ისტორიული გამარჯვების სიხარული და ემოცია, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება - გზაპრესი

ისტორიული გამარჯვების სიხარული და ემოცია, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება

და ამ გამარჯვებით საქართველოს ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

თამაში 120 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, პენალტების სერიაში, გამარჯვების გოლი ნიკა კვეკვესკირმა 23:43 წუთზე გაიტანა.

რა უნდა ითქვას ემოციაზე? ცრემლებამდე მისულ გამარჯვების სიხარულზე, ადამიანების გულებიდან მთელ ქვეყანას რომ მოედო. ეს ხომ უფრო მეტი იყო, ვიდრე ერთი ჩვეულებრივი გოლი, კარში შევარდნის შემდეგ, გალელი ბიჭის გულში ჩუმად ნათქვამი: "შენთვის ჩემო აფხაზეთო!". ეს იყო იმედი, რწმენა, ღირსება, მომავალში გადადგმული დიდი ნაბიჯი... რამდენი რამის მთქმელი და დამტევი იყო ბიჭების თავდადება და მერე სიხარული, "დიდი ბავშვების" გულწრფელი ემოციების ზღვა... 27 მარტს საქართველოში სულ სხვაგვარი დილა გათენდა.

გამარჯვების სიხარული გაგვმრავლდებოდეს!

რა ხდებოდა ჩვენი ფეხბურთელების ოჯახებში, მათი მშობლების და ახლობლების გულებში, როგორი იყო მათთვის ეს 120 წუთი და როგორ იზეიმეს გამარჯვება? დღეები გავიდა, მაგრამ ემოცია არ მინელებულა.

1 წლის წინ, გიორგი ჩაკვეტაძის დედასთან, მთვარისა რუხაძესთან ასეთი დიალოგი მქონდა.

- 2018 წლის მარტიდან გიორგი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია. ნაკრების თამაშებს გაცილებით დიდი ემოცია ახლავს, არა?

- ყველა თამაში ძალიან დიდ ემოციასთან არის დაკავშირებული.

- როდესაც თქვენი შვილი მოედანზეა, თქვენ - ტრიბუნაზე..

- ...(მაწყვეტინებს) სტადიონზე ფეხბურთს ისეთი ემოციით ვუყურებ, ისეთი დაძაბული ვარ, სახლში მისულს ბევრი რამ აღარ მახსოვს და ისევ თავიდან ვუყურებ.

- გოლი როცა გააქვს?

- გული ამოვარდნაზე მაქვს.

ქალბატონ მთვარისას ახლაც დავუკავშირდი და ვთხოვე, ემოცია გაეზიარებინა:

- სტადიონზე ვიყავი, მაგრამ მთელი თამაში თავდახრილი ვიჯექი და ჩემებს ვეკითხებოდი, რა ხდება? თავის აწევა ვერ შევძელი, ემოციას ვერ ვუძლებდი. იქ ჩემს 2 ბიჭთან, რძალსა და მეუღლესთან ერთად ვიყავი, ჩვენთან ერთად იყო ახლაგორიდან ჩამოსული სტუმარი, მამა ანტონი, რომელიც ოკუპირებული რეგიონიდან, თამაშზე დასასწრებად სპეციალურად ჩამოვიდა, ჩემი მეუღლის ბიძაშვილია.

- გამარჯვების გოლის ნახვაც ვერ შეძელით?

- ვერა, გამარჯვების ყიჟინა რომ ატყდა, თავი მაშინ ავწიე, მაყურებელი უკვე სტადიონს იყო შესეული. მოგვიანებით, შინ რომ დავბრუნდი, ყველაფერს ტელევიზორში ვუყურე.

- როგორი იყო თქვენთვის 27 მარტის დილა?

- უბედნიერესი ვიყავი, ჩემი გიორგის ოცნება ასრულდა, ბიჭებმა მთელი საქართველო გაახარეს, ყველას სათითაოდ ვეფერები. საოცარი დილა იყო, ღამე ერთი წამიც კი არ მძინებია.

- ამ მატჩის შემდეგ, გიორგისთან პირველი შეხვედრა როგორი იყო? რა გითხრათ?

