"ვიღაცებმა გადაწყვიტეს, ბავშვებს ამოეფარონ"
რომელშიც ჯგუფი მსმენელებს კონცერტზე იწვევდა განურჩევლად სქესისა, წონისა, ასაკისა, რელიგიისა და მით უმეტეს - პოლიტიკური შეხედულებისა, საზოგადოების ნაწილისგან აგრესია მოჰყვა. როგორც აღმოჩნდა, გარკვეულ ჯგუფებს სურდათ, "რეზო და ბავშვები" პარლამენტთან აქციას შეერთებოდა და უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონი გაეპროტესტებინა... ჩვენ ჯგუფის ხელმძღვანელს - რეზო ბლიაძეს დავუკავშირდით, რომელიც გულწრფელად გვესაუბრა...
- რეზო, როგორ ხართ?
- კარგად. მშვენიერი და ევროპული გეგმები გვაქვს: ქართველი ემიგრანტების თხოვნითა და მიწვევით, 19 მაისს ბარსელონაში კონცერტი დავგეგმეთ, რომელსაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ამისთვის ვემზადებით. მთავარი აქცენტი ქართულ სიმღერაზეა.
- ძალიან კარგი. აღდგომის დღესასწაულს სად შეხვდით?
- ბორჯომში. ჩემი წინაპრების საფლავები მოვილოცე და მალევე თბილისში დავბრუნდი. ვცდილობ, ჩვენი ტრადიციების მიმართ პატივისცემა გამოვხატო, როცა გამორჩეული რელიგიური დღესასწაულია და ეს დღე იმ ადამიანებთან ერთად გავატარო, ვისთანაც ის დრო მაკავშირებს, როცა ჩემს ცხოვრებაში გაცნობიერებულად "შემოვიდა" რელიგია, კულტურა, ტრადიცები... ეს ბავშვობაში მაბრუნებს... წითლად შეღებილი კვერცხებიც მაგრად მიყვარს, პასქაც... ბორჯომში, სააღდგომო სუფრაზე პასქა არის, თუმცა ნაზუქი - უეჭველად. ალბათ, ეს სათავეს ხაშურიდან იღებს (იცინის)...
- რეზო, ახლახან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო, საზოგადოების ნაწილისგან თქვენს მუსიკალურ ჯგუფზე ზეწოლამ ჯგუფის წევრებზე როგორი ზეგავლენა მოახდინა?
- ამ ამბავს საკმაოდ გაზრდილები შევხვდით. ჩვენზე ადეკვატური ზეგავლენა მოახდინა. გვაჩვენა, რომ გარშემო ყველაფერი არც ისე მშვენივრადაა, არც ისე ფერადია, როგორც გვეგონა. ეს წნეხი და ბულინგი საზოგადოების უმცირესობისგან მივიღეთ. თან, ზეწოლა იმ ადამიანებისგან მოდიოდა, ვისთვისაც ჩვენი მუსიკა მნიშვნელოვანი არასოდეს ყოფილა და შეიძლება, სამომავლოდ უფრო მნიშვნელოვანი იყოს, რადგან რეალურად, გაგვიცნეს. სინამდვილეში, მათ ჩვენი პოლიტიკური აზრი და შეხედულება აინტერესებდათ, მათი "პატრონებისგან" დაკვეთაც ასეთი იყო; ვიღაცებმა გადაწყვიტეს, ბავშვებს ამოეფარონ. ბავშვების უკან ამოფარებისთვის შეიძლებოდა, იდეალური საშუალება რეზო ყოფილიყო. ამიტომ ვფიქრობ, ჩემზე განსაკუთრებული წნეხი "წამოვიდა", რომ ეს პოზიცია დამეფიქსირებინა, თუმცა ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება უნდა მიმეღო: ჯერ ერთი, გარშემო შექმნილი ვითარებით მეხელმძღვანელა, მეორე - რაღაცები ცოტა გლობალურ და პრაგმატულ ჭრილშიც გადამეფასებინა და ასევე, ასეთ დროს მარტივად უნდა შეხედო იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც დგახარ და შესაბამისი დასკვნები