"ზუსტად ასეთი ვარ" - გზაპრესი

"ზუსტად ასეთი ვარ"

იუმორი ერთ-ერთი საბრძოლო იარაღია, ის ხუმრობს, რათა დამალოს ცრემლი. ყველგან და ყველაფერში მრავალფეროვნებას ეძებს. რეალურად თუ არაფერი ხდება, შეუძლია თავად მოახდინოს ფათერაკის და სახიფათო თავგადასავლის პროვოცირება", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ხარის წელში დაბადებულ თევზებს, ეს კი მომღერალ დოდონა ნამორაძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგიით ნაკლებად ვინტერესდები. ვფიქრობ, ვარსკვლავებს არ შეუძლიათ გადაწყვიტონ ჩემი ბედი. არსებობენ ადამიანები, მათ შორის ჩემ გარშემოც, რომლებიც ამ თემით ინტერესდებიან. ინტერნეტის ერთ-ერთი საიტიდან მეგობარმა პირადი რუკაც კი შემიდგინა, მაგრამ იმ რუკით საერთოდ არ ვინტერესდები.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ ზოდიაქოს 12 ნიშნიდან თევზები ერთ-ერთი ყველაზე რთულად აღსაწერია. თქვენი ნიშნის სიმბოლო საპირისპირო მიმართულებით მცურავი 2 თევზი რამდენად არის თქვენს ხასიათში გამოხატული? განწყობა ხშირად გეცვლებათ?

- ხასიათის ცვალებადობა მართლაც მახასიათებს. ვფიქრობ, ეს ყველა ქალის თვისებაა.

- გადაწყვეტილების მიღების დროს გაორება გაქვთ?

- ნაკლებად.

- ხარის წელში დაბადებული ადამიანები შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან, თევზებს შრომა დიდად არ უყვართ, თქვენს შემთხვევაში როგორ არის?

- ჩემი საქმე მთელი დღის განმავლობაში შემიძლია დაუღალავად ვაკეთო. დღეს კვირაა, ახლაც კი ოფისში ვარ და ვმუშაობ. რაც შეეხება სახლის საქმეებს, ძალიან ზარმაცი ვარ. მიყვარს კერძების მომზადება, მაგრამ ჩემთვის სახლის დალაგება წამება და ტანჯვაა.

- "ურჩევნია დინებას მიჰყვეს, ვიდრე ინიციატივა საკუთარ თავზე აიღოს".

- ჩემს შემთხვევაში პირიქით არის, უმეტესად ინიციატორი ვარ და დინებას სულ ვეწინააღმდეგები, თუმცა როდესაც მივყვები, ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებამდე მივდივარ. ხანდახან საწინააღმდეგო ცურვასაც სწორ ადგილამდე მივყავარ.

- "მუდმივად მერყეობს პესიმიზმსა და ოპტიმიზმს შორის".

- მე ყველაზე დიდი ოპტიმისტი ვარ, როდესაც მეგობრებს სჭირდებათ რჩევა, დახმარება, მათთვის იმედის და მოტივაციის მიმცემი ვარ.

- "იმდენად ჯიუტია, ხშირად ადამიანებს მასთან ურთიერთობა ამ თვისების გამო უჭირთ".

- მართალია, ჯიუტი ვარ, ძალიან ჯიუტი.

- ეს თვისება მიზნების მიღწევაში გეხმარებათ?

- გარკვეულწილად მეხმარება. ჩემი აზრით, არ არსებობს თვისება, რომელიც 100%-ით დადებითი ან უარყოფითი იყოს. ადამიანი ზედმეტად კეთილი და მიმნდობი რომ არის, ეს ხომ კარგია, მაგრამ ამავე დროს ცუდიც არის, ის ადამიანი შესაძლოა ბევრ უსიამოვნებას შეახვედროს. სიჯიუტით შეგიძლია დიდ მწვერვალებს მიაღწიო. საკუთარ მაგალითს მოვიყვან, ჯერ იყო ქუჩის მუსიკოსობა, მერე - "X ფაქტორი", "ვოისი"... სიჯიუტემ და იმან, რომ არ დავნებდი, მომიყვანა დღევანდელ დღემდე. აქვე აღვნიშნავ, რომ პირად ურთიერთობებში, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან სიჯიუტის გამო კონფლიქტები მქონია.

- "მისთვის იუმორი ერთ-ერთი საბრძოლო იარაღია. ის ხუმრობს, რათა დამალოს ცრემლი".

- მგონია, რომ ეს თავდაცვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან პრობლემის იუმორით გადაფარვას არ ვცდილობ, მაგრამ ბავშვობიდან ასეთი ვარ, არ მომწონს, როდესაც ადამიანები ჩემს ცრემლს, სისუსტეს ხედავენ. პიროვნებას ძალიან უნდა ვენდობოდე, მასთან აბსოლუტურად რეალური რომ ვიყო.

- "ოცნებების სამყაროში ცხოვრობს, ქრონიკული მეოცნებეა".

