"ბავშვობიდან ვირივით ვშრომობ და როგორ გინდა, "ქუსლებით" ვიარო და გავიპრანჭო?!" - გზაპრესი

"ბავშვობიდან ვირივით ვშრომობ და როგორ გინდა, "ქუსლებით" ვიარო და გავიპრანჭო?!"

მისი ხუმრობები ბევრს მოსწონს და გულთბილ კომენტარებსაც უწერენ, თუმცა არც მლანძღველები პასიურობენ... გადავწყვიტეთ "გზის" მკითხველებისთვის პოპულარული "ტიკტოკერი" უკეთ გაგვეცნო, რადგან ამ ადამიანს მართლაც საინტერესო და არცთუ დალხენილი ცხოვრება აქვს გამოვლილი...

- ია მქვია, მაგრამ ყველა კუკუშა დათუკიშვილს მეძახის. "ფეისბუკზეც" ასე ვარ დარეგისტრირებული. საერთოდ, ბევრი მეტსახელი მაქვს: კუკუშა, კოქსიკა, კუკურა... კუკურა ბებიამ დამარქვა: კახეთში, თიხის ტოლჩებს კოკურს ეძახდნენ. ასეთი ჭურჭლის წყლით ავსება მიყვარდა - იორთქლებოდა, თითქოს საყინულედან გამოიღესო. ჩვენს ბავშვობაში საყინულე სად იყო? დენს რომ ჩართავდნენ, გვიხაროდა... ბებიას ვეხვეწებოდი ხოლმე, რომ კოკური მოეცა - წყალს მოვიტან-მეთქი, ოღონდ - კოკურს ვერ ვამბობდი, კუკურის ვეძახდი (იღიმის) და ეს მეტსახელიც იქიდან შემერქვა...

- "ტიკტოკზე" თქვენი გვერდის შექმნის ამბავი მოგვიყევით...

- დისტრიბუციაში ვმუშაობ. ობიექტებზე დავდივარ. მაღაზიების ყველა თანამშრომელთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ყველას ვუყვარვარ. საერთოდ, კომუნიკაბელური ვარ. სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობთ ხოლმე. ღადაობა მიყვარს: სადაც უნდა გავჩერდე და ვისაც უნდა ვესაუბრო, შანსი არ არის, რომ არ ვიხუმრო. სერიოზული მხოლოდ მაშინ ვარ, როცა მძინავს. ეგეც დაზუსტებით არ ვიცი... მოკლედ, ერთ-ერთ მაღაზიაში ადმინისტრატორმა გოგონამ - ნინი ლაბსანიძემ მითხრა: ჩვენ რომ გვაცინებ, მოდი, "ტიკტოკზე" გვერდს გაგიკეთებ, იქაც იღადავეო. ვიდეო თავადვე გადამიღო: მეკითხებოდა, - ვინ გინდა გამოხვიდეო? სიტყვა "ინფლუენსერი" კარგად ვერ გავიგე და ვთქვი,- "ინფლუენდერი"-მეთქი. ნინიმ ეს ვიდეო "ტიკტოკზე" ატვირთა. ვიდეო "გავარდა"... მერე მესიჯებს მწერდნენ, ჩემი გაცნობა უნდოდათ... ვიფიქრე, 32 წელია თბილისში ვცხოვრობ, ნახევარი საბურთალო მიცნობს. ამ ხალხმა ახლა დამინახა-მეთქი?!. რაკი ნინიმ გვერდი გამიკეთა, "ტიკტოკის" სქროლვა დავიწყე - ვხედავდი, ვინ როგორ ვიდეოს აქვეყნებდა და მივხვდი, თითქმის ყველაფრის გამოქვეყნება შეიძლებოდა. ვიფიქრე, ხანდახან მეც "დავდებ"-მეთქი. მეგობრებთან ერთად ყოფნისას, სპონტანურ ვიდეოებს ვიღებდი, რომლებშიც ასახული იყო, როგორი "ქაჯიც" ვარ: ცოტათი "მაკლია", მაგრამ ეგ არაფერი, ყველას "აკლია"... სანამ "ტიკტოკის" ფუნქციებს ვისწავლიდი, გადაღებულ ვიდეოებს ტელეფონში ვაგროვებდი და როცა მაღაზიაში მივიდოდი, ნინის ვეუბნებოდი, - მიდი, "შეყარე"-მეთქი... ვიდეოებს ხალხი ნახულობდა. მეც მუღამში შევედი... კომენტარებს მიწერდნენ - ვაიმე, როგორ გაგვაცინე, გაგვამხიარულეო. მერე ემიგრანტებმა დამიწერეს, - რა კარგი ხარ. ამ ჩაკეტილ სივრცეში დეპრესია გვაქვს, შენ კი ამხელა პოზიტიურ ენერგიას გვაძლევო. ფაქტობრივად, სტიმული მათ მომცეს: ვიფიქრე, ხალხს თავისი გაჭირვება ეყოფა და თუკი ჩემი ვიდეოებით ერთობიან, ამის დედაც ვატირე, კიდევ გავართობ, რატომ ვაწყენინო-მეთქი? ვწერდი და ვწერდი ვიდეოებს, რომლებშიც ჩემი ცხოვრების სტილს ავსახავ.

