ეპიზოდები დიდი ქართველების ცხოვრებიდან - გზაპრესი

ეპიზოდები დიდი ქართველების ცხოვრებიდან

მდებარე ელიტურ სამკურნალო დაწესებულებაში ტრაგედია დატრიალდა: პოეტთა მეფე, გალაკტიონ ტაბიძე ფანჯრიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს ნამდვილი შოკი იყო ქართველი საზოგადოებისთვის, რომელსაც გალაკტიონი გამორჩეულად უყვარდა. ქართველმა ხალხმა დიდი პატივი მიაგო საყვარელ პოეტს.

"გრანდიოზული სამგლოვიარო კორტეჟი მიაცილებდა მის კუბოს. თითქო მთელი ქალაქი ტორტმანებდა... სამი დაკრძალვა მახსოვს ასეთი დიადი: როცა ვანო სარაჯიშვილს ასაფლავებდნენ, ყველამ იცოდა, რომ ეთხოვებოდნენ სიმღერას. როცა ნატო ვაჩნაძის ფერფლმა ჩაიარა მოედანზე, ვიღაც უცხომ იკითხა, – ვის ასაფლავებენო? მას ერთხმად უპასუხეს, – "სილამაზეს!" გალაკტიონ ტაბიძის დასაფლავება კი, სიტყვის მუსიკის გამოტირება იყო. სხვებთან ერთად, მეც გულმოკლული და ღრმად შეძრწუნებული მივაცილებდი სამარემდე მის ძვირფას კუბოს და მეჩვენებოდა, თითქოს ლერწამი დაიმსხვრა და გობელენი სამუდამოდ დაიკეცა", - ასე იხსენებდა გალაკტიონის დაკრძალვას აკაკი გაწერელია.

სწორედ ეს განწყობაა ასახული ფოტოზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრის - თაკო ჩარკვიანის საოჯახო არქივში ინახება. ქალბატონი თაკო ჟურნალის "გზა" მკითხველს სწორედ ამ ფოტოზე ესაუბრება:

- გალაკტიონი ყველა ქართველისთვის საფიცარი პოეტია. ის ძალიან უყვარდა მამაჩემს, რასაც დაკვირვებული თვალი ამ ფოტოდანაც ამოიკითხავს: ფოტოზე პოეტის დაკრძალვა და აცრემლებული მამაჩემია აღბეჭდილი, რომელიც გალაკტიონს უკანასკნელ გზაზე მიაცილებს. ის საპატიო ყარაულში ბოლომდე იდგა, რომ დიდი პოეტის ხსოვნისათვის პატივი მიეგო. ახალგაზრდა პოეტები გალაკტიონის ნეშტს არ შორდებოდნენ, მათ შორის იყო ჯანსუღ ჩარკვიანი, რომელსაც განსაკუთრებული მოწიწება და სიყვარული ჰქონდა პოეტთა მეფის მიმართ.

- ყველაზე მეტად რა გახსენდებათ მისი მოგონებებიდან?

- მამა მიყვებოდა, რომ ახალგაზრდებს გალაკტიონი ძალიან უყვარდათ. სულ თან დავდევდით და არ ვშორდებოდითო, - ამბობდა. ქუჩაში რომ დავინახავდით, აჩრდილივით უკან მივყვებოდით და თუ გაგვიმართლებდა, ისიც მოგვიკითხავდა ხოლმეო... როგორ ხარ, ძამიკო? - თურმე, ასეთი მოკითხვა იცოდა კაცმა, რომელიც საოცრად უშუალო და თავმდაბალი იყო. დუქანში, სადაც ის დადიოდა, ახალგაზრდებიც ხშირად მიდიოდნენ. ასეთ სიტუაციაში დაუწერია ჯანსუღს ერთი კალამბური, რომელიც განსაკუთრებით უყვარდა: - არაგვში ვართ, არა გვშივა, არა გვინდა რა, გალეშილნი ამოვდივართ, არაგვიდანა".

ყველაზე მეტად, მამას ერთი ფაქტის გახსენება უყვარდა: ერთხელ, მე და ოთარ ჭილაძე მშრალი ხიდიდან ამოვედით, გალაკტიონი დავინახეთ და გავყევით. დავინახეთ, როგორ შეიძინა არაყი, ერთი ჭიქა დაისხა, მარტო ერთი ყლუპი მოსვა ისე, რომ ბოლომდე არ დაულევია, ნაწილი, რაც დარჩა, ხელებზე გადაინაწილა და წვერზე მოისვა. ქუჩაში რომ გამოვიდა, თითქოს ბარბაცებდა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ გალაკტიონი მაშინ მთვრალი არ იყოო. სულ ამბობდა: არავინ დაიჯეროს, რომ ის მართლა ლოთი გახლდათ, სასმელი მისთვის თავის გადარჩენის გზა იყოო. მამას ეს არ უკვირდა, რადგან გალაკტიონს უმძიმესი წლები ჰქონდა გამოვლილი, მის ირგვლივ მხეცები ტრიალებდნენ და უმძიმეს ვითარებაში უწევდა ცხოვრება.

galaktionis-dakrzalvaze-copy-1713767784.jpg

- ალბათ ეს იმითაც აიხსნება, რომ 1930-იან წლებში დატრიალებული უბედურება გალაკტიონს უშუალოდ შეეხო...

