"საფრანგეთში ყოფნას ჩემთვის მილიონჯერ სჯობს საქართველოში ცხოვრება"
მაგრამ გიჟდება მეჯვრისხევსა და საქართველოზე. ბებია ეწვია საფრანგეთში. დღეს უკან გააცილა, აეროპორტში ბებოს ცრემლი არ დაანახვა, მაგრამ თვალს მოეფარა თუ არა, ატირდა, - რატომ წავიდაო?.. ბოლოს, როგორც იქნა, დამშვიდდა და კითხვა დამისვა, რომელიც არ მიყვარს: "ჩვენ, ჩვენ როდის ვბრუნდებით საქართველოში?" პასუხი გავეცი, რომელიც მეზიზღება... არ ვიცი, ტაო! ემიგრანტობა ადვილი ნუ გგონიათ", - ასეთი მინაწერი აქვს საფრანგეთში მცხოვრები 10 წლის ტაო გურგენიძის ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელში მამამისმა, დაჩი გურგენიძემ ატვირთა. დღეს ამ ვიდეოს უამრავი გამოხმაურება და გაზიარება აქვს. ამ პატარა ბიჭის ვიდეო მამამ სოციალურ ქსელში წლების წინაც დადო, მაშინ ტაო 4 წლის იყო. იმ ვიდეოშიც ტირილით ეუბნება მამას: აქ არ მინდა, ტარიელ პაპასთან წამიყვანე, საქართველოში მინდაო. თურმე წლების წინ იმ ვიდეომ ნახვის ყველანაირი რეკორდი მოხსნა.
ხალხი განსაკუთრებულ აქცენტს საყვარელი ბიჭუნას სახელზე აკეთებს. "როგორ ჰყვარებიათ საქართველო და როგორ ენატრებათ ემიგრაციაში მყოფებს, რომ საფრანგეთში დაბადებულ ბავშვს ტაო დაარქვეს"; "წარმოუდგენელია საქართველო არ უყვარდეს, ისეთი სახელი ჰქვია"; "რა ლამაზია ტაო და კლარჯი, სახელებად დაარქვით ბავშვებს.... დავარქმევდი ტაოს, კლარჯს, შავშელს, ოლთისს, ოპიზას, ბანას და იქნებოდა სრულიად საქართველო, ისტორიულიც და დღევანდელიც ამ სახელებში ერთიანი მაინც და ერთ დღეს ისეთ ენერგიას მოიტანდა, რომ გააერთიანებდა ნიკოფსიიდან დარუბანდამდის თუ არა, ბევრიც არ დააკლდებოდა. მჯერა, რომ ეს მოხდება, როდესაც მივხვდებით რისთვის გვინდა, რაში გვჭირდება დიდი საქართველო"... - დაწერა სოციალურ ქსელში ჩემმა კოლეგა ეკა ლომიძემ, რომელმაც ამ დღეებში ისტორიული ტაო-კლარჯეთი კიდევ ერთხელ მოინახულა.
როგორც გავარკვიეთ, საფრანგეთში დაბადებულ ბიჭს სახელი ბებომ, პოეტმა ზეინაბ მეტრეველმა შეურჩია. ის სულ უყვება შვილიშვილებს საქართველოს ისტორიას, უკითხავს ლიტერატურას, პოეზიას.
როცა ტაოს მამას დავუკავშირდი და ინტერვიუს ჩაწერა ვთხოვე, უარი მითხრა, ტელევიზიებიც გამომეხმაურნენ, მაგრამ არ გვინდაო. თუმცა ტაოს პაპამ, ტარიელმა დაიყოლია შვილი და ეს ინტერვიუც შედგა.
- ტაო, გვიამბე შენზე...
- გამარჯობა, მე 10 წლის ვარ, საფრანგეთში ვცხოვრობ, აქ დავიბადე, მაგრამ ვარ ქართველი. დავდივარ სკოლაში, ფეხბურთს ვთამაშობ, დედამ შემიყვანა ფეხბურთზე, რადგან ძალიან მიყვარს და მინდა ფეხბურთელი გამოვიდე. ახლა რომ ჩატარდა ჩემპიონატი, საფრანგეთიდან ვუყურებდი ამ თამაშს და საქართველოს ვგულშემატკივრობდი. ძალიან გამიხარდა მათი მოგება. ახლა დაიწყება ჩემპიონატი და მინდა იქაც მოიგონ ქართველებმა. მერე მეც მინდა საქართველოს ნაკრებში ვითამაშო და ქართველები გავახარო.
