"მუშაობას არ იწყებენ, თუნდაც - 800 ლარზე"
და ასევე, ქალის თეთრეულის საკუთარ ბრენდს ფლობს. მალე ახალი საქმის წამოწყებასაც გეგმავს... როგორც გვითხრა, მის პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება - კარიერულ განვითარებაზეა ორიენტირებული, თუმცა ფიქრობს, რომ საქმისა და პირადი ცხოვრების ერთმანეთთან შეთავსებას შეძლებს...
- ფულის მნიშვნელობა და საჭიროება ბავშვობიდან გაცნობიერებული მქონდა, რადგან დედას ჩემი გაზრდა მარტოს უწევდა. დღე და ღამე მუშაობდა. თან, "90-იანების ბავშვი" ვარ და ყოველთვის ვხვდებოდი, რომ დედა ბევრს შრომობდა... როგორც კი სრულწლოვანი გავხდი და უნივერსიტეტში ჩავაბარე, მაშინვე სამსახურის დაწყებაზე დავიწყე ფიქრი, რომ დედას დავხმარებოდი...
- პირველი გასამრჯელო რა სამუშაოსთვის მიიღეთ და თუ გახსოვთ, რა თანხას შეადგენდა?
- 19 წლისამ ტანსაცმლის ერთ-ერთ მაღაზიაში დავიწყე მუშაობა. ხელფასი 1.002 ლარი იყო.
- კონსულტანტის მოვალეობას ასრულებდით?..
- თავდაპირველად, როცა ეს მაღაზია ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში იხსნებოდა, არც მოლარე ჰყავდათ, არც - კონსულტანტი... იდეაში, კონსულტანტად სამუშაოდ მივედი, მაგრამ სექციის მენეჯერად დამასაქმეს.
- სამსახური იოლად იპოვეთ?
- მუშაობა მეორე კურსიდან დავიწყე. იოლად არ მიპოვია. მანამდე ბევრი ვეცადე, ანაზღაურებადი სამსახური მეპოვა, მაგრამ ძირითადად, სტაჟირებები იყო - უხელფასო ან ბანკებში, სადაც 70-90 ლარს გვიხდიდნენ, ამ თანხის სანაცვლოდ კი დროს ვერ დავკარგავდი. მოკლედ, კარგა ხანს ისეთი სამსახური ვერ ვნახე, როგორიც მინდოდა. შემდეგ, როცა ტანსაცმლის მაღაზიაში მუშაობა დავიწყე, იქაც ბევრ დროს ვხარჯავდი, მაგრამ შრომის შესაბამისი ანაზღაურება მქონდა.
- თუმცა ამის გამო, უნივერსიტეტში სწავლის შეწყვეტა მოგიხდათ...
- მაშინვე არ შემიწყეტია, მაგრამ სამსახურის გამო, შემდეგ აკადემიური ავიღე, რადგან ამ სფეროს გავყევი, რაც ხელფასმაც განაპირობა, მერე დავწინაურდი, კარიერულად განვვითარდი... "ჯავახიშვილში" ლექციებს სრულად უნდა დავსწრებოდდი, სამსახურშიც სრულ განაკვეთზე უნდა მემუშავა. რაკი ნორმალური შემოსავალი მქონდა, სამსახური ვარჩიე...
- როცა პროფესიას ირჩევდით, იფიქრეთ, თქვენი საქმიანობა შემოსავლიანი იქნებოდა თუ არა?
- უნივერსიტეტში ჩაბარებისას ეს "გათვლა" არ მქონია. ბავშვობიდან ყველა მეუბნებოდა, - მაგარი იურისტი, მოსამართლე ან ადვოკატი იქნებიო. ეს გონებაში ისე მქონდა ჩაბეჭდილი, რომ იურისტობის გარდა, სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. ფაქტობრივად, პროფესია გაუცნობიერებლად ავირჩიე.
- რა ეტაპები გაიარეთ, ვიდრე საკუთარი ბიზნესის წამოწყების სურვილი გაგიჩნდებოდათ?
