მარიამ უგრეხელიძე: „New York times , Los Angeles times , The Guardian თუ სხვა ჟურნალები, ყოველთვის აღფრთოვანებით წერდნენ ჩემზე“
დედა ადმინისტრაციულ და ტექნიკურ მხარეს აგვარებს, ასევე არის კოსტიუმების მხატვარი. ჩვენ სამნი ერთად ვმართავთ თეატრს და სირთულეებს ვუმკლავდებით. ძალიან რთულია, როდესაც შენი ძალებით, ფინანსებით გიწევს ყველაფრის კეთება, მაგრამ მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით თავს ვართმევთ ...“ - ამბობს საბალეტო ხელოვნების ვარსკვლავი მარიამ უგრეხელიძე, რომელიც უდუდესი წარმატებების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და თავის გამოცდილებას სხვებს უზიარებს...
- ბედნიერი ვარ, რომ ნიორაძეების ოჯახის ერთ-ერთი წევრი გახლავართ. ჩემი დეიდა ბალეტის მეგავარსკვლავი, მსოფლიოში აღიარებული პრიმაბალერინა ირმა ნიორაძეა; მეორე დეიდა მსოფლიოს მეცოსოპრანო მზია ნიორაძე გახლავთ. ქეთევან პაპავაც ყველამ იცით, ჩემი დეიდაშვილი გახლავთ, ვენის შტაც ოპერის პრიმაბალერინა. ახლახან ტრიუმფით ჩაიარა ქეთის საპრემიერო სპექტაკლებმა. მან შეასრულა მარგარიტა გოტიეს პარტია ჯონ ნოემაიერის ბალეტში „ქალი კამელიებით“... ჩემი კიდევ ერთი დეიდა - მანანა ნიორაძე და დედა - მადონა ნიორაძე იყვნენ ლეგენდარული ვახტანგ ჭაბუკიანის მოსწავლეები და ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სოლისტები.
- ალბათ კულისებში ყოფნა ხშირად გიწევდათ...
- დიახ, პატარაობიდან თეატრში ვიზრდებოდი, ზეპირად ვიცოდი რეპერტუარი, ყველა ოპერა და ბალეტი. როდესაც 10 წლის გავხდი, ირმა და მზია დეიდას დიდი დახმარებით დედამ სასწავლებლად პეტერბურგში წამიყვანა. გავიზარდე ჩემი უნიკალური დეიდის ბალეტებზე. მადლიერი ვარ მისი, რომ ყველანაირად დამეხმარა და გვერდით დამიდგა.
5 წლის ვიყავი, პუანტები რომ მეცვა. როგორც ვახსენე, დედა ზ. ფალიაშვილის თეატრის სოლისტი იყო 12 წელი და სკოლის შემდეგ, უმეტეს დროს თეატრში ვატარებდი. ვესწრებოდი ბალეტის გაკვეთილებს, რეპეტიციებს, სპექტაკლებს. რა გასაკვირია, რომ პატარაობიდანვე შემიყვარდა საბალეტო ხელოვნება.
- საქართველოში შთამბეჭდავი კარიერით დაბრუნდით...
- მესამე წელია რაც საქართველოში გადმოვედი, მანამდე 21 წელი სანქტ-პეტერბურგში ვმუშაობდი... 8 წელი ვისწავლე აგრიპინა ვაგანოვას საბალეტო აკადემიაში, სადაც ძალიან მკაცრი სწავლება და ურთულესი პროგრამა იყო. ყოველ წელს რიცხავდნენ მოსწავლეებს და ასე გრძელდებოდა 8 წელი. 20 მოსწავლიდან ბოლოს 7 დავრჩით და აქედან მხოლოდ რამდენიმე მოვხვდით საუკეთესო თეატრებში. პეტერბურგში უდიდესი კონკურენციაა საბალეტო სფეროში, ტიტანური შრომა უნდა ჩადო, რომ გახდე სოლისტი იქ, სადაც მთელ პლანეტაზე პირველი საბალეტო სკოლა და თეატრებია.
