"მგონი, არც ისე უგონო მხარჯველად მივიჩნევი"
რომლებსაც, როგორც გვითხრა, დიდი სიამოვნებით, სიყვარულითა და მონდომებით უმკლავდება... რა არის საჭირო, რომ ჩვენი სურვილები წარმატების გზაზე დავაყენოთ, ამის შესახებ თაკო საკუთარი გამოცდილების საფუძველზე გვესაუბრა...
- სხვათა შორის, 12 წლის ვიყავი, როცა ცეკვიდან გასტროლზე პირველად წავედი. მაშინ ჰონორარი გადაგვიხადეს. პირველი, რაც გავაკეთე, ოჯახის წევრებს, საყვარელ ადამიანებს სამახსოვრო საჩუქრები ვუყიდე. ისეთი სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა და ისე მიხაროდა, რომ ჩემ მიერ გამომუშავებული თანხით საყვარელ ადამიანებს პატარ-პატარა სუვენირები ვუყიდე, რომ მაშინ მივხვდი, რა მნიშვნელოვანია, როცა შრომობ და რა სასიამოვნოა, როცა ეს შრომა გიფასდება... საბედნიეროდ, ასეთი გასტროლები ხშირად მქონდა. შესაბამისად, 12 წლიდან გავაცნობიერე: შრომა, შემოსავლის ქონა აუცილებელია, რომ სხვა ადამიანები გაახარო - ჩემთვის ფულს უფრო მეტად ეს დანიშნულება აქვს. ყოველთვის, როცა შესაძლებლობა მაქვს, ვცდილობ, გარშემო მყოფები რამით გავახარო.
- ქართულ ხალხურ ცეკვაზე დადიოდი?
- კი, 10 წელი. ბედნიერი წლები იყო... ის პერიოდი სასიამოვნოდ მახსენდება. ცეკვა განსაკუთრებულად მიყვარს. დღემდე, ჩემთვის ძლიერ ემოციას უკავშირდება: ნებისმიერ კონცერტზე მყოფს სულ მინდა, რომ მეც სცენაზე ავიდე და ვიცეკვო... ჩემს გულში სასწაული ხდება ხოლმე!..
- პროფესიული არჩევანი ცეკვას რატომ არ დაუკავშირე?
- ეს 2 პროფესია - მსახიობობა და მოცეკვავეობა ერთად წარმოუდგენელია, რადგან ორივეს ბევრი დრო და ენერგია სჭირდება. როცა სკოლას ვამთავრებდი, მსახიობობა გადავწყვიტე, რადგან ჯერ კიდევ ცეკვის დროს ვგრძნობდი, რომ მაყურებლებისგან მიღებული ემოცია მსიამოვნებდა. თავდაპირველად არჩევანის გაკეთება გამიჭირდა, მაგრამ ისე ძლიერ მსურდა, მსახიობი გავმხდარიყავი, რომ ბოლოს ეს პროფესია ავირჩიე. თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ თეატრში შესაძლებლობა მექნებოდა, სხვადასხვა სპექტაკლში ცეკვის მცირე დეტალები მაინც შემესრულებინა. დღეს ნამდვილად ასეა: თითქმის ყველა სპექტაკლში არის მონაკვეთი, სადაც ცეკვა მიწევს.
- პროფესიის არჩევისას თუ გაითვალისწინე, შენი საქმიანობა რამდენად შემოსავლიანი იქნებოდა?
- რა თქმა უნდა, არა, ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია.
- მოგვიანებით, როცა ფინანსური საჭიროება დადგა დღის წესრიგში, პროფესიული არჩევანი ხომ არ გინანია?
- არა, არასოდეს. უბრალოდ, ვარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია მხოლოდ ერთი პროფესიით არ იყოს დაკავებული. თუკი ადამიანს შესაძლებლობა გაქვს, სხვა მიმართულებით განვითარდე, რაღაც ახალი სცადო, საკუთარ თავს ამის საშუალება უნდა მისცე. საბედნიეროდ, ცხოვრებაში ბევრი გამოწვევა მქონდა. ვცდილობ, საკუთარი ძალები ყველა სფეროში მოვსინჯო. შესაბამისად, ეს ფინანსურ მდგომარეობაზეც აისახება. ყოველთვის ვამბობ: მთავარია მონდომება, სურვილი, მიზნის დასახვა და სიმშვიდე. თუკი ეს გაქვს, აუცილებლად ყველაფერი დალაგდება. ხანდახან მიკვირს, დღის განმავლობაში ადამიანმა რამდენი რამე შეიძლება მოასწროს, მაგრამ მთავარი მაინც მონდომებაა, რომელიც ყველაფერთან გამკლავების ძალას გაძლევს. ამასთანავე, ფსიქოლოგიურად მედგრად უნდა იდგე, რადგან ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც მიზნად დაისახავ. რა თქმა უნდა, ბევრი გულისტკენაცაა. აღმართზე ასვლა რთულია, თუმცა ყველანაირად უნდა ეცადო, იმედები არ გაგიცრუვდეს და ფარ-ხმალი არ დაყარო, პირიქით - ეს მოტივაცია უნდა იყოს, რომ უკეთესი გახდე, საკუთარ თავზე ბევრი იმუშაო... ასეთი დამოკიდებულება მაქვს. მგონია, ადამიანებს სწორი მიდგომები გვეხმარება...
