"ჯაბოვიჩ, სხვანაირ კაცად გიცნობთ, ეს მეორედ აღარ გააკეთოო" - გზაპრესი

"ჯაბოვიჩ, სხვანაირ კაცად გიცნობთ, ეს მეორედ აღარ გააკეთოო"

მართალია, თავად ამბობს, - "ტიკტოკერი" არ ვარო, მაგრამ "ტიკტოკზე" მის ვიდეოებს საკმაოდ დიდი გამოხმაურება აქვს... კიდევ რომელი სოციალური ქსელების მომხმარებელია "ღამის შოუს" თანაწამყვანი და რატომ ურეკავენ მთვრალი უცნობები, ამის შესახებ ჯიმი თავად გვესაუბრა...

- ჩემს "ფეისბუკ"-გვერდს თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ აქტიურობით არ გამოვირჩევი. ბოლოს სტატუსი როდის დავწერე, არ მახსოვს. უბრალოდ, სამსახურის გამო მჭირდება, რომ მაგალითად, გადაცემის პრომოები გავაზიარო. სოციალურ ქსელში ძალიან ბევრ დროს მართლა არ ვატარებ.

- პირველად რომელ ქსელში და რა მიზნით დარეგისტრირდით?

- "ჩემს" დროს "ოდნოკლასნიკი" იყო - ძალიან მოხუცი ვარ (იღიმის). მახსოვს, მეგობარმა დამარეგისტრირა. გამიკვირდა, წლების უნახავი მეგობრები რომ ვნახე. გაოგნებული ვიყავი, - ვაიმე, რა მაგარი რაღაცაა-მეთქი! ძალიან მომეწონა. "ოდნოკლასნიკის" აქტიური მომხმარებელი ვიყავი. ფილმ "დათა თუთაშხიას" არ ჩავუთრევივარ ისე, როგორც ამ სოციალურმა ქსელმა ჩამითრია... შემდეგ "ფეისბუკზე" დავრეგისტრირდი, "ინსტაგრამზეც" მაქვს გვერდი, მაგრამ არ ვიყენებ...

- სამაგიეროდ, აქტიური "ტიკტოკერი" ხართ...

- ჩემს თავს "ტიკტოკერად" არ მივიჩნევ. ჩემს ვიდეოებს ჩემი 2 მეგობარი, "ღამის შოუს" სცენარისტები - სანდრო ესაკია და ბექა სულაძე იღებს. სიმართლე გითხრათ, ვიდეოებს თავად არც ვაქვეყნებ - ამ ყველაფერს სანდრო აკონტროლებს. ვერ ვიტყვი, მოტივირებული ვარ, - აბა, "ტიკტოკისთვის" ვიდეო გადავიღოთ-მეთქი. სადაც რა გაგვახსენდება, გადავიღებთ ხოლმე. ისე არ ვარ, რომ დავდგე და ვიდეოების სცენარზე ვიფიქრო. თან, "ტიკტოკზე" მომხმარებლები "ლაივში" ერთვებიან ხოლმე, არა? ორჯერ ჩავრთე "ლაივი" და არ მიმიზიდა. გინდა თუ არა, თვალყურს მაინც ადევნებ ადამიანი. "სქროლვა" ჰქვია, არა? ჰოდა, "ტიკტოკზე" ისეთ რაღაცებს ვნახულობ, მრცხვენია. დედას გეფიცები, ვფიქრობ, - ჩემი გვერდი საერთოდ ხომ არ გავაუქმო-მეთქი? ამას წინათ "ვსქროლავდი" და დავინახე - 2 ახალგაზრდა კაცი ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებდა, რაც ჩემთვის მიუღებელია. ვაკვირდებოდი, მოვლენები როგორ განვითარდებოდა. ვიფიქრე, რომ ერთმანეთს იცნობდნენ. შემდეგ "ლაივში" მესამე შემოვიდა, რომელმაც იმ ორს აგინა. მერე გაირკვა, რომ ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ. შემდეგ 2 ბიჭი შერიგდა... აი, ამ "ლაივის" შემხედვარემ ვიფიქრე: ჯაბოვიჩ, საერთოდ, "ტიკტოკი" რატომ გაქვს? ეს მარაზმია-მეთქი! ალბათ, ჩინელებს ის გათვლა არ ექნებოდათ, რომ "ტიკტოკის" პლატფორმა ასეთი ყოფილიყო. გამოვშტერდი... ასეთი რაღაც თუ ხდებოდა, ამდენი გაბოროტებული ადამიანი თავს თუ აქ იყრიდა, არ ვიცოდი. იცი, საერთოდ, როგორი ადამიანი ვარ? კომენტარებს არ ვნახულობ, მათ შორის - არც "ტიკტოკზე".

