"ცეკვის სფეროში არის სტანდარტები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს"
მაგრამ ძალიან მიხარია, მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტი რომ ავირჩიე. ბავშვობაში ყოველთვის მომწონდა ტელევიზია და მინდოდა წამყვანი ვყოფილიყავი. ჩემი სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა, ცეკვას ეხება, მაგრამ ამასთან, მაგისტრატურასაც განვიხილავ პიარის განხრით..." - ამბობს სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის ულამაზესი მოცეკვავე ქეთი ხადური... მრავალი მიმართულებით ის უკვე წარმატებულია, მეტად გადატვირთული გრაფიკი აქვს, მაგრამ ვრცელ და გულახდილ ინტერვიუზე დავითანხმეთ...
- დავიბადე და გავიზარდე თბილისში... სკოლის პარალელურად ცეკვაზეც დავიწყე სიარული დაახლოებით 6 წლისამ და დღემდე ჩემთვის საყვარელი საქმიანობაა, რომელიც უკვე პროფესიად მექცა... ჩემს წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ოჯახს. ყოველთვის დიდ მოტივაციას მაძლევდნენ და მხარში მედგნენ როგორც ფინანსურად, ისე ფსიქოლოგიურად. სანამ სახიფათო იყო ჩემი მარტო სიარული, დედაჩემი მუდმივად დამყვებოდა რეპეტიციებზე, სიცივესა თუ სიცხეში. მამა და ჩემი უფროსი ძმაც ირგებდნენ მაყურებლის როლს და ხშირად ესწრებოდნენ ჩემს კონცერტს. თავდაპირველად მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, ანსამბლში "თამარიონი" დავიწყე ცეკვა, რომლის პედაგოგებიც თიკო კორძაია და ზვიად ჯინჭარაძე არიან. რა თქმა უნდა, 6-7 წლის ასაკში წარმოდგენაც არ მქონდა, რამდენად შემიყვარდებოდა ეს პროფესია და ვერც იმას ვიაზრებდი, სცენის მტვერით რამდენად "მოვიწამლებოდი", მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მივხვდი, ცეკვის გარეშე არსებობა არ შემეძლო.
გარკვეული პერიოდის შემდეგ ახალ "ოჯახში" გადავედი, სუხიშვილების აკადემიაში, სადაც ახალ და მეტად რთულ სისტემას სუხიშვილების სოლისტმა - ტატა გომელაურმა შემაჩვია. მასწავლა უზომოდ ბევრი რამ და თითოეულ ილეთს დეტალურად მისწორებდა. დღითი დღე ვხვდებოდი, რამხელა ადგილს იკავებდა ცეკვა ჩემს ცხოვრებაში და როგორი რელევანტური იყო ჩემთვის, როდესაც "სუხიშვილების" ახალი თაობის მოცეკვავე გავხდი. ნინო ნიკოლაიშვილმა როგორც საკუთარი შვილი, ისე მიმიღო, ამიტომ მის კრიტიკას, შენიშვნას თუ შექებას ისევე ვითვალისწინებ და გულთან მიმაქვს როგორც დედაჩემის ნებისმიერ ნათქვამს... ქალბატონი ნინო და ბატონი ილიკო სუხიშვილი ოჯახის წევრების მსგავსად გვაგრძნობინებენ თავს და დიდ საქმეებს აკეთებენ როგორც ჩვენთვის, ასევე ქვეყნისათვის.
- როგორ გახსენდებათ სცენაზე პირველი გასვლა?
- პირველი კონცერტის ემოციები ცოტა ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ვნერვიულობდი, განვიცდიდი და მეშინოდა ჩემი დებიუტით ვინმესთვის იმედები არ გამეცრუებინა. კონცერტის წინ დღესაც ძალიან ვღელავ და ვიაზრებ, თუ რამხელა პასუხისმგებლობა მაკისრია.
- პირველი საგასტროლო ტურნე სად გქონდათ?
- საქართველოს საზღვარი პირველად დავტოვე და თვე-ნახევრით აფრიკაში წავედი, 10 წელი სწორედ გასტროლზე შემისრულდა. ის შთაბეჭდილებები დღემდე მახსოვს, გაოგნებული დავრჩი, როცა ჩვენგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანები განსხვავებული ტრადიციებით აღმოვაჩინე. ოჯახი, ქვეყანა, სახლი, სამეგობრო იმდენად მენატრებოდა, უნებურად მეტირებოდა და ემოციების კონტროლი მიჭირდა. ქალაქიდან ქალაქში გადასვლა მღლიდა, მიჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება და სხვა სცენაზე ცეკვა. დღემდე მახსოვს აეროპორტში ქართული ენის გაგონებისას ჩემი ემოციები. ამ საგასტროლო ტურის შემდგომ ბევრ რამეს მივხვდი: გავაცნობიერე, როგორ სერიოზულად აღიქვამს ოჯახი ჩემს კარიერას; ასევე გავიაზრე, თუ როგორ ზრდის და აყალიბებს მოცეკვავეს საზღვარგარეთ სიარული და რამდენად საჭიროა კარიერული წინსვლისთვის.
