"ზოგმა დაიჯერა, რომ მართლა ასეთი ვარ" - გზაპრესი

"ზოგმა დაიჯერა, რომ მართლა ასეთი ვარ"

ასაკი: 48 წლის.

განათლება: დაამთავრა ჟურნალისტიკის და სამსახიობო ფაკულტეტები, ასევე - გიდების გადამზადების სკოლა.

ამჟამინდელი საქმიანობა: არის "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი (იმერეთში), ასევე - რადიო "ძველი ქალაქის" კორესპონდენტი, ქუთაისის ახალგაზრდული და სამოქალაქო თეატრების მსახიობი, გიდი.

ჰობი: შრომა.

ცხოვრების დევიზი: სიკეთის თესვა.

- წარმოიდგინეთ, არავინ გიცნობთ. მკითხველებს საკუთარ თავს როგორ წარუდგენთ - ვინ ხართ?

- დათო ლიკლიკაძე ვარ, რომელიც ქუთაისში დავიბადე და სხვა ქალაქში ცხოვრებას არ ვაპირებ - ეს ქალაქი მიყვარს და ბოლომდე აქ ყოფნა მსურს.

- ოდესმე გქონიათ სურვილი, სხვა ქალაქში დასახლებულიყავით?

- არა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვმოგზაურობ - თითქმის ყველა ქვეყანაში, ყველა კონტინენტზე ვარ ნამყოფი, ჩემთვის მთავარი ქალაქი ქუთაისია. საქართველოს სხვა ქალაქშიც კი ვერ ვიცხოვრებდი.

- ქუთაისის მთავარი ხიბლი რა არის, რითიც გიზიდავთ?

- ცხადია, უპირველეს ყოვლისა - ის, რომ ქუთაისში დავიბადე. ყველას თავისი მშობლიური ქალაქი უყვარს, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემთვის ქუთაისი აბსოლუტურად ყველაფერია: მის გარეშე ყოფნა არ შემიძლია. ბარსელონაში, პარიზში ან თუნდაც, რომში ყოფნის მეორე დღეს უკვე ქუთაისი მენატრება. სიმართლე გითხრათ, რაღაც გენეტიკური კოდია: აქ ვსუნთქავ თავისუფლად, აქ უხარია გულს, აქ მინდა ყველაფერი...

- პოპულარობის განცდა პირველად როდის დაგეუფლათ?

- როდესაც ტელევიზიაში ჩემი პირველი სიუჟეტი გავიდა. ეს 90-იან წლებში მოხდა - იმერეთში, ტელეკომპანია "იბერვიზიის" (ფილიალი ქუთაისში იყო) კორესპონდენტი ვიყავი. სიუჟეტი ვიღაცებმა რომ ნახეს, ჩემი პოპულარობა მაშინვე დავიჯერე (იცინის). სხვათა შორის, "თავშიც ამივარდა": ძალიან ამაყად დავდიოდი - ტელეეკრანზე გამოვჩნდი, ხალხი მცნობს-მეთქი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მალევე მივხვდი, რომ ჟურნალისტიკა, ტელევიზიაში მუშაობა სერიოზული საქმეა და მიწაზე დავეშვი.

- პოპულარობის დაკარგვის შიში გაგჩენიათ?