- საერთოდ, "ტიკტოკის" აპლიკაცია რატომ გადმოწერეთ?

- გიო გაბუნიამ მითხრა, - "ტიკტოკზე" გვერდი გააკეთე, ჯაბოვიჩ, ყველას აქვს, "ფოლოვერებს" დააგროვებო. გავაკეთე, - ხომ იცი, შეძახილმა ხე გაახმოო?.. შევყევი და შევყევი... ზოგი თავის გვერდს ფინანსურად იყენებს, რეკლამებს აკეთებს, ასეთი რამ არ გამიკეთებია.

- აღნიშნეთ, გვერდს მეგობრები აკონტროლებენო. თქვენი სურვილით, იდეით ვიდეო გადაგიღიათ, აგიტვირთავთ?

- კი, იდეები ჩემიცაა. ვიდეოებს სანდრიკო ესაკია ტვირთავს. დღის განმავლობაში ან საღამოს, როცა გამახსენდება, ვნახულობ, რამდენი "ნახვა" აქვს... ბოლოს, მთვრალის პაროდიას რომ ვაკეთებდი, ის ვიდეო "გავარდა". გუშინწინ ბაბი კირკიტაძემ ლინკი ჩამიგდო - გია ჯაჯანიძეს ვიდეო გადაუღია, რომელშიც ამბობს, - ჯაბოვიჩ, შენთან მოვდივარო. ვერ მივხვდი, - რატომ მოდის-მეთქი? თურმე, მანამდე ვიდეო გადაღებული მქონია, რომელშიც ღამით, "იმედის" ეზოში, სკამზე ვზივარ და ვამბობ, - ჯაჯანიძეს ველოდები. მესამე დღეა, აქ ვზივარ-მეთქი. ჯაჯომ ამის საპირწონე ვიდეო დადო.

- "ტიკტოკს" საკმაოდ ჩაუთრევიხართ...

- რა თქმა უნდა. ადამიანი, რომელიც რაღაცას აკეთებ, რაშიც თავადაც ფიგურირებ, ბუნებრივია, გაინტერესებს, რა და როგორ ხდება.

- თქვენს კონტენტს უკვე პროფესიონალურად უდგებით?

- არა, არა... უბრალოდ ვიცი, რომ ვიდეოები ეტაპობრივად უნდა გამოვაქვეყნო. ყოფილა შემთხვევა, დღეში 5-6 ვიდეო გადაგვიღია და მეგობრისთვის მითქვამს, - სანდრიკო, 1 კვირის მასალა ხომ გვაქვს? გეხვეწები, ეს დრო დამასვენე-მეთქი... ერთხელ მე და ბაბი კირკიტაძე კონცერტისთვის ისრაელში მივემგზავრებოდით. სანდრომ მითხრა, - ჯიმიკო, გეხვეწები, ისრაელში "ტიკტოკ"-ვიდეო გადაიღეო. - ბიჭო, წმინდა მიწაზე "ტიკტოკისთვის" ვიდეოს გადაღებას ხომ არ დავიწყებ-მეთქი?! - ვიუარე. - ბიჭო, რას ამბობ?! "ჰოპ ჰოპ მივადგით" უნდა იმღერო და ვიდეო რომ გადაიღო, რა უჭირსო (იცინის)?!

- საქორწინო კაბაში გადაღებულ თქვენს ვიდეოს უარყოფითი რეაქციებიც ხომ არ მოჰყოლია?

