ვინ ეხმარება პრაქტიკიდან გამოწვეული შიშების დამარცხებაში მიშა ანდღულაძეს? - გზაპრესი

ვინ ეხმარება პრაქტიკიდან გამოწვეული შიშების დამარცხებაში მიშა ანდღულაძეს?

გამოცდილებისა და პრაქტიკის გამო ჩარჩოში მოქცევის შიშსა და მისი დამარცხების მეთოდზე, ასევე - ახალგაზრდობის შენარჩუნების მისეულ საიდუმლოზე...

- მიშა, როგორ ხართ, როგორ მიდის თქვენი საქმეები?

- არაჩვეულებრივად. ჯანმრთელობა ხელს მიწყობს. ამას წინათ მარკეტში ქალმა მითხრა, - იუმორისტებიდან ყველა დაბერდა, თქვენ გარდაო. რაღაცნაირად, ისე მესიამოვნა, რომ ახლა დავდივარ, კომედიანტებს ვეძებ, რომ შევახსენო - ახალგაზრდობის მხრივ, ყველა დამემსგავსოს და ბოტოქსის ინიექციებს შეეშვან, რადგან ბევრი კომედიანტი "დაბოტოქსებული" დადის.

- მამაკაცები?

- ჰო, აბა, რამ დააბერა?!.

- საინტერესოა თქვენი ცხოვრების სტილი: ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად განსაკუთრებულად ზრუნავთ?

- განსაკუთრებული არაფერია: სისულელეებზე დარდში დროს არ ვხარჯავ, კონფლიქტებს ვერიდები და ალბათ, ახალგაზრდობის საიდუმლოც ეს არის.

- როგორ მიაღწიეთ იმას, რომ განსაზღვროთ, თუ რა არის "ზედმეტი სანერვიულო" და არ ინერვიულოთ?

- უბრალოდ, ერთ დღესაც გამახსენდა, რომ ბოლოს მაინც ყველანი ვიხოცებით და ცხოვრება უნდა მოვასწროთ. აი, ეს რომ გავიზიარე, მას შემდეგ ჩემმა ასაკმა კლება დაიწყო.

435367694-1199476378173555-8585225260396788585-n-1713767119.jpg

- ეს როდის მოხდა?

- მგონი, გუშინწინ. შემდეგ, ასაკი ერთიანად "ჩამოვარდა" - 42-დან 22 წლის გავხდი.

- როგორ წარმოგედგინათ ბავშვობაში თქვენი მომავალი?

- ბავშვობაში მომავალზე არ ვფიქრობდი. ბავშვები ყველაზე მაგრები იმიტომ არიან, რომ დროს არ ყოფენ წარსულად, აწმყოდ და მომავლად. მათთვის ერთადერთი დრო - აწმყო არსებობს. ჩემი აზრით, ესთეტიკური მედიცინა, პლასტიკური ქირურგია კარგად იმიტომაც მუშაობს, რომ ადამიანებს დროის დაყოფა აბერებს: როგორც კი ტვინში დროის დაყოფა იწყება, მერე ბევრი გაუგებრობა ჩნდება. ყოველ შემთხვევაში, არ მახსენდება, ბავშვობაში მომავალზე მეფიქროს... სურვილებს რაც შეეხება, მინდოდა გამოვსულიყავი მხატვარი (ბევრს ვხატავდი) და მუსიკოსი (მუსიკას ხშირად ვუსმენდი). პრინციპში, მუსიკასთან კავშირი შევინარჩუნე, ხატვას კი ცოტათი ჩამოვრჩი. საბოლოოდ, 2 ოცნება მქონდა: მუდმივად ვყოფილიყავი "ჩართული" შემოქმედებაში და როცა ტუალეტში ვიყავი, ჩემთვის შუქი არავის ჩაექრო ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით. ორივე ამისრულდა და ძალიან ბედნიერი ვარ.

- თქვენს პოდკასტში საუბრობდით, თითქოს ტელევიზია მოძველებულიაო...