- უზომოდ გახარებული და ბედნიერი იყო, 12 საათზე უნდა გაფრენილიყო, დრო საერთოდ არ ჰქონდა, ბილეთი გადაუცვლია და გვიან ღამე წავიდა.

- გიორგის გზა დღევანდელ დღემდე არ ყოფილა მარტივი, ჰქონდა ტრავმები, დაბრკოლებები, მაგრამ ფსიქოლოგიურად არ გატეხილა, ძლიერი აღმოჩნდა...

- მართალია, 18 წლის ასაკში უკვე ძალიან პოპულარული იყო, შემდეგ კი ტრავმის გამო 2 წელზე მეტი გაუცდა. სულ ვარჯიშობდა, ტრენაჟორებზე დადიოდა, არასდროს იმედი არ გადაუწურია და მისმა მონდომებამ და უდიდესმა შრომამ შედეგიც გამოიღო. ვამბობ ხოლმე, მხოლოდ მე და გიორგიმ ვიცით, ის რაც მან გადაიტანა. გიორგი ძალიან ძლიერი აღმოჩნდა, მებრძოლი სულით.

- უკან დახევა არასდროს უფიქრია, უცდია?

- არა, მეც სულ ვამხნევებდი, ვეუბნებოდი, უნდა დაამტკიცო რომ ძლიერი ხარ-მეთქი. ახლაც ძალიან ბევრს შრომობს. ინგლისის ჩემპიონატი რომ იყო, სანამ ნაკრების შეკრებაზე წამოვიდოდა, თითქმის ყოველ მესამე, მეოთხე დღეს თამაშები ჰქონდა, 29 მარტსაც თამაში ჰქონდა, ძალიან გადაღლილი იყო, მაგრამ განაცხადში ჰყავდათ შეყვანილი და უნდა ეთამაშა.

- გამარჯვების შემდეგ ბიჭების სიხარული და ზეიმი სასიამოვნო სანახავი იყო. თქვენი შვილის ემოციებმა თქვენზე როგორი იმოქმედა?

- მეც არ ვიცოდი, ასე თუ მღეროდა და ცეკვავდა. იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო გაიხსნება, უკეთესი და უკეთესი იქნება. ვინც მილოცავს და ამ სიხარულით ხარობს, ყველას ვეუბნები, ღმერთმა ყველას საკუთარ შვილებზე განაცდევინოს ის, რასაც ახლა მე განვიცდი-მეთქი. 1981 წლის 13 მაისს "დინამომ" რომ გაიმარჯვა, ამ ამბავზე სულ ვტიროდი ხოლმე, ახლა ეს განცდა თავს უფრო დიდი ძალით დამატყდა და უკვე ამ სიხარულზე მეტირება. ეს დღეები სულ დაკავებული ვიყავი, სოციალურ ქსელში ბევრ რამეს ახლა ვნახულობ და ჩემი გული არ წყნარდება. ბედნიერი ვარ, რომ ყველამ მაგრად ითამაშა, ყველამ ძალიან მოინდომა და ყველას მადლობას ვეუბნები.

- ახლა გიორგი ინგლისურ საფეხბურთო კლუბში "უოტფორდი" თამაშობს, მასთან ჩასვლას რამდენად ახერხებთ?

- ადრე უფრო ხშირად ვახერხებდი, ინგლისში მიმოსვლა უფრო გართულებულია, ვიზაა საჭირო, მაგრამ ძალიან მინდა წავიდე.

- ეროვნული ნაკრების წევრი ფეხბურთელების დედები ერთმანეთს თამაშებზე მაინც თუ ნახულობთ?

- კი, ახლაც იქვე მოედანზეც ვნახეთ ერთმანეთი. ჩემი გიორგი, ქოჩორაშვილი და გუგეშაშვილი ბავშვობიდან სულ ერთად იყვნენ. გუგეშაშვილის დედა მოვიდა და მითხრა, ერთი ფოტო ვიპოვე, საწოლში ერთად რომ წვანან და უნდა გადმოგიგზავნოო. ჩვენ ყოველთვის ახლო ურთიერთობა გვქონდა. ქვილითაიას მამას უფრო ხშირად ბელგიაში ვხვდებოდით.

