"ყველაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ"... - გზაპრესი

"ყველაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ"...

მისი პიროვნების მიმართ საზოგადოების ინტერესი პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულმა სკანდალმა კიდევ უფრო გააღვივა... ამჟამად, ნიკოლოზი რეალითი შოუს ბოლო, შემაჯამებელ სეზონში, რომელიც "პრაიმ ჰაუსის" სხვადასხვა სეზონის გამორჩეული მონაწილეებითაა დაკომპლექტებული, მეუღლესთან - სალომე უშხვანთან ერთად მონაწილეობს. გასულ კვირას წყვილი აუტსაიდერების სკამზე იჯდა. მართალია, ხმების რაოდენობით ლიდერები ვერ გახდნენ, თუმცა პროექტის გადაწყვეტილებით, ნიკოლოზი და სალომე შოუში დარჩნენ...

გთავაზობთ ნიკოსთან ბლიც-ინტერვიუს, რომელიც ჯერ კიდევ პროექტში მის შესვლამდე ჩავწერეთ:

- ნიკო, პოპულარობის განცდა პირველად როდის დაგეუფლა?

- უბრალოდ, ძალიან დიდი სიყვარული ვიგრძენი. თუკი ეს პოპულარობაა, ალბათ, მაშინ მოხდა, როცა "პრაიმ ჰაუსში" შესვლიდან 1 კვირაში, გარეთ პირველად გამოვედი.

- როდესაც ადამიანს პირადად ხვდები, მისი გარეგნობის რა დეტალი იქცევს შენს ყურადღებას?

- თვალები. თვალები ვერასოდეს იტყუებიან - ასე მაქვს დაფიქსირებული.

- როგორ ფიქრობ, შენ შესახებ ხალხს როგორი წარმოდგენა აქვს და რეალურად როგორი ხარ?

- საერთოდ, ადამიანების დიდი რაოდენობა საკუთარი ცხოვრებით არ ცხოვრობს, სამწუხაროდ. სხვისი ცხოვრების გარჩევაში დროს კარგავენ. საკუთარ თავს უფრო მეტი დრო რომ დაუთმონ, ნამდვილად არ ექნებათ იმის განწყობა და დრო, რომ ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენონ, თან მაშინ, როცა ადამიანს არ იცნობენ. ვფიქრობ, ერთმანეთს რაც მეტ სიყვარულს გავუზიარებთ და გვერდით დავუდგებით, უფრო წარმატებულები და საკუთარი თავის წინაშე "სუფთები" ვიქნებით. უამრავი "მინუსი" მაქვს, "პლუსებთან" ერთად. უშეცდომო ადამიანი არ არსებობს და ყველა აბსოლუტურად თავისუფალია. შეიძლება, შეცდომებს ვუშვებდე, ადამიანებს გულს ვტკენდე, მაგრამ ყოველთვის განვიცდი, რომ გულს ვტკენ და ვცდილობ, პირიქით - კარგად მოვექცე და დავანახვო, მის მიმართ ჩემი დამოკიდებულება როგორი გულთბილია. ჩემს "მინუსად" მიმაჩნია, რომ ხანდახან ძალიან ბევრი რამის მიმართ უყურადღებო ვარ. დეპრესიული ეპიზოდები მაქვს ხოლმე. უბრალოდ, ამას არ გამოვხატავ, რაც შეიძლება, "პლუსიც" იყოს და "მინუსიც".

- ამჟამად შენი მთავარი გულშემატკივარი ვინ არის?

- სალომე. შეიძლება რაღაც საკითხში მოვდუნდე, გული ამიცრუვდეს. სალომე აბსოლუტურად ყველაფერში მხარში მიდგას. სულ მეუბნება, რომ პირიქით, ახლა უნდა "მიაწვე", ახლა უნდა გააკეთოო. საერთოდ, ძალიან მეხმარება, რომ არ "ჩამეძინოს", რა...

- ყველაზე დიდი იმედგაცრუება...

- დედაჩემის გარდაცვალება, რადგან საერთოდ არ ველოდი, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა. მეგონა, დედაჩემი უკვდავი იყო...

- შენი ხასიათის რომელი თვისება გეამაყება?

