შექება.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...წონაში დავიკლებდი. რომ გითხრა, ჩემს ცხვირსა და ყურებზე ვგიჟდები-მეთქი, ტყუილი იქნება (იცინის), ბევრ რამეს შევცვლიდი.

- ვუფრთხილდები...

- ...ურთიერთობებს.

- თავისუფლება არის...

- ...როცა შეგიძლია შენს თავს მისცე უფლება, გააკეთო რაც გინდა, მაგრამ იყო პასუხისმგებელი საკუთარ ქცევებზე.

432889735-25431127826501092-3560487340146540896-n-copy-1712597851.jpg

- ყველაზე მეტად მაბრკოლებს...

- საკუთარი თავი. ზედმეტი სიფრთხილე კარგი არც არის.

- როცა მარტო ვარ...

- ...წერა მიყვარს და ფილმების ნახვა.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...კარგად ვიქნებოდი. პირველ რიგში, მანქანას შევცვლიდი, მერე სხვა საკითხებს მივხედავდი. ვიცი, რომ ლოგიკურად დავხარჯავდი.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...რაც ჩემთვის მიუღებელია, ვერ გავაკეთებ. სხვათა შორის, მქონდა შემოთავაზება, რეკლამაში ტრანსგენდერის როლი მეთამაშა და უარი ვთქვი. შეიძლება ჰომოფობიურად აღიქვას ვინმემ, მაგრამ არ შემიძლია.

- მენატრება...

- ...ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს ჩემ გვერდით აღარ არის.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს მშველის ოჯახთან ერთად დროის გატარება და რაღაც საქმის კეთება, გონება რომ "გადავრთო". ფეხბურთის ყურება ყველაზე კარგი გამოსავალია.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...არ დანებდეთ, თქვენი ოცნებებისთვის იბრძოლეთ!

თამუნა კვინიკაძე