- დღესდღეობით რამდენ საქმეს ხარ შეჭიდებული?
- 3 საქმეს ვუმკლავდები, დიდი სიყვარულით, სიამოვნებით და მონდომებით: 2 თეატრში (მოზარდ მაყურებელთა და მოძრაობის) ვმუშაობ. მაქვს ტანსაცმლის ჩემი ბრენდი და ასევე, ჩემი შემოსავლის დამატებითი წყარო სხვადასხვა კომპანიისთვის სარეკლამო გადაღებებში მონაწილეობაა.
- როგორ გაგიჩნდა იდეა, რომ ტანსაცმლის ბრენდი შეგექმნა?
- საერთოდ, სამოსს იშვიათად ვყიდულობ. ჩემთვის განტვირთვის ყველაზე კარგი სივრცე ქსოვილების მაღაზიაა - უფერადეს და ულამაზეს ქსოვილებს რომ ვხედავ, ყოველთვის ვიცი, ამა თუ იმ ქსოვილისგან რას შევიკერავ. სამოსი პირველად რომ შევიკერე, 11-12 წლის ვიყავი. ეს პროცესი (მკერავთან მისვლა, სამოსის მოსინჯვა, მორგება...) ძალიან მომეწონა - საინტერესო იყო, რადგან მუშაობისას ბევრი დეტალის შეცვლა, დამატება შემიძლია... ეს საქმე ბავშვობიდან მხიბლავდა, მაგრამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩენიდან დღემდე, სამოსთან დაკავშირებით, ხალხი აქტიურად მწერს - დახმარებას მთხოვენ, თუ როგორი სამოსი ჩაიცვან ბანკეტზე, ქორწილში... რაკი ჩემი სამოსის მიმართ ინტერესს ბევრი გამოხატავდა, თავს უფლება მივეცი და მეგობართან ერთად ტანსაცმლის ბრენდი შევქმენი. ძალიან მიხარია, რომ რაღაცნაირად, ქალების გარდერობი "გავაფერადე"...
- ბიზნესის წამოწყებისას რა სირთულეებს წააწყდი?
- ვერ ვიტყვი, რომ რაიმე პრობლემა იყო, პირიქით - ამ ამბავს ყველა ისეთი ინტერესით და სიხარულით შეხვდა, რომ ჩემი სამოსი მაშინვე რამდენიმე მაღაზიაში მივიტანე, განვათავსე და ონლაინ გაყიდვაც დავიწყე. სამოსს დღემდე აქტიურად ითხოვენ. კოლექციას ყოველ სეზონზე ვაახლებ. ასევე, ერთხელ ჩვენების მოწყობაც შემომთავაზეს, რომელზეც 30 კოსტიუმი იქნებოდა წარმოდგენილი. მოკლედ, "სირთულეს" ნამდვილად ვერ დავარქმევ. უბრალოდ, დიდი პასუხისმგებლობაა. დიზაინერობა ჩემი პროფესია არაა - ეს საქმე ჩემი გატაცებაა. შესაბამისად, თავს უფლებას ვაძლევ, ის კოლექცია შევქმნა, რომელიც ჩემთვისაა მისაღები, თავად მომწონს... ერთხელ შემოთავაზების საფუძველზე ჩვენებაც მოვაწყვე. საკმაოდ კმაყოფილი იყვნენ მონაწილეებიც, მაყურებლებიც და მომხმარებლებიც. დიდი გამოცდილება და სიამოვნება მივიღე, თუმცა ამ მიმართულებით აქტიურობაზე არ ვფიქრობ.
- საინტერესოა, ჩვენებისთვის კოსტიუმების შესაბამის ფეხსაცმელებზე როგორ იზრუნე?
- სხვათა შორის, რადგან ჩვენება ზაფხულში, სანაპიროზე გაიმართა, ყველა მოდელი ფეხშიშველი იყო...
- თაკო, ფინანსური კრიზისი თუ შეგქმნია და როგორ გამკლავებიხარ?
- ყველას ცხოვრებაში არის ასეთი ეტაპები, მაგრამ ამ განწყობით ვხვდები: არა უშავს. დღეს არ არის, ხვალ იქნება. ხვალ თუ არა, ზეგ - აუცილებლად-მეთქი... ეს ბუნებრივია, ცხოვრებისეული გამოცდილებაა. იმისთვის ვცხოვრობთ, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. მთავარია, ჯანმრთელები ვიყოთ, დანარჩენი ყველაფრის მოგვარება შეიძლება.
- რამე განსხვავებული საქმე თუ შეგისრულებია, რის შესახებაც არ ვიცით?
