კახა ჯოხაძის უპირობო სიყვარული და ჯილდო, რომელიც ყველა წოდებაზე ძვირფასია
რა ხდება ახლა მის შემოქმედებით ცხოვრებაში, რა არის მისთვის საკუთარი პროფესიის მთავარი ხიბლი, როგორია როლზე მუშაობის პროცესი, რა განცდები აქვს სცენაზე გასვლამდე და სპექტაკლის თამაშის შემდგომ? - ამ ყველაფერზე თავად გვიამბობს.
- ბოლო დროს ეკრანზე ნაკლებად ჩანხართ, ახლა რა ეტაპია თქვენს ცხოვრებაში?
- ტელესივრცის ერთი ეტაპი ალბათ დავასრულე, ახლა მთლიანად თეატრზე ვარ გადართული. რომ ვთქვა, სატელევიზიო პროექტებიდან ბევრი შემოთავაზება მაქვს-მეთქი, ასეც არ არის. სულ ერთ პროექტზე ხომ ვერ იმუშავებ, რაღაც იწყება და მთავრდება, ეს ნორმალურია.
- თქვენი პროფესიის მიმართ ინტერესი როგორ გაგიჩნდათ?
- მე-9 კლასიდან გამოვედი სკოლიდან და ტელეკოლეჯში ჩავაბარე. დიდი კონკურსი იყო. ჩემი პირველადი პროფესია ტელერეჟისორის ასისტენტი, ტელერეჟისურაა. შემდეგ გადავწყვიტე, სამსახიობოზე ჩამებარებინა, იმ დროს ტელევიზიაც და თეატრიც ერთ სიმაღლეზე იდგა. მერე ისე მოხდა, რომ ჩემს პროფესიას გარკვეული პერიოდი მოწყვეტილი ვიყავი, ტელევიზიაში დილის პროგრამის მემონტაჟედ ვმუშაობდი.
- თეატრის სცენაზე როგორ აღმოჩნდით?
- მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც ჩემმა პედაგოგმა დავით კობახიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაუწყებლო თეატრი (კობა ნარჩემაშვილის მინისტრობის პერიოდი იყო) აღადგინა. ეს თეატრი "არტ ჰოლში" ფუნქციონირებდა და პირველი შეხება თეატრთან სწორედ მაშინ მქონდა. როგორც კი სამსახიობო დავასრულე, ვაკის თეატრალურ სარდაფში ლევან წულაძემ და ოთარ ეგაძემ რამდენიმე ადამიანი აგვიყვანეს. ეს იყო პირველი მოქმედი თეატრი, სადაც მიმიღეს. დღემდე ვთვლი, რომ ეს თეატრი სახლივით გახლდათ. 3 წლის შემდეგ, ფინანსური დაულაგებლობის გამო, თეატრიდან წამოსვლა და ბევრ ადგილზე მუშაობამ მომიწია, ვიყავი რადიოში, ტელევიზიაში, ერთი პერიოდი ბარშიც ვმუშაობდი.
- ვაკის თეატრალურ სარდაფში მისვლის შემდეგ ბევრი წელი გავიდა, დიდი გამოცდილებაც დაგიგროვდათ. ამ გადასახედიდან რა შეგიძლიათ თქვათ, თქვენი პროფესიის მთავარი ხიბლი რა არის?
- დღეს ჩემი შვილები უკვე დიდები არიან, ზოგიერთი მეკითხება ხოლმე, შვილები შენს პროფესიას ხომ არ ირჩევენო? პროფესია ადამიანის ინდივიდუალური არჩევანია. ის უნდა აკეთო, რაც გულით გინდა და სიამოვნებას განიჭებს. ჩემს პროფესიაზე ვინც უნდა მკითხოს, ყველასთვის ერთი პასუხი მაქვს: ამ პროფესიით ფინანსური მდგომარეობა ვერ გექნება ისეთი, როგორც გინდა იცხოვრო. მსახიობი სცენაზე რომ გადიხარ, სხვის ტექსტს ლაპარაკობ, ტანსაცმელი შენი არ გაცვია, მოძრაობ სხვისი დადგმულით, თამაშობ საერთოდ სხვა ადამიანს, ფული არასდროს გაქვს და წარმოიდგინე, შენი პროფესია რამდენად უნდა გიყვარდეს, რომ ამ ყველაფერზე წამსვლელი იყო. მე ძალიან მიყვარს. 42 წლის ვარ და თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ღამის 4 საათამდე მუშაობა შემიძლია, ოღონდ ბევრ რეჟისორთან მქონდეს ურთიერთობა, ბევრი რამ ვსინჯო, ბევრი რამ ვაკეთო. თეატრის სიყვარული უანგაროა. ტელევიზიასთან ცოტათი სხვა დამოკიდებულება მაქვს, ამ შემთხვევაში მაინც ჰონორარს ვაქცევ ყურადღებას. თეატრში რომ მიდიხარ სათამაშოდ, თავიდანვე ცხადია, იმდენს ვერაფერს მიიღებ, რომ თვიდან თვემდე იცხოვრო, მაგრამ მაინც მზად ხარ, დილის 9 საათზე მიხვიდე და გამთენიისას წამოხვიდე - ასე ხდება, როცა შენი პროფესია გიყვარს. იმისთვის თუ გინდა თეატრში ყოფნა, რომ ქუჩაში გავლისას ვიღაცამ თქვას, ეს ის არ არის, ამ სპექტაკლში რომ თამაშობსო? - ასეთი დამოკიდებულება საქმისადმი არასდროს მქონია.