- ამის სურვილი ყოველთვის მქონდა - ბავშვობიდან მინდოდა, რაღაც ჩემი საქმე წამომეწყო. შემდეგ, როგორც გითხარით, ტანსაცმლის მაღაზიაში დავიწყე მუშაობა, დავწინაურდი. როდესაც მივხვდი, რომ ამ სფეროში დიდი გამოცდილება მქონდა და უკვე შემეძლო, ჩემი ბიზნესიც წამომეწყო, გადავწყვიტე, საკუთარი მაღაზია გამეხსნა: ეს გახლავთ ქალის თეთრეულის ბრენდი, რომელიც ქალბატონების ჩაცმულობაზე, მათი შინაგანი სამყაროს გაძლიერებაზე, თავდაჯერებულობაზე ზრუნავს. ძალიან მინდოდა, ქალის შარვალ-კოსტიუმების ატელიე შემექმნა, ამასთან - ქალის თეთრეულის მაღაზიაც, რომ ერთგვარი კონტრასტი ყოფილიყო - მკაცრი იმიჯის მიღმა, შინაგანად ძალიან სექსუალური, ვნებიანი ქალი... ფინანსების გამო, ჯერჯერობით, მეორე იდეა ვერ განვახორციელე, რაც საქმიანი ორეულების წარმოებას გულისხმობს, რადგან ხარისხიანი პროდუქციის დამზადება საკმაოდ ძვირი ჯდება. ამიტომ ჯერჯერობით, მხოლოდ თეთრეულის ბრენდს ვხელმძღვანელობ.
- ქალის თეთრეულს რეკლამასაც თავად უკეთებთ. საცვლებში გადაღებული ფოტოების, ვიდეოების გამო, ხალხისგან ნეგატიური დამოკიდებულება ხომ არ გიგრძნიათ?
- მარკეტინგში არანაირი ინვესტიცია არ ჩამიდვია - ფაქტობრივად, ყველაფერს თავად ვაკეთებდი. რა თქმა უნდა, ბრენდის რეკლამას "პრაიმ ჰაუსში" მონაწილეობამდეც (სანამ ცნობილი გავხდებოდი) თავად ვაკეთებდი, მაგრამ არა ძალიან გამომწვევად და სექსუალურად.
- მკაცრი ხელმძღვანელი ხართ?
- მგონია, რომ სამსახურში (ერთ-ერთი კომპანიის მენეჯერი ვარ) და ჩემს კომპანიაში სხვანაირი ვარ. ჩემთან სრულიად მეგობრული გარემოა: თანამშრომლები სტუდენტები არიან და ყველანაირად ხელს ვუწყობ. თავად ადგენენ სამუშაო გრაფიკს, დასვენების დღეებს, შვებულებას... მგონია, დაძაბულები არ არიან, რაც ყველაზე მეტად მომწონს და მიხარია.
- თანამშრომლები როგორ შეარჩიეთ?
- ამის დიდი გამოცდილება მაქვს: სხვადასხვა მაღაზიაში, სხვადასხვა ქალაქში, თანამშრომლები 2015 წლიდან ამყავს.
- თქვენი ყოველდღიურობა როგორია?
- დატვირთული: 8 საათს სამსახურში ვატარებ, შემდეგ - ჩემს კომპანიაში ვარ ან დილით - ჩემს კომპანიაში, საღამოს - სამსახურში. ფაქტობრივად, მთელი დღე დაკავებული მაქვს.
- თავს გონიერ მხარჯველად მიიჩნევთ?
- ფინანსების მართვა ყველაზე მნიშვნელოვანია. საკმაოდ მხარჯველი ვარ - საკუთარი თავისთვის კომფორტის შექმნა მიყვარს, მაგრამ ყოველთვის ისეთ ნივთებს ვყიდულობ, რაც გამოსადეგია ანუ მხარჯველი ვარ, მაგრამ - გონივრულად ვხარჯავ.
- თქვენი შემოსავლის ძირითადი ნაწილი რაში იხარჯება?
- მოგზაურობაში, დასვენებაში, საღამოობით სადმე გასვლაში... გურმანი არ ვარ. უბრალოდ შეიძლება, მეგობრებთან ერთად, საღამოს სადმე ვივახშმო...
- ფინანსური კრიზისი თუ შეგქმნიათ?
