"თუ პროექტში გიორგი ნაზღაიძე იქნებოდა, შემოთავაზებას არც განვიხილავდი" - გზაპრესი

"თუ პროექტში გიორგი ნაზღაიძე იქნებოდა, შემოთავაზებას არც განვიხილავდი"

ჯერ კიდევ რეალითი შოუს დაწყებამდე ინფორმაცია გავრცელდა, რომ პროექტის წამყვანი გიორგი ნაზღაიძე აღარ იქნებოდა, რასაც გიორგის უკმაყოფილება და მაყურებლების აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა... ერთ-ერთი მოსაზრებით, გიორგი "პრაიმ ჰაუსიდან" იმიტომ გაუშვეს, რომ პროექტში ავთანდილ ჯაფარიძე მონაწილეობდა, რომელიც პირველი სეზონიდან დისკვალიფიკაციით გაუშვეს და "მოძალადედ" გამოაცხადეს. ჩვენ ავთოს დავუკავშირდით:

- ფართო საზოგადოებამ რეალითი შოუდან გაგიცნო. მას მერე 2 წელი გავიდა. რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში?

- ამ 2 წლის განმავლობაში მინდოდა, "პრაიმჰაუსელის" "იარლიყი" ჩემი ცხოვრებიდან მომეშორებინა, მით უმეტეს - დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ მაშინ ბავშვი ვიყავი და როგორიც ხალხმა გამიცნო, საერთოდ არ არის მისაღები. ამას ისიც ემატება, რომ შემდეგ, ტელეკომპანიამ "მოძალადედ" გამომაცხადა...

- მონაწილეობას ნანობ?

- არაფერს ვნანობ. საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც გამოცდილებაა და ჩვენ მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი რაღაცას გვასწავლის, წარსულზე სინანული კი - სისულელეა.

- პროექტში მონაწილეობამ რა გასწავლა?

- ძალიან ბევრი რამე. უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავი სხვა კუთხიდან დავინახე. პროექტში მონაწილეობისას 20 წლის ბიჭი ვიყავი, სხვაგვარად ვფიქრობდი... მანამდე სიცრუესთან, ტყუილთან, ღალატთან შეხება არ მქონია. შოუში მონაწილეობამ ბევრი ადამიანური სიბინძურე დამანახვა. ალბათ, ცხოვრებაში ბევრი დრო დამჭირდებოდა, რომ ეს ყველაფერი ერთიანად მენახა... "პრაიმ ჰაუსმა" მასწავლა, რომ არავის უნდა ენდო, მხოლოდ შენი თავის იმედი უნდა გქონდეს; ადამიანებს კარგის და ცუდის გარჩევა ძალიან უჭირთ... კიდევ, ის მასწავლა, რომ ყველანი ჩვენი წარსული ვართ და მორჩა... მოკლედ, ამ პროექტმა ცუდის და კარგის გარჩევა მასწავლა... ასევე, ბევრ რამეში განვვითარდი: იქიდან რომ გამოვედი, რაღაცებს სხვაგვარად შევხედე, დავაფასე...

- აღნიშნე, ტელეკომპანიამ მოძალადედ გამომაცხადაო...

- იყო ფაქტი, რომლის შესახებაც ყველამ იცის: რეალითი შოუში ორ ზრდასრულ ადამიანს ფიზიკური დაპირისპირება მოგვივიდა. როდესაც ტელევიზიის წარმომადგენლები ხვდებოდნენ, რომ კონფლიქტი ნელ-ნელა მწვავდებოდა და შეიძლებოდა, ფიზიკურ დაპირისპირებამდე მისულიყო, ამის გასანეიტრალებლად არაფერი გააკეთეს, ანუ უყურეს, უყურეს და საბოლოო ჯამში, ის შედეგი მივიღეთ... დაპირისპირებისას არავინ დაზიანებულა, ტრავმა არ მიუღია, სერიოზული არაფერი ყოფილა. უბრალოდ, პატარა ფიზიკური დაპირისპირება იყო. თან, ეს ცალმხრივი არ ყოფილა, მათ კი 20 წლის ბიჭი "მოძალადედ" გამომაცხადეს. "მოძალადე" მხოლოდ იმას არ მოიაზრებს, რომ შეიძლება იქ ვიჩხუბე - ახლახან მოვისმინე, სხვა მონაწილეებს უთქვამთ, - თურმე ქალები ჩემთან ერთად დაცულები ვერ იქნებიან. გამოდის, რომ ვიღაცებს გაუჩნდათ აზრი, რომ შეიძლება, ქალზე ვიძალადო... ჩემთვის ეს შეურაცხმყოფელია, სხვა არაფერი.

