მასტერის პასუხი ადამიანებს, რომლებიც აბულინგებენ - გზაპრესი

მასტერის პასუხი ადამიანებს, რომლებიც აბულინგებენ

რომლის ინტერნეტსივრცეში ატვირთვასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რეპერი თავად გვიამბობს, როგორ შეიქმნა ეს სიმღერა, რა ამბები უძღოდა წინ, რის გამო აქვს კონფლიქტი რეალობასთან და რისი თქმა სურს საზოგადოებისთვის?

- გიორგი, გქონდა მოლოდინი ამ სიმღერას ასეთი დიდი გამოხმაურება რომ ექნებოდა?

- ჩემს სიმღერებს, რომლებიც სოციალურ ხასიათს ატარებს და გარკვეულ პრობლემებს ეხება, ყოველთვის დიდი გამოხმაურება აქვს, თუმცა ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ გამოხმაურება განსაკუთრებით დიდი იყო. ველოდი, რომ ოპონენტებში აღშფოთებას გამოიწვევდა, ველოდი ჩემი მსმენელის მხარდაჭერასაც.

- მიამბე, როგორ შეიქმნა ეს სიმღერა?

- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას ვემხრობი. როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, სოციალურ ქსელებში, პირად გვერდებზე, ყველგან გავაზიარე პოსტი და ეს მნიშვნელოვანი ამბავი მივულოცე ყველას. რამდენიმე დღის წინ ჩემს გვერდზე ავტვირთე საქართველოს დროშა. არანაირი ტექსტი არ დამიწერია, მხოლოდ დროშის ფოტო იყო. ბევრი მოწონება ჰქონდა, ბევრმა გაკვირვებაც (და მე გაკვირვებული დავრჩი, ამაში რა იყო გასაკვირი) გამოხატა, ამავე დროს, ძალიან ბევრი ადამიანი მწერდა, როგორ გაბედე და მხოლოდ საქართველოს დროშა ატვირთე, მასთან ერთად ევროკავშირის დროშა რატომ არ არისო? ამაზე რა უნდა ყოფილიყო ჩემი რეაქცია? დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და არ მაქვს უფლება, ჩემი ქვეყნის დროშა ავტვირთო? მეცინებოდა, გულწრფელად გეუბნები, ამ თემაზე სიმღერის ჩაწერა საერთოდ არ მქონდა განზრახული. სხვათა შორის, იმ დღეებში ჩვენი ქვეყნის დროშა დემნა გვასალიამაც ატვირთა, მაგრამ მის შემთხვევაში ასეთი გამოხმაურება არ ჰქონია. ლიბერალები მას ყოველთვის სწყალობენ, ჩემს შემთხვევაში კი სრულიად არაადეკვატური სიტუაცია შეიქმნა. ამის შემდეგ გააკეთეს ფეიკ პოსტერი, რომელზეც ეწერა, რომ სიმღერას პოლიტიკურ აქციაზე ვაპირებდი, იქ სხვა მომღერლების სახელიც ეწერა. ამ პოსტერს ძალიან ბევრი გაზიარება ჰქონდა. არ დავიზარე, ჩემს მსმენელს პატივი ვეცი, ყველას გვერდზე შევედი და დავაკომენტარე, რომ ეს ფეიკია. ამის გამო მოცლილი კი მეძახეს და მაბულინგეს, მაგრამ ჩემ მიერ გაკეთებული საქმე მეტყველებს, რამდენად მოცლილი ვარ, წელს უკვე მე-8 სიმღერა გამოვუშვი და 3 კლიპი გადავიღე. ზრდილობის და ეთიკის ნორმებს არასდროს ვცდები, ამის გამოც მაბულინგებენ და ზრდილობიან რეპერს მეძახიან, ჰგონიათ ამით კომპლექსს ამკიდებენ. სიმღერაში ყველას თავისი გამოხატვის ფორმა აქვს, ცენზურას თუ უნდა დაარღვევს და თუ არ უნდა, არ დაარღვევს, მით უმეტეს, რეპი თავისუფალი სტილია. ჩემი ქართული ენა იმდენად მდიდარია, მაძლევს საშუალებას, სათქმელი ცენზურის დარღვევის გარეშე გამოვხატო.

- რა გიპასუხეს ადამიანებმა, რომლებსაც დაუწერე, რომ სიცრუეს ავრცელებდნენ?