- პოპულარობა დიდი პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით - ბოლო დროს. ადამიანები, ვინც სოციალურ ქსელში ჩემი გამომწერები არიან, სულ მთხოვენ, ამა თუ იმ აქტუალურ საკითხზე აზრი დავაფიქსირო. თუკი რამესთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიცია მაქვს და აზრის დაფიქსირება არ მსურს, პირდაპირ მეჩხუბებიან, მაკრიტიკებენ - გაჩუმებული რატომ ხარო? ასე რომ, პოპულარობა გარკვეულ პასუხისმგებლობას გაკისრებს: როცა რაღაცას ამბობ, ვიღაცას შენი ნათქვამის სჯერა. სულ ვცდილობ, "მოზომილი" ვიყო - ბოლო დროს ბეწვის ხიდზე გავდივარ. წინათ ეს შიში არ მქონია - სოციალურმა ქსელმა უფრო გამიჩინა. ადრე პოპულარობას კარგად ვირგებდი, ახლა დაძაბული ვარ, რომ რამე არ შემეშალოს, არასწორად არ ვთქვა, რამე დისკრიმინაციული არ წამომცდეს, სიძულვილის ენა არ გავატარო. უფრო მეტიც, ვცდილობ წონასწორობა არ დავკარგო, როცა "ჰეითერები" ჩემს ვიდეოებზე ცუდ კომენტარებს წერენ - მაქსიმალურად ვითმენ, რომ ხალხმა თავისი აზრი გამოხატოს, თუნდაც - გამოხატვის თავისუფლების საზღვრებს არ შეესაბამებოდეს. ყველაფრის "გატარება" დავიწყე, ყურადღებას აღარავის ვაქცევ.

- ბოლოს რა საკითხთან დაკავშირებით ინერვიულეთ, რომ აზრის საჯაროდ დაფიქსირებისას, მაქსიმალურად "მოზომილი" ყოფილიყავით?

- ნერვიულობა სულ მიწევს, რადგან ადამიანი ისეთ რამეს ვერასოდეს იტყვი, რომ ყველას მოეწონოს. "შუაშისტის" თამაშის ბევრი ხერხი ვიცი, მაგრამ საზოგადოებას მარტივად ვერ მოატყუებ: ან ისე უნდა თქვა, ან - ასე. როგორც უნდა თქვა, ვიღაცას გული მაინც სწყდება. სამწუხაროდ, ჩვენ ხომ "2-პოლუსიანი" საზოგადოება ვართ, არა? ასე რომ, ძალიან მძაბავს, თუ რა ვთქვა... ყველაფერში იუმორი მშველის. ბოლოს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის გამო ვინერვიულე: ჩემ ირგვლივ მყოფთა უმეტესობას ეს კანონი არ მოსწონს, ვიღაცებს მოსწონთ... საზოგადოება გახლეჩილია, რაც მაწუხებს. როცა სოციალურ ქსელში რამეს დავწერ, რის გამოც მეჩხუბებიან, გული არ მტკივა - ერთმანეთს რომ ეჩხუბებიან, ეს მწყინს. ხანდახან იძულებული ვარ, პოსტი წავშალო, რადგან ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ. მერე უხერხულ სიტუაციაში ვარ ხოლმე: მეკითხებიან, - რატომ წაშალე, უკან დაიხიეო?.. მოკლედ, გარკვეული ნერვიულობა ნამდვილად მიწევს...

- დღე-ღამის განმავლობაში რამდენი საათი გძინავთ?

- ძალიან ცოტა ხანს. ყველაზე კარგად გამოძინებული მაშინ ვარ, როცა 5 საათი მძინავს. ისე, დღე-ღამეში 3-4 საათით ვიძინებ. დილის 6-7 საათზე ფეხზე ვარ და ღამის 2-3 საათამდე ვერ ვიძინებ.

- ყველაზე მეტად შრომისუნარიანი დღის რომელ მონაკვეთში ხართ?

- ყველა მონაკვეთში, მგონი - მაშინაც, როცა მძინავს: ვფიქრობ და მეორე დღის გეგმებს ვალაგებ. საერთოდ, ძალიან მშრომელი ვარ.

- როგორ სიზმრებს ხედავთ?

- ძირითადად, არ ვხედავ. მთელი ცხოვრების განმავლობაში, შეიძლება სიზმარი 3-4-ჯერ მინახავს.

- თქვენთვის კომფორტის ზონა რა არის?

