დავით ბეკოშვილის "აქილევსის ქუსლი" და ცხოვრების დევიზი - გზაპრესი

დავით ბეკოშვილის "აქილევსის ქუსლი" და ცხოვრების დევიზი

რომელსაც ხელოვნება ძალიან უყვარს, ყველა გადაწყვეტილებაში მხარში მიდგას და მგულშემატკივრობს", - ამბობს მსახიობი დავით ბეკოშვილი. რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, რის გამო იღებს საყვედურებს, რა ვერ ისწავლა დღემდე, რას ნანობს და რა აკვირვებს ამ სამყაროში? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...02.02.1987 წელი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. ბავშვობაში ვოცნებობდი, დიდი რომ გავიზრდები და ქუჩაში გავივლი, მინდა ჩემს დანახვაზე შემხვედრ ადამიანებს სახეზე ღიმილი მოვგვარო-მეთქი. მას შემდეგ, რაც ლაპარაკი დავიწყე, დავიწყე მსახიობობაც. ძალიან თავისუფალი ბავშვი ვიყავი, კომპლექსების გარეშე, თან ოჯახის პირველი შვილი ვიყავი და მათამამებდნენ. მე-5 კლასში ვიყავი, როდესაც ქართულის მასწავლებელმა ფილმის "იავნანამ რა ჰქმნა?" სანახავად კინოში წაგვიყვანა. ახლაც მახსოვს, მესამე რიგში, მეოთხე ნომერ სკამზე ვიჯექი და დიდ ეკრანზე ნანახმა მსახიობებმა, მთლიანად ამ ფილმმა უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. ასეთივე ემოციური იყო დამსწრე საზოგადოებისთვის და ამ დღეს კიდევ უფრო გამიმყარდა რწმენა, რომ გავიზრდებოდი, აუცილებლად მსახიობი უნდა გამოვსულიყავი. სხვა პროფესიით არც არასდროს დავინტერესებულვარ. დღეს ვამაყობ ჩემი გადაწყვეტილებით, ძალიან სწორი არჩევანი გავაკეთე.

- ჩემზე ამბობენ...