გამოიტანო... მაგალითად, ადამიანი, ვინც ცოტა ხნის წინ, ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, რომელმაც ქვეყანაში გავრილოვი შემოუშვა, შემდეგ, 20 ივნისს დაგვარბია, მაკო გომურს თვალი გამოსთხარა, ახლა დგას და ამბობს, - არა რუსულ კანონსო... უცნაურია, როცა ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში რუსეთში დადიან, ფულს შოულობენ, დღეს "მოინანიეს" (თუმცა მათი მონანიება არავის გვინახავს), დგანან და იძახიან, - არა რუსულ კანონსო, მე "რუსეთუმეს" მიწოდებენ - ადამიანს, რომელიც რუსეთში არასოდეს ვყოფილვარ, რუსულად დამოუკიდებლად ლაპარაკსაც კი ვერ შევძლებ და მთელი ცხოვრება ქართულ საქმეს ვაკეთებ. ჩემს ჯგუფს "რეზო და ბავშვები" იმიტომ ჰქვია, რომ ადამიანებს ბავშვობიდანვე ვასწავლო ხალისი, მათ ცხოვრებაში პოზიტივი შევიტანო... ვარ "ჟირაფი ჟოზეს" სიმღერების ავტორი... ადამიანები, ვისაც რუსეთში ტურნეები აქვთ გამართული, ჩემი პოზიციის და იმის გამო, რომ აქციაზე არ დავდექი, "რუსეთუმეს" მიწოდებენ. ჩემში ეს იმხელა პროტესტს იწვევს, რომ პროტესტის პროტესტი მაქვს... "რეზო და ბავშვები" ნებისმიერი პოლიტიკოსის შვილისთვისაა: "გირჩის" წარმომადგენელთა შვილებსაც შეუძლიათ მოგვისმინონ, "ქართული ოცნებისაც", "ნაციონალური მოძრაობისაც" და ა.შ. "პოსტი" დავწერე, სადაც "ხაზგასმით" აღვნიშნე, რომ "რეზო და ბავშვების" კონცერტზე მოსვლას არავის ვუკრძლავდი, მსმენელებს არანაირი ნიშნით არ ვყოფდი - ყველა ადამიანს ვეპატიჟებოდი. ამის გამო რისხვა მივიღე, თან - "დაორგანიზებული", ზუსტად იმ ჯგუფების მიერ, ვის გვერდითაც აქციაზე უნდა ვმდგარიყავი. ხვდებით, რა სიგიჟეა? ადამიანებმა, რომლებიც აქციას "აორგანიზებენ", ჩემზე ზეწოლა მოახდინეს, რომ მათი მხარდამჭერი "პოსტი" დამეწერა, მათი "დაბრენდილი" სლოგანი გამემეორებინა და რაკი ეს არ გავაკეთე, "ამკრძალეს" (იცინის). ამ ადამიანებისთვის ძალაუფლების მიცემა ჩემნაირი ტიპებისთვის ძალზე საშიშია. წარმოიდგინეთ, სოციალურ ქსელში ვცდილობთ, რომ "რეზო და ბავშვების" გვერდზე უცენზურო არაფერი ვთქვათ, "ბეთებთან" არ ვთანამშრომლობთ - აზარტული თამაშების წარმომადგენლებისგან სპონსორობაზე უარს ვამბობთ, რადგან ბავშვები მიყურებენ და ჩემი პრინციპული არჩევანია, ამას პროპაგანდა არ გავუწიო. არ მინდა, რომ ბავშვებში თუნდაც ჩემი პოლიტიკური შეხედულების "გამტარი" ვიყო. როცა სცენაზე გამოვდივარ, სრულიად აპოლიტიკური ვარ - ყველასთვის ერთნაირად ვმღერი. "მეგობაროს" კონცეფცია ამას ნიშნავს, რომ ყველამ საერთო საქმე ვაკეთოთ, ქართულად ვიმღეროთ და ეს ქვეყანა გადარჩება, ამ დროს კი მეუბნებიან, - ამ კონცეფციიდან გამოდი, ჩვენს კონცეფციაში "ჩაჯექიო". ჩემთვის ეს მიუღებელია. ისეთი შეურაცხყოფა მივიღე და მოვისმინე, რომ უბრალოდ, არ შეიძლება, ადამიანს ასე მოექცე, როგორც არ უნდა ეთანხმებოდე... საბედნიეროდ, ასეთი ხალხი ძალზე ცოტაა, ვიწრო ჯგუფების