- დაპირისპირების მეორე მხარე - გიორგი ნაზღაიძე დღემდე ამბობს, რომ სიკეთე გამოიჩინა და შენს წინააღმდეგ პოლიციას არ მიმართა. ამის საფუძველი ჰქონდა?

- თავად გიორგის, ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით, საჩივარი არ დაუწერია, მაგრამ რეალურად, პოლიციაში რამდენჯერმე მისვლამ მომიწია... მგონია, რომ თავად ტელეკომპანიაა პასუხისმგებელი, პროექტში მსგავსი ძალადობრივი ფაქტები აღკვეთოს - როგორც აღვნიშნე, დაინახეს, რომ შეიძლებოდა სიტუაცია გამწვავებულიყო. თან, მანამდე პროექტში რამდენჯერმე გაწევ-გამოწევა და ასე ვთქვათ, ძალადობრივი ქმედებები იყო, მაგრამ თვალი დახუჭეს... საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ საითაც უფრო მეტი ინტერესი იყო, სიტუაცია და მოვლენებიც ისე წარიმართა...

- პოლიციაში რამდენჯერმე რატომ იყავი?

- არ ვიცი. საჩივარი ჰქონდათ დაწერილი, რომ თურმე, სოციალურ ქსელებში, "პრაიმ ჰაუსში" მყოფებს სიტყვიერ შეურაცხყოფას ვაყენებდი... როდესაც პროექტიდან გამოვედი, არავის მიმართ შეურაცხმყოფელი არაფერი ჩამიდენია. როცა უკვე შოუში აღარ ვიყავი, იქ მყოფები ჩემ მიმართ შეურაცხმყოფელ ფრაზებს ავრცელებდნენ. ეს ყველაფერი ეთერში გაუშვეს, რაც ტელეკომპანიის მხრიდან სწორად არ მიმაჩნია. როცა ვიღაც ზის და წასულ მონაწილეს გაგინებს, ცხადია, გამაღიზიანებელი და დამამცირებელი იქნებოდა ჩემი ოჯახისთვის, ახლობლებისთვის... ტელეკომპანიამ ამაზე თვალი დახუჭა.

- "პრაიმ ჰაუსის" შემაჯამებელ სეზონში მონაწილეობა მართლა შემოგთავაზეს?

- კი. ჩემი მოთხოვნა იყო, რომ თუ პროექტში გიორგი ნაზღაიძე იქნებოდა, "პრაიმ ჰაუსში" მონაწილეობის შესახებ შემოთავაზებას არც განვიხილავდი. მერე გავიგე, რომ ნაზღაიძე შოუს წამყვანი აღარ იქნებოდა, მაგრამ მონაწილეობაზე მაინც უარი განვაცხადე. მოკლედ, საბოლოო ჯამში, შემოთავაზება იყო, მაგრამ რეალითი შოუში შესვლაზე უარი ვთქვი, რადგან ეს პროექტი არ მომწონს. ვფიქრობდი, შოუს პლატფორმა ისევ საჩემოდ გამომეყენებინა და მეცადა, ადამიანებისთვის ყველაფერი იქიდან მეჩვენებინა, რაც ხდება, მაგრამ საბოლოო ჯამში, "დავიკიდე", რა.

- და მაინც, მონაწილეობა რატომ გადაიფიქრე?

- ეს ის შოუ არ არის, რომელიც ჩემს ფასეულობებს შეესაბამება. მიუხედავად ამისა, მონაწილეობაზე მაინც ვიფიქრე, მაგრამ არ მიღირს... ჩემი შეხედულებებისგან, ღირებულებებისგან ეს პროექტი ძალიან შორსაა... ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლებოდა მონაწილეობა მიმეღო, ის იყო, რომ ბევრი ადამიანისთვის ხმა მიმეწვდინა, მაგრამ რისი თქმაც მინდოდა, იქიდან სწორად არ გამოჩნდებოდა, რადგან "პრაიმ ჰაუსია" და "ცოტა ძაან "ტეხავს".

