მარიამ შენგელიას პროფესიული აღმაფრენის პერიოდი და ბევრი კომპლიმენტით მიღებული შოკი
"ახლა პროფესიული აღმაფრენისა და წარმატების პერიოდი მაქვს, ეს დიდწილად ამ ადამიანის დამსახურებაა", - ამბობს მომღერალი მარიამ შენგელია. ვინ არის ის ადამიანი, რომელი სიმღერის გამო მიიღო ძალიან ბევრი კომპლიმენტი, რა ენატრება ყველაზე მეტად, როგორ წარმოუდგენია საკუთარი მომავალი და რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...2002 წლის 14 მაისი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...მსახიობი. პატარა ასაკიდან ძალიან მიყვარდა თამაშები, ყველას მე ვათამაშებდი და სულ მსახიობობაზე ვფიქრობდი, მაგრამ როდესაც პროფესიული არჩევანის წინაშე დავდექი, მივხვდი, რომ ცხოვრება სიმღერის გარეშე არ შემეძლო და ამ მიმართულებით სწავლაზე უნდა მეფიქრა.
- ჩემზე ამბობენ...
- ..."სტერვააო", ოღონდ - სანამ გამიცნობენ.
- ის ადამიანები, რომლებიც გიცნობენ, ხასიათის რა თვისებაზე ახდენენ ხაზგასმას?
- პოზიტიურ ხასიათზე, სითბოზე.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...ზუსტად იმავე გზას გავივლიდი, რა გზაც აქამდე გამოვიარე, არაფერს შევცვლიდი.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...14 წლის ასაკში იყო, როდესაც ფილარმონიის დიდ სცენაზე (კონკურსზე "X ფაქტორი") გავედი. სასწაული წუთები იყო, ძალიან ვინერვიულე, ლამის გადავიფიქრე კიდეც, მაგრამ როგორც კი სცენაზე გავედი, მივხვდი, ის ადგილი იყო, სადაც უნდა ვყოფილიყავი და ნერვიულობაც მომენტალურად მომეხსნა.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...ოჯახს.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...გარშემო ისეთი ადამიანები მყავს, ნებისმიერ დროს რომ მაქვს მათი იმედი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემ გვერდით სწორი ადამიანები არიან, განსაკუთრებით ბოლო დროს.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ...თვალები და მეგრული გენი.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...ვიმღერო და სცენაზე ვიდგე; ეს არის საქმე, რომელიც მაბედნიერებს და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...როგორ ცუდ ხასიათზეც უნდა ვიყო, როგორი რთული პერიოდიც უნდა მქონდეს, გარეთ რომ გავალ, სხვას ამას არასდროს ვაჩვენებ. ამ დროს თამაში შემიძლია, ვერავინ ვერაფერს შემატყობს.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ...არაპუნქტუალური ვარ, ეს უნებურად გამომდის. ბოლო დროს ვცდილობ, ამ მხრივ გამოვსწორდე, სხვისი დროის დაფასება ყველამ უნდა ვიცოდეთ.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...ძალიან ბევრი რამ, მაგრამ არა მხოლოდ საკუთარ, სხვის შეცდომებზეც მაქვს ნასწავლი. ახლობლების გამოცდილება, როგორც გაკვეთილი, არაერთხელ გამომიყენებია. ვისწავლე, რომ ნაკლებ ადამიანს უნდა ვენდო. აქამდე მეგონა, ყველა ჩემიანი იყო, ყველას გულწრფელად ახარებდა ჩემი წარმატება, თურმე ზოგიერთ შემთხვევაში, ასე სულაც არ ყოფილა.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...დარწმუნებული ვარ, რომ ისევ ვიქნები სცენაზე, დანარჩენი ბედის ამბავია.
- ვიბნევი...
- ...ძალიან, ძალიან იშვიათად. სცენაზე არასდროს დავბნეულვარ.
- ვნანობ...
- ...არაფერს.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ...შინ. კვირა დღეა, ცუდი ამინდია, წვიმს და მე რეპეტიციაზე ვარ.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ...ბევრ რამეს. ფეთქებადი ხასიათი მაქვს, თუმცა ვფიქრობ, რომ სამართლიანი ადამიანი ვარ.