- არა, მაგრამ რაღაცები იყო, რაც მერე სანდრომ მაჩვენა... შეურაცხყოფა არ ყოფილა, მაგრამ წერდნენ, - ჯაბოვიჩ, სხვანაირ კაცად გიცნობთ, გეხვეწები, ეს მეორედ აღარ გააკეთოო. პირად საუბრებშიც იყო: არ გინდა კაბა, ჯაბოვიჩ, ქართველი ვაჟკაცი ხარო. რეალურად, "ღამის შოუში", კახაბერთან და ხანუმებთან ვიყავი შესული და ის საქორწინო კაბაც გადაცემაში მეცვა, შემდეგ "ტიკტოკისთვისაც" გამოვიყენეთ. ეგ ვიდეო "გავარდა", თუ "გავარდა"!..

- საქორწინო კაბა როგორ მოირგეთ?

- ჩემი ტანიდან გამომდინარე, ჩვენმა მხატვარმა - ნინო ხიმშიაშვილმა იწვალა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ტანზე მაკვდებოდა. ძალიან დიდი დისკომფორტი არ მიგრძნია. გამოტკვარცალებული ვიყავი, არც ბანდაჟი დამჭირვებია...

- ჯიმი, "ფეისბუკზე" რა ტიპის ინფორმაცია იქცევს თქვენს ყურადღებას?

- გინდა, არ გინდა, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ პოლიტიკა ყველაზე აქტუალურია. ჰოდა, თვალ-ყურს ვადევნებ, მსოფლიოში რა ხდება. რომ ვთქვა, სხვების გვერდებზე შევდივარ, რაღაცებს "ვალაიქებ" და ვეძებ-მეთქი, მოგატყუებ. ვეცნობი ინფორმაციას გლობალური დათბობის, მზის თუ მთვარის დაბნელების შესახებ, ასევე - ევროკავშირმა რა თქვა, ნატომ რა დაწერა, უკრაინაში რა ხდება... ხანდახან ვამბობ, - ძალიან ადრე დავბერდი-მეთქი. ტყუპის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ვარ დაბადებული და მიყვარს, როცა ყველანაირად ინფორმირებული ვარ. სახლში ნასვამიც რომ მივიდე, ასეთი ჩვევა მაქვს: შანსი არ არის, ტელევიზორში საინფორმაციო გამოშვება არ გადავახვიო და არ ვუყურო, თუნდაც ღამის 2 საათი იყოს. ამის გამო შინ მეჩხუბებიან. შეიძლება, გასაქცევად გვაქვს საქმე და ხომ უნდა ვიცოდე, სამყაროში რა ხდება, არა?

- ბოლოს რომელმა ინფორმაციამ მიიქცია თქვენი ყურადღება?

- მზის დაბნელების შესახებ. თავდაპირველად, მცდარი ინფორმაცია გავრცელდა - საქართველოში იქნება და საქართველოდან მთელი მსოფლიო გაიგებს, მზე 3 დღით დაბნელდებაო. შემეშინდა. ინფორმაციას ჩავყევი, ჩავყევი, მერე "ნასას" ოფიციალურ გვერდზე გადავედი და ვნახე, რომ მზის დაბნელება მხოლოდ სამხრეთ აფრიკაში გამოჩნდება - 2 წუთით დაბნელდებაო. ეს იქნება მოვლენა, როცა სამ ციურ სხეულს - მთვარეს, მზეს და დედამიწას ერთდროულად დავინახავთ. ასეთი მოვლენა კიდევ 2033 წელს მოხდება.

- როცა თქვენს მეგობრებს ინტერნეტში "აბულინგებენ", როგორ იქცევით?

- ბოლო პერიოდში მავნებლებისგან შემოტევა ბაბიზე იყო. ჩემთვის ეს ყველაზე დიდი დარტყმა გახლდათ. ალბათ, სტატუსი ბოლოს მაშინ დავწერე: ბაბი, შენ ჩემი და ხარ და ყოველთვის შენ გვერდით ვარ-მეთქი. მამაკაცი გახლავართ და შეიძლება, ჩემთან შედარებით, ბაბიმ და თათამ ნეგატივი, რასაც მავნებლები ავრცელებენ, უფრო მტკივნეულად მიიღონ. ჩემში ყველაზე მეტ აგრესიას ამიტომ იწვევს, როცა ჩემს გოგონებს ვინმე ზედმეტად ეხება. საკუთარ თავზე ყველაფერს მივიღებ, მაგრამ გოგოებზე - ვერაფერ უარყოფითს.