- როლი, რომელმაც შეგცვალათ, სხვაგვარად დაგაფიქრათ, თქვენი ტრანსფორმაცია მოახდინა, რომელია?
- ახმეტელის თეატრში კოკო როინიშვილმა დადგა სპექტაკლი "პროვინციული ანეკდოტები", იმდროინდელ ასაკთან შედარებით, ძალიან შეუსაბამო როლი მომცა, ასაკოვანი კაცი უნდა მეთამაშა. რატომღაც რეჟისორები სულ ერთ ჟანრში გხედავენ, სულ ფიქრობენ, რომ ესაა შენი მიმართულება, ამ დროს შეიძლება ძალიან კარგი იყო დრამაში, ტრაგედიაში... რისკზე რატომღაც არავინ მიდის, ეს ფუფუნება ჩვენ ძალიან გვაკლია. მე და კოკომ ამ სპექტაკლზე ლაპარაკი რომ დავიწყეთ, ვუთხარი, - ჩემი სურვილია, სცენაზე რომ დამინახავენ, არ თქვან, - ეს ხომ ის არის, ვინც ტელევიზიიდან გვახსოვსო. შუაღამემდე ვისხედით, ვმსჯელობდით, რა და როგორ გაგვეკეთებინა. ვიზუალური მხარე შედარებით მარტივი მოსაგვარებელი იყო, მაშინ ცოტათი გრძელ თმას ვატარებდი და შეღებვა პრობლემა არ გახლდათ. ჩემი ერთი მეგობარი ახმეტელის თეატრთან ცხოვრობს, კბილის ტექნიკია, სამსახურის შემდეგ ღამე მოდიოდა თეატრში, სპეციალურად ამ როლისთვის პროთეზი დავამზადებინეთ, მეჩხერი დიდი კბილებით, რომელსაც ჩემსავე კბილებზე მამაგრებდა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ კბილების ნაწილი დამიზიანა, მაგრამ ღირდა. იმ პროთეზმა, რა თქმა უნდა, ხმა და მეტყველებაც შემიცვალა. სპექტაკლის შემდეგ ბანკეტზე რომ შევიკრიბეთ, ერთმანეთს წარმატებული გამოსვლა მივულოცეთ, ბანკეტს (ბუნებრივია, სპექტაკლსაც) გია როინიშვილი ესწრებოდა. მან მკითხა, შენ სპექტაკლში იყავიო? რომ გაიგო, მოხუცი კაცის როლს ვთამაშობდი, გაოცებული დარჩა. თქვა, ერთი გაფიქრება კი გავიფიქრე, რაღაცით მიგამსგავსე, მაგრამ წარმოუდგენელი გარდასახვა იყოო. იმ დღეს შინ ძალიან კმაყოფილი და გახარებული წამოვედი. ახლა, როცა რაღაც როლს მაძლევენ, ის მოხუცი კაცის როლი მახსენდება, რომელსაც თავად "პირველი გამარჯვება" დავარქვი და სულ ვცდილობ, ჩემი დანახვისას მაყურებლის ფიქრი ტელევიზიისკენ არ წავიდეს; ის როლი იქ, იმ კონკრეტულ თავგადასავალში მინდა დავტოვო.
- როლზე უარი მიუღებლობის გამო თუ გითქვამთ?
