თაკო ჩორგოლაშვილის სუსტი წერტილი და ყველაზე დიდი ბედნიერება - გზაპრესი

თაკო ჩორგოლაშვილის სუსტი წერტილი და ყველაზე დიდი ბედნიერება

ამ ამბით ძალიან ბედნიერი ვიყავი", - ამბობს ტელეწამყვანი თაკო ჩორგოლაშვილი. რომელი თვისება მოსწონს და არ მოსწონს საკუთარ ხასიათში, რა ისწავლა დაშვებულ შეცდომებზე, ვინ აძლევს ყველაზე დიდ სტიმულს ცხოვრებაში, რა აბედნიერებს და რის გამო იღებს საყვედურებს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...იურისტი. სულ მქონდა სურვილი, სამართლიანობა აღმედგინა ყველგან და ყველაფერში. მივიღე იურიდიული განათლება და ცოდნაც, თუმცა ჩემი ბავშვობის სურვილს რაც უფრო ვუახლოვდებოდი, ერთ დროს მძაფრი ინტერესი ამ პროფესიის მიმართ, მით უფრო ფერმკრთალდებოდა. სწორედ ამ დროს აღმოვჩნდი სატელევიზიო სივრცეში და ამ ეტაპმა განსაზღვრა კიდეც ცხოვრების შემდეგი წლები და საქმიანობა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რთულია საკუთარ თავზე ლაპარაკი, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში, გარშემო მყოფების აზრი უნდა გაგიზიაროთ. როგორც ყველა ადამიანს, ჩემზე კარგიც მსმენია და ცუდიც. მთავარია, გაცილებით მეტი პოზიტიური და დადებითი შეფასება მესმის, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მახარებს.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...არაფერს შევცვლიდი: არც ერთ მომენტს, წუთს, გადაწყვეტილებას, შეცდომას თუ წარუმატებელ ეტაპს. ალბათ ერთადერთი, რასაც მეტ ყურადღებას დავუთმობდი, ის არის, რომ დროს უფრო პროდუქტიულად გამოვიყენებდი და კიდევ უფრო განვავითარებდი ჩემს უნარებს სხვადასხვა მიმართულებით.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...რთულია დააკონკრეტო ერთი რომელიმე წარმატება, თან ადრეული ასაკიდან დღემდე. ყველა ეტაპს თავისი წილი სიხარული მოაქვს ჩვენს ცხოვრებაში და ყველა მათგანი დასაფასებელია.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...საქმისადმი სიყვარულს, ერთგულებას, პასუხისმგებლობის უნარს.

- ბედნიერი ვარ...

- ...ყოველი დღით, ჩემი ოჯახით, შვილით, მეგობრებით, საყვარელი საქმით, ადამიანებით... ყველაფრით, რაც ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...არ მიფიქრია, რა შეიძლება იყოს, ამას ალბათ ჩემი მეგობრები და საყვარელი ადამიანები უფრო კარგად იტყვიან.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...გარშემო ყველა თავს გრძნობდეს ბედნიერად, ჰარმონიულად, მშვიდად, კომფორტულად, ლაღად და დაფასებულად.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ადამიანების მიმართ კეთილგანწყობა.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ჭარბი ემოციები ყველა წვრილმანის და დეტალის მიმართ.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ ხვალინდელი დღე ყოველთვის შეიძლება უკეთესი გახადო, არასდროს არანაირი დაბრკოლების, წარუმატებლობის თუ გამოწვევის არ უნდა შეგეშინდეს. ყველაფერი შენს ხელშია და ნებისმიერი ოცნების ასრულება შენს გადაწყვეტილებაზე, მონდომებასა და მებრძოლ ხასიათზეა დამოკიდებული.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ..."თუ" არ არსებობს, შემიძლია. შეუცდომელი არავინაა, ისევე, როგორც მე.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ მთავარი დრო აქ და ახლაა. ზუსტად აწმყოა ყველაფრის განმსაზღვრელი მომავალში, ამიტომ მომავალზე ნაკლებად ვფიქრობ.

- ვნანობ...