მიერ მართულები არიან. ზოგს სიმღერაში ვაჯობეთ, ზოგს მუსიკით გავასწარით, ზოგს - ვიდეოების "ნახვებით", რეიტინგით... იქ ვიღაც შეუმდგარი ადამიანები მოგროვდნენ, ვინც ჰიტი ვერ "გაარტყეს", მხოლოდ ვიწრო "ბაბლს" "ევასება", ჩვენ გარშემო კი მსმენელთა დიდი არმიაა - სტატისტიკა მოწმობს: თავადაც მიკვირს, როგორ შეიძლება სიმღერა 4 წლის ბავშვს და 70 წლის ქალსაც ერთნაირად მოსწონდეს (იღიმის)?! რეალობა ისაა, რომ ჩვენ ამას მივაღწიეთ, დავიმსახურეთ... შესაბამისად, ჩვენმა პოზიციამ მღელვარება ამიტომაც გამოიწვია: იმ ადამიანებისთვის ჩვენი პოზიცია ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო, რომ ვერ გვაპატიეს... არა უშავს. შეიძლება დღეს არ გვეთანხმებიან, მაგრამ მათ პასუხს მუსიკით გავცემ - შევეცდები, იმ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ჩემი სიმღერა შევაყვარო. ჩემი გამარჯვება მხოლოდ ეს იქნება. ერთ-ერთი არხის წარმომადგენელი "მაწვებოდა" - კომენტარი გააკეთეო. ვეუბნებოდი, - "დათის შოუს" მუსიკალურად ვაფორმებთ. დათი 9 წლისაა. დაახლოებით იგივეა, რომ პოლიტიკაზე 9 წლის ბავშვს აზრი ჰკითხო-მეთქი, რადგან არასრულწლოვანებსაც წარმოვადგენ.
- თქვენს "პოსტში", რომელსაც აჟიოტაჟი მოჰყვა, გეწერათ, რომ მსმენელებს არანაირი ნიშნით არ გამოარჩევდით. როგორ ფიქრობთ, სად გადის ზღვარი თავისუფლებასა და დისკრიმინაციას შორის?
- შუბლის ძარღვზე. ეს თვალით შეუმჩნეველია. შუბლის გაწყვეტილი ძარღვის აღდგენასაც ახერხებენ - ალბათ, ამის ოპერაციებიც კეთდება, რადგან შეგიძლია, 20 წელი რუსეთში იმღერო, რუსული კანონებით იცხოვრო, მერე კი პარლამენტთან იდგე და იძახდე, - არა რუსულ კანონსო, ადამიანს კი, რომელიც რუსეთში ერთხელაც არაა ნამყოფი, იმის გამო, რომ შენს პოზიციას არ იზიარებს, "რუსეთუმე" უწოდო. სუსტი პიროვნება რომ ვყოფილიყავი, შეიძლება დეპრესიისგან მოვმკვდარიყავი: აბსოლუტურად ყველამ მომკვეთა, აბსოლუტურად ყველამ ისარგებლა, თუ ვინმეზე რამით მაგარი გამოვდექით... ნიკოლოზ რაჭველმა დაგვირეკა, - თქვენთან მეგობრობა მინდა, თქვენი მუსიკა მომწონს, თქვენით აღფრთოვანებული ვარო. მადლობას გვიხდიდა, მაგრამ შემდეგ, ჩემი სტატუსის გამო, კომენტარი დაწერა - მრცხვენია, რომ თქვენთან ვმეგობრობო. რა ვიცი, რუსეთში ისეთ ხალხთან მეგობრობს, რომ ჩვენთან მეგობრობის თუ რცხვენია, ე.ი. ცხოვრებაში რაღაცები სწორად გვიკეთებია.
ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა ტელეკომპანიაში ვმუშაობდი. იქ ბევრი მეგობარი მყავს. ოპოზიციურად განწყობილი ყველა ტელეკომპანიიდან ჟურნალისტები მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, - ხომ არ გაგიჟდიო? ხვდები, რა თავხედები არიან? იმ "პოსტიდან" როგორ შეიძლება, ადამიანმა იფიქროს, რომ გავგიჟდი, თუ ბოროტი არ ხარ? უბრალოდ, დაფიქრდნენ, როცა სხვის მიმართ ამხელა ბრაზს გამოხატავენ, მათშივე ხომ არ არის პრობლემა?