- როცა ოჯახის წევრებზე არ ვნერვიულობ. საერთოდ, მათზე გამუდმებით ვნერვიულობ, განსაკუთრებით - მაშინ, როცა უცხოეთში ვარ. ვფიქრობ ხოლმე - ხომ ყველაფერი კარგადაა-მეთქი? როცა ყველაფერი კარგადაა, მაშინაც ვნერვიულობ - რამე სასწაული ხომ არ უნდა გავიგო-მეთქი? ოჯახის წევრების კარგად ყოფნასთან დაკავშირებული შიშები მაქვს.

- საზოგადოება პოზიტიურ ადამიანად გიცნობთ. რამ შეიძლება ემოციების კონტროლის უნარი დაგაკარგვინოთ?

- პოზიტიური განწყობა ჩემმა, ვფიქრობ, ძირითადმა ნიჭმა - იუმორმა "მოიტანა", რადგან შენი პრობლემები არავის უნდა - ყველას თავისი აქვს და ჰყოფნის. ადამიანებს სურთ, დაისვენონ. თუნდაც, "ფეისბუკზე", ჩემს გვერდზე, ხალხი იუმორის გამო უფრო შემოდის - ასე მგონია... მოკლედ, გაცინება და კარგ ხასიათზე ყოფნა ყველას უნდა. თავადაც ისეთ ადამიანებს ყოველთვის გავურბივარ (ზოგი მათგანი "დაჰაიდებულიც" მყავს), ვინც სულ ცუდს წერს. ვცდილობ, ყველაფერში კარგი დავინახო, კარგი დავწერო...

ემოციების კონტროლის უნარს იშვიათად ვკარგავ. ბოლო დროს გულჩვილი გავხდი - შეიძლება, ეს ასაკის ბრალია. მაგალითად, მამა-შვილი ქუჩაში რომ მიდის ან დედა შვილს რომ ეფერება, ან დაბადების დღეს ულოცავს, შეიძლება თვალებიდან ცრემლები თავისით წამომივიდეს. რა მჭირს, არ ვიცი.

- დაასახელეთ საკვები, რომელსაც ყველაზე ხშირად მიირთმევთ...

- სამწუხაროდ, არასწორად ვიკვებები - გარეგნობაზე მეტყობა კიდეც. საერთოდ, გურმანი ვარ. ხორციანი კერძებიც მიყვარს, ძეხვიც, ყველიც, ბოსტნეულიც, ხილიც... არის, რამდენიმე კერძი, რომელიც არ მომწონს, მაგრამ საერთოდ, ჭამა მიყვარს. მაგალითად, აზიურ ქვეყნებში ყოფნისას, კერძების გასინჯვისას ადამიანები ფრთხილობენ: ეს რა არის? როგორი საკაზმების სუნი აქვსო? თავად საჭმელს ნებისმიერ ქვეყანაში ვჭამ.

- ქართული სამზარეულოსთვის განსაკუთრებულად უჩვეულო რა გაგისინჯავთ?

- ყველაფერი გამისინჯავს. მაგალითად, ახლახან ტაილანდში გველის გუფთა ვჭამე. სხვათა შორის, ძალიან მომეწონა.

- თქვენს უარყოფით თვისებად რას მიიჩნევთ?

- იმას, რომ ვერ ვხვდები, უარყოფითი თვისებები რომ მაქვს.

21731578-10208153001502480-2086284110647913055-o-copy-1713766918.jpg

- როგორ ფიქრობთ, თქვენ შესახებ ხალხს როგორი წარმოდგენა აქვს და რეალურად, როგორი ხართ?