- პროფესიით ვინ ხართ?

- მოქანდაკე. სამხატვრო აკადემია დავამთავრე. ხელოვანი ვარ, მაგრამ საქართველოში შენი ხელოვნება ვის რად უნდა? ნახატის დახატვაში თუ 1000 ლარი დავხარჯე და მშრალ ხიდზე 3 თვე ვყიდე, ასე თავს ვერ ვირჩენ, ხომ გესმით, არა?

- თქვენი პროფესიით დაკავებული ყოფილხართ?

- არა. სახლში "ალაგ-ალაგ" მხოლოდ ის ნამუშევრები მაქვს, რაც სტუდენტობისას შევქმენი. შემდეგ ისე მოხდა, რომ ოჯახის შესანახად ფიზიკური შრომა დამჭირდა. იყო ეპიზოდები, როცა მშენებლობაზე ვმუშაობდი. დღეში 50 ლარად აგურებიც მითრევია. მერე "ვტაქსაობდი"... ბევრი ე.წ. კაცის საქმე გამიკეთებია. ამის მერე მეუბნებიან, - ქუსლიანი ფეხსაცმელებით რატომ არ დადიხარო? ბავშვობიდან ვირივით ვშრომობ და როგორ გინდა, "ქუსლებით" ვიარო და გავიპრანჭო, რა დროს ეგ არის, შენი ჭირიმე? ვისაც არ მოვწონვარ, მიტრიალდნენ და გაიარონ...

- რატომ მოხდა, რომ გოგონას, ახალგაზრდულ ასაკში, ოჯახზე ზრუნვამ მოგიწიათ?

- დაც მყავს, ძმაც, დედაც, მაგრამ როცა მამა დამეღუპა (20 წლის გახლდით), ერთადერთი გამწევი ძალა ვიყავი. ალბათ, ძლიერი ადამიანიც ვარ - ოჯახში ასე მეუბნებიან. რაღაცნაირად, ვითავე და ოჯახი "წამოვწიე". იმაში არ გამიმართლა, რომ ჩემი და-ძმა მაინცდამაინც "ფხიანები" ვერ გამოდგნენ - მე უფრო ბევრი "ფხა" მქონდა...

- პირად საუბარში მითხარით, - 110 კილოგრამს ვიწონიდიო...

- კი. ფეხსაცმლის თასმებს ვეღარ ვიკრავდი, ვერ ვიხრებოდი. ვიდეოც მაქვს გადაღებული: ვზივარ, თან - ვჭამ (პირს არ ვაჩერებდი), ჩემი ძმაკაცი კი თასმებს მიკრავს, თავად ვერ მოვიხარე... აი, მაშინ ვიფიქრე, - მორჩა, კუკურა, პირი უნდა "დაკეტო"-მეთქი... ისე მოხდა, რომ "იუთუბზე" ვიდეო ვნახე: სპორტსმენი ცხიმის წვის შესახებ ლაპარაკობდა - ერთხელ რეჟიმში ჩადგები, ცხიმს დაწვავ და მორჩა, მთელი ცხოვრება ლამაზად იქნები, ცხიმი უნდა მოშორდესო. როცა ადამიანები დიეტას იცავენ, რეალურად, ცხიმი არ იწვება - ორგანიზმიდან წყალი გამოდის. სწორი (ცილოვანი) კვებისას, ცხიმი მთლიანად იწვება - "შრები", შემდეგ კი ცხიმის დაგროვება რთულია... 8 წელია, 65 კილოზე ვარ "გაყინული". მინდა ხეულის კუნთოვანი მასა ცოტათი მოვიმატო, მაგრამ ვერ ვიმატებ.