- წნეხის ქვეშ მყოფს რა გაძლევდათ ძალას, პრინციპების ერთგული დარჩენილიყავით და საქმე გაგეგრძელებინათ?
- სიმართლე. ხომ ვიცი, რომ რუსეთუმე არ ვარ? ხომ ვიცი, რომ არავინ მმართავს? გადაწყვეტილებების მიღებაში თავისუფალი გახლავართ. შემიძლია 20 ივნისსაც წავიდე აქციაზე და პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე გავრილოვის ჯდომა გავაპროტესტო და შემიძლია, კონკრეტულად ამ კანონთან დაკავშირებულ აქციაზე არ წავიდე, სტუდიაში ვიჯდე და ნონა გაფრინდაშვილზე სიმღერა "გავაკეთო". ჩემი ცხოვრება ეს არის. მინდა თავად ვმართავდე პროცესებს, რომლებიც ჩემ გარშემო ვითარდება და არ ვიყო მსხვერპლი... თუ ფიქრობ, რომ "არა რუსულ კანონს", იფიქრე, მაგრამ თავად ვფიქრობ, რომ კანონი ჩემი საქმე არ არის. არც ერთი კანონი არ ვიცი, რაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო. ახლა რომ "გამოვხტე", ცოტათი აფერისტი ხომ არ ვიქნები?! წაკითხული მაქვს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპა. ჩემს ევროპულ არჩევანს კონსტიტუცია იცავს. თუ მეუბნებით, რომ კონსტიტუცია დაირღვა, ამას მყარი მტკიცებულებები სჭირდება. მაგალითად, ნიკა გვარამიას მტკიცების გამო, არ შემიძლია კონსტიტუცია დარღვეულად ვცნო, რადგან ის "მხარეა"... ევროპაში შესვლა როგორ მინდა, იცი? დედასთან, მამასთან, ილია მეორესთან, დიზაინერთან, ფეხბურთელთან, მეეზოვესთან, მომღერალთან ერთად...
მსურს, ჩვენს საყვარელ ადამიანებს, მსმენელებს, მეგობრებს მოვეფერო და ვუთხრა, რომ "რეზო და ბავშვები" ყოველთვის ქართულ საქმეს აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც ასე განაგრძობს.
მსმენელებს არანაირი ნიშნით არ ვყოფთ, მეგობრებო - ჩვენი სიმღერები ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გამტარ ადამიანებზე გათვლილი არ არის - ჩვენ ყველასი ვართ. ჩვენ ვართ "ბავშვები" და მშვიდობის კონტექსტი, ნებისმიერ ვითარებაში, სადაც უნდა აღმოვჩნდეთ. ჩვენი პოზიციაა - არა ომს, არა უსამართლობას და არა გაუნათლებლობას! კი - განათლებას, განვითარებას, ბავშვების ფერად მომავალს და ყველაფერი ცუდის პოზიტივად გარდაქმნას. ისედაც ჩამძიმებულ სოციუმში ვცდილობთ, სიმძიმის წერტილები ვიპოვოთ და მაყურებლებს პოზიტიურ კონტექსტში შევთავაზოთ, გაიღიმონ და ჩვენს სიმღერებთან ერთად, ცხოვრება ღიღინ-ღიღინით განაგრძონ. აი, ასეთ დროს ვართ გამარჯვებულები და მიგვაჩნია, რომ ამ დროს ეროვნულ საქმეს ვაკეთებთ. ყველას ჩვენი საქმე გვაქვს და შევეცადოთ, პოზიტიური დღის წესრიგი დავაყენოთ. ვიღაცებს უნდათ, სულ სტრესში ვყავდეთ. აი, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, მაგრამ ვერ აიტანეს, სიხარულის ჩაშხამებას ცდილობდნენ... მალევე სიმღერა - "ზღაპრის ბოლო კეთილია" აღარ მოსწონდათ... გავიგეთ, რომ სტრესის ქვეშ მყოფ ადამიანებს გადაწყვეტილებებს მარტივად მიაღებინებენ, მაგრამ - არ გვინდა. მხიარულებაში მიგვაღებინეთ გადაწყვეტილებები, ბატონებო და უფრო მაგარი ტიპები იქნებით. ქართველებმა ფსონი მხიარულებაზე, პოზიტიურობაზე, მშვიდობაზე დავდოთ და ევროპაში ყველანი ერთად შევიდეთ...
ეთო ყორღანაშვილი