- სანამ კომენტარს დავწერდი, ბევრი ილანძღებოდა, როგორ არ რცხვენიათ, როგორ უნდა იმღერონ და ა.შ. როგორც კი ჩემი კომენტარი ნახეს, დამიწერეს, - ვიცით, რომ ფეიკია, ხუმრობა გვაცადეო. ეს ნორმალურია? რა უნდა გაცადო, ჩემი ლანძღვა? იმის დაბრალება, რასაც არ ვაკეთებ და რის გაკეთებასაც მომავალშიც არ ვაპირებ? აქ პოლიტიკურ შეხედულებაზე არ არის ლაპარაკი. შეიძლება გინდოდეს სიმღერა და აპირებდე იმღერო, მაგრამ რომ არ მღერი და მაინც გლანძღავენ, ამან ჩემში ძალიან დიდი პროტესტი გამოიწვია. ერთი ბაბლია, ფაქტს გეტყვი, რომ გადავდიოდი იმ ადამიანების პირად გვერდებზე, რომლებიც ამ სიცრუის ტირაჟირებას ახდენდნენ, ყველანი აქციაზე იყვნენ წარმოდგენილნი. ვინმეს გაშავებას არ ვცდილობ, ფაქტს ვამბობ და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, როდესაც ადამიანს რაღაცის გამო აქვს პროტესტი, ეს უნდა გამოხატოს და ამაში ყველა თავისუფალი უნდა იყოს. ამ სიმღერის დაწერა, სოციალურ ქსელში ჩემი ქვეყნის დროშის ატვირთვის გამო ატეხილმა ამბავმა მიკარნახა. ერთ დღეს ტექსტი დავწერე, მეორე დღეს ჩავწერე და იმავე საღამოს ავტვირთე. სიმღერას დავაწერე "ჩემი დროშაა ჯერ".

- სიმღერაში ბევრ მანკიერებაზეა ყურადღება გამახვილებული, ორმაგ სტანდარტზე, ფასადურობაზე, სიყალბეზე, შურზე... ეს შენი პროტესტია რეალობასთან?

- მთავარი პროტესტი ის არის, რომ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა პოზიციაზე არიან, მოღალატეებად აღიქმებიან. არ შეიძლება მსგავსი დამოკიდებულება, არ არის ჯანსაღი. შეიძლება შენ ჩემგან რადიკალურად განსხვავებულ პოზიციაზე იყო, მაგრამ ამ დროს მხოლოდ ის შემიძლია გითხრა, რომ არასწორ მხარეს ხარ. იმას ვერ გეტყვი, რომ სამშობლოს ღალატობ და ამას გამიზნულად აკეთებ. იარლიყის ასე მიწებება არ შეიძლება. რადგან შენგან განსხვავებული აზრი მაქვს, იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს ზურგს უკან რომელიმე პარტია დგას. გუშინ ჩემი სიმღერა კახა კალაძემ გააზიარა. შეიძლება იფიქრო, ახლა მართლა არ ეგონოთ, რომ ეს საიდანღაც ნაკარნახევი სიმღერაა, მაგრამ ამის გამო კომპლექსს ვერ ავიკიდებ. ჩემს სიმღერას რაც უფრო მეტი ადამიანი გააზიარებს, უკეთესია. ჩემი მიზანია, სათქმელი რაც შეიძლება მეტ ადამიანთან მივიდეს. პასუხისმგებლობას ვერასდროს ავიღებ, ჩემს სიმღერას ვინ გააზიარებს. რაიმე მხრივ პოლიტიკასთან ჩემს დაკავშირებას ვემიჯნები. 2008 წელი იყო, პირველად საარჩევნო მუსიკალურ ტურნეში ჩართვა რომ შემომთავაზეს და უარი ვუთხარი. დღესაც არ მივიღებ შემოთავაზებას, განა იმიტომ, რომ მე ჩემი პოლიტიკური შეხედულება არ მაქვს ან არჩევნებზე არ დავდივარ, პროპაგანდის გაწევა თავად არ მსიამოვნებს.

- ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან, რის გამო გაქვს პროტესტი?

- სხვა მხრივ რა თემებსაც მე ვეხები, ლიბერალები არაფრად თვლიან. სიმღერა მივუძღვენი პრობლემას, რასაც ნარკოპოლიტიკა ჰქვია, რომ ეს გადასახედია, შემსუბუქება არაფერს შველის. ამ პრობლემაზე სიმღერა ჩავწერე, მაგრამ ლიბერალები სათანადოდ არ აღიქვამენ. ყურადღება გავამახვილე აზარტულ თამაშებზე. ჩემი სურვილია, ქვეყანაში ასეთი თამაშები საერთოდ არ არსებობდეს. ვიცი ბევრი განვითარებული ქვეყანა, სადაც ეს აკრძალულია. ამ პრობლემაზე კლიპიც გადავიღე.

- საზოგადოების მანკიერი მხარეებიდან, რაზეც სიმღერის ტექსტში აქცენტს აკეთებ, შენთვის ყველაზე შემაძრწუნებელი რა არის?