- ბავშვობიდან პუტკუნა იყავით?

- არა. დედმამიშვილები უფრო პუტკუნები იყვნენ, მე კი - "გაჩხიკინებული". ჯანმრთელობითაც სუსტი ვიყავი. მთლად ჯანმრთელი ახლაც არ ვარ, მაგრამ ეგ არაფერი... მერე, გარდატეხის ასაკში წონა "ავკრიბე": ბევრ კარაქიან პურს ვჭამდი. შემდეგ გარკვეული პრობლემები, დეპრესიული ეპიზოდები მქონდა, დალევაც დავიწყე... ალბათ, სასმელმაც იმოქმედა და გავსუქდი.... რომ ამბობენ ხოლმე, - ორშაბათიდან დიეტის დაცვას ვიწყებო, შემდეგ კი - თვეები გადის, მაგრამ ეს "ორშაბათი" არ დგება, თავად ასე არ ვარ: მიზანი თუ დავისახე, ბოლომდე უნდა მივიდე. ამიტომ დიეტის დაცვა გადავწყვიტე და მორჩა - "პირი ამოვიკერე". ისე, რასაც მივირთმევდი, ჩემთვის იმის ჭამაც არ შეიძლებოდა - თირკმელებთან დაკავშირებული დიდი პრობლემა მაქვს, პლუს - ანემია...

- "ტიკტოკი" თქვენი შემოსავლის წყაროც არის?

- არა. სხვათა შორის, "ტიკტოკზე" პეროიანი ინფლუენსერები რომ გვყავს, მათგან ბევრს მივწერე, მაგრამ მიმოწერა ყველას "ჩაკეტილი" აქვს - "თავში ავარდნილი" ხალხია. ერთადერთი, ზინაიდამ მიპასუხა და როგორც მითხრა, ვიდეოების "ნახვებით" ფული საზღვარგარეთ "კეთდება", საქართველოს მონეტიზაცია არ აქვს. ერთადერთი, "ტიკტოკზე" შემოსავალი იმით შეიძლება მიიღო, როცა თამაშობ, საჩუქრებს "გირტყამენ"... 1 წლის განმავლობაში, 220 ლარის "ქოინი" მაქვს. თურმე, 100 დოლარი უნდა გქონდეს, რომ ბარათზე გადაიტანო. ისიც არ ვიცი, ეს როგორ ხდება... ყველა მეკითხებოდა, - "ტიკტოკზე" ფულს რატომ არ "აკეთებო"? - ხალხო, მასწავლეთ-მეთქი... არავინ მეხმარება და თავი დავანებე. ჩემთვის ვერთობი და თუ სხვაც გაერთობა, გაერთოს... ერთმა გოგომ რეკლამა შემომთავაზა - ჭიქა "გავურეკლამე". თანხა არ მომითხოვია, მამის სულს გეფიცები, თავად შემომთავაზა - არც ვიცი, საერთოდ, რეკლამაში რამდენს იღებენ. ვუთხარი, - როგორც გადაწყვეტთ-მეთქი. პრობლემა არ მაქვს, სიკეთეს გავაკეთებ... ერთადერთი, ის მანუგეშებს, რომ ადამიანმა რაც უნდა ცუდი გამიკეთოს, ღმერთს ვუყვარვარ. ჯანმრთელობა ხელს არ მიწყობს, მაგრამ ვიცი, ღმერთი ჩემ გვერდით არის. ბევრი სიტუაცია ყოფილა, როცა ეს მიგრძნია, მაგალითად - ავტოავარიიდან ისე გამოვმძვრალვარ, რომ არც მე და არც ჩემს ავტომობილს ნაკაწრიც არ გვქონია... თუკი ვინმე ჩემ შესახებ ცუდს ამბობს, არ მაინტერესებს, არ ვბრაზდები. ვინც მლანძღავს, მაბულინგებს, დისკრიმინაციულ ფრაზებს მიწერს, რადგან ასე გამოვიყურები, ის ხალხი მებრალება. ბავშვობიდან ასეთი სტილი, გარეგნობა მაქვს, რა ვქნა? ძალიან დიდი ბოდიში, თუ ვიღაც ჯემალას და ნუგზარას არ მოსწონთ, რომ ძუძუები არ მაქვს გადმოყრილი და მინი ქვედაბოლოთი არ დავდივარ. კაცო, ასე ჩაცმულები ცოტანი დადიან? მათ უყურონ, მე რატომ უნდა მიყურონ?! მნიშვნელობა არ აქვს, სხვა სტილის ჩაცმულობა რომ მქონდეს, მერე იტყოდნენ - მოკლე რატომ გაცვია? მკერდი გამომწვევად გიჩანსო და ა.შ. ამას წინათ, "ლაივში" მითხრა ერთმა, - შენი "პრიჩოსკა" არ მომწონს, თორემ ისე, არა გიშავსო, გეგონება, დახლზე შემოდებული ფორთოხალი ვიყო! რას მათვალიერებ, კაცო? არ მოგწონს? გაიარე.

