"მხოლოდ ბუნებრივ სილამაზეს ვანიჭებ უპირატესობას" - გზაპრესი

"მხოლოდ ბუნებრივ სილამაზეს ვანიჭებ უპირატესობას"

სახელი, გვარი: ანნა ბირთველიშვილი.

ასაკი: 22 წლის.

განათლება: დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

ამჟამინდელი საქმიანობა: აქტიური პროფესიონალი მოცეკვავე, მოდელი.

ჰობი: ჯაზის მოსმენა.

- ანნა, როგორ ხარ? შენს ცხოვრებაში ახალი რა ხდება?

- ახლახან საქართველოში 2 რეიტინგული ტურნირი ჩატარდა. მე და ჩემმა მეწყვილემ ორივეში გავიმარჯვეთ. 2 დღეში საბერძნეთში, საერთაშორისო რეიტინგულ ტურნირზე მივფრინავთ.

- წარმატებას გისურვებთ!.. გვითხარი, როცა სარკეში იყურები, ვის ხედავ?

- ადამიანს, რომელიც არის მიზანმიმართული, მოტივირებული, ყოველთვის სიახლის ძიებაში მყოფი... ცდილობს, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია იყოს.

- ახლობლები მოფერებით რა მეტსახელით მოგმართავენ?

- რა თქმა უნდა, ახლობლებისგან მოფერებითი სახელების სიუხვით გამოვირჩევი, მაგრამ საიდუმლოდ დავტოვებ (იცინის).

- საკუთარი გამოცდილების საფუძველზე გვითხარი, ქალს ფორმაში ყოფნისთვის დიდი ფინანსური სახსრები სჭირდება?

- მჯერა, რომ თავის მოვლის პრიორიტეტულობით და კვების, ცხოვრების წესის შესახებ ინფორმირებულობით შესაძლებელია, ჩვენს ჯანმრთელობაზე, სილამაზესა და კეთილდღეობაზე მნიშვნელოვნად ვიმოქმედოთ, ზედმეტი ფინანსური ხარჯების გარეშე. თუმცა ქალს გააჩნია - ყველას განსხვავებული პრიორიტეტები აქვს. თავად მხოლოდ ბუნებრივ სილამაზეს ვანიჭებ უპირატესობას.

- ბოლოს შენიშვნა ვისგან და რის გამო მიიღე?

- სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, რამე საკითხთან დაკავშირებით ვინმესგან ოდესმე შენიშვნა და მკაცრი გაფრთხილება მიმეღოს, თუმცა მითითებას რაც შეეხება, ქორეოგრაფებისგან გაკვეთილზე ყოველდღე ვიღებ.

- ადამიანებს ადვილად უმეგობრდები?

- ადამიანებთან კონტაქტში საკმაოდ მარტივად შევდივარ. აბსოლუტურად ყველანაირი ხასიათის პიროვნებას შემიძლია გავუგო და ისეთი მივიღო, როგორიც არის.

- ეჭვიანი ხარ?

- ეჭვიანი არანაირად არ ვარ. მიუხედავად იმისა რომ ურთიერთობაში არ გახლავართ, ზუსტად ვიცი, ეჭვიანი მომავალშიც არ ვიქნები.

- როდესაც არასასურველი ადამიანი გეფლირტავება, როგორ იქცევი?

- იგნორი ძალიან მარტივი გზაა.

- რა ან ვინ არის შენი ცხოვრების მოტივატორი?

- ჩემი ცხოვრების მთავარი მოტივატორი არის პიროვნული ზრდისკენ მუდმივი სწრაფვა და ჩემ გარშემო, სამყაროზე დადებითი გავლენის მოხდენის სურვილი. მჯერა, ყოველი გამოცდილება სწავლის, განვითარების შესაძლებლობაა. გარდა ამისა, საყვარელი ადამიანების, მენტორების და მისაბაძი ხალხის მხარდაჭერა და წახალისება შთამაგონებს, რომ ჩემი კომფორტის ზონის მიღმა გავძლო, ვისწრაფო სრულყოფილებისკენ... განუწყვეტლივ ვცდილობ, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გავხდე.

- ამჟამად რომელ სერიალს უყურებ?

- ალბათ ამის დაჯერება რთულია, მაგრამ სერიალებს არ ვუყურებ. ცხოვრებაში იმის დრო და სურვილი არ მქონია, რომ რაიმე სერიალი მენახა. ვიცი, ალბათ დიდ სიამოვნებას ვტოვებ, მაგრამ ამჟამად, სხვა რაღაცებით ვარ გატაცებული...

- არსებობს ადამიანი, ვის შესახებაც სიახლეებს სოციალურ ქსელში სისტემატურად თვალყურს ადევნებ?

- კონკრეტულად, ერთი ასეთი ადამიანი არ არსებობს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი სპორტსმენების შესახებ სიახლეებს სულ ვამოწმებ, განსაკუთრებით კი - ძიუდოს სფეროში.

- ისეთი საქციელი თუ ჩაგიდენია, რომლის გახსენებისას დღესაც გრცხვენია?

- ასეთი რამ არ არსებობს.

blici-5-copy-1713166144.jpg

- შენს უარყოფით თვისებად რას მიიჩნევ?

- ძალიან მიმნდობი და გულუბრყვილო ვარ, რაც შეიძლება უარყოფით თვისებად მივიჩნიოთ.

- წარმატების მიღწევაში ხასიათის რომელი თვისება გეხმარება?

- მხოლოდ ერთი თვისების დასახელება რთულია... ალბათ, უპირველეს ყოვლისა, წარმატების მისაღწევად ადამიანს შეუპოვრობა სჭირდება, რადგან წარმატებისკენ მიმავალ გზაზე უამრავი დაბრკოლება არსებობს. როდესაც ორიენტირად რაღაც მიზანი გაქვს, შეუპოვრობით და დაჟინებით აუცილებლად ყველა გამოწვევას გაუმკლავდები. ასევე, ვფიქრობ, რომ სიკეთისა და ერთგულების გარეშე არაფერი გამოვა. პოზიტიური ურთიერთობების და გარემოს შექმნა აუცილებელია. საკუთარი ფასეულობების და პრინციპების ერთგულებით, შენს პიროვნულ მთლიანობას არ კარგავ, რაც ასევე, წარმატების გზაზე მნიშვნელოვანია...

ეთო ყორღანაშვილი