- სხვათა შორის, ბევრს უთქვამს, - სულ სხვანაირი მეგონე, სხვანაირი აღმოჩნდიო. ვინც არ მიცნობს, ბევრი აგრესიით "გადმოდის" და ჰგონია, - ეს კარგი ადამიანი არ არის, ფულის გამო ყველაფერს კადრულობსო. ჩემს სატელევიზიო გამოსვლებში, ფინანსების მიმართ ჩემი სიყვარულის, ეშმაკური თვისებების შესახებ წარმოდგენას თავად შევუწყვე ხელი - ეს ამბავი იუმორში "ავაღადავე". ზოგმა დაიჯერა, რომ მართლა ასეთი ვარ. როცა პირადად გამიცნობენ, ხვდებიან, რა ღირებულებები, მიზნები მაქვს, ჩემი ქცევები როგორ ოჯახს ეფუძნება, როგორი გარიგება მაქვს ღმერთთან, საზოგადოებასთან, რის უფლებას მივცემ ჩემს თავს და რას ავუკრძალავ... მერე ხვდებიან, რომ კარგი ადამიანი ვარ. ბევრი ამბობს, - ასეთი არ გვეგონე. თურმე, რა კარგი ბიჭი ყოფილხარო...

- ოდესმე საკუთარ შესაძლებლობებზე მცდარი წარმოდგენა შეგქმნიათ?

- კი, გადაჭარბებული წარმოდგენა შემქმნია. სხვათა შორის, ამაში დედამ შემიწყო ხელი: ბავშვობაში დამაჯერა, რომ ყველაფერს შევძლებდი. სინამდვილეში, რაღაცები მართლა შევძელი. მაგალითად, ინგლისური არ ვიცოდი და როცა ამერიკაში ტრენინგზე დასასწრებად ინგლისური ენის ცოდნის შესახებ მოთხოვნა იყო, მივუთითე, რომ ვიცოდი. ინგლისურენოვან ტრენინგზე ისე ვიყავი, კაციშვილს არ გაუგია, რომ ინგლისური არ ვიცოდი. საკუთარ თავს ასე გადაჭარბებულად ვაფასებ, მერე კი რაღაც მიზნებს ვაღწევ.

- როცა ადამიანს პირადად ხვდებით, პირველად მისი გარეგნობის რა დეტალი იქცევს თქვენს ყურადღებას?

- პირველ რიგში, ფეხსაცმელებზე ვუყურებ, ქალსაც და კაცსაც. სათვალეებსა და სხვა დეტალებზე გვიან "ავდივარ". ფეხსაცმელებით ვცნობ, როგორი ადამიანი შეიძლება იყოს... კიდევ, ხმას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ: შეიძლება ხმით ადამიანი შემიყვარდეს.

- ისეთი საქციელი თუ ჩაგიდენიათ, რომლის გახსენებისას დღესაც გრცხვენიათ?

- კი, როგორ არა! როცა განსაკუთრებული სისულელე "დამიხეთქებია", მერე ძალიან შემრცხვენია. მაგალითად, ერთ-ერთ შეხვედრაზე, ძალიან ცნობილი მეცნიერი ახსენეს, მე კი ვიკითხე, - ეს ვინ არის-მეთქი? გაიცინეს: გვეხუმები, არაო? - დიახ-მეთქი, - ვუთხარი და მივხვდი, დიდი სირცხვილი იყო, რომ იმ მეცნიერის ვინაობა არ ვიცოდი (იცინის).

- ოდესმე უსარგებლო ადამიანად გიგრძნიათ თავი?

- არასოდეს, რადგან ვისთანაც ვურთიერთობ, თითქმის ყველას რაღაცით მაინც ვჭირდები. დიდად დეპრესიული ტიპიც არ ვარ.

- ცხოვრებაში თქვენს ქმედებებს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?

- კეთილსინდისიერება. მიზნის მისაღწევად ყველაფერი უნდა გააკეთო, მაგრამ სინდისის ხარჯზე - არა. მაგალითად, ამ ასაკშიც კი, როცა ვიცი, ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი მჭირდება, მაგრამ თუ დედაჩემმა თქვა, - ეს არ გააკეთოო, არ გავაკეთებ. "დედიკოს ბიჭი" კი არ ვარ, მაგრამ დედის სიტყვას ვერ "გადავახტები", თუნდაც დარწმუნებული ვიყო, რომ რის გაკეთებასაც ვაპირებდი, სწორი იყო. რა ვქნა? ასე გავიზარდე...

ეთო ყორღანაშვილი