- უკვე ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი. რომელი იყო თქვენთვის ყველაზე შთამბეჭდავი?
- კარგად დამამახსოვრდა აზერბაიჯანი, ჩვენი მეზობელი ქვეყანაა და მეგობარ ტერიტორიად აღვიქვამ. ასევე მიყვარს ევროპაც, მაგრამ ბაქოში, ჰეიდარ ალიევის სასახლეში ცეკვას ჩემთვის დიდი ხიბლი ჰქონდა. ჩვენ, მოცეკვავეებს უამრავი ცუდი და კარგი თავგადასავალი გვაქვს, როგორც სცენაზე, ასევე სცენის მიღმა, კულისებში. უამრავი სასაცილო თუ სატირალი ამბავი გადაგვხდენია, მაგრამ როგორც უნდა გვიჭირდეს ან გვილხინდეს, შედეგი ერთი უნდა იყოს! აუცილებელია პროფესიულად ჩავატაროთ კონცერტი, მაყურებელი კმაყოფილი და დადებითი ემოციებით დატვირთული დავტოვოთ. სცენაზე ბევრი ტრავმა მიმიღია, მაგრამ შესაძლებელია საქმის სიყვარულმა კოლოსალური ძალა და შესაძლებლობა მოგცეს, რომ გაწეული შრომა წყალში არ ჩაყარო, დაწყებული ბოლომდე მიიყვანო და კონცერტი წარმატებით დაასრულო.
რამდენიმე დღის წინ მომხდარ გაუთვალისწინებელ შემთხვევას გავიხსენებ: კონცერტამდე, გენერალურ რეპეტიციაზე, ფეხი ვიტკინე, მაგრამ გადავწყვიტე, ტკივილის მიუხედავად, მაინც მეცეკვა. ამიტომ თავი ვაიძულე, ჩემი საქმე პირნათლად შემესრულებინა, მეორე დღეს კი ტრავმატოლოგს ვეწვიე, რომელმაც ცოტა ხნით პაუზის აღება მირჩია, რადგან ნაღრძობი ფეხის დატვირთვა მომავალში კარიერულ წინსვლაში ხელს შემიშლის. ვინაიდან პატარაობიდან ვცეკვავ, ხშირად მქონია ტრავმა, ამიტომ საერთოდ აღარ ვღელავ და ვიაზრებ, რომ ნებისყოფა და შრომა გარანტია გამარჯვებისა.
- თანამედროვე ცეკვებში უფრო კარგად გრძნობთ თავს თუ კლასიკურში?
- კლასიკურ ცეკვებში თავს უფრო კარგად ვგრძნობ, ვიდრე თანამედროვეში, რადგან ცეკვის მიმართ სიყვარული სწორედ ტრადიციულმა ცეკვებმა გამიღვივა. ჩვენი ანსამბლის თანამედროვე ილეთებისა და პროგრამის შესრულებაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ამავდროულად მივიჩნევ, რომ სამყაროს განვითარების კვალდაკვალ ჩვენც უნდა ავუწყოთ დროს ფეხი, მაგრამ აუცილებელია არ დავივიწყოთ ისტორიული წარსული და ბოლომდე შევინარჩუნოთ არა მარტო ქვეყნის კულტურა, არამედ ავთენტური სახე.
- როგორც ვიცი, ჟურნალისტობაც გსურთ...
- ყოველთვის გაცნობიერებული მქონდა უმაღლესი განათლების მიღების საჭიროება, ამიტომ ჩემი ძვირფასი დრო არ დავკარგე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ჟურნალისტიკის განხრით. ჯერ მხოლოდ მეორე კურსზე ვარ.
- რისი თქმა შეგიძლიათ ნინო და ილიკო სუხიშვილებზე?
- ჩვენ, სუხიშვილები ერთიანი და დიდი ოჯახი ვართ, სადაც ყველა ერთმანეთზე ზრუნავს. რა თქმა უნდა, ანსამბლში არსებული ჰარმონია როგორც მოცეკვავეების, ისე ხელმძღვანელების დამსახურებაა... ნინო და ილიკო სუხიშვილები ოჯახის საქმიანობას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან, მთელ სულსა და გულს დებენ, რომ ხარისხი შენარჩუნდეს. ჩემი სუბიექტური აზრით, დიდმა ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა შექმნეს მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება, რომელსაც მოფრთხილება და ზრუნვა სჭირდება.
- სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი ქვეყნის სავიზიტო ბარათია...
