ქართული მოდისა და ღვინის ფესტივალი ნიუ-იორკში
სადაც წარმოდგენილი იქნება 15-მდე ქართველი დიზაინერის ნამუშევრები, საღამოს დაამშვენებს ფურშეტი და ღვინის დეგუსტაცია, გათამაშდება პრიზებიც. ამ ღონისძიების ორგანიზატორები არიან ამერიკაში წარმატებული შეფი, ბიზნესმენი მალხაზ მაისაშვილი და ქართველი დიზაინერი მერიკო ფხაკაძე. ბატონი მალხაზი უკვე 12 წელია, ნიუ-იორკში ოჯახთან, მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. ის ამერიკის საუკეთესო შეფების ბაზაში ერთადერთი ქართველია.
- 1989 წლიდან შეფმზარეული ვარ. სკოლის დამთავრების შემდეგ დავიწყე მუშაობა სასტუმრო „ივერიაში“ და შეიძლება ითქვას, გამიმართლა, რადგან მასწავლებელიც კარგი შემხვდა და გუნდიც. 16 წლის ვიყავი, შავნაბადაზე ზვიად გამსახურდიას ინაუგურაციაზე რომ მოვხვდი, ეს დღე კარგად მახსოვს... დავამთავრე კვების ტექნოლოგიური, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი, თუმცა საბოლოოდ მაინც კულინარიით უფრო დავინტერესდი.
2003 წელს შვეიცარიაში ქართული კულტურის დღეები ჩავატარეთ და იქიდან დაიწყო ჩემი პროფესიული წინსვლაც. 2006 წელს საუკეთესო მზარეულად, ხოლო 2007-ში საუკეთესო შეფად დამასახელეს. საქართველოში რამდენიმე ცნობილი სარესტორნო ქსელის შეფი ვიყავი. 2010 წელს შეიქმნა პროექტი „ქართული სუფრის საგანძური“. პროექტის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში ფეხით შემოვიარე მთელი საქართველო და ძველი, მივიწყებული კერძები მოვიძიე, რაც მართლაც საინტერესო იყო.
- ამერიკაში როგორ მოხვდით?
- 2012 წელს საქართველოში შემარჩიეს, როგორც საუკეთესო შეფი და 2 კვირაში უკვე ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში შეფმზარეულად დავიწყე მუშაობა. დღემდე ამერიკაში მნიშვნელოვან ღონისძიებებს, მაგალითად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ასევე, კონგრესის, მსოფლიო ბანკის არაერთ ღონისძიებას ვაორგანიზებ. ვაშინგტონში საელჩოში მუშაობის პარალელურად, რესტორნებშიც დავსაქმდი. 2017 წლიდან სწრაფად განვითარდა ჩემი კარიერა. ამ წელს მოვხვდი ამერიკაში საუკეთესო შეფების ბაზაში, ერთადერთი ქართველი ვარ 66 შეფს შორის. სხვათა შორის, 5-6 წელია იყიდება ჩვენი, საუკეთესო შეფების პირადი მასტერკლასები და შემოსულ თანხას ქველმოქმედებას ვახმართ.
მესამე წელია, რაც საკუთარი ბიზნესი მაქვს და ქართული პროდუქტის, კულტურის პოპულარიზაციას ვეწევი. ჩემი კომპანიის სახელია „ქართველი“. ეს არის პირველი ლიცენზირებული კომპანია ამერიკაში, ვამზადებთ მზა პროდუქციას, გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და მასშტაბურ გაყიდვებზე ვართ ორიენტირებული. მინდა მსოფლიო კულინარიას „მივაბა“ ჩვენი ქართული გემოები. რომელ ქვეყანაშიც უნდა ვიყო და რა საქმესაც უნდა ვაკეთებდე, ვცდილობ, პირველ რიგში, ქართული წარმოვაჩინო. მართალია, ამას მეტი დრო და ენერგია სჭირდება, მაგრამ საქართველო შეუცვლელია ჩემთვის. ასე ვემსახურები ჩემს ქვეყანას.