- ფაქტია, ბევრს უყვარხართ...

- ამას წინათ, შუქნიშანთან ვიდექი. დავინახე, გვერდით მდგომ ავტომობილში, ვიღაც ტიპი ტელეფონში ჩემს ვიდეოს უყურებდა. ჩემკენ ერთხელაც არ გამოუხედავს. მინდოდა მისთვის გამეღიმა, მაგრამ ტელეფონს თვალს არ სწყვეტდა...

- კახეთში რა პერიოდი გაქვთ გატარებული?

- იქ დავიბადე. 12 წლის ვიყავი, როცა თბილისში წამოვედით. ორთაჭალაში, 144-ე სკოლა დავამთავრე. ბავშვობიდან ხატვის ნიჭი მქონდა (მამა არქიტექტორი იყო)... სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება დიდად არ მინდოდა, მაგრამ ჩემი ნიჭით სადაც მოვხვდი, იქ ჩავაბარე...

image-17-04-24-09-05-2-copy-1714376232.jpg

- ამჟამად, თქვენი ყოველდღიურობა როგორია?

- დილის 6 საათზე ვდგები. პურის მწარმოებელ კომპანიაში ვმუშაობ. შეკვეთასაც ვაკეთებ, თაროებსაც ვაკონტროლებ, პრისეილერიც ვარ... ყველაფერს ვითავსებ. "სამი ერთში" ყავასავით გახლავართ (იცინის). ფიზიკური შრომა მიწევს: ობიექტებზე პროდუქცია მიმაქვს, ყუთები კი მსუბუქი არაა. მთელი ჩემი ახალგაზრდობა ფიზიკური შრომა მიწევდა, ერთადერთი - იმ პერიოდის გარდა, როცა "ვტაქსაობდი": ფაქტობრივად, ღამეებს ვათენებდი, მაგრამ მხოლოდ ბენზინის და პურის ფულს გამოვიმუშავებდი. შანსი არ იყო, რომ გართობისთვის, მაგალითად - კინოთეატრში წასვლისთვის ფული დამრჩენოდა. მგზავრი კაცები ტაქსით სახლებში თავს მიმაყვანინებდნენ, მეტყოდნენ, - ფულს ჩამოგიტანო და 2 საათი მალოდინებდნენ, მგზავრობის საფასური კი არ მოჰქონდათ... დღეს ასეთი კაცები კომენტარებში იმიტომ მლანძღავენ, რომ ნაწნავები არ მაქვს, ქუსლიანი ფეხსაცმელებით არ დავდივარ და ქალს არ ვგავარ. ამ დისკრიმინაციას მხოლოდ კომენტარებში კი არა, ქუჩაშიც ვიტან: ბევრისგან ზიზღით შემოხედვას ვგრძნობ. არავის არაფერს ვუშავებ. ვმუშაობ, ჩემი დღიური წესრიგი მაქვს: სამსახურის მერე, ვარჯიში, მეგობრებთან ერთად ყავის დალევა, გართობა, ოჯახთან ერთად ვახშმობა... ვინ რას აკეთებს, არ ვინტერესდები, არავის ცხოვრებაში არ ვერევი, არ განვიკითხავ... არ მსიამოვნებს, მე რომ განმიკითხავენ, მაგრამ - ჯანდაბას, რა ვქნა? ვიტან. უკვე შევეჩვიე - ლანძღვაზე "მოკალული" ვარ. პირადად ცუდს ვერავინ მეტყვის, რადგან მაშინვე "ვაფეთებ": 14-15 წლამდე კიკბოქსინგზე დავდიოდი. ჩემს სამსახურში იციან, რომ ბზრიალში მავაშიგერი ვიცი, ამიტომ ზედმეტს ვერავინ მიბედავს (იღიმის)... კიდევ, "მესამე