- შენს გადაწყვეტილებაზე იმანაც ხომ არ მოახდინა ზეგავლენა, რომ რამდენიმე მონაწილემ საფრთხის შემცველად გამოგაცხადა?

- აი, მარტო მათ ჯინაზე შევიდოდი, სიმართლე გითხრა!.. რეალურად, არ ვიცი, გიორგის გაშვება როდის გადაწყვიტეს და ნამდვილად არ მინდა, არასწორი ინფორმაცია გავრცელდეს. ჩემ გამო გაუშვეს თუ სხვა მიზეზი იყო, არ ვიცი, მაგრამ ამ ადამიანთან საერთო სივრცეში არსად არასდროს აღმოვჩნდები. ეს პრინციპის ამბავია. "პრაიმ ჰაუსში" კი არა, სხვა ქვეყანაში რომ ვიყოთ და სადღაც შემთხვევით შევხვდე, მასთან საერთო სივრცეში ყოფნის არანაირი სურვილი არ მაქვს.

- პროექტში შენი ყოფნისას, რეალურად, რა მოხდა, კონფლიქტი ვინ დაიწყო?

- გიორგიმ რაღაც სისულელე მითხრა, - 1 გოგო არ გყოფნის, 2 გინდაო, თუ რაღაც მსგავსი... ჩემი გაბრაზება ამან გამოიწვია და ყველაფერი აქედან დაიწყო. მაშინაც და ყოველთვის ის ვარ, ვინც რეალურად გახლავართ, გიორგი კი თამაშობდა, თავისი განზრახვები, აზრები ჰქონდა... როდესაც ვუთხარი, - მოდი აქ და სანამ სახლში შევალთ, ადამიანურად დავილაპარაკოთ-მეთქი, გაიქცა და მანქანაში ჩახტა... ის ჩემთვის არაფერს ნიშნავს, პიროვნებად ვერ ყალიბდება და მასზე ბევრ ლაპარაკს არ ვაპირებ.

- "პრაიმ ჰაუსის" პირველი სეზონის მონაწილესთან - თეოსთან მეგობრული ურთიერთობა რატომ დაგეძაბა? რა მოხდა?

- არაფერი მომხდარა, არ ვიცი. სიმართლე გითხრა, საერთოდ აღარ მაინტერესებს ეს გოგოების თემა... ამ ადამიანების სიცრუე და სიყალბე უკვე ყელში ამოვიდა...

- შენ და ბეა გაზდელიანი შეყვარებულები იყავით. თქვენ შორის რა მოხდა?

- უბრალოდ, დღეს მარტო ვარ.

image1-copy-1713166859.jpg

- თქვენი მშვენიერი წყვილი რატომ დაიშალა?

- იმიტომ, რომ ცხოვრება ასეთია.

- ისევ გიყვარს?

- რომ მიყვარდეს, ხომ ერთად ვიქნებოდით, არა?.. უბრალოდ, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და ხომ არ ჩამოვთვლი? ურთიერთობა არ გამოვიდა, არ აეწყო...

- სამომავლოდ რას გეგმავ? როგორც ვიცი, "იუთუბ" გადაცემა გქონდა...

- კი, გადაცემა მქონდა... ახლა თვითგანვითარებაზე ვარ ორიენტირებული. რამდენიმე თვეა, სოციალურ ქსელებს ვერიდები. ჩემთვის ვარ და ყველანაირად ვცდილობ, ასე ვთქვათ, ინვესტირება საკუთარ თავში განვახორციელო, თუნდაც - განათლებაში, ფიზიკურ მდგომარეობაში და ა. შ. შესაბამისად, ჩემს მიზნებზე ლაპარაკს თავს ავარიდებ. მირჩევნია, ადამიანებს შედეგები ვაჩვენო, ვიდრე წინასწარ ვილაპარაკო.

ეთო ყორღანაშვილი