- ...მხიარული, პოზიტიური, თბილი, ენერგიული ბიჭიაო. კომუნიკაბელური ვარ, ხალხთან ურთიერთობა არ მიჭირს. გამიგია, რომ ადამიანებს ჩემ გვერდით ყოფნა სიამოვნებთ, რადგან მათ პოზიტიურ განწყობას გადავცემ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ისევ მსახიობი გამოვიდოდი.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო 2017 წელს "იუმორინას" კონცერტზე გამოსვლა, სადაც მაყურებელს აზერბაიჯანელი პერსონაჟი მამედა წარვუდგინე. ეს პერსონაჟი დღემდე ცოცხლობს. განსაკუთრებით ის ფაქტი მახარებს, რომ ის თავად აზერბაიჯანელებმა მიიღეს და შეიყვარეს. იუმორის კეთება ძალიან საფრთხილო საქმეა, მამედა დადებითი პერსონაჟია. მე ეს პერსონაჟი მანამდეც მყავდა წარმოდგენილი, მაგრამ ბატონების - ჯემალ და გია ბაღაშვილების, ჩემი მეგობრის რომან ქერქაძის დახმარებით უფრო შეიკრა და ეკრანზე გამოჩენის შემდეგ, მაყურებელმაც შეიყვარა. ბევრმა აზერბაიჯანელმა მეგობრობის თხოვნა გამომიგზავნა. მარნეულში რომ ჩავდივარ, მცნობენ, ზოგიერთმა ჩემი სახელი და გვარი არ იცის, მაგრამ ახსოვთ სცენარიდან ტექსტის ნაწილები. ასევე წარმატება იყო სვანი მაიზერის პერსონაჟი, რომელიც საზოგადოებამ კარგად მიიღო. იუმორი ძალიან სპეციფიკური და საფრთხილო სამუშაოა. იუმორია ის, როდესაც ეხუმრები ადამიანს, ის იღებს და იცინის. იუმორი არ უნდა იყოს საწყენი და დამამცირებელი. სულ ვცდილობ, ეს ზღვარი არ დავარღვიო, არავის ვაწყენინო.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...მშობლებს, ოჯახის წევრებს. მათ ჩემი გადაწყვეტილება რომ გავაცანი, ყველამ კარგად მიიღო და მხარში ამომიდგნენ, დიდი ხელშეწყობა მქონდა, მამხნევებდნენ. ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის პედაგოგს გივი სარჩიმელიძეს. მან სტუდენტებს კინოც გვასწავლა, თეატრიც, ადამიანობაც. მე რომ თეატრალურში ჩავაბარე, მერაბ გეგეჭკორმა იმ წელს დაამთავრა. ის ინსტიტუტში ხშირად მოდიოდა. მერაბი ძალიან მიყვარდა, ჩემი ოცნება "იუმორინას" სცენაზე დგომა იყო და ეს ოცნება ავისრულე.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე მარიამ ცხელიშვილი. ადამიანი, რომელსაც ხელოვნება ძალიან კარგად ესმის, ყველა გადაწყვეტილებაში მხარში მიდგას და მგულშემატკივრობს. ახლა უკვე მესამედ ეუფლება უმაღლეს განათლებას, ილიას უნივერსიტეტში ფსიქოლოგიურზე სწავლობს. მანამდე ჯიპაში პიარის მიმართულებით სწავლობდა, უფრო ადრე კი სტრასბურგში ცხოვრობდა და იქ ხელოვნებათმცოდნის პროფესიას დაეუფლა.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...იუმორი.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ადამიანებს სიხარული მოვგვარო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...უშუალობა. ძალიან უბრალო ვარ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...რბილი ხასიათი მაქვს, რაც ზოგჯერ კარგი არ არის.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ბევრი რამ. უკვე 37 წლის ვარ. დაშვებული შეცდომის გააზრებისას სწავლობ, რომ იმ გზაზე აღარ უნდა გაიარო, იგივე შეცდომა აღარ უნდა გაიმეორო. შეიძლება ითქვას, ბევრი შეცდომა არც დამიშვია. მაქვს საყვარელი პროფესია, საზოგადოების კარგი დამოკიდებულება, ისეთი ოჯახი, როგორიც მინდოდა; მყავს ძალიან კარგი მეუღლე, რომელთან თანაცხოვრებაც არის უდიდესი ბედნიერება.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ვიცი, ვიქნები ჩემს პროფესიაში ბევრი როლით, განსხვავებული და სახასიათო სახეებით. თეატრში უამრავ როლზე მაქვს ნამუშევარი, მაგრამ სატელევიზიო სახეებს უფრო იცნობს ფართო მაყურებელი. 2 წელია თეატრიდან წამოვედი. ახლა მაქვს შემოთავაზებები, გადაღებების დაწყებას ველოდები, ახალ პროექტში ვერთვები, რომელზე ლაპარაკიც ჯერ არ შემიძლია და შემდეგში დიდი სიამოვნებით მოგახსენებ. ახლახან დავასრულე ერთ ფილმზე მუშაობა, ქართულ-გერმანული პროექტია, მაგრამ დეტალებს ამ შემთხვევაშიც ვერ გავამხელ.

- ვიბნევი...

- ...იშვიათად.

- ვნანობ...

- ...იმ ადამიანის წინაშე, რომლებიც დღეს ჩემ გვერდით აღარ არიან, ვინც ჩემი გულშემატკივრები იყვნენ, მეტი დრო რომ ვერ გავატარე. ისინი ვერ მოესწრნენ ჩემს წარმატებას და ამის გამო გული ძალიან მწყდება.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...იქ, სადაც ვარ. მე და ჩემი მეუღლე ქალაქგარეთ გავედით.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ტყუილს, მატყუარა ადამიანებს, ამ დროს ძალიან ვბრაზდები, თვალები მინათდება და ცხვირიდან ცეცხლს ვუშვებ (იცინის).

- ამ მიზეზით ადამიანები დაგიკარგავს?

- ძალიან ვცდილობ, ასე არ მოხდეს.

- მეზარება...

- ...და არ შემიძლია უსაქმოდ ყოფნა.

- სიყვარული...

- ...მარიამია. კი, ჩემს სიყვარულს მარიამი ჰქვია. სიყვარულია უსიტყვოდ რომ გრძნობ, ენდორფინები რომ გამოიყოფა, ბედნიერი რომ ხარ, მაგრამ რა გიყვარს მასში, ამას ვერ ხსნი. მარიამი პირველივე ნახვისას შემიყვარდა. მივხდი, ის ის იყო და მე - მე ვიყავი. მანამდე ცხოვრებაში შეყვარებული არ მყოლია. ვიცოდი, აუცილებლად შემხვდებოდა ადამიანი, რომელსაც ვიგრძნობდი და მართლაც ასე მოხდა.