- არა, იმაზე ვსაუბრობდი, რომ ყველა დროს, ტექნოლოგიურ განვითარებას ადამიანებს შორის წინააღმდეგობები მოაქვს. დღეს, რაკი თითქმის მთელი ტელევიზია ინტერნეტშია გადასული, გაჩნდა წინააღმდეგობა, რომ ტელევიზია ცუდია, ინტერნეტი კი - კარგი, როგორც სასაცილო ბრძოლები რეპერებსა და როკერებს, კომუნისტებსა და კაპიტალისტებს, ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის... უბრალოდ, აბსურდულ წრეზე ვსაუბრობდი. დღეს თუ რაღაც ნაწილისთვის ტელევიზია მოძველებულია, ინტერნეტი კი ნათელი მხარე, ისტორიას რომ გადავხედოთ, ტელევიზიის გაჩენისას, სწორედ ტელევიზია მიიჩნეოდა ნათელ მხარედ, ვიდრე მაგალითად, ბეჭდური მედია. ალბათ მანამდე, მეფის დეკლამატორები ამბობდნენ, - აი, ბეჭდური მედია სიახლეა, დეკლარაციები კი მოძველებულიო. ეს მუდმივი წინააღმდეგობაა, რომელიც აბსურდია: რეალურად, ახალი და ძველი არაფერია - ყველაფერი გამეორებულია. უბრალოდ, ფორმები განსხვავდება... პოდკასტში ვამბობდი, რომ უბრალოდ, ხანგრძლივად რაღაცების კეთება მბეზრდება: თუკი ჩემთვის შემოქმედებითად რაღაც ამოიწურა, უინტერესო ხდება. ტელევიზიაში არის რაღაც, რაც ჩემთვის ამოიწურა. ზუსტად ამიტომ, "სთენდაფების" კეთება დავიწყე კრიზისის გადასალახავად.

- რამდენად განსხვავებულია "სთენდაფზე" მუშაობის სპეციფიკა? თუ სწორად მახსოვს, წინათ, ასეთ ფორმატზე არასოდეს გიმუშავიათ...

- კლუბური სატელევიზიო შოუ გვქონდა, მაგრამ ის "სთენდაფთან" კავშირში მცირე დოზით იყო. "სთენდაფში" ყველაფერს ერთი ადამიანი აკეთებ: თავად ხარ დირექტორიც, მემონტაჟეც, შენს იუმორზე პასუხისმგებელიც... ეს შრომატევადია, მაგრამ უფრო საინტერესო; ის ადგილია, სადაც ცენზურის ზღვარს თავად ადგენ და პასუხისმგებელიც თავად ხარ. ტელევიზიისგან განსხვავებით, "სთენდაფში" ყველანაირი საშუალება გაქვს იმაზე ისაუბრო, რასაც მაგალითად, ტელევიზიით ვერ იტყვი. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომ სიტყვა განვითარდეს, მეტი თავისუფლება პოვოს...

- გქონიათ შემთხვევა, როცა "სთენდაფში" ნათქვამი მოგვიანებით გინანიათ?

