"ახლა ქართული ფეხბურთის მიმართ გერმანიაშიც დიდი ინტერესია..."
თავიდან თამაშობდა, შემდეგ კი მწვრთნელებმა ურჩიეს, რომ მსაჯობის მონაცემები ჰქონდა და ამ გზას გაჰყოლოდა. პირველად 14 წლისამ იმსაჯა და მოედანზე გასვლის ემოცია დღემდე მოჰყვება... ახალგაზრდა ერთდროულად სწავლობს და მუშაობს.
- აქ არ არის აუცილებელი ადამიანს მსაჯობისთვის სპორტული კარიერა ჰქონდეს. ეს სრულიად ცალკე სფეროა. ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვა და თეორიული მომზადება გვჭირდება, გვიტარდება გამოცდები. ვაანალიზებთ თამაშებს, ვსწავლობთ დეტალებს და სხვა. გერმანიაში ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თეორიულ ტესტებს, რადგან როგორც ასაკოვან, ასევე ახალგაზრდა მსაჯებს ტრენინგებს ატარებინებენ, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ამავდროულად, სასარგებლოა, რადგან გარდა იმისა, რომ ცოდნას სხვებს ვუზიარებთ, მას თავადაც ვიმტკიცებთ.
- ზოგჯერ ფეხბურთის ორივე ტაიმს, 90 წუთს დამატებითი დროც ემატება. ამ დროის განმავლობაში ფეხბურთელები იცვლებიან, მაგრამ მსაჯი იგივე რჩება, სირბილს გონებრივი მუშაობაც ემატება - შეცდომა არ უნდა დაუშვა, რამე არ გამოგრჩეს, რაც ალბათ ძალიან დიდ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დატვირთვას მოითხოვს, ხომ?..
- დიახ, ასეა, მაგრამ დროთა განმავლობაში გამოვიმუშავებთ გამძლეობასა და ნებისყოფას. მუშაობის პროცესში იმდენად კონცენტრირებული ვარ იმაზე, რომ არაფერი გამომრჩეს, სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ, დაღლასაც კი ვერ ვგრძნობ. მახსოვს პირველი მსაჯობა. 14 წლის ვიყავი. მოზარდები თამაშობდნენ, ალბათ ჩემი თანატოლები ან ჩემზე ერთი წლით უმცროსები. ეს საინტერესო იყო ჩემთვის, რადგან იქამდე თავადაც ვთამაშობდი ფეხბურთს და მიუხედავად იმისა, რომ მსაჯობისთვის მომზადებული ვიყავი როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად, ტესტებშიც ყველაზე მაღალი ქულა ავიღე, არაერთი პრაქტიკული და თეორიული გამოცდაც ჩავაბარე, როდესაც მოედანზე გავედი, მიუხედავად ყველაფრისა, ემოციები მაინც ისე მომეძალა, ლამის ბურთს გავეკიდე... თან, რადგან ამ ამპლუაში ახალი და ასაკით პატარა ვიყავი, ყველა მაკვირდებოდა, რაც კიდევ უფრო მძაბავდა. ეს იყო კიოლნის "ფორტუნასა" და Verband Mittelrhein/DFB გუნდები, თამაში 6:4, კიოლნის სასარგებლოდ დასრულდა, მაგრამ ისე ვინერვიულე, ერთი სული მქონდა მატჩი როდის დამთავრდებოდა.
როდესაც გამოცდილი ფეხბურთელები ახალ მსაჯს, ანუ ახალ სახეს გხედავენ, გცდიან, შენს ნერვებზე თამაშობენ და ცდილობენ შენი სუსტი წერტილი დაადგინონ, ანუ რაზე "ავარდები". ზოგი ამას ჩუმად აკეთებს, ზოგიც აგრესიულად. როდესაც სიტუაცია იძაბება, ახალბედა მსაჯზე ზეწოლის მოხდენას ცდილობენ, რათა საბოლოოდ ყველაფერი მათ სასარგებლოდ გადაწყდეს. განსაკუთრებით მაშინ, თუ მნიშვნელოვანი თამაშია ან გუნდების ანგარიში ფრეა და მოგებამდე ერთი ნაბიჯი რჩებათ. ამ დროს მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც პიკს აღწევს და ემოციების კონტროლი უჭირთ.
- არის შემთხვევები, როდესაც თამაშის ბედი დამატებით წუთებში გადაწყდება ხოლმე... რის მიხედვით ნიშნავენ დამატებით დროს?
- ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენი დარღვევა, იძულებითი პაუზა იყო, რაც ხშირად ფეხბურთელების ტრავმებით, სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული და ეს დრო უნდა დაკომპენსირდეს. რაც უფრო მეტი ფეხბურთელი იღებს ტრავმას, მით უფრო ხშირად ჩერდება თამაში... ასეთ დროს მსაჯიც უფრო ფრთხილად უნდა იყო, შეცდომა რომ არ დაუშვა, რადგან ერთ არასწორ გადაწყვეტილებას თამაშის ბედის შეცვლაც კი შეუძლია. არის შემთხვევები, როცა ფეხბურთელები სიმულანტობენ. დროთა განმავლობაში თვალი ეჩვევა და მარტივად ხვდები, ვის სჩვევია მსგავსი რამ.
- ალბათ ცალკე თემაა ქომაგების აგრესია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი ფავორიტი გუნდი აგებს და როგორც წესი, წაგება უმეტესად მსაჯს ბრალდება.
- დიახ, ასეა... თავიდან ძალიან განვიცდიდი და ვნერვიულობდი მათგან წამოსული რეაქციების გამო. ზოგი პირდაპირ ლანძღვა-გინებაზე გადმოდიოდა, მაგრამ ესეც გამოცდილებაა, დროთა განმავლობაში ეჩვევი მათ დაიგნორებას. თუ შეგამჩნიეს, რომ მათ გამოხდომებზე რეაგირებ, უფრო გააქტიურდებიან, ამიტომ ყურადღება არ უნდა მიაქციო. ფეხბურთს ხომ უდიდესი ემოცია ახლავს, რომლის მართვა ტრიბუნაზე მყოფი ფანებისთვის რთულია. მათთვის ობიექტური მსაჯის მიღებაც ძნელია. ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა ისინი გაუძევებიათ, რადგან მსაჯს ან ფეხბურთელს დაემუქრნენ.
თუმცა, დროთა განმავლობაში ბევრ რამეს ეჩვევი. როდესაც მოედანზე გავდივარ, ვცდილობ თავდაცვის მექანიზმი "ჩავრთო" და თამაში წესების გარდა, არაფერზე ვიფიქრო. ესეც საკუთარ თავზე მუშაობის ნაწილია.
- ყვითელი ბარათების თემაზეც გკითხავთ - მსოფლიოს ჩემპიონატში, როდესაც ფინალში არგენტინა-საფრანგეთი შეხვდნენ, არაერთი სპორტული ჟურნალისტი და ბლოგერი აღნიშნავდა, რომ მსაჯი მესის მიმართ ოდნავ ლოიალური იყო - არ აჯარიმებდა მაშინ, როდესაც მსგავს სიტუაციაში სხვისთვის ყვითელი ბარათიც კი მიუცია.
- როდესაც მსაჯობა მიწევს, საფუძვლიანად ვსწავლობ ორივე გუნდის შემადგენლობას, იმ ფეხბურთელების თვისებებს, რომელთაც მოედანზე ვხვდები. მსაჯი კარგად უნდა მოემზადოს, რომ მათი გავლენის ქვეშ არ მოექცეს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც პოპულარული ფეხბურთელები თამაშობენ, ყურადღებაც გაასმაგებულია და მხარეებს სპეკულირების საბაბი არ უნდა მისცე.
რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს და მესის თამაშს, როგორც ვიცი, ის მსაჯი მესის ერთ-ერთი თამაშიდან იცნობდა, სადაც საკმაოდ უსიამოვნო გადაკვეთაც ჰქონდათ; იმის გამო, რომ მას შეურაცხყოფა მიაყენა, არგენტინელ ვარსკვლავს ფინანსური სანქციის გადახდაც კი მოუხდა.
ძირითადად, ადგილობრივი გუნდების თამაშებზე ვმსაჯობ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ გერმანიის ყველა ქალაქში ემოციური ქომაგები არიან, ძალიან თვითკრიტიკული ვარ, რათა ვინმეს საბაბი არ მივცე. როდესაც გამოწვევები მატულობს, პასუხისმგებლობაც დიდია. როცა თამაშის ტემპი ჩქარდება და მსაჯი მუდმივად დაძაბულია, რაღაცები უკვე ინსტინქტების დონეზე მაქვს. თუმცა, მიუხედავად ამისა, არ ვჩერდები, რადგან ეს ისეთი სპორტია, ფეხდაფეხ რომ უნდა მიჰყვე.
- WAR-ის შემოღებამ მსაჯებს საქმე გაუმარტივა თუ პირიქით?