- ადამიანს დააბრალო ის, რაც რეალურად არ უნდა იმ პიროვნებას. 2 წელი ვიცხოვრე ამერიკაში, სკოლა იქ დავამთავრე, შემდეგ გერმანიაში, ბერლინში ვცხოვრობდი, გარკვეული პერიოდი მუსიკალური პროექტის გამო, რუსეთში ვიყავი და ეს არასდროს დამიმალავს, მხოლოდ ერთი სიმღერა მაქვს გამოშვებული. თუ ამის გამო რუსეთუმე ვარ, მაშინ რატომ არიან ევროპელები ის მომღერლები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ რუსეთში საკონცერტო ტურნეს ატარებდნენ? თუ მეტყვიან, შენ რუსეთუმე იმიტომ ხარ, რომ იქ იყავიო, შევახსენებ, 1 მილიონამდე ქართველი ცხოვრობს რუსეთში და ყველას ხაზს ნუ გადაუსვამენ. ეს შეხედულება აბსურდია. ვფიქრობ, ეს არის რაღაც ჯგუფი, რომელიც დარაზმულია გაშავებაზე და არ უყურებს ფაქტებს. მე ვარ ადამიანი, რომელიც იმას ლაპარაკობს, რასაც ფიქრობს, არ ვყვები ტრენდს.

masteri-copy-1714984361.jpg

- რას ფიქრობ იმ კანონზე, რომლის შესახებაც ასეთი დიდი ხმაური და არეულობაა ქვეყანაში?

- ადამიანები, რომლებიც მლანძღავენ, მიწერენ, "არა, რუსულ კანონს!" მეც ვამბობ, რომ საქართველოში რუსული კანონი არ უნდა არსებობდეს, მაგრამ რამდენად რუსულია ეს კანონი? ამაზე იურისტებმა უნდა ილაპარაკონ. თავად წაკითხული მაქვს ამერიკული კანონი, ეს კანონიც და ჩემი აზრია, რომ მსჯელობა არ მოხდა საკმარისად. ვისაც ვუყურებ, ყველა ამბობს, რომ დიალოგში შესვლა არ უნდათ, ეს არასწორი მგონია.

- რამდენადაც ვიცი, ბერასთან მეგობრობ, არა?

- ბერას ვიცნობ, მასთან მეგობრობა არ მაკავშირებს. ჩემთვის მეგობარია ის ადამიანი, ვისაც ყოველდღიურად ეხმიანები და ურთიერთობა გაქვს. ბერა 2011 თუ 2012 წელს გავიცანი, ჩვენ მუსიკალურ თემებზე გვქონდა საუბარი, აზრების გაცვლა, მას შემდეგ ერთმანეთთან შეხება არ გვქონია.

- მისი შეფასება ამ სიმღერასთან დაკავშირებითაც არ მოგისმენია?

- არა.

- რა გაქვს სათქმელი საზოგადოებისთვის?

- ქვეყანამ აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს ის ნიშა და ტრადიციები, რითაც ცნობილია ჩვენი სამშობლო. ჩვენ უნდა ვიყოთ საქართველო, არ უნდა ვიყოთ პატარა ამსტერდამი; თბილისი უნდა იყოს თბილისი. ევროკავშირში გაწევრება მოიტანს ძალიან ბევრ სიკეთეს, ეს როგორ არ უნდა გვინდოდეს, მაგრამ გაწევრება ჩვენი ღირსების შელახვის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. რომელიმე კავშირი თუ მოგვთხოვს, მიღების სანაცვლოდ ერთსქესიანთა ქორწინება დავაკანონოთ, ასეთი არც ერთი კავშირი არ უნდა გვინდოდეს. როგორც კი სიტყვებს: ტრადიციას, დროშას, იდენტობას, სარწმუნოებას ახსენებ, ისე გიყურებენ, როგორც ბნელ ადამიანს. ვიღაცებისთვის მოდიდან თუ გადავიდა ეს ყველაფერი, ვიტყვი, რომ ჩემთვის და კიდევ ძალიან ბევრი ადამიანისთვის არ გადასულა. ადამიანებს ერთმანეთის მიმართ მეტი სიყვარული უნდა გვქონდეს. შეიძლება ვიღაც არ მოგწონდეს, მიუღებელი იყოს, არ იზიარებდე მის აზრს, მაგრამ ამის გამო ერთმანეთს შეურაცხყოფა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივაყენოთ! 2008 წლიდან მაქვს "ფეისბუკი" და ამ სივრცეში ჩემ მიერ დაწერილ ვერც ერთ შეურაცხმყოფელ კომენტარს ვერ ნახავთ, ახლა ამის გამოც მაბულინგებენ, ზრდილობიანი რეპერი სად გაგონილაო? მაშინ ვიქნები მე ერთადერთი, არ არის პრობლემა. ჩემთვის ჩემი დროშაა პირველ ადგილზე და სულ ასე იქნება.

თამუნა კვინიკაძე