თეკლა სულაქველიძის ცხოვრების ლაბირინთები, თამაში სცენაზე და ცხოვრებაში
სასწორზე დადებს ყველაფერს, ოღონდ სკეპტიკოსს საკუთარი ნიჭი დაანახვოს, პირდაპირი და ფიცხია, ცრემლს სხვას არასდროს აჩვენებს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები დრაკონის წელში დაბადებულ ვერძს, ეს კი მსახიობ თეკლა სულაქველიძის ზოდიაქოს ნიშანია.
- ასტროლოგია ძალიან მაინტერესებს. ადამიანს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ვიმახსოვრებ.
- გაცნობის მერე ეკითხები, რომელია მისი ნიშანი?
- აუცილებლად. მერე შეიძლება იმ ადამიანის სახელი დამავიწყდეს, მაგრამ არასდროს მავიწყდება, რომელი ნიშნითაა დაბადებული და ვეკითხები ხოლმე, - შენ ლომი ხარ, არა? ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება წაკითხული მაქვს და ეს ცოდნა ადამიანებთან ურთიერთობაში გარკვეულწილად მეხმარება.
- "ჩუმი, მოკრძალებული და უპრეტენზიო ადამიანების კატეგორიას ნამდვილად არ განეკუთვნება. საოცრად კომუნიკაბელურია, ამავე დროს - თავდაჯერებულიც".
- (იცინის) ჩუმი კი არა, ძალიან ხმაურიანი ვარ, თავდაჯერებული და კომუნიკაბელურიც, მაგრამ ჩემზე ნაკლებად შეიძლება ითქვას პრეტენზიულიაო. კომფორტის მოყვარული ვარ, ახალ სივრცეებსაც მარტივად ვერგები. პრეტენზიების გამოთქმა, ძალიან თუ არ შემაწუხეს, ნამდვილად არ მიყვარს.
- "მას უყვარს გარშემო მყოფებისთვის საკუთარი ძალების და რაც მთავარია, უპირატესობის დამტკიცება".
- საჭიროებას თუ ვიგრძნობ, მხოლოდ ამ შემთხვევაში.
- ეს შენს პროფესიაში საჭირო თვისებაა, არა?
- გეთანხმები. საერთოდ, ვერძის თვისებები პროფესიაში თავის დამკვიდრებაში ძალიან მეხმარება. ურთიერთობებში გახსნილი ვარ, პირველობისკენ მიდრეკილიც. მიყვარს, როდესაც ადამიანებზე რაღაც დოზით გავლენას ვახდენ, ეს მაყურებელთან ურთიერთობაში ძალიან მადგება. ჩემი ძალის დემონსტრირება და წინ წამოწევა მხოლოდ საქმეში მიყვარს, ცხოვრებაში - ნაკლებად.
- "ის სასწორზე დადებს ყველაფერს, ოღონდ სკეპტიკოსს საკუთარი ნიჭი დაანახვოს".
- არ ვეთანხმები, პროფესიაში ასე საჭიროების მიხედვით ვიქცევი, ცხოვრებაში კი ამისთვის თავს არ შევიწუხებ.
- "მიუხედავად ხიფათიანი ბუნებისა, აქვს უნარი ნებისმიერი კრახისა და ფიასკოს შემდეგ, ფეხზე ღირსეულად წამოდგეს".
- ასეა, ნამდვილი ფენიქსი ვარ.
- ფერფლიდან ბევრჯერ აღმდგარხარ?
- ხშირად, ცხოვრებაშიც და პროფესიაშიც. რაც შეეხება ხიფათს, ვთვლი, რომ იღბალი უფრო მდევს თან, ვიდრე ხიფათი. იღბლიანი ვერძი გამოვედი. ხელმარცხიანი კი ნამდვილად ვარ, რაღაცებს ხშირად ვაფუჭებ.
- საკუთარ თავს, ემოციებს კარგად ფლობ?
- კი, ძალიან კარგად ვფლობ. თეატრალურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა დამეხმარა ჩემი თავის ზუსტად ამოცნობაში, ემოციებისა და განცდების კონტროლში. მანამდე ძალიან ემოციური ვიყავი, ყველაფერს ვაზვიადებდი და ზედმეტად გამოვხატავდი. დღეს უკვე ვიცი, როგორ შეიძლება ადამიანებზე ზემოქმედების მოხდენა, თან ლავირება. არაფერს ვაშავებ იმით, რომ ადამიანებზე მანიპულაცია შემიძლია.
- "ის საკუთარ სურვილებში გარკვეულია და დასახულ მიზნებს 100%-ით ისრულებს".
- ვცდილობ ყოველი შემთხვევისთვის და ამისთვის ენერგიას არ ვზოგავ.
- მოხერხებულობა არ უნდა გაკლდეს.