- კი. ადამიანს ხან გაქვს რაღაცის საშუალება, ხან - არა. ასეთი პერიოდები ყოველთვის არის. გვაქვს 2 ხელი, 2 ფეხი, შესაძლებლობა, უნარი... ჩემი თავის დიდი იმედი მაქვს და რთული სიტუაციიდან ყოველთვის გამოვდივარ. ასე თუ ისე, კრიზისული პერიოდებიც დამიძლევია.
- სამსახურში კონფლიქტური სიტუაციები თუ შეგქმნიათ ან უსამართლობის განცდა თუ გაგჩენიათ?
- თავდაპირველად, ასეთი შემთხვევები იყო. მუშაობის პირველ წლებში უსამართლობაც მიგრძნია: როცა ჩემთვის ხელშეკრულების გაფორმებაზე მიდგა საქმე, არ ეგონათ, რომ 19 წლის ვიყავი - უფროსი ასაკის ვეგონეთ. ამიტომ მაშინ პოზიციაც შემაცვლევინეს, - ვიზუალ მენეჯერად გადავედი, რადგან სექციის მენეჯერი ასაკით უფრო დიდი უნდა ყოფილიყო. მოკლედ, უკმაყოფილების შეგრძნებები მქონია, მაგრამ ბოლო 6-7 წლის განმავლობაში - აღარ, რადგან სადაც ვმუშაობ, ხელმძღვანელი თავად ვარ, სამსახურში დაძაბული სიტუაცია არ არის, არც მფლობელთან ურთიერთობისას, არც - თანამშრომლებთან, რომ დისკომფორტი შემექმნას. სრულიად ჰარმონიული, კომფორტის ზონა მაქვს მოწყობილი (იღიმის).
- დასაქმების პრობლემაზე რას გვეტყვით, როგორც დამსაქმებელი?
- სადაც ვმუშაობ, ის კომპანია ბევრ ადამიანს ასაქმებს. პროფესიონალი კადრის პოვნა ნამდვილად ჭირს: სამსახური არის, მაგრამ შესაბამისი კადრი არ გვყავს... ამიტომ მგონია, რომ საერთოდ, სამსახურები არის. უბრალოდ, დაბალშემოსავლიან პოზიციაზე ზოგი არ მოდის. მაგალითად, რეგიონებისგან განსხვავებით, თბილისში კონსულტანტის პოვნა ჭირს. რეგიონებში კარგ კადრს მარტივად იპოვი. მაღალ პოზიციებს რაც შეეხება, სადაც გამოცდილება და პროფესიონალიზმია საჭირო, კადრების მოძიება რთულია. ბევრი შემთხვევა იყო და ვფიქრობ, ამ მხრივ, ცნობიერება უნდა ამაღლდეს: ძირითადად, კონსულტანტებად სამუშაოდ სოციალურად დაუცველები მოდიან, მაგრამ იმის შიშით, რომ დახმარებას მოუხსნიან, მუშაობას არ იწყებენ, თუნდაც - 800 ლარზე. არადა, უკვე მოქმედებს კანონი, რომლითაც შეუძლიათ, ხელფასიც მიიღონ და არც სოციალურ დახმარებას მოუხსნიან, მაგრამ მაინც ზოგს ვერ აჯერებ, რომ ასეა. მაგალითად, გასაუბრებაზე მოდის ადამიანი და გთხოვს, რომ ხელფასი "ხელზე" მისცე... კარგად არ იციან, რა უფლებები აქვთ.
- დასაქმების ან საკუთარი საქმის წამოწყების მსურველ ქალბატონებს რას ურჩევთ?
- როცა რაღაც იდეა აქვთ, საკუთარი თავის აუცილებლად დაიჯერონ. ძალიან ბევრ ქალ მეწარმეს ვიცნობ. ასევე, "იუესაიდის" პროექტში - "ქალი მეწარმეები" ვმონაწილეობდი, რომელშიც გავიმარჯვე და გრანტიც მოვიპოვე. იქ ბევრი ქალბატონი გავიცანი, რომელსაც საკუთარი საქმე ნულიდან აქვთ დაწყებული. მათ ვაკვირდები, რითი განსხვავდებიან სხვა ქალბატონებისგან და უბრალოდ, საკუთარი თავის სჯერათ. ამიტომ ყველას ვურჩევ, როგორც კი იდეა გაუჩნდებათ, იმწამსვე მოქმედება დაიწყონ...
ეთო ყორღანაშვილი