რამდენიმე წელია სტადიონზე აღარ ვყოფილვარ, ჯერ "კოვიდი" იყო, შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა. ეს თამაში რომ ჩაინიშნა, ვფიქრობდი, უნდა წავიდე, ბიჭები აუცილებლად მოიგებენ-მეთქი. ღმერთო, არასდროს დამავიწყდება, იქ როგორი ემოცია იყო, ყველანი როგორ განცდებში ვიყავით. ახლა დავფიქრდები ხოლმე, ისე რომ მომხდარიყო და ჩვენებს წაეგოთ, ნეტავ სტადიონიდან ცოცხალი წამოვიდოდი? დროში როგორ გაიწელა, ამ ბიჭებმა რას გაუძლეს, რა დღე გავიარე, ღმერთო, მადლობა რომ ყველაფერი ასე დასრულდა და დღეს ყველანი გახარებულები ვართ.

- გერმანიაში გამგზავრებას გეგმავთ?

- ძალიან მინდა წავიდე, ჯერ ზუსტად არ ვიცი.

- 1 წლის წინ, თქვენთან ინტერვიუ, რომ ჩავწერე, გიორგის პირველ წარმატებაზე გკითხეთ და მითხარით, რომ ეს იყო 10-11 წლის ასაკში, როდესაც ის ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და დავით ყიფიანის სახელობის თასი გადასცეს. რა სიმბოლურია, რომ 18 ივნისი, თურქეთის ნაკრებთან თამაშის დღე, დავით ყიფიანის დაბადების დღეა.

- მართლა? დიდი იმედი გვაქვს, რომ ბიჭები ისევ გაგვახარებენ. ეს ორი დღე ჩვენს სახლში ზეიმი იყო, ბევრი ადამიანი მოდიოდა და გვილოცავდა. ახლა ბიჭებს ძალიან დიდი სტრესი ჰქონდათ და მიუხედავად ამისა, როგორი თამაში შეძლეს, მათ სხვა არჩევანი აღარ ჰქონდათ, უნდა მოეგოთ! თურქეთის ნაკრებთან თამაშისას, ასეთი დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ აღარ იქნებიან.

- 26 მარტს, გიორგის მოედანზე გასვლამდე ელაპარაკეთ?

- ველაპარაკე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გიორგიმ ბევრი ლაპარაკი საერთოდ არ იცის, მე სულ ვცდილობ, შევაგულიანო, ვეუბნები, გიორგი, აბა, შენ იცი, დე, ბოლომდე იბრძოლე, გაგვახარე! მისი პასუხებია "კი", ან "არა" და იმიტომ ვარ გაოცებული, გამარჯვების შემდეგ, როგორ იქცეოდა, როგორი ემოციური იყო, როგორ მღეროდა და ცეკვავდა, ვიდეოები რომ ვნახე, თვალებს ვერ დავუჯერე.

- გისურვებთ, რომ თქვენი შვილი და ჩვენი ქვეყანა კიდევ ბევრჯერ გვენახოს გახარებული!

- ღმერთმა გისმინოთ! თამაშის შემდეგ, მე და ჩემი ოჯახის წევრები გარეთ რომ გამოვედით, სახლისკენ სხვა მანქანით მოგვიწია წამოსვლამ, ჩვენი მანქანა სტადიონის ტერიტორიაზე იყო. ქუჩაში რომ გამოვედი და ქომაგების ზეიმი ვნახე, მთელი ღამე სიხარულის ცრემლები მქონდა. ჩემი შვილები ხომ საერთოდ გაგიჟდნენ, ისეთი ბედნიერები იყვნენ.

zuka-dedastan-copy-1712598091.jpg

ზურიკო დავითაშვილის დედა თამუნა წიწილაშვილი, შვილის პირველ წარმატებას ასე იხსენებს:

- 8 წლის იყო, როდესაც ერთ-ერთ ტურნირზე, მისი გუნდი ფინალში გავიდა, მართალია, ზუკას გუნდმა ფინალში კარგად ითამაშა, მაგრამ მაინც წააგო. იმ დღეს ზუკა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. რადგან შინ პატარა ბავშვი მყავდა, მე ამ თამაშზე დასწრება ვერ მოვახერხე. მახსოვს, რომ დაბრუნდა, თან დაღონებული იყო, თან გახარებული, აღარ იცოდა, რა ექნა, როგორ მოქცეულიყო. დადარდიანებულმა მითხრა, დედა, ვერ მოვიგეთო. მერე თურქეთში იყო, ბავშვთა ჩემპიონთა ლიგა იმართებოდა. იქ ფინალშიც გაიმარჯვეს და ზუკა იმ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 11 წლის ასაკში, ეს დიდი აღიარება იყო, 12 ქვეყნის გუნდი გამოდიოდა, მათ შორის საუკეთესოდ დასახელება პატარა ამბავი არ იყო.

- როგორი იყო მაშინ თავად ზუკას ემოცია? ყოველ წინ გადადგმულ ნაბიჯს, როგორ ხვდება?

- მადლიერებით, წყნარად და მშვიდად. უხარია, რომ ჩვენ გვახარებს. მამამისის სიხარული მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, იცის, მის თითოეულ თამაშს, ჩვენ როგორ განვიცდით.

მღელვარებამ და ნერვიულობამ 26 მარტის საღამოს კულმინაციას მიაღწია. იყო დიდი სიხარული, ბევრი ცრემლი და იმედი, რომ ეს ყველაფერი დასაწყისია.

თამუნა წიწილაშვილი:

- 26 მარტს სტადიონზე ვიყავი, ძალიან დიდი დაძაბულობა, ნერვიულობა გამოვიარეთ. ვხედავდი, ბიჭების თავდაუზოგავ ბრძოლას, თითოეული მათგანი რამდენად მონდომებული იყო. 120-მა წუთმა ისე ჩაიარა, მაყურებელი ერთი წუთითაც არ მოდუნებულა. პენალტების სერია რომ დაინიშნა, პირადად მე ემოციურად ყველაზე მეტად მაშინ გამიჭირდა.

- ალბათ განსაკუთრებით იმ წუთს, როცა პენალტის დასარტყმელად ბურთთან ზურიკო მივიდა.

- კი, ძალიან, ძალიან ვინერვიულე, მიუხედავად იმისა, რომ ზუკას იმედი მქონდა. მანამდე მამარდამ რომ მოიგერია და დაიცვა ჩვენი კარი, ეს შემდეგი დამრტყმელი ფეხბურთელისთვის უდიდესი მოტივაცია იყო. უკვე ერთი ნაბიჯით წინ ვიყავით, ვიცოდი, ზუკა გაიტანდა. ჩემს გულში რა ტრიალებდა, სიტყვებით ვერასდროს გადმოვცემ, რა გითხრათ, ეს ყველა მშობელმა უნდა განიცადოს.

- მატჩის დაწყებამდე ზუკას ელაპარაკეთ?

- მივწერე, წარმატება ვუსურვე, არ ინერვიულო, გაგვახარეთ, თქვენი გვჯერა-მეთქი. გამამხნევებელი მესიჯი გავუგზავნე და მან, როგორც სჩვევია, მომწერა; მადლობა დედუცი და გულები გამომიგზავნა.

- ამ გამარჯვების შემდეგ, ზუკასთან პირველი შეხვედრა გაიხსენეთ.

- ზუკა ჩვენთან დილით მოვიდა. ყველანი ემოციებისგან ისეთი დაცლილი ვიყავით, უკვე აღარაფრის თავი აღარ გვქონდა, მქონდა შეგრძნება, რომ ყველანაირი ემოცია სტადიონზე დავტოვე, თუმცა ამ შეხვედრას მაინც თან ახლდა ცრემლი და სიხარული. იმ ღამეს სახლისკენ რომ წამოვედით, გზადაგზა ისეთი ამბები ხდებოდა, ისეთი ზეიმი იყო, მანქანების დიდი კოლონები, 3 საათამდე ქუჩაში ყოფნამ მოგვიწია. ასეთი ზუკა, ასეთი კვარა არასდროს მინახავს, სულ სხვანაირები იყვნენ, რას აკეთებდნენ, თავადაც არ იცოდნენ.