- ასე ძალიან გიყვარს საქართველო?
- დიახ, საქართველო ძალიან მიყვარს. სულ მინდა იქ ვიცხოვრო. მიყვარს ჩემი სოფელი მეჯვრისხევი, იქ მყავს ბებია და პაპა, მეგობრებიც. ორი საუკეთესო მეგობარი მყავს იქ და მათთან თამაში მიხარია. სოფელში ყველაფერი კარგია, ყველას ვუყვარვარ. მეზობლებთანაც დავდივარ და იქ კარგად დროს ვატარებ. ტარიელ პაპასაც ვეხმარები ხოლმე. დილით ძალიან ადრე დგება და სულ შრომობს. აქვს ვენახები და უვლის. მომწონს მისი ყვავილები, გამოჰყავს ნერგები, აქვს ბევრი სახეობის ვარდი... მაინტერესებს ყველაფერი, რასაც პაპა აკეთებს. საქართველოში რომ ჩამოვდივარ, მერე აქეთ წამოსვლა არ მინდა, იქ მართლა ყველაფერი მომწონს.
- ქართული კერძებიც გიყვარს?
- კი, ძალიან მიყვარს ხინკალი, ხაჭაპური, მწვადი. ყველაფერი ქართული მიყვარს. აქ რომ ჩამოდის, ბებო მიკეთებს ხინკალს. მამამ რომ დადო ის ვიდეო, არ ვიცოდი. ჩემი ბებო ჩამოვიდა საფრანგეთში და სამი თვე იყო ჩვენთან. მერე წავიდა. ასეთ დროს ვნერვიულობ ხოლმე. ბებოს არ უნახავს ჩემი ტირილი, მაგრამ მერე ის ვიდეო რომ ნახა, დამირეკა და თვითონაც იტირა. მამა მპირდება, რომ ამ ზაფხულს წამიყვანს საქართველოში. ძალიან მინდა სამშობლოში დავბრუნდეთ. ეს ჩემს ძმებსაც უნდათ.
- ფრანგი მეგობრებიც გეყოლება...
- დავდივარ სკოლაში და მყავს მეგობრები. მათთან ხანდახან ვკამათობ, საქართველოში კი მეგობრებთან არ ვჩხუბობ, მათთან ყოფნა მიყვარს. აქაურებმა იციან, საიდანაც ვარ.
- შენი სახელის ისტორია იცი?
- ბებომ მითხრა, როცა მეფეები იყვნენ, მაშინ წაგვართვეს საქართველოს ტერიტორია და ამიტომ ყველა ქართველს უყვარს ტაო-კლარჯეთი. კარგი იქნება, ჩვენი რომ იყოს ის ტერიტორია. მაინტერესებს იმ ადგილების ნახვაც და რომ გავიზრდები, აუცილებლად ჩავალ. 4 დიდი წიგნი მაქვს საქართველოს ისტორიის შესახებ და ვკითხულობ. საერთოდ, მიყვარს წიგნის კითხვა. მაქვს "დედა ენა", ქართული ზღაპრების წიგნები. ბებო პოეტია და მის ლექსებსაც ვსწავლობ. მიყვარს ვაჟა-ფშაველას ლექსები, გალაკტიონი... უფრო კარგად უნდა ვისწავლო ქართული, რომ აქცენტის გარეშე, თავისუფლად ვისაუბრო. საქართველოდან ხშირად ვერ ჩამოდიან, მაგრამ როცა მოდიან, ძალიან მიხარია. 2 წელია ტარიელ პაპა არ ჩამოსულა და ძალიან მენატრება. ისიც ბევრ რამეს მიყვება საქართველოზე. მეჯვრისხევში რომ ჩავდივარ, მართლა კარგად ვერთობი. სულ ეზოში ვართ, დავდივარ მეგობრების სახლებშიც. ბურთს ვთამაშობთ, იქ არის მდინარე მეჯუდა და მდინარეზეც დავდივართ, ვბანაობთ. ერთი სული მაქვს, როდის ჩავალ ჩემს სოფელში. იქიდან მეგობრები მირეკავენ და მელოდებიან.