- ყველაზე მძაფრი რეაქცია რაზე გაქვს?
- ტყუილზე.
- მეზარება...
- ...ადრე გაღვიძება, მაგრამ ბოლო დროს ვცდილობ, ადრე გავიღვიძო.
- სიყვარული ეს...
- ...ყველაფერია. ეს არის გრძნობა, რომელიც უდიდეს მოტივაციას მმატებს, ყველაფერს გაცილებით უკეთესად მაკეთებინებს.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...ბაღში ვიყავი, იმ ბიჭთან ერთად ვცეკვავდი და მასთან ცეკვის ძალიან მერიდებოდა.
- ახლა შეყვარებული....
- ...ვარ.
- ვინ არის შენი რჩეული?
- სახელს და გვარს ჯერ არ ვამბობ. გეტყვი, რომ სპორტსმენია. ჩვენი სიყვარულის ამბავი გაცნობისთანავე დაიწყო. ერთ წელზე მეტია, რაც ერთმანეთი გავიცანით, ეს მეგობრების წრეში მოხდა, სრულიად დაუგეგმავად და დღეს ძალიან კარგად ვართ.
- ეს ის ადამიანია, რომელთანაც საკუთარი მომავალი წარმოგიდგენია?
- ამ გადმოსახედიდან ასე ვფიქრობ, არ ვიცი, ხვალ რა მოხდება. ის ჩემი უდიდესი გულშემატკივარია. ახლა პროფესიული აღმაფრენის და წარმატების პერიოდი მაქვს, ეს გარკვეულწილად მისი დამსახურებაა.
- მაკვირვებს...
- ...სიყალბე ადამიანებში, არადა, თითქმის ყოველდღე ვაწყდები და გაკვირვებული ვარ, ადამიანებს ეს როგორ შეუძლიათ?
- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ...ყველა ახლობელ ადამიანს.
- ვრისკავ...
- ...ხშირად. თუ არ გარისკავ, მერე სულ იფიქრებ, რომ გამერისკა, ნეტავ მერე რა მოხდებოდაო?
- ისეთი ნაბიჯი თუ გადაგიდგამს, მერე რომ გინანია?
- არასდროს, ჩემს შემთხვევაში ყველა რისკიანმა ნაბიჯმა გაამართლა.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...ზედმეტი ემოციურობაა.
- ვამაყობ...
- ...ბევრი რამის გადატანა, ბევრი სირთულის გამკლავება მიწევს და ხანდახან საკუთარი თავით ძალიან ამაყი ვარ.
- ბოლოს ვიტირე...
- ...სულ ვტირი. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო ავტვირთე, კადრი იწყება ტირილით და გრძელდება, როგორ ვმუშაობ საკუთარ თავზე. ხალხი მწერდა, - რატომ ტირი, შენს ცხოვრებაში რამე მოხდაო? ტირილი ყოველთვის არ ნიშნავს რაღაც ცუდს. ტირილი ბევრ რამეში მეხმარება.
- რას გრძნობ, როცა ტირი?
- ძალიან ძნელია გადმოვცე, შეიძლება ვთქვა, რომ ერთგვარი რელაქსია.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...ძალიან მრცხვენია.
- "ირინოლა" ძალიან კარგად შეასრულე, მინდა კომპლიმენტი საჯაროდ გითხრა.
- უღრმესი მადლობა, ეს სიმღერა აქამდეც არაერთხელ მიმღერია, მაგრამ არ ვიცი, ახლა რა მოხდა, ასეთი დიდი გამოხმაურება არასდროს ჰქონია. ამ ვიდეოზე 1000-მდე კომენტარი იყო. ყველა წავიკითხე და არც ერთი უარყოფითი არ ეწერა, ყველას მადლობა გადავუხადე. საოცრებებს წერდნენ, შოკში ვარ. ეს პროფესიული აღმაფრენის განცდა ძალიან სასიამოვნოა.
- მეშინია...
- ...საყვარელი ადამიანების დაკარგვის, მარტო დარჩენის. ძალიან ბევრი ფობია მაქვს.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ...არაპუნქტუალურობის გამო.
