"სამსახიობოზე მინდა ჩავაბარო. მაყურებელს კიდევ ვპირდები სიახლეს" - გზაპრესი

"სამსახიობოზე მინდა ჩავაბარო. მაყურებელს კიდევ ვპირდები სიახლეს"

ვაკო კობახიძე - გაიცანით ბიჭი, რომლის არტისტულმა ცეკვამ სოციალური ქსელები მოიცვა და შესრულების გამორჩეულმა მანერამ დიდი მოწონება დაიმსახურა. ვაკო მარტვილში ცხოვრობს, ანსამბლ "კოლხიდაში" ცეკვავს, ჯარში მსახურობს - სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდის და წინ დიდი გეგმები აქვს. სურს, რომ მომავალი კვლავ სცენას დაუკავშიროს და თეატრალურ უნივერსიტეტში, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბაროს.

- ვაკო, როგორც იცი, შენი ცეკვის ვიდეო სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ჩვენს "ფეისბუკ"-გვერდზეც ძალიან დადებითი შეფასებები მოჰყვა. გვიამბე შენ შესახებ, რას საქმიანობ, რა ასაკში დაიწყე ცეკვა?

- ამჟამად ვემსახურები საქართველოს - ჯარში ვარ, სავალდებულო სამხედრო სამსახურს გავდივარ. მარტვილში ვცხოვრობ და მეთხუთმეტე წელია ვცეკვავ. ოთხი წლიდან დავიწყე, მაშინ ბაღში დავდიოდი, ახლა ანსამბლ "კოლხიდაში" ვარ. ცეკვა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, ძალიან მიყვარს და მინდა მთელი ცხოვრება ასე გავაგრძელო. როცა სცენაზე დგახარ და ცეკვავ, ყველაფერი გავიწყდება, კონცენტრირებული ხარ იმაზე, თუ რა აკეთო და ამავე დროს, სხვა სითბო, სხვა გრძნობები მოდის - ეს სასიამოვნოა, დიდ სტიმულს გაძლევს. ქართული ცეკვა გამორჩეულად მიყვარს.

- ძველი თაობის მოცეკვავეების შესრულებას და ჩანაწერებს თუ უყურებ ხოლმე? ვინ არის შენთვის გამორჩეული?

- ციმციმა - იური ცინცაძე და დათუნიკა სხირტლაძე.

- ამ პასუხს ველოდი. სოციალურ ქსელში გადარებენ კიდეც ციმციმას. თუ გახსოვს, რამ მოახდინა შენზე შთაბეჭდილება, რაც შემდეგ ცეკვის შენეულ მანერაზე აისახა?

- ციმციმას ვიდეოებს ვუყურებდი და ვაკვირდებოდი. სხვათა შორის, დათუნიკა სხირტლაძისგანაც ვიღებდი სხვადასხვა ილეთს და სურვილი გამიჩნდა, მეც ჩემეული ილეთები შემემუშავებინა, იმპროვიზირებული. ბავშვობისას იმას ვცეკვავდი, რასაც მასწავლიდნენ, მაგრამ დაახლოებით ათი წლის შემდეგ ჩემეული შტრიხების შეტანა დავიწყე. 13-14 წლის რომ ვიყავი და ტურისტების წინაშე ვცეკვავდი, მაშინ წამოვიდა ეს იმპროვიზაციული ილეთები, რადგან ისეთი ნომრები უნდა შემესრულებინა, რაც მათ გაოცებასა და აღფრთოვანებას გამოიწვევდა, ადამიანებს ემოციებს მოჰგვრიდა. აქედან გამომდინარე, ყოველდღიურად მჭირდებოდა ახალ-ახალი ილეთის მოფიქრება, ჩემი ცეკვა მრავალფეროვანი რომ ყოფილიყო, ხასიათი გამოჩენილიყო. საკუთარ თავზე ვმუშაობდი.

როგორც მოგეხსენებათ, მარტვილში ტურისტული ზონაა, ბევრი საინტერესო და ლამაზი ადგილია. გიდები მიკავშირდებიან ხოლმე, ჩვენ შეთანხმება გვაქვს და მათთვის ვმუშაობთ.

- ანუ ცეკვა შენთვის ერთგვარი სამუშაოცაა ამ ეტაპზე?

- დიახ.