- საფრანგეთში ცხოვრება გირჩევნია თუ საქართველოში?
- ჩემთვის მილიონჯერ ჯობია საქართველოში ყოფნა.
დაჩი გურგენიძე:
- ტაო 10 წლის არის, პარიზში დაიბადა. მე 2006 წელს წამოვედი საქართველოდან და 18 წელია აქ ვარ. ხშირად ვერ ჩავდივართ საქართველოში, ამიტომ ბავშვი მონატრებულია სამშობლოს. მამაჩემის სოფელია მეჯვრისხევი და საქართველო ტაოსთვის მეჯვრისხევი იყო, ზაფხულს იქ ატარებდა. როცა თბილისში წავიყვანდით, იძახდა, - საქართველოში წამიყვანეო. ახლა უკვე გაიზარდა და კარგად იცის ყველაფერი, ძალიან ენატრება საქართველო, მაგრამ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ხშირად ვერ ვახერხებთ ჩასვლას. სამი ბიჭი მყავს: 10 წლის ტაო, 8 წლის იოანე და 4 წლის დამიანე. იოანეც ასეა, დამიანე ჯერ იმდენად ვერ აღიქვამს. როცა ბავშვები საქართველოში ჩამყავს, უკან სულ ტირილით ბრუნდებიან და სამი დღით ადრე ვიწყებ მეც ნერვიულობას. საფრანგეთში ჩემები უფრო ხშირად ჩამოდიან. ახლახან დედაჩემი სამი თვით გვესტუმრა. ბებო სულ ქართულად ესაუბრება ბავშვებს, ბევრს უყვება საქართველოზე, ასწავლის წერა-კითხვას. მე და ტაომ გავაცილეთ დედა აეროპორტში, იქ ბავშვისთვის მღელვარება არ შემიმჩნევია, წვიმდა და ვჩქარობდი მანქანასთან მისვლას, ტაო ცოტათი უკან ჩამორჩა. უცებ მესმის ზლუქუნი. მაშინ ჩავწერე ეს ვიდეოც, რომელსაც უამრავი გამოხმაურება აქვს. მართლა ძალიან უყვარს საქართველო და ქართველები, აქაც ქართულ საუბარს რომ მოჰკრავს ყურს, თვალები გაუბრწყინდება ხოლმე. იმ დღეს სხვა ქალაქში ვიყავით ერთად წასულები, იქ გაიგონა ქართული ლაპარაკი, მივიდა და უცნობებს გამოელაპარაკა. ეტყობა, გენეტიკა მაინც თავისას შვრება. 4 წლის ასაკშიც ასეთი მონატრება ჰქონდა. ერთი პატარა ვიდეო დავდე მაშინაც, რომელმაც ფურორი მოახდინა, მილიონობით ნახვა ჰქონდა: ახალი ჩამოსულები ვიყავით საქართველოდან და ისე მოენატრა ყველა, უცებ აქვითინდა, - საქართველოში, ტარიელ პაპასთან მინდაო. ივნისში მოვდივარ საქართველოში რამდენიმე დღით და მეხვეწება, წამიყვანეო, მაგრამ ვერ მომყავს, რადგან სწავლა ივლისში მთავრდება. ზაფხულში ალბათ მამაჩემი ჩამოვა და ის წაიყვანს. მისთვის ყველაზე ძვირფასია საქართველო და ყველაფერი ქართული, მართლა ბევრს საუბრობს საქართველოზე და უნდა საცხოვრებლად სამშობლოში დავბრუნდეთ. იცის ქართულად წერა-კითხვა, პატარა ასაკიდან უამრავი ქართული ლექსი ისწავლა. ამაში დიდი წვლილი ბებიებსა და პაპას მიუძღვით: რომ ჩამოდიოდნენ, მართლა ბევრს ესაუბრებოდნენ საქართველოზე, იქ ჩასულს კი უდიდესი სიყვარულით ხვდებიან.