- რა თქმა უნდა, რეპრესიებმა მისი ცხოვრება დაანგრია. ცნობილი ფაქტია, რომ ბოლშევიკებმა მისი ცოლი, ოლია ოკუჯავა ჯერ დაიჭირეს, მერე კი - გადაასახლეს. გალაკტიონმა კომუნისტური რეჟიმის სუსხი თავის მხრებზე იწვნია და ისიც ცდილობდა, თავი დაეცვა. თქვენ იცით, რომ მას ლენინის პრემია მისცეს და მედალი დაკარგა? რაღა უნდა ექნათ, - მეორედ მისცეს, ამასაც მამა მიამბობდა. ჩვენს სახლში ინახება ძალზე ძვირფასი, პატარა წარწერა, რომელიც გალაკტიონს ეკუთვნის. პირველად მისი ლექსები "პირველ სხივში" დაიბეჭდა და ამ ლექსებისთვის გალაკტიონს მიუწერია: "ჯანუკი ჩარკვიანი - დაიმახსოვრეთ!" ამ სიტყვებით მამა ძალიან ამაყობდა და ეს წარწერაც ძვირფასი იყო მისთვის.

- ფაქტია, რომ გალაკტიონს არაერთი ლექსი აქვს დაწერილი ლენინზე, კომუნიზმზე, კოლმეურნეობის სიკეთეზე, მაგრამ ეს ლექსები ოდნავაც ვერ შეედრება მის შედევრებს.

- რა თქმა უნდა, მე და მამას ამ საკითხზეც გვისაუბრია და ყოველთვის ერთ დასკვნამდე მივსულვართ: ეს თავის გადარჩენის მცდელობა იყო, იძულებითი ხარკი, რომელიც კომუნისტური წყობის დროს ყველა შემოქმედს უნდა გაეღო. მაგალითად: ჩემთვის უსაყვარლესმა მწერალმა, კონსტანტინე გამსახურდიამ "ვაზის ყვავილობას" ასეთი სიტყვები წაუმძღვარა - ვუძღვნი ლავრენტი ბერიასო. რასაკვირველია, ამ ხარკის გადახდა გალაკტიონსაც უწევდა. 60-იანელთა თაობაშიც არ დარჩენილა პოეტი, რომელსაც ასეთი მიძღვნა არ ჰქონია. იმ დროის მსახვრალი ხელი ყველას შეეხო. ზოგი ცინიკურად ქირქილებდა და ისე წერდა, მაგრამ თავის შემოქმედებაში ყველა აქებდა კომუნისტური წყობის "სიკეთეს". ასეთი ლექსები აქვთ დაწერილი მუხრან მაჭავარიანს, შოთა ნიშნიანიძეს, პეტრე გრუზინსკის, მორის ფიცხიშვილს და სხვებს. იმდროინდელ მწერლებს ოდები აქვთ მიძღვნილი კომუნისტური პარტიისადამი, მაგრამ ამით არაფერი დაშავებულა. უვაჟკაცესი თაობა იყო, რომელიც ამის პარალელურად, დიდ ეროვნულ საქმეებს აკეთებდა. ახლა ძლივს ვერევით რუსეთის ბოროტ იმპერიას და ხომ წარმოგიდგენიათ, მაშინ რა იქნებოდა? ნამდვილი გალაკტიონი სულ სხვა იყო - ის, ვინც შექმნა "მერი" და "ნიკორწმინდა", "მთაწმინდის მთვარე" და "მზეო თიბათვისა", "თოვლი", "ლურჯა ცხენები" და სხვა განუმეორებელი შედევრები...

wiladze-saluqvadze-copy-1713767817.jpg

- ალბათ თქვენს საოჯახო არქივში კიდევ ბევრი საინტერესო ფოტოსურათი და მოგონება ინახება.

- დიახ, ასეა. მამაჩემის არქივზე მუშაობა რაღაცნაირად, მოულოდნელად დავიწყე და ისეთ საინტერესო რამეებს წავაწყდი, განცვიფრებული ვარ. არ ვაპირებდი, მაგრამ ახლა უკვე წიგნის დაწერას ვაპირებ, ჯანსუღის არქივში იმდენ საყურადღებო ინფორმაციას გადავაწყდი, რომ ამის დაკარგვა ნამდვილად არ შეიძლება. ამ მემუარებს თანდართული ექნება ფოტოები, ჩანაწერები, სტენოგრამები... მათ შორისაა 1989 წლის 8 აპრილს ჩაწერილი სტენოგრამა, სადაც ისმის, როგორ მოითხოვა ნუგზარ ფოფხაძემ რუსული ჯარის შემოყვანა თბილისში და იქვე ისმის ჯანსუღის ხმამაღალი პროტესტი; მამა ყვირის, - რას ჰქვია, ჯარი უნდა შემოიყვანოთ? გარეთ ჩვენი შვილები და შვილიშვილები დგანანო. მის არქივში ინახება პირადი მიმოწერა ნოდარ დუმბაძესთან, რაც არანაკლებ საინტერესოა. ჯანსუღის კურსზე მეოცე საუკუნის ქართული პოეზიის ამომავალი ვარსკვლავები სწავლობდნენ, კერძოდ: ოთარ და თამაზ ჭილაძეები, გივი გეგეჭკორი, ტარიელ ჭანტურია, გივი სამსონაძე... მათ ძალიან თბილი და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ლევან გოთუასთან, რომელმაც ერთ-ერთ ექსპედიციაში თავისი საუკეთესო სტუდენტები წაიყვანა. ერთ-ერთი მათგანი ჯანსუღიც იყო. იმ ექსპედიციის დროს ძალიან საინტერესო და იშვიათი ფოტოები აქვთ გადაღებული, ამ სურათებს დღეს უკვე ლეგენდად ქცეული, გურამ თიკანაძე იღებდა. მოკლედ, ჯანსუღის არქივში ბევრი საინტერესო ამბავი და მასალა აღმოვაჩინე, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის უცხოა, ამიტომაც მგონია, რომ საინტერესო წიგნი გამომივა.

ხათუნა ჩიგოგიძე