- ტელეწამყვანი ვყოფილვარ, რაც ჩემი პროფესია არ არის, თუმცა ამის შესახებ იცით... "ივენთი" წამიყვანია. ერთხელ შემომთავაზეს, იმ ადგილის ინტერიერის დიზაინერი ვყოფილიყავი, სადაც ღონისძიებები უნდა გამართულიყო. ძალიან საინტერესო გამოცდილება მივიღე... როდესაც ადამიანს რაღაც სურვილები გაქვს, საკუთარი თავი ყველგან უნდა სცადო და მიხვდე, რა შეგიძლია, რას გაუმკლავდები... თუკი კონკრეტული შემოთავაზება მაინტერესებს, თავს უფლებას ვაძლევ, ვცადო... მაგალითად, ყველაფერს რეკლამას არ გავუკეთებ, ანუ რაც ჩემს ინტერესს არ შეესაბამება და არ მომწონს, იმ პროდუქციის სარეკლამო შემოთავაზებას არ დავთანხმდები.
- თავს გონიერ მხარჯველად მიიჩნევ?
- ვერ ვიტყოდი... ხომ არიან ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი გათვლილი აქვთ, არა? ასეთი არ ვარ. როცა შესაძლებლობა მაქვს, ყველას მინდა რაღაც ვუყიდო...
- ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით, შენი ყველაზე დიდი სისუსტე რა არის? რამ შეიძლება, იმპულსური გადაწყვეტილება მიგაღებინოს და დიდი თანხა გადაიხადო?
- არა, ასეც არ ვარ... უსაშველო თანხის გადახდა არც სამოსში მიყვარს - ჩემთვის მიუღებელია. შესაბამისად, ვერ ვიტყვი, რომ რაღაცაში დიდი თანხა დამიხარჯავს, თუმცა ჩემი სუსტი წერტილი აქსესუარებია: აქსესუარების მაღაზიაში არ უნდა შემიშვა, რადგან ყველაფერი მომწონს, მიყვარს... გასტროლზე ყოფნის დროსაც, ტანსაცმლის მაღაზიებში არ შევდივარ. მეგობრები აქსესუარების მაღაზიას თუ დაინახავენ, ყველა "თაკოს" გაიძახის - "შენი" მაღაზია ვიპოვეთო, თუმცა ძვირად ღირებულ აქსესუარებს არ ვყიდულობ. მირჩევნია ის ფული სხვა ადამიანებს გავუნაწილო, ვისაც ვიცი, რომ ნამდვილად სჭირდება... მგონი, არც ისე უგონო მხარჯველად მივიჩნევი.
- შენი სამოსის ბრენდისთვის მკერავი იოლად იპოვე, ვისთანაც თანამშრომლობ?
- 2 ადამიანთან ვთანამშრომლობ: ერთ მათგანთან პირველად რომ მივედი, 12 წლის ვიყავი, მეორესთან - ცოტა მერე... უსიტყვოდ იციან, რა მომეწონება და რა - არა. სულ მეუბნებიან, - ისეთი ადამიანი ხარ, რომელსაც "მშვიდი" სამოსის ტარება არ შეგიძლიაო. ჩემს სამოსს 5 მ ქსოვილი სჭირდება. ამდენი საქორწინო კაბების შეკერვისას არ სჭირდებათ ხოლმე. ბევრ დეტალს ვაკეთებ. სამოსს არც ეტყობა, რომ ამდენი ქსოვილია გამოყენებული (იცინის). ძალიან მიყვარს ეს პროცესი... ყველა ფერს და სამოსს განსაკუთრებულად ვუდგები. არის დღეები, როცა ახალი ტანსაცმელი უნდა მეცვას, ჩემი პატარ-პატარა ტრადიციები მაქვს.
- მაგალითად?..
- სპექტაკლის პრემიერის დღეს აუცილებლად ახალ სამოსში გამოწყობილი უნდა ვიყო, ბუნებრივია - დღესასწაულებზეც...
- ხშირად აღნიშნავენ, რომ საქართველოში ტანსაცმლის ბრენდებს "პლuს საიზ" მოდელები ნაკლებად შემოაქვთ. თავად თუ ზრუნავ დიდი ზომის ქალბატონების სამოსზე?
- ეს გათვლა ნამდვილად მაქვს, რადგან ფართო სამოსი თავად ძალიან მიყვარს. რეალურად, ჩემი მოსაცმელები, რასაც ვყიდით, ნებისმიერი ზომის და სტილის ქალბატონს შეუძლია მოირგოს, როგორც ჯინსის შარვალსა და მაისურზე, ასევე - გამოსასვლელ კაბაზე.
- დასაქმების ან საკუთარი საქმის წამოწყების მოსურნე ქალბატონებს რას ურჩევ?
- მთავარი ჩვენი სურვილები, მონდომება, შრომისმოყვარეობა და გაწონასწორებულობაა. უნარი უნდა გვქონდეს, რომ პროცესს მშვიდად გავყვეთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი სურვილი წარმატების გზაზე დავაყენოთ, თუნდაც - ნელი ნაბიჯებით. მგონი ყველა სფეროში ასეა...
ეთო ყორღანაშვილი