- დედათქვენი, ქალბატონი ზეინაბ მეტრეველი პოეტია, მის ლექსებშიც კარგად ჩანს პატრიოტული სული.
- დიახ, დედა დიდი პატრიოტია. მის ლექსებში ჩანს საქართველოს უკიდეგანო სიყვარული. სულ ეუბნება დედაჩემი ჩემს შვილებს, საქართველოში სულ სხვანაირი ცააო. დიახ, ბებიების გავლენა ნამდვილად არის. მეც სულ ვეუბნები, - ტაო, შენ აქ, საფრანგეთში კი დაიბადე, მაგრამ ჩვენ ქართველები ვართ და საქართველოში დავბრუნდებით-მეთქი. ვფიქრობ კიდეც დაბრუნებას. 2006 წლიდან აქ ვარ და უკვე გამოქცევაზე გახლავართ. როგორც კი დრო გამომიჩნდება სამსახურიდან, მაშინვე საქართველოში მივდივარ. ტაო ბევრს კითხულობს ქართულად, იუთუბზე უსმენს ვაჟას, გალაკტიონს... საფრანგეთში დაბადებულია და რომ ეკითხებიან, ამბობს, აქ დაბადებული ქართველი ვარო.
- ეს სახელი რატომ შეურჩიეთ?
- ტაო ჩემი პირველი შვილია, მას სახელი დედაჩემმა შეურჩია. ტაო-კლარჯეთი რომ არ დავივიწყოთ, ამიტომ შეარქვა. მეც მომეწონა. თავად დემნას დარქმევა მინდოდა, მერე დემნა ჩემმა დამ დაარქვა თავის ვაჟს. გამთლიანებული საქართველოს ნახვის იმედით, ჩვენი ისტორიული ტაოს პატივსაცემად დაარქვა ბებომ სახელი. საფრანგეთში ჩვენი სახლიდან აეროპორტამდე 200 კილომეტრია, მე და ტაომ რომ გავაცილეთ დედა, მთელი გზა საქართველოზე გველაპარაკებოდა და იმაზე, თუ საიდან მოვდივართ, რატომ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა, როგორ არ უნდა დავკარგოთ ემიგრაციაში მყოფებმა ეს სიყვარული. ასე გვზრდიდა მე და ჩემს დასაც. 1986 წელს ვარ დაბადებული და 90-იან წლებში, ლამპის შუქზე, შეშის ღუმელთან ჩამომსხდარებს დედა სულ გვიკითხავდა პოეზიას, ლიტერატურას, საქართველოს ისტორიას. მართლა არაჩვეულებრივი საღამოები გვქონდა ხოლმე. არასოდეს უთქვამს, აუცილებლად ხუთებზე უნდა ისწავლოთო, მაგრამ ძალიან შეგვაყვარა წიგნის კითხვა. როცა სკოლაში არ მინდოდა წასვლა, მეტყოდა, - კარგი, თუ არ გინდა, არ წახვიდე, მაგრამ ეს წიგნი უნდა წაიკითხოო. მართლა ძალიან პატრიოტია დედა და მისნაირი ბევრი ადამიანი რომ იყოს, მართლა გვეშველებოდა. მამაჩემიც პატრიოტია. აგვისტოს ომი რომ დაიწყო, დედა მცხეთამდე ჩაიყვანა და მერე თვითონ ფეხით ჩავიდა მეჯვრისხევში. ძალიან ვინერვიულეთ მაშინ. ანძა ააფეთქეს რუსებმა და ვერც ვუკავშირდებოდით. როცა ომის ქარცეცხლში ბრუნდებოდა, დედასთვის უთქვამს: უკეთესია ჩემი სახლის ნანგრევებში დავიმარხო, ვიდრე თბილისში დავჯდე და იქ გავიგო, როგორ გაანადგურეს ჩემი სახლ-კარი, გული მაინც გამისკდებაო. საოკუპაციო ზოლი ჩვენი სახლიდან 300 მეტრშია. მამას აქვს დიდი მეურნეობა, სულ შრომობს, მისი ვენახებიდან 100 მეტრში დგანან რუსები. იმ ტყეში, ფერდობებზე მაქვს ბავშვობა გატარებული. იქ დღეს რუსები დგანან და წლებია, სალოცავზე ვერ ავდივართ. მამაჩემის ბაღებიდან 100 მეტრში რომ არიან, ამასთან შეგუება ძალიან რთულია. მამა მზის ამოსვლას ვენახში ხვდება, სულ შრომაშია. გამოჰყავს ნერგები. აქვს ხეხილი, სახლში მოაწყო ვარდების სანერგე მეურნეობაც და 164 ჯიშის ვარდი აქვს ეზოში. მოცხარის ბაღიც გააშენა, ვაშლის პლანტაცია და თავისი მარჯვენით მართლა ბევრს აკეთებს.