- შეიძლება, მხოლოდ ის ინანო, ხუმრობა თუ კონკრეტულ ადამიანს შეეხო. ასეთი შემთხვევები არის. შეიძლება რაღაც იხუმრო, რაც კონკრეტული ადამიანის სიტუაციას დაემთხვეს, მაგალითად - თუ გუშინ ძაღლი მომიკვდა და ვიღაცამ ძაღლზე იხუმრა, მიუხედავად იმისა, რომ ვხვდები, ეს ხუმრობაა, შეიძლება ემოციურად ჩემზე მაინც ცუდი ზეგავლენა მოახდინოს, რადგან ჯერ კიდევ სტრესში ვარ. ადამიანებს პირადი ემოციის და ხუმრობის მნიშვნელობის გამიჯვნა ხანდახან უჭირთ და პირად ტკივილად იღებენ - ისევე, როგორც საჯაროდ ვინმე თუ თავის აზრს იტყვის, ეს ვიღაცისთვის პირადი შეურაცხყოფაა. ერთ-ერთი ბრიტანელი კომედიანტი ხუმრობდა, - სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი გამომწერი მყავს. ხანდახან ვიღაც შემოვარდება, ვისაც არც ვიცნობ და ილანძღება. თან, ჩემი გვერდი თავად გამოიწერა, მაგრამ ჩემს ხუმრობაზე ბრაზდება და მლანძღავსო. დაახლოებით ეს იმას ჰგავს, რომ ქუჩაში გავიარო, გიტარაზე დაკვრის სასწავლო პროგრამის შესახებ განცხადება დავინახო, მერე გიტარის მასწავლებელს დავურეკო და გავლანძღო, - გიტარაზე დაკვრის შენი შემსწავლელი პროგრამა არ მინდა და რატომ მატენი-მეთქი?!. როცა ადამიანი საჯარო პირი ხარ და გარკვეული გავლენა გაქვს, ვიღაცისთვის ეს სასარგებლოც არის და საზიანოც. ყველაფერზე პასუხისმგებელი ვერ იქნები. შეგიძლია მხოლოდ შენს მოტივზე პასუხისმგებელი იყო. რეალურ მოტივებს ადამიანები განსხვავებულად აღიქვამენ. ისევ "დაღეჭილ" თემასთან მივდივართ, რომ მრავალეროვნებასა და განსხვავებულობაში არსებობს სიცოცხლის ყველაზე მთავარი ღირებულება. ევროკავშირი რომ გვინდა, ევროპული ღირებულება სწორედ "ღიაობა", კულტურული მრავალფეროვნება, გაცემა და მიღებაა. შოთა რუსთაველიც ამბობს, - "რასაცა გასცემ, შენია, რაც არა, დაკარგულია". თუკი შენთვის მიუღებელი არ მიიღე, შენი აზრის გაცემას ისე ვერ ისწავლი, რომ არ შეგეშინდეს. ევროპა ზუსტად ეს არის - შენთვის მიუღებელის მიღებაც, თორემ რაც მისაღებია, იმის მიღება მარტივია. შესაბამისად, კომედიის მთავარი დანიშნულებაც ეგ არის: იმაზე ვილაპარაკოთ, რაზეც საუბრის ადამიანებს რცხვენიათ ან ეშინიათ. ამ შემთხვევაში, საკუთარ თავზე პირველ დარტყმას კომედიანტები იღებენ. საერთოდ, სიტყვას ვინც პირველი აჟღერებს, პირველ დარტყმასაც ის იღებს, თუნდაც შემდეგ ეს სიტყვა წმინდა გახდეს. სხვაგვარად კულტურა წინ ვერ მიდის, ვერ ყალიბდება, ვერც საზოგადოებრივი თანაცხოვრება შედგება... "სთენდაფის" მთავარი დანიშნულება ზუსტად საკუთარი რეალობის წარმოჩენაა და არა - მხოლოდ ის, რომ გავიცინოთ.

- ოდესმე თქვენი აზრის საჯაროდ გაჟღერების თუ შეგშინებიათ?

- ეს შიში ყოველთვის არის. კომედიანტს ყოველთვის დანის პირზე გავლა უწევს. შეიძლება ძალიან უწყინარი რაღაც თქვა, მაგრამ ვიღაცას არ მოეწონოს. ეგ კი არა, ერთ-ერთმა საჯარო პირმა, რომელიც პოლიტიკოსიც არის და ლიტერატურის დიდი მცოდნეც, თქვა, - 90-იან წლებში, ჩემი რაღაც განცხადების გამო ვიღაცამ მესროლაო. ჩვენ კიდევ კარგად ვართ დაცულები... ასეთი შემთხვევები ხომ ბევრი გვაქვს, არა? თუნდაც, "შარლი ებდოს" ამბავი... ასევე, რამდენი მწერალი გარბის თავისი ქვეყნიდან?..

sddefault-1713767130.jpg

- როგორც ვიცი, "სთენდაფ" საღამოები საზღვარგარეთაც გქონდათ...

- ჩემს მეგობარს - კახაბერ გაბელაიას დიუსელდორფში ღვინის ბარი აქვს. ის დამიკავშირდა. თებერვალში გავემგზავრე და 2 საღამო მქონდა. ივნისისთვის კიდევ დავგეგმეთ...

- გერმანიაში მცხოვრები ქართველებისთვის განსხვავებული "სთენდაფის" მომზადებაა საჭირო?

- ყველა პუბლიკას შესაბამისი სცენარი სჭირდება. "სთენდაფი" ის გარემო არ არის, სადაც ერთი სცენარი ყველასთვის უნივერსალური იქნება. მაგალითად, ერთი ბარიდან მეორეში რომ გადახვიდე, შეიძლება, იქაც აბსოლუტურად განსხვავებული კომედია დაგჭირდეს. ძალიან ცოცხალი პროცესია და მთელი მუღამიც ამაშია... ქართველები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, რომელ ქვეყნებშიც ვყოფილვარ, ერთმანეთისგან განსხვავდებიან სოციალური წესით, ცხოვრებისეული პრაქტიკით... ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს, სამშობლოდან ვინ როდისაა წასული - მათზე ზეგავლენას ესეც ახდენს. ემიგრაციაშიც კი მრავალფეროვანი ხალხი ვართ.