- ქართული გასტრონომიული აკადემიაც დააარსეთ. რას ემსახურება იგი?
- ამ აკადემიის დაარსების მიზანიც ქართული კულტურის წარდგენა და პოპულიზაციაა სხვადასხვა ივენთის სახით. გარდა ამისა, კონსულტაციას გავუწევთ მათ, ვინც ქართული რესტორნის გახსნას აპირებს, დავატრენინგებთ მზარეულებს, მიმტანებს, ბარმენებს. მე ვარ ტექნიკური შეფი, ანუ რესტორნის დაგეგმარებიდან და განლაგებიდან დაწყებული, მენიუთი დამთავრებული, ყველაფერს ვგეგმავ. მაგალითად, დარბაზი როგორ უნდა მოეწყოს, სად სჯობს სამზარეულო განთავსდეს და ა.შ.
- არის რომელიმე კერძი, რომელიც განსაკუთრებულად მოსწონთ ნიუ-იორკელებს?
- ძალიან მოსწონთ ჩვენი ქართული გემოები, უბრალოდ, სწორად უნდა მივაწოდოთ. ყველაზე პოპულარული მაინც ხინკალი და აჭარული ხაჭაპურია. საერთოდ, ამ ქვეყანას უყვარს სტანდარტი და სტაბილურობა, საშუალოა თუ კარგია, შენ მიერ მომზადებული კერძი, გემო არ უნდა იცვლებოდეს. ყველა აღნიშნავს, რომ ჩვენი ხინკალი და ხაჭაპური 3 წლის განმავლობაში ერთ გემოზეა.
- თქვენს პროფესიაში რა არის ყველაზე მთავარი წარმატების მისაღწევად?
- შრომისმოყვარეობა, რისკების გათვლა, კონტაქტები. ამ ქვეყანაში რაღაცის ნაცვლად რაღაც უნდა დათმო. მთავარია, არ ჩამორჩე, მაგრამ მოვლენებსაც არ უნდა გაასწრო. პირველი 3 წელი, როგორც შვილს, ასე ზრდი კომპანიას და თუ გეყოფა ნებისყოფა, წარმატებასაც მიაღწევ. ჩემთვის ცოტა არ იყოს, რთული აღმოჩნდა ეს გზა. ჩემს კომპანიონებთან ერთად ვიყავი მომმარაგებელიც, მზარეულიც, ბოლოს კი სულ მარტო დავრჩი - ცომსაც თვითონ ვზელდი, ხინკალსაც ვახვევდი, ვფუთავდი კიდეც, მძღოლიც ვიყავი, მარტივი არ ყოფილა, მაგრამ შევძელი. როდესაც საქმეს იწყებ, აუცილებლად უნდა გაიარო კონსულტაცია პროფესიონალთან. ჩემი ახალი კომპანიის, აკადემიას ვგულისხმობ, ერთ-ერთი მიმართულებაც და მიზანიც ესაა. სჯობს გადაიხადო თანხა და თავიდანვე დადგე სწორ გზაზე. ერთ მაგალითს მოვიყვან: ამერიკელმა ბიზნესმენმა, რომელიც პროფესიით იურისტი გახლავთ, საქართველოში მოგზაურობის შემდეგ ვაშინგტონში ქართული სამზარეულოს გახსნა გადაწყვიტა. პირველი, რაც გააკეთა, რესტორნის გახსნამდე წელიწად-ნახევრით ადრე დამიქირავა და დღესდღეობით წარმატებულად უძღვება საქმეს. დღეს „სუფრა“ არის პირველი ქართული რესტორანი ვაშინგტონში, რომელიც არაქართველმა გახსნა.
- ვხვდები, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ სამშობლოსთან.