- ცოტა არ იყოს, ზოგჯერ დამაბნეველია, რადგან საბოლოოდ მაინც ინდივიდუალურად იღებენ გადაწყვეტილებას - არის შემთხვევები, როდესაც ერთსა და იმავე შემთხვევას, სხვადასხვა სიტუაციასა და თამაშში, მსაჯები სხვადასხვაგვარად განიხილავენ. მას შემდეგ, რაც ის შემოიღეს, კამათი არ შემწყდარა.
- თავად რომელ გუნდს გულშემატკივრობთ?
- ჩვენს გუნდს, "ლევერკუზენს", რომელიც ჩემთვის მართლაც ოჯახივითაა, ძალიან მეგობრული გარემოა. ბოლო ხანებში გუნდს ძალიან დიდი წარმატებები აქვს, ბუნდესლიგაზე პირველ ადგილზე ვართ... გუნდის ადმინისტრაციას უკვე ნაქირავები აქვს მატარებელი თავისი ფან-კლუბისთვის, რომლითაც ფინალურ თამაშზე მივდივართ ბერლინში. ასეთი ფინალებისა და მაღალი კლასის გუნდების თამაშებზე დასწრება ძალიან კარგი გამოცდილებაც არის.
- რა მთავარი სირთულეები ახლავს მსაჯობას როგორც პირველ, ასევე შემდგომ ეტაპებზე?
- ზოგს ძალიან უჭირს თეორიაში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, რეალურ თამაშში ადაპტირება. არის შემთხვევები, როდესაც თეორიულ ცოდნას მოედანზე ვერ იყენებენ, ანუ რეალურ მომენტში გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, ამის გამო ბევრი ანებებს თავს. გერმანიაში ფეხბურთის მიმართ იმდენად ემოციური დამოკიდებულება აქვთ, რომ ხანდახან გუნდის მწვრთნელებთანაც კი გვქონია შეხლა-შემოხლა. ეს თამაშის ნაწილია, მსაჯი უნდა ეცადოს, დაიცვას ბალანსი და სიტუაცია კი არ გაამწვავოს, განმუხტოს, რათა თამაში გაგრძელდეს.
- ქართულ ფეხბურთს თუ ადევნებთ თვალს?
- ამ ბოლო დროს დავიწყე და ძალიან ვგულშემატკივრობ. გერმანიაში, კარსლრუეში ბუდუ ზივზივაძე თამაშობს და როგორც ვიცი, ძალიან უყვართ, ეს მათი მხრიდან დახვედრის ფორმაშიც გამოიხატა. ქართველი ფეხბურთელების გვარ-სახელები გერმანიაში მანამდეც იცოდნენ, თუმცა, ისეთი გამოკვეთილი ფიგურები არ ყოფილან, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა იტალიაში. ეს ძალზე დიდი გარღვევა იყო... უფრო ადრე კი, ვილი სანიოლის ეროვნული ნაკრების მწვრთნელად დანიშვნამ ითამაშა დიდი როლი, ევროპულ საფეხბურთო სამყაროში მას დიდ პატივს სცემენ და მისი საქართველოში ჩასვლის შემდეგ მიხვდნენ, რომ ამ ქვეყანაში რაღაც ახალი და კარგი ნაბიჯისთვის ემზადებოდნენ. ამის შემდეგ გამოჩნდა კვარა, რომელიც მხოლოდ იტალიას კი არა, მთლიანად ევროპას ეკუთვნის, უამრავ ადამიანს უყვარს. ასევე იყვნენ კახა კალაძე და ლევან კობიაშვილი.
მთლიანობაში, ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ დიდი როლი ითამაშა. არ მახსოვს გერმანულ მედიაში საქართველოსა და ქართულ ფეხბურთზე ამდენი დაეწერათ. ინტერნეტში ვრცელდებოდა ემოციური კადრები, რაც ძალიან მოსწონთ და აზიარებენ... ეს კი ქვეყნის პოპულარიზაციას ძალიან უწყობს ხელს.
- ვიცი, რომ მუშაობის პარალელურად, სწავლობთ.
- დიახ, მუშაობის პარალელურად ვსწავლობ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთს ბავშვობიდან ვთამაშობდი და სპორტის ამ სახეობის მიმართაც ვერ დავრჩი გულგრილი, სწავლაც მნიშვნელოვანია და ვცდილობ დრო თანაბრად გადავანაწილო.
როგორც მეუბნებიან, პატარაობაში ბურთის მეშინოდა. არადა, ხომ ცნობილია, რომ ბავშვები ყველა ასაკში გიჟდებიან ბურთზე... ჩემი უფროსი ძმა, შიო ფეხბურთს პროფესიულ დონეზე თამაშობდა და როგორც ჩანს, ამის შემდეგ გამიჩნდა მეც ინტერესი.