- კი, სულ ფანტაზიებში ვარ. ეს თვისებაც ბავშვობიდან მაქვს. ყოველი დაძინების წინ ვფიქრობდი, თითქოს სუპერძალებს ვფლობდი.

- მაგალითად?

- შემეძლო ფორტეპიანოს ყველა ნოტის აღება, მერე წარმოვიდგენდი რა სასწაულების გაკეთებას შევძლებდი. ჩემს პროფესიასა და საქმეში საკმაოდ რაციონალური ვარ.

- "უანგარო სიყვარული შეუძლია. საყვარელი ადამიანის გამო ყველაფერზე წამსვლელია".

- უანგარო სიყვარული? ჩემი აზრით, უანგარო სიყვარული არავის შეუძლია, გარდა მშობლისა. ბოლოს ყველაფერი ანგარებამდე მიდის. შვილსაც არ უყვარს მშობელი უანგაროდ, მხოლოდ მშობელს უყვარს და შეუძლია ასეთი სიყვარული. რაც უნდა დააშავოს, დედას და მამას შვილი მაინც უყვარს. რომ ამბობენ, მეგობარი უანგაროდ მიყვარსო, ასე არ არის, არ გიყვართ უანგაროდ. ის რომ მოდის, როცა დახმარება გჭირდება ან ადრე მოდიოდა და შენ გვერდით იყო, იმიტომ გიყვარს. ყველაფერი ბოლოს მაინც ანგარებამდე მიდის.

- ახლა თქვენ ძალიან არაპოპულარული რამ თქვით. შესაძლოა, საზოგადოების მხრიდან კრიტიკაც დაიმსახუროთ, ამისთვის მზად ხართ?

- არ ვფიქრობ, რომ კრიტიკას დავიმსახურებ. უანგარო სიყვარული ლიტერატურულად ძალიან ლამაზია, მაგრამ ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, ის თუ არ არის შენი შვილი, შეუძლებელია. შვილი რომ მეყოლება, ამ დიალოგს აუცილებლად გავიხსენებ. იმედია, საზოგადოება ჩემს ნათქვამს სწორად გაიგებს.

- კარგი ინტუიცია გაქვთ?

- საოცარი. ადამიანს 2 წუთი რომ ველაპარაკები, ზუსტად ვიცი, შევძლებ თუ არა მასთან მეგობრობას, რამდენად რეალურია ის ადამიანი, რამდენად თამაშობს ან გულწრფელია. ჩემი ინტუიციით ყოველთვის სწორ ადგილზე ვხვდები. გამოცდებს არავის ვუწყობ, ცხოვრება უწყობს გამოცდებს ადამიანებს. ძალიან ახლო მხოლოდ 3 მეგობარი მყავს და ჩემი სიცოცხლის პატარა ყუთში მოთავსება რომ შემეძლოს, მათ სიცოცხლესაც კი თამამად ვანდობ.

- "ძალიან მიმნდობია, მისი მოტყუება - ადვილი".

- მიმნდობი ბავშვობაში მეტად ვიყავი, ამის გამო ცუდი ამბებიც გამოვიარე, ყველას გულს ვუშლიდი. რომ წამოვიზარდე, ჩემში ეს პრობლემა შევამჩნიე და უფრო დაკვირვება დავიწყე, ახლა უკვე ვიცი, ვის შეიძლება ვენდო, ვის - არა. ჩემი მოტყუება მხოლოდ მათთვის არის ადვილი, ვინც მიყვარს და ბოლომდე ვენდობი, ასეთი კი ძალიან ცოტა ადამიანია.

434140845-7396154903809668-606586049745978284-n-copy-1713767973.jpg

- განმარტოების სურვილი ხშირად გიჩნდებათ?

- მე ვარ 100%-ით ექსტრავერტი, ვისვენებ ხალხში, ვერ ვიტან მარტო ყოფნას. მარტო 1 საათიც რომ დავრჩე, მეგობრებს ვურეკავ, ჩემთან მოვიდნენ. ამ თვისებით მამას ვგავარ, დედა და ჩემი ძმა განსხვავებულები არიან, ისინი მაშინ ისვენებენ, როცა ირგვლივ სიმშვიდე და სიწყნარეა.

- "იშვიათად კარგავს წონასწორობას. არ უყვარს წვრილმანებზე კინკლაობა, მაგრამ თუ მართლა გაბრაზდა, მისი რისხვა ძლიერია, არავის ინდობს".

- ძალიან მარტივად ვკარგავ წონასწორობას. მიყვარს წვრილმანებზე კინკლაობა, ეს ჩემი ჰობია. ახლობლებმა იციან, სიწყნარე მალე რომ მბეზრდება, ხანდახან შარსაც კი ვეძებ. როცა კინკლაობას ვიწყებ, მეკითხებიან, - ა! ჩხუბი გინდა? კარგი, ცოტა ხანი ვიჩხუბოთო. ამ პატარ-პატარა კინკლაობით იმდენად ვიცლები, ძლიერი გაბრაზება არც ვიცი, რა არის. მგონი ეს ადამიანებს მაშინ ემართებათ, როდესაც გულში იგროვებენ სათქმელს და მერე ერთიანად ფეთქდებიან.