- მაკვირვებს...

- ...გაცივებული ურთიერთობები ადამიანებს შორის, დაკარგული სიხალისე, სილაღე, სითბო, პატივისცემა. მაკვირვებს ადამიანი ქუჩაში ნაგავს რომ ჰყრის, შუქნიშანზე ვიღაც გვერდით რომ ამოგიდგება და გისიგნალებს. მაკვირვებს ის, რომ ჩვენ, თითოეულ მოქალაქეს სახელმწიფოებრივი აზროვნება არ გვაქვს.

- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ეს მარიამს შეუძლია.

- ვრისკავ...

- ...ზომიერად. ჩემს საქმეში აზარტული ვარ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ძალიან მიყვარს გემრიელობების მირთმევა. თავად გემრიელი კერძები გამომდის, მარიამიც კარგი მზარეულია. ჩემი დევიზია: ადამიანმა ყველაფერი უნდა მიირთვას, რისი ჭამაც შეიძლება, გარდა სირცხვილისა.

- ვამაყობ...

- ...განვლილი გზით.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...თავს უხერხულად ვგრძნობ, ამ შემთხვევაში შეიძლება დავიბნე.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...რატომ არ მოდიხარ, რატომ არ მნახულობ, სად დამეკარგე? დროის ფაქტორია, სულ გადარბენაზე ვარ.

- ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულია...

- ...გუნდი, რომელიც ჩემთან ერთად გულიანად არის საქმეში ჩართული.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...და ვცვლი ზედმეტ კილოგრამებს, სწორი კვება დავიწყე. თავზე თმას ამოვიყვანდი, ვარცხნილობას შევიცვლიდი.

271238607-4666661246703598-678206759679839720-n-1714376609.jpg

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ინგლისური ენა, ეს ჩემი "აქილევსის ქუსლია", პროფესიაში ხელს ძალიან მიშლის. ბევრჯერ დამჭირდა და ყოველთვის თარჯიმანი დავიხმარე.

- თავისუფლება არის...

- ...სულის ნაწილი. თავისუფალ სულში, თავისუფალ ადამიანში არის დიდი ძალა, რომელიც კარგ რაღაცებს გააკეთებს არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის.

- მეშინია...

- ...სიმაღლის.

- დღემდე ვერაფრით გავბედე...

- ...პარაშუტით გადმოხტომა, არადა, ამის დიდი სურვილი მაქვს.

- როცა მარტო ვარ...

- ...ვფიქრობ მომავალზე, ამ ფიქრისგან გონების გათიშვა თუ მინდა, წიგნს ვკითხულობ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ჩემს მშობლიურ თეთრიწყაროში თეატრს ავაშენებდი, ბევრ ადამიანს გავაბედნიერებდი, კარგ საქმეში ხელს შევუწყობდი.

- მენატრება...

- ...ლაღი ურთიერთობები და ქუჩაში ბედნიერი ადამიანები.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ვფიქრობ პრობლემაზე და მაქსიმალურად მასზე ვკონცენტრირდები.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ჩემი პედაგოგი ხშირად ამბობდა, - მთავარი არ არის "მე მიყვარს თეატრი, ისე უნდა გააკეთო, რომ თეატრმა შეგიყვაროს". მშობლები კი ხშირად მარიგებდნენ, იყავი უბრალო, უშუალო, შენზე სუსტი და გაჭირვებული არასდროს დაჩაგროო. ბავშვობიდან მოყოლებული, როდესაც ფეხბურთს ან სხვა რამეს ვთამაშობდი, ჩემი გუნდისთვის სულ სუსტ მოთამაშეებს ვირჩევდი, ძლიერებს მეორე გუნდში ვტოვებდი, უფრო კარგია და უფრო დიდი სიხარულია ძლიერ მოწინააღმდეგეს რომ ამარცხებ.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ადამიანებო, მივიღოთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ვართ და რაც მთავარია, ძალიან, ძალიან გვიყვარდეს ერთმანეთი!

თამუნა კვინიკაძე