- როგორია მაყურებლის ემოცია შენს ასეთ შესრულებაზე?

- ძალიან მოსწონთ როგორც ტურისტებს, ისე ქართველ ვიზიტორებს, ადგილობრივებს და ამას იმგვარად გამოხატავენ, რომ მეტი მოტივაცია მეძლევა, რათა კიდევ და კიდევ უკეთესად ვიცეკვოთ მეც და ჩემმა ჯგუფმაც, 5-6 ვართ. თუ შემოთავაზებაა, ტურებშიც დავყვებით ხოლმე.

- ოჯახზეც გვიამბე. რას საქმიანობენ მშობლები? ცეკვა თქვენი ოჯახური ტრადიცია ხომ არ არის?

- ბაბუა ცეკვავდა, მოცეკვავეა და ალბათ მისგან გამომყვა ნიჭი.

- თანამედროვე ცეკვები მოგწონს?

- კი, მაგრამ ქართული - უფრო მეტად. "სუხიშვილების", "ერისიონის", "აფხაზეთის" ცეკვებს ვუყურებ და ვაკვირდები, მათ ილეთებს ვსწავლობ. სამომავლოდ, ჩემი უდიდესი სურვილია, "სუხიშვილებში" ვიცეკვო, რადგან მათი ცეკვა, მანერები უფრო ახლოა ჩემთან და ჩემს ხასიათთან, პლასტიკასთან.

- რომელი ცეკვა გიყვარს გამორჩეულად თავისი ილეთებით, მანერულობით?

- პირველ რიგში, აჭარული, უფრო მრავალფეროვანია და თითქოს შენს ტანს, ხასიათს შეგიძლია მოარგო. ემოციურია. მაყურებლებშიც ეს უფრო პოპულარულია, ასევე, აფხაზური, ლეზგინკა და ფარიკაობა, რომელიც ძალიან ეფექტურია, დიდი ენერგია და ძალა სჭირდება, სანახაობრივია.

- დღეში რამდენ საათს უთმობ მეცადინეობას?

- მინიმუმ ოთხ საათს, თუმცა ადრე გაცილებით მეტი იყო - დილიდან საღამომდე, 7-8 საათი. ამჟამად სხვა გრაფიკი მაქვს, მაგრამ მომავალში კვლავ უფრო მეტს ვიმუშავებ.

437089156-446573221197710-4249755342369624655-n-copy-1714984238.jpg

- ზაფხულში სიახლეები მექნებაო, მითხარი. რას გვიმზადებ?

- კომენტარებშიც შევპირდი ადამიანებს, რომ ახალ ვიდეორგოლს გადავიღებ. ძალიან მესიამოვნა, ასეთი პოზიტიური კომენტარები რომ იწერებოდა და ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ძალიან დიდი ინტერესი მაქვს, როგორი ემოციები ექნება ახალ ვიდეოზე ხალხს, მეგობრებს, ნაცნობებს. მათი გამოხმაურება იმდენად დიდ სტიმულს მაძლევს, რომ სწორედ აქედან გამომდინარე მინდა გადავიღო.

- ცეკვის გარდა, რა ინტერესები გაქვს?

- თეატრალურ უნივერსიტეტში, სამსახიობოზე მინდა ჩავაბარო, ცეკვასაც გავაგრძელებ, რა თქმა უნდა. მუსიკალური მაქვს დამთავრებული. 7 წელი ვიარე - ხალხურ საკრავებზე ვუკრავ: ფანდური, დოლი. პატარა რომ ვიყავი, კარგი ხმა მქონდა, მერე გარდატეხის ასაკმა მომიწია და სამომავლოდ, შეიძლება კიდევ გავაგრძელო. თეატრალურში გამომადგება ეს ყველაფერი.

- როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი ამ მიმართულებით?

- ჯერ არ ვიცი, მაგრამ ყველაფერს შრომა სჭირდება, სხვანაირად არაფერი გამოვა. თუ ადამიანს მიზნები აქვს დასახული, მის მისაღწევად ბევრი უნდა იშრომოს.

- სად უფრო ხედავ საკუთარ თავს - კინოს მიმართულებით გინდა განვითარება თუ თეატრის? თეატრი ხომ ცოცხალი ორგანიზმია და მეტი იმპროვიზაციის საშუალებას იძლევა, მაყურებელთან უშუალო კონტაქტი გაქვს და შეგიძლია ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად ითამაშო. შენი შესაძლებლობები ხელოვნების დარგებში ალბათ, ასე უფრო რეალიზებული იქნება, არა?