- თქვენ მიერ განსახიერებული ქალი პერსონაჟებიდან ყველაზე ორგანული, საყვარელი, სასიამოვნოდ განსასახიერებელი ვინ არის?

- აქაც სპონტანურობის ამბავია: ის, რომელიც შეიძლება კონკრეტულად ახლა მოვიფიქრო, გამახსენდეს... არ შეიძლება ადამიანს მხოლოდ 1 ლექსი ან 1 ფილმი გქონდეს არჩეული - გემოვნება ყოველთვის გვეცვლება. ამას გარემოც განსაზღვრავს.

- თქვენს "ქალებს" სამოსს, მაკიაჟს თავად ურჩევთ?

- კი, კი!.. ამ შემთხვევაში, "სელფმეიდვუმენი" ვარ. მაკიაჟი, აქსესუარები ჩემი შერჩეულია, მაგრამ მთავარი დამხმარე მყავს: სამსახურში ერთი გოგო გვყავს, ვინც დიზაინს უზრუნველყოფს, მერე კი ერთად ვარჩევთ, რომელი კაბა უფრო მეტად მომიხდება. ძალიან ბევრი კაბა დამიგროვდა. ვფიქრობ, მუზეუმი ხომ არ გავხსნა, შემოსული თანხა კი მიუსაფარ კომედიანტთა სახლებს გადავურიცხო (იღიმის)?..

- რამდენად დიდ ყურადღებას აქცევთ რეალურ ცხოვრებაში, ქალების ჩაცმულობას? ერკვევით?

- საერთოდ, ყველაფერს ვამჩნევთ, ვუსმენთ... ჩემში არსებული ქალი ჩემში არსებულ კაცს ესაუბრება ხოლმე. ხანდახან ერთმანეთს "ხოცავენ", მაგრამ ბოლოს რიგდებიან... ჩემში არსებული ქალის მიმართ უფრო პრეტენზიული ვარ, ვიდრე ჩემში არსებული კაცის...

- ახალბედა იუმორისტებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ? თუ უწყობთ ხელს, თუნდაც - რჩევებით?

- "სთენდაფ თბილისი" არის პლატფორმა, სადაც ახალგაზრდა კომედიანტები მუშაობენ. მათთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ჩემთვის ისინი ლოკომოტივივით არიან. სულ ვამბობ, - გამოცდილება, პრაქტიკა და ცოდნა რაღაც ჩარჩოა, რომელიც ყოველთვის გკეტავს. ამიტომ გამუდმებით ახალ ძალას ვეძებ. ჩემთვის "სთენდაფ თბილისი" კარგი გარემოა, კარგი თანამშრომლობა გამოგვივიდა. ჩემი პრაქტიკიდან გამოწვეული შიშების დამარცხებაში ეს ახალგაზრდები მეხმარებიან.ავტორიტეტი და გავლენა მაინც "კედელია" - პასუხისმგებლობების შიშებში გხვევს... ამიტომ მხოლოდ ახალგაზრდები კი არ სწავლობენ ჩემგან, პირიქით - პირველ რიგში, მათგან თავად ვსწავლობ განსხვავებულს.

- არის შემთხვევები, როცა ახალგაზრდა თაობისთვის გასაგები იუმორი თქვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია და გიკვირთ - რატომ ეცინებათო?

- რაღაც ყოველთვის არის, რა თქმა უნდა, რაც ჩემთვის გაუგებარია, რაღაც - მათთვის. მთელი მუღამიც ამაშია. ყველაფერი გასაგები ჩვენს პანაშვიდზე იქნება, როცა "ზალაში" გაწოლილები ვიქნებით, ყვავილებით ხელში. ეს არის ერთადერთი სიტუაცია, როცა ადამიანები მართლები და საუკეთესოები ვართ...

- დაბოლოს, თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- ყველაფერი კარგი. მშვენივრად ვარ: ჩემში არსებულ კაცს უყვარს ქალი და ჩემში არსებულ ქალს შეიძლება უყვარდეს კაცი - არ გამოვრიცხავ.

- პასუხის მეორე ნაწილი ვერ გავიგე - დამაბნეველია...

- ეგ მეც ვერ გავიგე. ამის გარკვევა კომედიას მივანდოთ (იცინის)...

ეთო ყორღანაშვილი