- "ყველგან და ყველაფერში მრავალფეროვნებას ეძებს. ერთფეროვნება მას ბოლოს უღებს. რეალურად თუ არაფერი ხდება, შეუძლია თავად მოახდინოს ფათერაკის და სახიფათო თავგადასავლის პროვოცირება".

- ზუსტად ასეთი ვარ (იცინის). ახლახან მეგობრებთან ერთად საბერძნეთში ვიყავი. ბარბარა სამხარაძესთან და ანა უზნაძესთან ერთად კონცერტი მქონდა. ჩვენთან ერთად იყო ჩემი შეყვარებული. კონცერტის შემდეგ, მეგობრებმა ათენის დათვალიერება მოინდომეს. მე და ჩემს შეყვარებულს ის ადგილები უკვე ნანახი გვქონდა, ამიტომ დავთქვით დრო და ადგილი, სადაც მეგობრებს უნდა შევხვედროდით, გავთიშეთ ტელეფონი, ინტერნეტი და მოვინდომეთ ისე მოგვეძებნა ადგილი, სადაც ვისადილებდით, ისე გვეშოპინგა, ინტერნეტი არ გამოგვეყენებინა. უცხო ქალაქში ეს მარტივი არ არის, მაგრამ ძალიან კარგი გამოცდილება მივიღეთ, თან გავერთეთ. ასეთი თავგადასავლები მჭირდება და მჭირდება ადამიანები, რომლებიც ამ თავგადასავალში გამომყვებიან.

- სიახლეებს თამამად იღებთ თუ თქვენს ხასიათში კონსერვატიზმი ჭარბობს?

- სიახლეები და მრავალფეროვნება მიყვარს.

- სნობი ხართ?

- ეს ალბათ სხვას უნდა ჰკითხოთ. თავად ვთვლი, რომ არ მაქვს ეს თვისება. ქუჩაში რომ ვმღეროდი, ამან ჩემს ხასიათზე გარკვეული გავლენა მოახდინა. ქუჩაში ერთ დონეზე ხარ იმ ხალხთან, ვინც გისმენს და ვინც ხურდას გიტოვებს, შენში თავმდაბლობას იწვევს. ამის შემდეგ დიდ სცენაზე რომ გამოჩნდები, როგორ შეიძლება, სნობი გახდე. მე თავი სხვაზე მეტი არა მგონია, არც - ნაკლები. ყველა ადამიანი თანასწორია, ყველასთან შემიძლია საერთო ენის გამონახვა, არც სქესს აქვს მნიშვნელობა, არც წარმომავლობას, არც სოციალურ მდგომარეობას. მქონდა შემთხვევა, ადამიანთან ერთად, რომლის ენაც არ ვიცოდი და არც მან იცოდა ჩემი ენა, მთელი დღე მეგობრულად გავატარე.

- ასტროლოგები რატომღაც სიტყვაძუნწ ადამიანად გთვლიან.

- ასე არ არის. მეცნიერულ კვლევას გავეცანი, სადაც ეწერა, რომ ქალები დღის განმავლობაში 25 000 სიტყვას ამბობენ, მამაკაცები - 15 000-ს. ამიტომ არის, შინ საღამოს კაცები ჩუმად რომ სხედან, მათ თავიანთი 15 000 უკვე გახარჯული აქვთ და ქალები ლაპარაკობენ (იცინის).

326217876-6178653248863353-2378082795706968774-n-copy-1713767961.jpg

- თქვით, რომ შეყვარებული ხართ. ასტროლოგები ამბობენ, რომ თქვენი მეწყვილე თქვენგან განსაკუთრებულ რომანტიკას არ უნდა ელოდოს. მართლა ასეა?

- ეს არ შეიძლება ითქვას ხელოვანებზე, განსაკუთრებით - ხელოვან თევზებზე. ძალიან რომანტიკული ვარ. შემიძლია დავგეგმო პაემნები, კრეატიული საჩუქრები, იდეები მოვიფიქრო.

- "ოჯახის წევრებისგან ზოგჯერ უპირობო მორჩილებას მოითხოვს, რაც მისთვის პრობლემის შექმნის მიზეზი ხდება..."

- კი, 3 წლის ასაკიდან ეს ამბავი გვაქვს. 6 წლის ვიყავი, ფორტეპიანოზე რომ შემიყვანეს, მანამდე ბებოს ჰქონდა მცდელობა ესწავლებინა, მაგრამ ვუსწორებდი, ეგრე არა, ასე უნდა იყოს-მეთქი, იქით ვასწავლიდი. ეს არის ჩემი ის თვისება, რომელზეც სულ ვმუშაობ და ვცდილობ დავამარცხო, მინდა გითხრათ, რომ ბოლო დროს გამომდის.

თამუნა კვინიკაძე