- ზუკა როგორი მამაა, ეს სტატუსი არცთუ ისე დიდი ხანია აქვს.

- არ მეგონა, პატარასთან ასე თამამად თუ იქნებოდა. 8 საათის განმავლობაში სახლში არ არის, ვარჯიშიდან რომ მოდის, ცოტა ხნით იძინებს, მერე სულ მიასა და დათისთან არის. შეუძლია საჭმელი გაუკეთოს, დაბანოს, გამოუცვალოს... ძალიან თბილი მამაა.

- ამ დიდი გამარჯვების შემდეგ, დათის ნათლობა გქონდათ, პატარას ნათლია კვარაა.

- დიახ, დათი ბიჭი გავაქრისტიანეთ. კვარა და ზუკა დიდი ხანია მეგობრობენ და შვილის ნათლიად აირჩია. ბოლო წუთამდე არ ვიცოდით, მოხერხდებოდა თუ არა ნათლობა, ბიჭებს ისეთი რეჟიმი ჰქონდათ, ყველა წუთი გათვლილი იყო. მიხარია, რომ დათის ნათლობა მოვახერხეთ, მერე ბიჭები ჩვენთან შინ ცოტა ხნით შეიკრიბნენ, მაგრამ სადმე წასვლა და აღნიშვნა ვერ მოვახერხეთ, ამდენი დრო არ ჰქონდათ.

- ზუკას საქართველოდან წასვლის შემდეგ უკვე ჰქონდა ბორდოში თამაში, გოლიც გაიტანა, ეს მატჩი ალბათ იმითაც დაამახსოვრდება, რომ დათი მამის თამაშს პირველად დაესწრო.

- დიახ, ზუკამ ეს გოლი, დათის მიუძღვნა.

- გერმანიაში თამაშზე დასასწრებად წასვლას აპირებთ?

- ყველანაირად ვეცდებით, რომ წავიდეთ, ჩვენი შვილებისთვის მნიშვნელოვანია, ოჯახის წევრები მათ გვერდით ვიყოთ და გავამხნევოთ.

მანანა წურწუმია გამარჯვების გოლის ავტორის ნიკა კვეკვესკირის კლასის დამრიგებელი მე-5 კლასიდან სკოლის დასრულებამდე იყო. პატარა ნიკა ბავშვობიდანვე ფეხბურთის დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა, მას და მის თანატოლებს თურმე ბურთი ხშირად კლასშიც შეჰქონდათ. ყურადღება რომ გაფანტოდა, მასწავლებელი ართმევდა, მაგრამ ცოტა ხანში, საიდანღაც ჩნდებოდა მეორე ბურთი.

მანანა წურწუმია:

- ნიკა კვეკვესკირს მე-5 კლასიდან ვიცნობ, სკოლის დასრულებამდე მის კლასს ვხელმძღვანელობდი. ნიკა ძალიან მოწესრიგებული ბავშვი იყო, გარდა იმისა რომ ფეხბურთი უყვარდა, კარგადაც სწავლობდა. ყველა საგანს თანაბრად კარგად ფლობდა, არა მხოლოდ ფეხბურთში, სწავლაშიც დაუზარელი იყო. კლასელებთან ერთად სულ ფეხბურთს თამაშობდა. სკოლას რომ ამთავრებდნენ, ჩვენ გვქონდა აქტივობა, თითქოს ცნობილი ადამიანები იყვნენ და ჟურნალისტს მათთან ინტერვიუები უნდა ჩაეწერათ. რატომღაც ნიკას ცნობილი ფეხბურთელის როლი შეხვდა და სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ვუწინასწარმეტყველეთ.

- ხომ არ გახსოვთ, როგორი იყო ნიკას პასუხები?

- არ მახსოვს, მაგრამ ვიდეოა გადაღებული და ვინმეს შეიძლება შენახულიც ჰქონდეს.