- მოხერხებული ვარ, მაგრამ ეშმაკობა მართლა არ შემიძლია. ის, რომ ვიღაცას რაღაც ცუდი მოვუწყო, მერე ისე გამოვიყვანო, თითქოს ასე არ არის, - ეს არ შემიძლია, ძალიან მიამიტი ვარ. დღემდე მსგავსი რამ არასდროს გამიკეთებია და იმედი მაქვს, მომავალშიც არ გავაკეთებ.
- ასტროლოგები ამბობენ, რომ შენი მოტყუება ადვილია.
- მართალია, ადამიანებს მარტივად ვუჯერებ და მერე ეს უკან ცუდად მიბრუნდება. ბოლო დროს, ამ მიმართულებით საკუთარ თავზე ვმუშაობ. არ არის საჭირო ყველასთან გახსნილი და ღია ვიყო.
- "წყენას ადვილად ივიწყებს, საკმარისია ვინმემ გულში ჩაიკრას, მიეალერსოს".
- ბრაზიანი და აფექტური ვარ. როცა გავბრაზდები, შეიძლება გეჩხუბო, რაღაც გესროლო, დაგარტყა, მაგრამ მეორე წუთში ვჭამო შოკოლადი და დამავიწყდეს, რომ გაბრაზებული ვიყავი. ჩემს ცხოვრებაში ისეთი წყენებიც არსებობს, რომლის დავიწყებაც ასე ადვილი არ არის.
- "ცრემლს სხვას არასდროს აჩვენებს".
- ძალიან ახლობლებთან შემიძლია ტირილი, ისიც რაღაც ზღვრის შემდეგ. სხვა შემთხვევაში, ტირილი საკუთარ თავთანაც კი მიჭირს. ამავე დროს შეიძლება ვნახო სევდიანი მელოდრამა და მიღებულმა ემოციამ მარტივად ამატიროს, ბევრად მარტივად, ვიდრე საკუთარმა პრობლემებმა.
- "პირდაპირი და ფიცხი ადამიანია".
- ასეა, ზურგს უკან ლაპარაკი არ მიყვარს. სათქმელს პირდაპირ თუ არ გეტყვი, მინიშნებით მაინც აუცილებლად მიგანიშნებ. ბოლო დროს ცოტას ვლაპარაკობ, მაგრამ ბევრს ვანიშნებ და ბევრს ვმოქმედებ, ასე მირჩევნია. ადამიანები სიტყვით უფრო ნაკლებად ხვდებიან.
- სიმართლის პირში მთქმელები არ უყვართ.
- ჩემ გარშემო მყოფ ადამიანებს არ აქვთ ასეთი დამოკიდებულება. ეს იმის დამსახურებაც არის, რომ გარშემო სწორი ადამიანები მყავს და თავად მეც სათქმელს იუმორში კარგად ვფუთავ, ჩემებური მეთოდი მაქვს.
- "ის არასდროს ელოდება, როდის დაატყდება თავს ბედნიერება, ამისთვის მუდმივად ბრძოლაშია".
- ნამდვილად ასეა, ჩემი ცხოვრება ბედნიერებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაა.
- "თუ რამე ირწმუნა, შეუძლებელია მისი გადარწმუნება, მასში დონ-კიხოტი სულ ცხოვრობს".
- (იცინის) საშინლად ჯიუტი ვარ, მეტსაც გეტყვი: როცა მჯერა, მართალს ვამბობ, მაგრამ ვიღაც სხვა ფაქტებით მარწმუნებს, რომ ვცდები, ნათქვამს მაინც არ გადავალ და აუცილებლად ბოლომდე გავიტან, ასეთი ხასიათი მაქვს. იმ წუთში შენ არ დაგანახვებ, რომ მართალი ხარ და გაიმარჯვე, მაგრამ მეორე დღეს გეტყვი.
- "თავისუფლების მოყვარეა, გეგმებით ცხოვრება მისთვის "წყევლაა", შეზღუდვები "კლავს".
- დღეს მე ხვალინდელი დღეც კი არ შემიძლია დავგეგმო. არ ვიცი, რა განწყობით გავიღვიძებ, რამდენად ენერგიული ვიქნები, როგორი იქნება ჩემი რეპეტიციების განრიგი... მინდა ცხოვრება რასაც შემომთავაზებს, მაქსიმალურად მივიღო. ცუდი თუ იქნება, გამოცდილება დამიგროვდება, კარგი თუ იქნება, გავბედნიერდები და სიცოცხლის სურვილი მომემატება. შეზღუდვები არ მიყვარს, მომავლის დაგეგმვა დროის ფუჭად ხარჯვა მგონია.
- "კრეატიულია, ყოველთვის შეუძლია ახალი გზების პოვნა, მისთვის გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს".
- ასეა, ყველაფერში ლაბირინთები მიყვარს. მომწონს თამაში ურთიერთობებში, სცენაზე, ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, კეთილ თამაშებს ვგულისხმობ, რომელიც არავის ვნებს. ცხოვრება ამოცანასავითაა და საინტერესოც ამითაა, ბევრი რამ უნდა გამოიცნო.