- ...ცხოვრების არც ერთ მომენტს არ ვნანობ. ყველა ეტაპი რაღაცას გვასწავლის, გვზრდის და გვაძლევს შანსს, მომავალში უფრო უკეთესები ვიყოთ.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ალბათ, ვინც გვინდა რომ ვიყოთ, ის ვართ. ეს არჩევანი ყოველთვის ადამიანის ხელშია.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უსამართლობას, უმადურობასა და ტყუილს.

- მეზარება...

- ...ბოლოს "მეზარება" არ მახსოვს, როდის ვთქვი ან ვიგრძენი. იმას, რაც ჩემთვის საინტერესო არ არის, დროს არ ვუთმობ. შესაბამისად, რასაც ვაკეთებ, არაფერი მეზარება და არც დრო, რესურსი მენანება.

- სიყვარული ეს...

- ...ადამიანის დიდი ნიჭი და უნარია.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ალბათ, პირველი სიყვარული ყველასთვის პეპლებთან ასოცირდება.

- მაკვირვებს...

- ...ადამიანების უსიყვარულობა ერთმანეთის მიმართ.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ერთმა ტკბილმა სიტყვამაც კი, სიკეთემ და ადამიანების კეთილგანწყობამ.

- ვრისკავ...

- ...იშვიათად.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...მიჭირს იმ გარემოში ყოფნა, სადაც დაძაბულობა, კონფლიქტი და უსიყვარულობაა.

- ვამაყობ...

- ...ჩემი შვილით, ის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ბედნიერებაა, ისევე, როგორც ნებისმიერი მშობლის ცხოვრებაშია საკუთარი შვილი.

- ბოლოს ვიტირე...

- ...როდესაც გავიგე, რომ ჩემი საოცნებო პროექტის - "ნიჭიერი" წაყვანის პასუხისმგებლობა დამეკისრა. ამ ამბით ძალიან ბედნიერი ვიყავი.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ეს მომენტი უხერხულობას მიქმნის.

- მეშინია...

- ...ყველაფრის, რაც ჩემი ოჯახის წევრების, მეგობრებისა და გარშემო მყოფების ცუდად ყოფნას, ჯანმრთელობას უკავშირდება.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ყველაფერი გულთან ასე ძალიან ახლოს ნუ მიგაქვსო.

- დღემდე ვერაფრით გავბედე...

- ...დაივინგი; ესაა, რაც ჯერ ვერ გადავლახე.

- ყველაზე დიდი სტიმულია...

- ...ჩემი შვილი და ადამიანების ნდობა ჩემ მიმართ.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...არაფერს.

- ვუფრთხილდები...

- ...ჩემთვის ძვირფას და მნიშვნელოვან ადამიანებს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...რომ ადამიანები ერთმანეთის მიმართ ყოველთვის გულწრფელები არ არიან.

- ვიტყუები, როცა...

- ...არ მინდა ადამიანს გული ვატკინო.

- თავისუფლება არის...

- ...ღვთის საჩუქარი.

- ინტუიცია...

- ...ხშირად არ მატყუებს.

- როცა მარტო ვარ...

- ...სულ ვფიქრობ და სულ სხვაგან ქრის ჩემი გონება.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ალბათ ირგვლივ მყოფი ადამიანები სულ სიხარულში მეყოლება, სულ სიურპრიზებით განებივრებული.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...არსებობს პრინციპები, რომლებსაც არასდროს ვუღალატებ.

- ...მენატრება...

- ...უდარდელი ბავშვობა.

- ვაგროვებ...

- ...სიყვარულს, სითბოს, ბედნიერ მომენტებს ჩემს ცხოვრებაში.

- ბედისწერა...

- ...არ არსებობს. ყველა ადამიანი თავად ქმნის თავისი ცხოვრების ბედსაც და მომავალსაც.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...სულ გული მაქვს აჩუყებული.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ხვალინდელი დღე ყოველთვის შეგიძლია უკეთესი გახადო!

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...სიყვარულზე, მიტევებასა და ერთმანეთზე ზრუნვაზე უფრო დიდი ძალა არაფერს აქვს!

თამუნა კვინიკაძე

მასალაში გამოყენებულიადავით ბანცაძის ფოტოები