- ბევრი როლია, რომელზეც უარი მითქვამს. როცა მიწვეული მსახიობის სტატუსით ვარ, არ ვკითხულობ ჰონორარს, პირველ რიგში ვინტერესდები, რა მასალაა. პიესა წაკითხული თუ არ მაქვს, ვთხოვ გადმომიგზავნონ და მერე თავად მივხვდები, "ჩემი" როლი არის თუ არა. მე რომ ვინმემ პრინცის როლზე დამამტკიცოს, შეიძლება გული გამიჩერდეს. მაგალითად, შექსპირის ან შილერის პიესებში საკუთარ თავს ვერ ვხედავ, განა იმიტომ, რომ არ მომწონს, უბრალოდ ჩემს თავს ვერ ვხედავ.
- მე უფრო მორალური წინააღმდეგობით გამოწვეული მიუღებლობა ვიგულისხმე.
- პერსონაჟი ჩემგან რაც უფრო განსხვავებულია, მეტად საინტერესოა. ვაკის სარდაფში ნინო ბურდულთან ერთად ვმუშაობდი სპექტაკლზე, რომელშიც ჩემგან სრულიად განსხვავებულ ადამიანს ვთამაშობდი. ის იყო პროფესიონალი მექანიკოსი, ბილწი სიტყვებით მოლაპარაკე, არაკაცთმოყვარე, არავის რომ არ უყვარს, თავის თავშია ჩაკეტილი... ეს პროექტი პირადი პრობლემების გამო, ბოლომდე ვერ მივიყვანე. ძირითადად ვცდილობ, პოლიტიკურ თემებს ავერიდო, რადგან ეს არაა ჩემი საქმე. აქედან გამომდინარე, რამე სარჩული თუ ამოვიკითხე ან მივხვდი, რომ რეჟისორი ცდილობს პოლიტიკურ თემებს "გაეხახუნოს", იქ ჩემი ადგილი არ არის.
- დღეს არაერთი თეატრის სცენიდან ისმის პოლიტიკური მოწოდებები, ამაზე რა აზრის ხართ?
- არ მომწონს. მნიშვნელობა არ აქვს, ვემხრობი თუ არა იმ მოწოდებას, ზოგადად ფორმა არ მომწონს. სცენა სცენაა, სადაც სპექტაკლები უნდა იმართებოდეს და არა ლოზუნგები, მოწოდებები გაისმოდეს. ჩემთვის ეს იმ პარტიულ შეკრებებს ემსგავსება, სუფრაზე წითელ ბარხატს რომ გადააფენდნენ, გრაფინით წყალს დადგამდნენ და ქვეყნის ავბედითობაზე ბჭობდნენ.
ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი იყო ჩართული ამ "პროექტში" (მე პროექტს ვეძახი). ღმერთმა გაუმარჯოს, ამას ვინც გულით აკეთებს, მაგრამ მსახიობებს თუ რამე პროტესტი აქვთ, გამოხატვის საშუალება სხვა პიედესტალი უნდა იყოს და არა სცენა. სცენას სხვა დატვირთვა აქვს, სცენა კულტურის ამბავია და შენ თუ გინდა კულტურის სახელით სხვაგან გამოდი, სულაც ქუჩაში დადექი ან შენი აივნიდან გადმოდექი და ისე თქვი სათქმელი. თეატრი სხვა სამყაროა; თეატრს და პოლიტიკას არ სჭირდება გაიგივება და ჯაჭვის გადაბმა; თეატრი არ არის პოლიტიკური რგოლი, თუმცა რაღაც გავლენა შეიძლება იქონიოს. ჩემთვის სასურველია თეატრი დამოუკიდებელ, ჯადოსნურ სამყაროდ დარჩეს.
- თქვენ დაასახელეთ დრამატურგები, რომელთა პიესებშიც საკუთარ თავს ვერ ხედავთ. საოცნებო როლი რომელია?
- სერვანტესზე ვგიჟდები, ყოველთვის დონ-კიხოტი იყო საოცნებო როლი, თან ვიცოდი, ჩემი აღნაგობის გამო ვერ ვითამაშებდი. მსოფლიოს მასშტაბით, მთელ ლიტერატურულ სამყაროში ყველაზე ძლიერი პერსონაჟია... გული მწყდება, რომ რეჟისორები დღეს ქართულ დრამატურგიას ნაკლებად ეხებიან.
- ოდესმე რეჟისურაში ბედის მოსინჯვა არ გიფიქრიათ?