- "უყვარს მუშაობა, მაგრამ მუშაობაზე მეტად - ბრძანებების გაცემა".
- ალბათ ასეა, ჩემს ხასიათში მსგავს თვისებას არაერთხელ წავაწყდი. ვფიქრობ, საჭიროა, მეტად ლმობიერი ვიყო. მე რომ რეჟისორი ვყოფილიყავი, ალბათ საშინელი ვიქნებოდი. როგორც მსახიობს, მბრძანებლობა არ მჭირდება.
- "მას უყვარს უცნაურობები, ბავშვობის საყვარელი ადგილების მონახულება, იდუმალი ადგილები..."
- უცნაურობები მართლა ძალიან მიყვარს, მაგრამ ბავშვობის საყვარელი ადგილების მონახულება - არა. საერთოდ, ბავშვობიდან ცოტა რამ მახსოვს. მისტიკა, იდუმალება ძალიან მიზიდავს.
- "აზარტულია, ხშირად იღებს რისკიან გადაწყვეტილებას".
- აზარტი რაღაცნაირ ძალას და ენერგიას მაძლევს, ადამიანებთანაც უფრო მეტად მაახლოებს და მომწონს. რისკზე თამამად არ მივდივარ, ალბათ იმიტომ, რომ ფიქრი მიყვარს.
- "ეგოისტია, ყოველთვის უნდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყოს".
- ასეა, საშინლად მესაკუთრე ვარ და ადამიანების ყურადღების ცენტრში ყოფნა რომ არ მომწონდეს, ალბათ ამ პროფესიასაც არ ავირჩევდი.
- "მარტივად უყვარდება, მაგრამ ძნელია მოანდომო ოჯახის შექმნა, დამოუკიდებლობა არ ეთმობა".
- მართალია. ოჯახის შექმნა პრიორიტეტებს შორის ყველაზე ბოლო ადგილზეა.
- თეკლა, სერიალში "მსხვერპლი" როგორ აღმოჩნდი?
- მსახიობმა მალხაზ ქვრივიშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ უნდოდა კასტინგზე მივსულიყავი. "მსხვერპლი" ბრიტანული სერიალის ანალოგია, საინტერესო შინაარსის მატარებელი. რეჟისორ ლაშა ცერიაშვილთან, რომელიც ამ სერიალს იღებდა, მანამდეც მქონდა ნამუშევარი პროექტზე "ოჯახი". ლაშასთან მუშაობა მაშინაც და ახლაც ძალიან მომეწონა. ბევრი ვილაპარაკეთ და ერთად ჩამოვყალიბდით, როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი პერსონაჟი. ამ პროექტით დავინტერესდი. რომ გავიგე, ჩემი პარტნიორები პაატა ინაური, ვერო კალანდარიშვილი და მარიამ ნადირაძე იქნებოდნენ, გამიხარდა. სერიალში ქალებზე ძალადობის პრობლემაა წამოჭრილი. ჩემს პერსონაჟს სოფო ჰქვია, გამომძიებელია, რომელიც ძალიან შეაწუხა ამ თემამ და თავად უნდა გამოიძიოს, რა და როგორ მოხდა. გადაწყვიტა, რომ თავად არის ადამიანი, ვისაც შესწევს ძალა, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს. რა მოხდება შემდეგ, ამას უკვე მაყურებელი იხილავს.
- თეკლა, აქტიური და ერთ-ერთი პროდუქტიული მსახიობი ხარ, ახლა რა ხდება შენს შემოქმედებით საქმიანობაში?
- ახალ თეატრში ახლახან პრემიერა გვქონდა, სპექტაკლში "მედეა" ვითამაშე, რომელიც კოტე ფურცელაძემ დადგა. 20 მაისს ვთამაშობ ახალგაზრდა და უკვე ძალიან წარმატებული რეჟისორის - გიორგი კაშიას სპექტაკლში "შოა", რომლის პრემიერაც მესხეთის თეატრში გაიმართება. ვთამაშობ რუსთავისა და თელავის თეატრებში. ახლო მომავალში ველოდები ფილმების პრემიერას, რომელზეც ვიმუშავე, როგორც მსახიობმა და რეჟისორის ასისტენტმა. გია ბარაბაძემ გადაიღო "იუნკერები" და "სოხუმი". ორივე ფილმი ომის თემაზეა და შემიძლია ვთქვა, რომ ქართველ მაყურებელს წინ საინტერესო პრემიერები ელოდება. გია ბარაბაძე იღებს ახალ ფილმს, სადაც ვიმუშავებ როგორც ასისტენტი და მსახიობი. დიდი სურვილი მაქვს, მალე დაგვაფინანსონ და გადაღებები დავიწყოთ.
- წარმატებას გისურვებ!
- დიდი მადლობა!
თამუნა კვინიკაძე