- დღემდე ვერაფრით გავბედე...
- ...საზღვარგარეთ მუსიკალურ კონკურსზე წასვლა. ამის უდიდესი სურვილი მაქვს და იმედია, ოდესმე გავბედავ.
- მენატრება...
- ...ბაბუა, რომელიც ჩემი ბაბუაც იყო, ახლობელიც, მშობელიც... მართლა ძალიან მენატრება.
- ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულია...
- ...შედეგი. როცა შედეგზე ვარ ორიენტირებული და ვიცი, რა გამოვა.
- საკუთარ შესაძლებლობებს...
- ...მგონია, რომ სათანადოდ ვერ ვაფასებ. განვითარებას მეტი დრო უნდა დავუთმო.
- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...
- ...არაფერს, მაგრამ არა იმიტომ, რომ იდეალური ვარ. მიყვარს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც გახლავართ.
- ვუფრთხილდები...
- ...ყველას, ვინც ძალიან მიყვარს.
- ვიტყუები, როცა...
- ...საჭიროა. როცა უსიამოვნო სიტუაცია შემიძლია ავარიდო სხვას ან ავირიდო თავად. "საცობში ვარ" - ეს ნომერი პირველი ტყუილია (იცინის). ახლახან მანქანა შევიძინე და ახლა მართლა სულ საცობში ვარ.
- თავისუფლება...
- ...როგორც გინდა, იმ დოზით მისცემ საკუთარ თავს, ეს ადამიანზეა დამოკიდებული. შეზღუდვა და სიტყვები "არ გააკეთო", ძალიან ცუდად მოქმედებს. ყველაზე მეტად მინდა ის აკრძალული რაღაც გავაკეთო.
- ინტუიცია...
- ...მაქვს ძალიან კარგად განვითარებული. მეგობრებს ჩემი ინტუიციის ეშინიათ. რამეს თუ ვიტყვი, ის აუცილებლად ახდება. მაგალითად, დამესიზმრა, მეგობარი ავარიაში მოყვა, დავურეკე და ვუთხარი, - შენ დღეს ცუდი დღე გაქვს, ფრთხილად იყავი-მეთქი. ცოტა ხნის შემდეგ თავად დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი სიზმარი აუხდა.
- როცა მარტო ვარ...
- ...ეს ძირითადად მაშინ ხდება, როცა მანქანაში ვარ და სიმღერებს ვუსმენ. მარტო იშვიათად გახლავართ.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...ბევრს ვიმოგზაურებდი.
- რამდენიც უნდა გადამიხადონ...
- ...არავითარ შემთხვევაში რუსეთში არ წავალ და არ ვიმღერებ.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...მოგზაურობა არის საუკეთესო "წამალი". ახლახან ცოტათი დაძაბული ვიყავი, უუნარო, უკვე ყველაფერს ვაფუჭებდი და გადავწყვიტე, სადღაც წავსულიყავი. თურქეთში გავფრინდი. იქიდან სულ სხვა ადამიანი ჩამოვედი "დარეფრეშებული" და ენერგიული.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...ბებია მეუბნება ხოლმე, ყოველთვის იცოდე საკუთარი თავის ფასიო. ბებო ეკრანზე რომ მხედავს, ყოველი გამოსვლის შემდეგ მწერს, როგორი ამაყია, როგორ ვუყვარვარ. შემიძლია სქრინებიც ჩაგიგდო.
- ამ ინტერვიუს წაიკითხავს?
- აუცილებლად და მერე რამეს მომწერს.
- რას ეტყვი მას ჩვენი ჟურნალის საშუალებით?
- ვეტყვი, რომ ძალიან მიყვარს და მინდა ჩემ გვერდით ძალიან, ძალიან დიდხანს იყოს.
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...მადლობა რომ დაინტერესდით და ეს ინტერვიუ წაიკითხეთ. მიყვარხართ ყველანი, ვინც დადებით ემოციას და სიყვარულს უშვებთ ჩემი მისამართით და იმედი მაქვს, უკან ასმაგად დაგიბრუნდებათ.
თამუნა კვინიკაძე