თვალი" მაქვს, სიზმრები მიცხადდება. ყოფილა შემთხვევა, ჩემი სიზმრის საფუძველზე, მეგობრისთვის მითქვამს, - ფრთხილად იყავი-მეთქი და იმ დღეს მართლა "ჩეპე" მოსვლია. ვარსკვლავთმცოდნეები ამბობენ, კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს "მესამე თვალი" აქვთ, თუ განავითარებენო... მე განვითარებული მაქვს... თავის ქება გამომდის, მაგრამ რა გავაკეთო? დედაჩემს სულ ვეუბნები, - ეს რა გამაჩინე? კიდევ გამაჩინე-მეთქი, რადგან ყველა საქმე გამომდის: სანტექნიკოსობა, სამღებრო სამუშაოები... წლებია, იეზიდი მეგობრები მყავს - უღალატო ხალხია, ძალიან მიყვარს. გულს არასოდეს გატკენენ, იმედს არ გაგიცრუებენ... ჩათვალეთ, რომ მათი მაშველი ვარ: ბინაში მილი თუ გასკდება ან დენის ჩამრთველი თუ გადაიწვება და შეცვლა უნდათ, კუკურას ურეკავენ (იღიმის). მაგალითად, ჩემს მეგობარს ცენტრალური გათბობის ქვაბზე პრობლემა ჰქონდა. გაწმენდა 200 ლარი დაუფასეს. მთხოვა, - იქნებ, შენ შეხედოო?.. "იუთუბზე" შესაბამისი ვიდეო მოვძებნე, ვუყურე, შემდეგ მეგობართან მივედი, ცენტრალური გათბობის ქვაბი დავშალე, გავწმინდე - ვენტილაციაში რაღაც იყო ჩახლართული... მოკლედ, ჩავრთე და მუშაობს... ასეა: უბრალოდ, რაღაცას შევხედავ, ვითვისებ და ვაკეთებ ხოლმე. სილამაზის სალონშიც არ დავდივარ - თმას თავად ვიჭრი, რადგან რამდენჯერაც მივედი და ვუთხარი, - "ასე" შემაჭერი-მეთქი, "ისე" მაჭრიდნენ - შენ "ასე" არ გიხდება, "ისე" ჯობიაო. ჩემი თავია, მხრებზე მე მაქვს, მე უნდა ვატარო, შენ ხომ არა-მეთქი? - არა, შენ ეს ვარცხნილობა არ გიხდებაო!.. სახლში მოსული ვარცხნილობას თავად ვისწორებდი. ბოლოს ავდექი, საპარსი "მაშინკა" ვიყიდე და თმას თავად ვიჭრი - თავი დამანებეთ-მეთქი (იცინის)!..

- თქვენს პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?

- სიმართლე გითხრათ, პირადი ცხოვრებისთვის არ მეცალა. დღესდღეობით, რასაც ვუყურებ, უამრავი დატანჯული, გულგატეხილი ადამიანი დადის, თუნდაც - "ტიკტოკზე", ვიღაცა ვიღაცას მისტირის, ყველა გულდათუთქულია. ერთი მე ვარ, ვინც არავის მივტირი. კიდევ კარგი, ყოფილი არა მყავს, მადლობა ღმერთს! რა ჯანდაბად მინდა? მშვენივრად ვარ: არავინ მაკონტროლებს, არავის ვაკონტროლებ, არაფერი მაწუხებს... ამქვეყნად ერთხელ მოვდივარ და იმაზე ვინერვიულო, ვინმეს ვუყვარვარ თუ არა? აი, დარდი!.. გარშემო უამრავ ადამიანს ვუყვარვარ. ბუნებით გულთბილი ვარ...

ეთო ყორღანაშვილი