- ალბათ ის, რომ ადამიანში ადამიანობა, მეგობრობა და ურთიერთობა ძალიან მიყვარს.

- მეგობარი დაგიკარგავს?

- მხოლოდ იმის გამო დამიკარგავს, რომ გარდაცვლილა...

- როგორ ფიქრობ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლია?

- ამაზე საუბარი ძალიან რთულია, რადგან საერთოდ, სამყარო ვრცელი თემაა. ამიტომ ვფიქრობ, ჯერჯერობით, ზედმეტად პატარა ვარ იმისთვის, რომ რაიმე სარგებელი მოვუტანო. მეტი მოთმინება და ერთმანეთის სიყვარული - ეს შემიძლია.

- 1 კვირის განმავლობაში, მხოლოდ ერთი კერძის ჭამის უფლება რომ გქონდეს, რომელ კერძს აირჩევდი?

- ყოველდღე ელარჯს შევჭამდი.

- თავადაც ხომ არ ამზადებ?

- საერთოდ, კულინარიაში მთლად "კოჭლი" არ ვარ - რაღაცების მომზადება შემიძლია.

- სალომეს მიერ მომზადებული კერძებიდან განსაკუთრებულად რომელი გიყვარს?

- ოსტრი, ასევე - ფელამუში.

- შენთვის კომფორტის ზონა რა არის?

- თავისთავად, მეგობრების გარემოცვაში ყოფნა. ასევე, როცა სახლში ვისვენებ და "ფლეისთეიშენს" ვთამაშობ. გვერდით აუცილებლად ფინჯანი ჩაი უნდა მედგას.

- ახლობლები მოფერებით რა მეტსახელით მოგმართავენ?

- საერთოდ, თითქმის ყველა "ქართველს" მეძახის. ისე, "ულტრასას" მეძახიან, რადგან მთელი ბავშვობა ფეხბურთზე დავდიოდი და პრაქტიკულად, "დინამო თბილისის" თამაშებს არ ვაცდენდი.

- ოქროს თევზის ამბავი რეალური რომ იყოს, რომელი 3 სურვილის ახდენას სთხოვდი?

- აუცილებლად ვთხოვდი, რომ ჩემი ცხოვრება თავიდან გამევლო, რადგან ოჯახის წევრები მენატრება: დედა, მამა, ბებია, ბაბუა... ჩემს ბავშვობას თავიდან ბოლომდე გავივლიდი, რადგან ძალიან თბილი ოჯახი მყავდა, სახლში სრული ჰარმონია მქონდა. ჩემს ოჯახში ჩხუბი არასოდეს ყოფილა და ჩემთვის ყველაზე მთავარი ეს იყო... ასევე მინდა ყველა ადამიანი და ცხოველი იკურნებოდეს, ყველაფრის წამალი არსებობდეს; საქართველო გამთლიანებული იყოს და ყველა ქართველი - ბედნიერი.

- მოვლენა, რომელმაც შენი ცხოვრების კალაპოტი რადიკალურად შეცვალა...

- ჩემი შვილის გადარჩენა. ჩემი ვაჟი ავტოავარიაში მოხვდა. დაახლოებით 40 დღის განმავლობაში უმძიმეს კომაში იყო, უამრავი მოტეხილობა ჰქონდა. პრაქტიკულად, სუნთქვის აპარატიდან მართვევინებდნენ... სამკურნალოდ არც ერთი ქვეყანა არ იღებდა. ბავშვი ისე ცუდად იყო, რომ მისთვის ფრენაც კი შეუძლებელი გახლდათ... უახლოესმა ძმაკაცმა - პაატა იაშაღაშვილმა მითხრა, - მამა გაბრიელის საფლავზე უნდა წავიდეთო... წავედით. არ ვიცი, იქ რა და რამდენ ხანს ვისაუბრე. ცხოვრებაში ასე არაფერი მითხოვია... მამა გაბრიელს საფლავს ბევრი ვესაუბრე... როდესაც ეკლესიიდან გამოვედი, 10 წუთი იყო გასული, ექიმმა დამირეკა, - სად ხარ? დროზე მოდი, შენი შვილი კომიდან გამოვიდაო!.. ამის საფუძველზე, ჩემი ცხოვრების სტილი და ჩემი ხასიათიც კი შეიცვალა, შეხედულებებზე ხომ საერთოდ, საუბარიც აღარ მინდა...