- ერთხელ მქონდა შემთხვევა, თურქეთში იმართებოდა ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში საბავშვო სპექტაკლი დავდგი. სპექტაკლი გავიდა ფესტივალზე და პრიზიც აიღო. პროფესიულ სცენაზე რეჟისორობას მირჩევნია, ჩემი საქმე ვაკეთო, ვიდრე სხვის პროფესიაში შევიჭრა. თუმცა არ ვიცი, რა მოხდება მომავალში. ეს ძალიან ამბიციური ნაბიჯი იქნება, ჯერ არ ვრისკავ.
- საპრემიერო ჩვენებების შემდეგ, ვინ არის ის ადამიანი, ვისი აზრიც, შეფასებაც ყველაზე მეტად გაინტერესებთ?
- სპექტაკლის დასრულების შემდეგ ტაშის ცერემონია ხომ რამდენიმე წუთი გრძელდება: 2 წუთი, 5 წუთი... არ მიყვარს მსახიობები მაყურებელს რომ ასწრებენ გასვლას, ყოველთვის ცოტათი გვიან გავდივარ. მერე ცოტა ხანი ჩაცმული უნდა ვიჯდე, გონზე მოვიდე. სპექტაკლის შემდეგ გარეთ რომ გახვალ, იქ მაყურებელი თუ გელოდება იმისთვის, რომ ორი ჯადოსნური სიტყვა გითხრას, "მადლობა, ვისიამოვნე", ეს ჩემთვის ყველა ჯილდოზე აღმატებულია, ამას სახალხო არტისტის წოდებაც ვერასდროს შეედრება.
- სცენიდან გასული რომ განმარტოვდებით, რა ხდება მსახიობის გონებაში იმ რამდენიმე წუთში, რა ფიქრები ტრიალებს?
- მთელი სპექტაკლის სკანირება ხდება, სად როგორ ითამაშე, სად რა დააკელი, სად გამოგივიდა კარგად... ვაკეში სპექტაკლს რომ ვთამაშობ, ნაძალადევამდე ფეხით მივდივარ ხოლმე. ამ დროს საკუთარ თავთან ცოტა ხნით მარტო დარჩენა მნიშვნელოვანია. ვიღაც მსახიობი კლუბში მიდის, ვიღაც სახლში, მე სპექტაკლის შემდეგ 1-2 კილომეტრი ფეხით უნდა გავიარო, შეიძლება შუაღამისას სადღაც პარკშიც ჩამოვჯდე და ავიღო ენერგია, რომელიც გავუშვი.
- საინტერესოა, სპექტაკლამდე რა რიტუალი, ჩვევა გაქვთ?
- აუცილებლად მშიერი უნდა ვიყო, დანაყრებულზე ვერ ვითამაშებ. ჩემთვის ფეხით სიარული სპექტაკლამდეც მნიშვნელოვანია. ეს საკუთარ თავთან მარტო დარჩენის ერთ-ერთი საშუალებაა, განწყობას მიქმნის, თეატრში ენერგიულად მივდივარ. სპექტაკლამდე მოდუნებული ყოფნა, წამოწოლა არ შემიძლია.
- აუცილებლად მინდა გკითხოთ სერიალზე "შუა ქალაქში", "ვახომ" რა როლი ითამაშა თქვენს ცხოვრებაში?
- ტელევიზიაში გამოჩენა მსახიობისთვის დიდი რეკლამაა, მაგრამ ამავე დროს ერთგვარი იარლიყის მიმკრობიც. კახასგან ვახო ისე განსხვავდებოდა, როგორც ცა და დედამიწა. ერთხელ კომედიაში რომ გნახავენ, მერე ყველა გიყურებს ერთი ჟანრის მსახიობად, ეს ძალიან ცუდია. ტელესივრცეში სხვა სახით რომ წარვმდგარიყავი, ამის საშუალება ჯერ არ მომცემია.
- დღეს რა ხდება თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში?
- ახლა გიორგი რატიანის სახელობის სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში "თეთრი ტალღა" ვთამაშობ. იქ ძალიან კარგი გარემოა, უმრავლესობა ერთი თაობის მსახიობები ვართ. ის ინტრიგები, ჩახლართვები, ფეხის დადებები, რაც დიდი თეატრებისთვის არის დამახასიათებელი, ამ თეატრში არ არის. აქ ყველა მეგობრები ვართ და ერთმანეთთან თავს კომფორტულად ვგრძნობთ. პერიოდულად მიწვეული მსახიობის სტატუსით სხვადასხვა თეატრთანაც ვთანამშრომლობ.
- მადლობა ინტერვიუსთვის, ბევრ წარმატებას გისურვებთ!
- დიდი მადლობა თქვენ!
თამუნა კვინიკაძე