- თქვენი აზრით, მათ მიმართ უარყოფით კომენტარებს რა იწვევს, რა მიზეზი აქვს?

- ალბათ, ამას უფრო უსაქმური, გაბოროტებული ხალხი აკეთებს. რა უნდა გააკეთოს ჯიმი აბესაძემ, ბაბიმ, თათამ ან გიო გაბუნიამ, რომ ისეთი საშინელებები დაწერო? ალბათ, ბოროტები არიან. არ მაქვს უფლება, განვსაჯო - ღმერთმა ყველას მშვიდობა მისცეს.

- ვინმე "დაგიბლოკავთ"?

- სიმართლე გითხრა, ასეთი ფაქტი არ მახსენდება, მაგრამ ალბათ იქნებოდა, მაგალითად - როცა სიმთვრალეში მირეკავენ: ჯაბოვიჩ, ქორწილში ვარ და გეხვეწები, სიძე-დედოფალს მიულოცეო. მეორე დღეს ბლოკს ავხსნი ხოლმე და ვუხსნი, - ბიჭო, ლამაზი საქციელი არ იყო, სხვანაირად არ მიიღო-მეთქი.

img-0105-1713166290.jpg

- მთვრალი უცნობები გირეკავენ?

- კი. ყოფილა შემთხვევები, ქორწილიდან დაურეკავთ - ჯაბოვიჩ, რავა ხარო? - კარგად ძამიკო, კარგად-მეთქი. - აი, ჩვენს სიძე-დედოფალს მიულოცე... ნახეთ, ჯაბოვიჩი რეკავსო... ძალიან მსიამოვნებს, მაგრამ მერე, უკვე ტელეფონი ხელიდან ხელში გადადის, - აბა, ჯაბოვიჩ, რას უსურვებ მაყარს, დედოფლის მშობლებსო?.. აღარ ვიცი ხოლმე, რა ვქნა.

- საუბრის დაწყებისას კი მითხარით, - სოციალურ ქსელებს ბევრ დროს არ ვუთმობო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ "ტიკტოკის" ლაივებსაც უყურებთ და საკმაოდ გათვითცნობიერებულიც ხართ. უინტერნეტოდ გაძლება რამდენ ხანს შეგიძლიათ?

- ბოლო დროს ასეთ რაღაცას მივაღწიე: სახლში რომ მივდივარ, ინტერნეტს საერთოდ ვთიშავ და ტელეფონს კარადის თავზე ვდებ. გიო გაბუნიასთვის ნათქვამი მაქვს, - თუ რამე დაგჭირდება, ჩემს შვილთან - ნუციკოსთან ან მეუღლესთან - ელოსთან დარეკე-მეთქი. ასე თავს ბევრად კომფორტულად, დასვენებულად ვგრძნობ... ყველას ვურჩევ, ოჯახთან უფრო ბევრი დრო გაატაროს, ვიდრე სოციალურ ქსელში. კი, რა თქმა უნდა, 21-ე საუკუნეში სოციალური ქსელები აუცილებელია, მაგრამ - დოზირებულად. ყველაზე დიდი პრობლემა სოციალურ ქსელებში ზედმეტი "ჩართულობა" და უცნობი ადამიანების მიერ ერთმანეთის შეურაცხყოფაა... ისე, შეიძლება უინტერნეტოდ 1 დღეც ვერ გავძლო, ისე ვარ მიჩვეული. სოციალური ქსელები აუცილებელია - ზღვა ინფორმაციას ვიღებთ, მაგრამ ერთმანეთის შეურაცხყოფა, გინება მიუღებელია. საერთოდ, როგორც დედაჩემი იტყოდა, ჯობია, ერთმანეთთან ვილაპარაკოთ, ვიდრე ტელეფონში გვქონდეს თავი "ჩარგული"...

ეთო ყორღანაშვილი