- ფეხბურთის გამო გაკვეთილებს ხომ არ აცდენდა?

- ბოლო წლებში უწევდა გაცდენა, მოგეხსენებათ, ეს სპორტი უდიდეს შრომას მოითხოვს. რამდენჯერმე მის სახლშიც მივედი და მისი მშობლებისგან მივიღე პასუხი, რომ ნიკა ტურნირზე ან შეკრებაზე იმყოფებოდა. მას უმიზეზოდ გაკვეთილი არასდროს გაუცდენია.

- ბავშვური სიცელქის გამო არასდროს გაუბრაზებიხართ?

- შესვენების დროს, ან ფიზკულტურის გაკვეთილზე ბურთს რომ თამაშობდნენ, შემდეგ, გაკვეთილზე შემოჰქონდათ და ეს პროცესი რომ არ ჩაეშალათ, ხშირად ვართმევდი, მაგრამ საიდანღაც ჩნდებოდა მეორე ბურთი, არ ვიცი, ამას როგორ ახერხებდნენ.

- საბერძნეთის ნაკრებთან მატჩის შემდეგ, სოციალურ ქსელში ძალიან სწრაფად გავრცელდა ნიკას ყოფილი მეზობლის პოსტი, სადაც ეწერა, რომ ნიკა უფულობის გამო შეკრებაზე ვერ წავიდა. ამის შესახებ თქვენ რა იცით?

- ეს პოსტი სკოლაში ჩემმა ერთმა კოლეგამ წაიკითხა და მე მაშინვე გავაპროტესტე, ეს რა ტყუილი დაუწერიათ-მეთქი. მე ნიკას ოჯახში არაერთხელ ვარ ნამყოფი, ჩემი სამსახურისგანაც ვიყავი ვალდებული, უნდა მცოდნოდა, როგორი იყო ბავშვის მდგომარეობა. ნიკას მშობლები მას არაფერს აკლებდნენ, შემიძლია ეს 100%-თ დავადასტურო. ძალიან კარგ ოჯახშია აღზრდილი.

- ცნობილია, რომ ნიკა გალიდანაა, ერთ-ერთ ინტერვიუში თავად თქვა, როდესაც კარგად ვითამაშებ, ან გოლს გავიტან, არ არსებობს, ჩემთვის გულში მაინც არ ვთქვა: "შენთვის ჩემო აფხაზეთო".

- დიახ, მისი ოჯახი დევნილია აფხაზეთიდან, მეც დევნილი ვარ, ჩვენ ამ თემაზე არაერთხელ გვისაუბრია, აფხაზეთი ყველას დიდი ტკივილია და ალბათ ნიკას ოცნებაა, რომ აფხაზეთში ითამაშოს.

- ნიკა ბოლოს როდის ნახეთ?

- სკოლის დამთავრების შემდეგ არ მინახავს, სულ საზღვარგარეთაა. ახლა ნიკა რომ თამაშობდა, ძალიან განვიცდიდი, ნორმალურად ეკრანსაც ვერ ვუყურებდი, გამარჯვების გოლი რომ გაიტანა, ისე გავიხარე, რომ არ ვიცი, ემოცია როგორ გადმოგცეთ. მეორე დღეს სკოლაში რომ მივედი, ყველა მის ამ წარმატებას მილოცავდა, თქვენმა მოსწავლემ გაგვამარჯვებინაო. სკოლის შესასვლელში ნიკას ბანერი გამოვაკარით, იქ ყველა ბავშვმა იცის, ვინ არის ნიკა კვეკვესკირი. ბავშვები ძალიან მოტივირებულები არიან, სურვილი აქვთ, სკოლა თავადაც ასახელონ. ნიკა მათთვის კარგი მაგალითის მიმცემი აღმოჩნდა, რაც ძალიან მახარებს.

- რას ეტყვით ნიკას ჩვენი ჟურნალის საშუალებით?

- ნიკა, გისურვებ იყო წარმატებული შენს საქმეში, ცხოვრებაში და შემდეგი გოლი ევროპის ჩემპიონატზე გაგეტანოს!

თამუნა კვინიკაძე