- მანამდე როგორი იყავი?

- ალბათ, ბევრად გულცივი. ცოტათი სხვანაირი შეხედულებები მქონდა, მაგალითად, ცოტათი რასისტული დამოკიდებულებები... ქართველები, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ძალიან მიყვარდა, მაგრამ ცოტა არ იყოს, ნაციონალისტური შეხედულებები მქონდა. ამას არ ვმალავ და ძალიან მიხარია, რომ დღეს ყველაფერი სხვაგვარად არის და სხვა შეხედულებები მაქვს...

- რამეს თუ ნანობ?

- კი, ვნანობ: ადამიანებს გულს არ ვატკენდი ისე, როგორც ვატკინე. უბრალოდ, ვეცდებოდი, სხვანაირად მემოქმედა, რომ გული არ სტკენოდათ.

- შენი მოტივატორი რა არის?

- ჩემი ოჯახი: შვილები და სალომე. მე და ჩემს მეუღლეს საერთო შვილი არ გვყავს, მაგრამ სალომეს შვილებს უმაგრესი მამა ჰყავთ. არასოდეს ვიტყვი, რომ მათი მამა ვარ, მაგრამ მათი აღმზრდელი და გამზრდელი გახლავართ. ჩემთვის მოტივაცია ისინი არიან.

img-3161-copy-1714985384.jpg

- ერთ-ერთ გადაცემაში თითქოს თქვით, რომ თუკი რეალითი შოუში ბინას მოიგებდით, საერთო შვილსაც გააჩენდით... პროექტში მონაწილეობა მართლა ამ მიზნით გადაწყვიტეთ?

- 3 შვილი გვყავს, ქირით ვცხოვრობთ... კი, დალხენილი ცხოვრება ყველას არ აქვს, მაგრამ ჩვენ ბინა "ისედაც" გვინდა და "ასედაც". ქირით ცხოვრება რთულია. აქ საერთო შვილის გაჩენა არაფერ შუაშია. ქირით მარტო რომ ცხოვრობდე ადამიანი, ეგეც რთულია, ჩვენ კი 3 ბავშვი გვყავს. რა თქმა უნდა, ბინის მოგება გვინდა - მიზანი ეს არის, მაგრამ ამ შოუს კიდევ თავისი "პლუსები" და "მინუსები" აქვს. მთავარია, როგორ გამოიყენებ.

- შემაჯამებელი სეზონის დაწყებამდე განაცხადეთ, რომ პროექტში მონაწილეობას არ მიიღებდით, შემდეგ კი თქვენი გადაწყვეტილების შეცვლას ხალხის ნაწილისგან აგრესიული განწყობა მოჰყვა. ეს არ გაშფოთებთ?

- არა, რადგან ჩვენ ადამიანები ვართ. ყველა თავისუფალია. ვერავინ მეტყვის, რომ ვინმეს რამეზე აზრი არ შესცვლია. შემოთავაზებას გააჩნია... თავისთავად, ყველაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან კარგი შემოთავაზება მივიღეთ. ამიტომ პროექტში ჩვენი შესვლა აუცილებელი იყო... პლუს, კარგდ მოგეხსენებათ, რომ ტელევიზიისთვის ჯარიმა - 20 ათასი ლარი მქონდა გადასახდელი, რადგან მესამე სეზონი საკუთარი ნებით დავტოვე. მოკლედ, 20.000-ლარიან ჯარიმასაც მიუქმებენ და ტელევიზიასთან არანაირი სამართლებრივი დავა აღარ მექნება.

- თქვენი წყვილის, როგორც ერთი მონაწილის თამაში როგორ გესახებათ?

- რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრები გვექნება - ეს ნორმალურია, ადამიანები ვართ და ყოველთვის ერთ აზრზე ვერ ვიქნებით, მაგრამ საერთო გადაწყვეტილებას ერთობლივად მივიღებთ...

ეთო ყორღანაშვილი