- დიახ, თეატრში ყველაფერია.

- სასკოლო საგნებიდან რომელია შენთვის გამორჩეული?

- ბიოლოგიას ვმეცადინეობდი კარგად, მომწონდა. სპორტი კი ალბათ, ყველას უყვარს.

- ფეხბურთს თუ თამაშობ?

- ფეხბურთს ვთამაშობ, მაგრამ ცეკვის სტილში (იცინის). ჩემს თამაშს რომ შეხედავენ ხოლმე, მეუბნებიან: ან ითამაშე, ან იცეკვეო. კალათბურთიც მომწონს, ფრენბურთი, რაგბი - რაგბიში ნომერ პირველები ვართ ქართველები.

- ხვიჩა კვარაცხელიაზე რას იტყვი? როგორც ყველა ქართველი და კერძოდ, სამეგრელოს წარმომადგენელი, ალბათ შენც ამაყობ მისით, ხომ?

- კი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი სამაგალითო ფეხბურთელია და პიროვნულადაც უმაგრესი ადამიანი. უკვე წარმატებულია, მაგრამ კიდევ უფრო დიდი წარმატება მინდა ვუსურვო, რადგან მშრომელი ადამიანია და მის საქმიანობას აფასებს. რა თქმა უნდა, ჩვენს ეროვნულ ნაკრებზეც იმავეს ვიტყვი, ძალიან ვგულშემატკივრობდი, დიდი ემოციებით და მომავალშიც ასე იქნება. სიამოვნებით წავიდოდი შემდეგ თამაშზეც, მაგრამ სამწუხაროდ, არ მაქვს ამის შესაძლებლობა.

- შენი ვიდეო უკვე ისეთი პოპულარულია, ალბათ ხალხი ქუჩაშიც გცნობს...

- მარტვილი ისედაც პატარა ქალაქია და ყველა მიცნობს, მაგრამ უცხოები როცა ჩამოდიან, ბევრს უკითხავს, შენ ის ბიჭი არ ხარ, ვიდეოდანო? მეც მიხარია, რომ მცნობენ. სხვა ქალაქებშიც შევუმჩნევივართ და დადებითი ემოციებით შემხვედრიან.

438238313-818632220111322-1051284693623020504-n-copy-1714984229.jpg

- ოჯახის წევრებს რა რეაქცია ჰქონდათ, როცა შენს ცეკვას ასეთი გამოხმაურება მოჰყვა?

- სანამ ეს ვიდეო გავრცელდებოდა, ასეთი რამდენიმე ვიდეო ჰქონდა გადაღებული გიდს - ანი წიქარიშვილს და თავის "ფეისბუკ"-გვერდზე ედო. წარმოდგენა არ მქონდა, ასეთი გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა. თავიდან რომ დადო და 200 "ლაიქზე" ავიდა, მერე 500-ზე, 1000-ზე და ა.შ., გამიკვირდა და ძალიან გამიხარდა. როგორი რეაქციაც მე მქონდა, ანალოგიური ჩემს მშობლებს და ბებია-ბაბუას, მათთვისაც საყვარელი ვიდეოა. ანი წიქარიშვილს დიდი მადლობა, რომ გადაიღო და გამოაქვეყნა, სწორედ მან გააცნო საზოგადოებას ჩემი თავი. ძალიან მაგარი ადამიანია და დიდ პატივს ვცემ.

ხალხს კიდევ ერთხელ გადავუხდი უდიდეს მადლობას - ყველას, ვინც კომენტარს წერდა, იწონებდა, აზიარებდა, უყურებდა, ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს და მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება მათი თბილი სიტყვები. ამ ერთმა ვიდეომ ჩემი ცხოვრება შეცვალა და როგორც აღვნიშნე, აუცილებლად მინდა, ხალხს სიახლე კიდევ გავუზიარო.

- ვაკო, დიდ წარმატებას გისურვებ ცხოვრებაში და შენი მიზნების მიღწევას. გგულშემატკივრობთ და ველოდებით სასიამოვნო სიახლეებს შენგან.

- უღრმესი მადლობა.

თამთა დადეშელი