- აფხაზეთის ვეტერანი ვარ. რა გითხრათ, ბედნიერი გახლავართ, რომ დავიბადე საქართველოში და წვლილი შემაქვს ჩემი სამშობლოს ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციაში. მინდა, სადაც ვიქნები, საქართველოს სახელი ისმოდეს და იცოდნენ ჩემი ქვეყნის შესახებ. მახსოვს, ერთხელ ერთმა ელჩმა თქვა, საქართველოს ყველაზე დიდი ელჩი მახოაო. ხუმრობა იქით იყოს და მართლაც ასეა - შენი ქვეყნის სახეს წარმოადგენ იქ, სადაც ხარ.
- 27 აპრილის ღონისძიება როგორ დაიგეგმა და რა მოლოდინი გაქვთ?
- მერიკო ფხაკაძეს შემთხვევით შევხვდი პრაღაში, ერთ-ერთ ღონისძიებაზე. ის თავისი საქმის პროფესიონალია, საინტერესო ადამიანი. მაშინ გაჩნდა ამ ღონისძიების ჩატარების იდეა, დავგეგმეთ ქართული მოდისა და ღვინის ფესტივალი. მიხარია, რომ ჩანაფიქრი სისრულეში მოვიყვანეთ. 27 აპრილს მანჰეტენზე გაიმართება მოდისა და ღვინის ფესტივალი.
მერიკო ფხაკაძე:
- რამდენიმე წლის წინ, როდესაც საქართველოში დავბრუნდი, გავხსენი „შოურუმი“, ასევე სამკერვალოც, მაგრამ ორივე მალე დავხურე. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ დიზაინერებს, ყველას ერთი პრობლემა ჰქონდა - რეალიზაცია და ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი ძალისხმევა მიმემართა იმისკენ, რომ მათი სახელი გაეცნოთ სხვა ქვეყნებშიც. მალხაზთან შეხვედრამდე საბერძნეთში, ათენში 2-დღიანი გამოფენა გაიმართა. 15 დიზაინერის ნამუშევრები წავიღე მათი პოპულარიზაციის მიზნით. მე მხოლოდ კომერციული ინტერესი არ მაქვს. მინდა ისეთი რამ გავაკეთო, რაც სხვებსაც დაეხმარება გზის გაკვლევაში. ათენში გამართულ ჩვენებას დაესწრნენ ამ სფეროთი დაინტერესებული ქართველი ემიგრანტები, ადგილობრივები, ასევე გერმანელები, ხორვატები. სხვათა შორის, ძალიან უკვირდათ, როდესაც იგებდნენ, რომ ქართველი დიზაინერების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. ერთმა წარმატებულმა ქართველმა ქალბატონმა, რომელიც დიდი ხანია ათენში ცხოვრობს, რამდენიმე დიზაინერის, მათ შორის ჩემი კოლექცია შეარჩია, ეს იყო თანამედროვე სამოსი ქართული ელემენტებით.
რაც შეეხება ამერიკაში დაგეგმილ ქართული დიზაინისა და ღვინის ფესტივალს, ჩემი ჩათვლით 15 დიზაინერის ნამუშევარი მიმაქვს. 3 თვეა ვმუშაობ ფესტივალზე წარსადგენ კოლექციაზე, მოვიძიე ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანები და თუ მოეწონებათ ჩვენი ნამუშევრები, სამომავლოდ ვითანამშრომლებთ. ამ ღონისძიების ერთ-ერთი მიზანიც ხომ ეს არის. მანჰეტენზე, ტაიმ სკვერზე 26 აპრილს მთელი დღის განმავლობაში იტრიალებს ფესტივალის მონაწილეების ვიდეორგოლი, რომელიც ჩემმა მეუღლემ დაამონტაჟა. ამ ყველაფრის დაგეგმვაში ის ძალიან დამეხმარა. ვფიქრობ, 27 აპრილს მოწვეულ სტუმრებს საინტერესო და სასიამოვნო საღამო ელოდებათ... ერთიც, არც ამერიკა იქნება ბოლო ქვეყანა, სადაც მსგავსი ღონისძიებების გამართვას ვაპირებთ.
ნინო ჯავახიშვილი