2009 წელს, აკადემიის შემდეგ მიმიღეს მიხაილოვის თეატრში სოლისტად, სადაც 12 წელი ვიმუშავე უდიდეს ბალეტმაისტერებთან და პედაგოგებთან, როგორებიც არიან მიხაილ მესერერი, ნაჩო დუატო, ფარუხ რუზიმატოვი... დიდი წარმატებით გამოვდიოდი სპექტაკლებში, მოვლილი გვაქვს მსოფლიოს დიდი სცენები, ლონდონი, ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი, ტოკიო, ჰონკონგი, შვეიცარია, კანადა და ა.შ. 2019 წელს მიმიწვიეს ბალეტის ვარსკვლავთა გალა-კონცერტზე, რომელიც პეტერბურგში, ალექსანდროვის თეატრში ჩატარდა. გასტროლებზე ყოფნისას, როცა ჩვენს თეატრზე რეცენზიები იბეჭდებოდა, New York times-ში, Los Angeles times-ში, The Guardian-სა თუ სხვა ჟურნალებში ყოველთვის აღფრთოვანებით წერდნენ ჩემზე.
- საქართველოში საბოლოოდ დაბრუნება როდის გადაწყვიტეთ?..
- 2020 წელს, ერთ დღესაც, 21 წლის შემდეგ ისე განვითარდა მოვლენები, რომ მე და დედამ საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტეთ. ახლა აქ ვარ და მადლობა ღმერთს, რომ დამაბრუნა სახლში. რაც კი 21 წლის მანძილზე უდიდესი ცოდნა და გამოცდილება შევიძინე, ახლა ვუზიარებ ნიჭიერ ბალერინებს, ვემსახურები სამშობლოს. 2021 წლის ივნისში მე და დედამ თბილისში ჩამოვაყალიბეთ ქართული საბალეტო კამერული დასი - პირველად მოხდა ქართულ საბალეტო ხელოვნების ისტორიაში, რომ წარმატებულად ჩამოყალიბდა და მუშაობს მცირე საბალეტო დასი. 2021 წელს მოვიძიეთ კადრები, თბილისისა და ბათუმის საბალეტო სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებიც ვერ მოხვდნენ ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრში. საბალეტო სკოლებს ყოველწლიურად ოცამდე მოსწავლე ამთავრებს და აქედან ყველა ვერ ხვდება დიდ თეატრში. სწორედ ამ კადრებისთვის შევქმენით ეს დასი, რათა მათ შეძლონ თავიანთ საყვარელ პროფესიაში განვითარება, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, რადგანაც დიდი ტრაგედიაა, როდესაც 8 წელი სწავლობ და შემდეგ ვერ აგრძელებ საყვარელ სფეროში მუშაობას.
ჩვენ უკვე მესამე სპექტაკლზე ვმუშაობთ. 2021 წელს, 4 თვეში ჩამოვაყალიბეთ დასი და დავდგი საბალეტო გალა-კონცერტი. 2022-ში დავდგი ორმოქმედებიანი ბალეტი „კონკია“ სერგეი პროკოფიევის მუსიკაზე. უკვე მეორე წელია წარმატებით გადის ეს ბალეტი და ყოველთვის სრული ანშლაგით ტარდება გრიბოედოვის თეატრში. ჩვენ ყოველთვე, დიდი წარმატებით ვმართავთ სპექტაკლებს გრიბოედოვის თეატრში, განსაკუთრებით პატარებს მოსწონთ და უხარიათ ჩვენს ბალეტებზე დასწრება.
2024 წელს, იანვარში გამოვუშვით ასევე ორმოქმედებიანი ბალეტი „მაკნატუნა“ პეტრე ჩაიკოვსკის მუსიკაზე. ძალიან მასშტაბური ბალეტია და მასში ჩვენი სკოლის პირველი კლასის აღსაზრდელებიც მონაწილეობენ. მე და დედამ წელს საბალეტო სკოლაც გავხსენით და ვზრდით კადრებს ჩვენი დასისთვის. ამ ეტაპზე დასაქმებული გვყავს 50-მდე ადამიანი.
დედა და მამა აქაც ყველანაირად მხარში მიდგანან და ერთად ვაკეთებთ ამ საქმეს. დედა ადმინისტრაციულ და ტექნიკურ მხარეს აგვარებს, ასევე არის კოსტიუმების მხატვარი. ჩვენ სამნი ერთად ვმართავთ თეატრს და ვუმკლავდებით სირთულეებს. მადლობა ღმერთს ჯერჯერობით თავს ვართმევთ ყველაფერს.
მანანა გაბრიჭიძე