- წლების წინ წასულხართ ემიგრაციაში, როგორ აღმოჩნდით საფრანგეთში?
- თბილისში უცხო ენების ინსტიტუტში ვსწავლობდი საერთაშორისო ურთიერთობებზე, ფრანგულის განხრით. დედამ იცოდა ფრანგული და შემაყვარა. მამაჩემი სულ მეუბნებოდა, ინგლისური უნდა იცოდე, აუცილებელია, დაგჭირდებაო და დავდიოდი ინგლისურზეც, მაგრამ არ მიყვარდა. პარალელურად, დედა ფრანგულად მიკითხავდა წიგნებს და მეუბნებოდა: ნახე, რა ლამაზი ენააო. 8 წლის ვიყავი, რომ ვფიქრობდი, გავიზრდები და აუცილებლად წავალ საფრანგეთში-მეთქი. სტუდენტობის დროს სასწავლებლად ჩამოვედი 2 წლით. აეროპორტში რომ მიმაცილა დედამ, მითხრა: შვილო, ყველაფერს რომ გაექცე, უშუქობას, გაჭირვებას, სიდუხჭირეს, იცოდე, საკუთარ ჯიშსა და გენს ვერასოდეს გაექცევიო. მისი სიტყვები სულ ჩამესმის. წავედი 2 წლით, მაგრამ 3 წელი საერთოდ ვეღარ ჩავედი საქართველოში, რადგან სწავლის პარალელურად, მუშაობაც დავიწყე, თავი რომ მერჩინა... ასე გავიდა ემიგრაციაში 18 წელი, ახლა ნამდვილად ვფიქრობ უკან დაბრუნებას... სულ მინდოდა ბევრი შვილი მყოლოდა. ძალიან მიყვარს საფრანგეთი, მაგრამ ვამბობდი: არ მინდა ჩემი შვილები აქ რომ დაიბადონ-მეთქი. ვფიქრობდი, იქ თუ გაჩნდებოდნენ, "დაკარგულები" იქნებოდნენ, სამშობლოში არ დაბრუნდებოდნენ და ამის მეშინოდა. მაგრამ მათ ძალიან უყვართ საქართველო და ეს მახარებს. იოანე და ტაო მეჯვრისხევს რომ გამოსცდებიან, პარიზამდე ტირიან, ამიტომ მერე მეც ვნერვიულობ. იქ სულ სხვა სიყვარულია. მეზობლებთან საოცარი ურთიერთობა აქვთ. აქ ხომ არ არის ასეთი ურთიერთობები...
ტაო ბავშვობიდან ალერგიულია და 6 თვეში ერთხელ ესაჭიროება მედიკამენტი, რომელიც 700 ევრო ღირს, წელიწადში ორჯერ ამ წამალს შვეიცარიიდან გვიგზავნიან, ასევე სჭირდება გამოკვლევები, რაც აქ მაღალ დონეზე კეთდება და თან, მომსახურება უფასოა. საქართველოში რომ ჩავიდე, არ ვიცი, რას როგორ შევძლებ, ცოტა ხანს ესეც გვაფერხებს. გეგმები მაქვს, ვფიქრობ 3 წელიწადში დაბრუნებას. მინდა ჩემმა შვილებმა საქართველოში იცხოვრონ. რომ ვუთხრა ჩემს შვილს, საქართველოში მივდივართ საცხოვრებლად-მეთქი, ახლავე დაიწყებს ჩემოდნის ჩალაგებას.
თეა ხურცილავა