- ჩვენი ანსამბლი ქართული კულტურის დიდი ნაწილია. ხშირად გვსტუმრობენ უცხოელები და სწორედ ჩვენი დამსახურებით იღებენ ინფორმაციას სხვადასხვა კუთხის ისტორიის, ცეკვის, ხელოვნების, ტრადიციული სამოსის შესახებ... დამეთანხმებით, სასიხარულოა, როდესაც გაქვს შესაძლებლობა, სხვა ეროვნების ხალხს სიამაყით აჩვენო შენი კულტურა და კარგად გააცნო ის. მაგალითად, როდესაც ანგელა მერკერი საქმიანი ვიზიტით ეწვია ჩვენს ქვეყანას, მისთვის მიძღვნილ საღამოზე გაიცნო კულტურის დიდი ნაწილი, სადაც მოისმინა ქართული სიმღერა და სიამოვნებით უყურა "სუხიშვილების" ტრადიციულ ცეკვებს.
- როგორია თქვენი თავის მოვლის რუტინა და რას ურჩევდით ქალბატონებს?
- ყველა ადამიანს დამახასიათებელი სილამაზე აქვს, რაც სხვებისგან გამოარჩევს. თუმცა, ცეკვის სფეროში არის სტანდარტები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს. ერთ-ერთია ფორმის შენარჩუნება და წონის კონტროლი, რადგან თითოეული კილოგრამი ეტყობა სცენას. ჩემს შემთხვევაში აღნიშნული კრიტერიუმების დაკმაყოფილება სირთულეს არ წამოადგენს, რადგან არ მაქვს ჭარბი წონისკენ მიდრეკილება. ამასთანავე, ყოველდღიური დატვირთვა, ვარჯიში და დიდი რაოდენობით ენერგიის ხარჯვა პროფესიონალი მოცეკვავისთვის სასურველ ფორმაში ყოფნის გარანტია. რაც შეეხება კვების რაციონს, თავს არ ვიზღუდავ და მივირთმევ იმას, რისი სურვილიც მაქვს, მაგრამ დოზირებულად. ზაფხულში, დასვენების პერიოდში ვცდილობ, ყოველდღე ვივარჯიშო და საღამოს კვებისგან თავი შევიკავო. გოგოებს ვეტყოდი, რომ წინაღობების მიუხედავად, არასდროს თქვან უარი საყვარელ საქმიანობაზე, შეიყვარონ საკუთარი თავი ისეთი, როგორებიც არიან.
- სოციალური ქსელში თქვენს ვიდეოებს განსაკუთრებით ბევრი მოწონება აქვს...
- ჩვენს ცხოვრებაში სოციალური ქსელები დიდ ადგილს იკავებს და მათი საშუალებით მარტივად შეგიძლია თავი გააცნო ადამიანებს. დიდი ხანი არ არის, რაც ჩემი პროფესიის გარშემო დავიწყე ფოტოებისა და ვიდეოების დადება, მაგრამ უკვე დიდი გამოხმაურება აქვს. როგორც ქართველ, ისე უცხოელ ხალხს მოსწონს ქართული კულტურის შესახებ ჩაწერილი ვიდეოები. ხშირი კონცერტების დახმარებით შემიძლია, ჩემს გვერდზე ბევრი კარგი და ახალი ვიდეო ავტვირთო.
- რამდენად იცნობთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს?
- ძალიან მეამაყება ქართველი რომ ვარ. მთა, ზღვა, კულტურა, ტრადიციები, საჭმელი, სასმელი - ეს ის პატარა ჩამონათვალია, რომლითაც თავის მოწონება შეგვიძლია... თითოეული კუთხე დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით და სილამაზით გამოირჩევა. მე, სამწუხაროდ, არ მაქვს სოფელი, მაგრამ ზაფხულში, დასვენებისას, თავისუფალი დროის გატარებას ყოველთვის ქალაქგარეთ, მეგობრებთან ერთად ვცდილობ. არ შემიძლია რომელიმე კონკრეტული კუთხის გამორჩევა, როგორც ზღვა, ისე მთა ძალიან მიყვარს.
ვინაიდან სოციუმის გარკვეული ნაწილი ცეკვის სფეროდან მიცნობს, აქვე დავამატებ, რომ "სუხიშვილების" კონცერტები ხშირად იმართება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანას ჰყავს ძალიან კარგი მაყურებელი! თითოეული ადამიანის თვალებში იკითხება ემოცია და სიამაყის განცდა. მოცეკვავეები ამ ყველაფერს კარგად ვხედავთ, ვხვდებით და მინდა ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ. გარდა იმისა, რომ ტაშის მიხედვით განისაზღვრება თქვენი კმაყოფილება, ასევე ფასდება ჩვენი შრომაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი ხალხისგან მუდმივად დაფასებულები ვართ. ამხელა თანადგომა ჩვენთვის მეტად სასიხარულო, ამაღელვებელი და საპასუხისმგებლოა.
მანანა გაბრიჭიძე