- რატომ აირჩიეთ მსაჯის პროფესია?
- ფეხბურთის თამაშისას, ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა და ადმინისტრაციამ თავადვე შემომთავაზეს - მსაჯობაზე ხომ არ იფიქრებდითო? რაც შეეხება განათლებას, გიმნაზია დავამთავრე და ახლა პოლიტიკურ მეცნიერებაზე ვსწავლობ, ძალიან საინტერესო საქმეა და ამ მხრივაც დიდი გეგმები მაქვს. მიყვარს ბუნება, სუფთა ჰაერი, მეგობრებთან ერთად სეირნობა. სპორტი, ფეხბურთი ადამიანებს აერთიანებს და მუდმივად ახალ მეგობრებს ვიძენ, რაც ძალიან მიხარია. ვცდილობ, დანაზოგი გავაკეთო და ვიმოგზაურო, ახალ-ახალი ქვეყნები და ხალხების კულტურა გავიცნო.
მსაჯებს ისეთი მკაცრი ცხოვრების გრაფიკი არ გვაქვს, როგორიც ფეხბურთელებს. თუმცა, მაინც ჯანსაღი ცხოვრების წესს ვირჩევ... მათგან განსხვავებით, არავინ მამოწმებს, რას ვაკეთებ და როგორ ვიკვებები, მაგრამ ცუდი ის არის, რომ თამაშებს შორის დიდი ინტერვალია და ეს ცოტა გვირთულებს ცხოვრებას. მსაჯმა თავად უნდა დაგეგმოს და წარმართოს თავისი ცხოვრება, თუმცა, თამაშისთვის მზად უნდა იყოს.
როდესაც კიოლნსა და სხვა ქალაქებში თამაშია, ვენიდან ჩამოვდივარ, მანამდე კი ვემზადები, ანუ დრო სწორად უნდა გათვალო. მეოცნებე ისედაც არ ვარ. ოცნებები არა, მაგრამ გეგმები მაქვს. ჩემთვის უნივერსიტეტში სწავლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
- ევროპულ საფეხბურთო სამყაროში სხვა ქართველ მსაჯზე თუ გსმენიათ?
- გიორგი რუაშვილმა 2012 წელს იმსაჯა პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე. 2015 წლიდან არის ფიფას მიერ ლიცენზირებული მსაჯი, ასევე, საქართველოს ევროტურნირებზე ორი შეხვედრა ჩაატარა...
- რომელი გუნდების მსაჯობაზე ოცნებობთ?
- ძალიან მინდა, "ბარსელონა"-"რეალის" თამაშზე ვიმსაჯო... ასეთი დონის გუნდების მსაჯობა დიდი პატივია.
- საქართველო-საბერძნეთის თამაშისას, მსაჯმა გიორგი ლორიას წითელი ბარათი მისცა. ნახეთ ეს ეპიზოდი?
- დიახ, ბერძენსაც მისცა. ძალზე ბევრი ადამიანი ირეოდა, ვინაიდან მნიშვნელოვანი თამაში იყო, ემოციები პიკს აღწევდა და ამით სიტუაცია დააბალანსა, ანუ ორივე მხარე დასაჯა... ზოგჯერ ფეხბურთელები ერთმანეთის გარდა, ჩვენ, მსაჯებსაც გვეუხეშებიან. მქონია შემთხვევა, რომ ამის გამო წითელი ბარათი გამომიყენებია...
- საქართველოსთან თქვენს კავშირზეც გვიამბეთ.
- გერმანიაში, ფრანკფურტში დავიბადე. მამაჩემი ეგვიპტურ-რუმინული წარმოშობისაა, მაგრამ დედის გვარზე ვარ. საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა, ჩემი დედულეთი გურიაშია. ბავშვობაში ზაფხულს ლანჩხუთში ვატარებდით... დედა ხელოვანია და იქ ფოტოფესტივალებს მართავდა, რის გამოც ხშირად ჩავდიოდით. ფაქტობრივად, გამოფენებზე გავიზარდეთ, რადგან დედა, რომელიც გერმანიაში 19 წლისა ჩამოვიდა, ხშირად მართავს გამოფენას. საქართველოში მიმდინარე პროცესებს აქტიურად ვადევნებთ თვალს და განვიხილავთ. ჩემი ძმა ფეხბურთს არ გაჰყვა, მუსიკოსობა არჩია. აქ საკმაოდ ცნობილი რეპერის სტუდიაში მუშაობს, თუმცა, ფეხბურთის დიდ გულშემატკივრად მაინც რჩება.
ლალი პაპასკირი